„დღეს ან ხვალ პროფესორი გავხდები“
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„დღეს ან ხვალ პროფესორი გავხდები“
ჰენრიკ იბსენის შემოქმედებიდან ერთ-ერთ რთულად ამოსახსნელ ნამუშევრად „ჰედა გაბლერი“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 1890 წელს დაწერილი პიესა ძალიან მალე (1891 წლიდან) დაიდგა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში (ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია, დანია, ამერიკა, რუსეთი). მიუხედავად იმისა რომ ვალერიან გუნიას თარგმანი უკვე არსებობდა საქართველოში, იმ პერიოდში არ გვხვდება პიესა თეატრების რეპერტუარში. თუმცა გვხვდება იბსენის სხვა პიესა - 1898 წელს პირველად ლადო მესხიშვილი დგამს „თოჯინების სახლს“. ახლო წარსულში (2015) ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში თამარ გომართელმა დადგა „ჰედა გაბლერი“. ამ შემთხვევაში კი მინდა ვისაუბრო ახალგაზრდა რეჟისორის, თამარ (თათა) პოპიაშვილის საინტერესო ინტერპრეტაციაზე, რომლის პრემიერაც 2021 წლის 17 ნოემბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართა.
იბსენის შემოქმედება ძალიან რთულია, რადგან ის ერთდროულად რამდენიმე პრობლემას ეხმიანება, განსაკუთრებით ადამიანის ფსიქოლოგიას. ვფიქრობ, როდესაც სამუშაოდ ირჩევ „ჰედა გაბლერს“ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გეკისრება, რადგან მის ყველა პერსონაჟს აქვს ინდივიდუალური სირთულე, რომელიც მოითხოვს სიღრმისეულ წვდომას. მიუხედავად ამისა რეჟისორმა კვლევის ობიექტად სწორედ „ჰედა გაბლერი“ აირჩია და ტექსტზე გურამ ღონღაძესთან ერთად იმუშავა. პიესა მაქსიმალურად შეკვეცილია, რამაც ხელი შეუწყო თითოეული პერსონაჟის ფსიქოტიპი გამოკვეთილიყო.
სპექტაკლი, ისევე როგორც პიესა, ახალდაქორწინებულ წყვილთან მამიდის სტუმრობით იწყება. იულიანა ტესმანის როლს დარეჯან ხარშილაძე ასრულებს, რომელიც ახერხებს მაყურებელს თავი მხოლოდ ერთი სცენით დაამახსოვროს. მსახიობი სახასიათო პერსონაჟის აბსოლუტურად განსხვავებულ და უტრირებულ სახეს ქმნის. იულიანა ტესმანს „დედამთილური ინსტინქტი“ აქვს. ერთი შეხედვით მხოლოდ მიამიტი, მზრუნველი, გვერდში მდგომი, მაგრამ ამავე დროს გამაღიზიანებლად ცნობისმოყვარე, სამოც წელს გადაცილებული ქალია, რომელიც ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას. მის ხასიათს ხაზს უსვამს კოსტიუმი, რომელზეც ბარბარე ასლამაზმა იმუშავა: მუქი ვარდისფერი კაბა, შავი წულით, ყვითელი მაისური, ბეწვის ქუდი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მსახიობი ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას, სიარულის მანერა, მეტყველება, ჟესტიკულაცია... ვფიქრობ, ამ ყველაფერმა და პერსონაჟის ხასიათის პოვნამ განაპირობა, რომ მაყურებელი ერთი სცენით მოხიბლა. სწორედ დარეჯან ხარშილაძის პერსონაჟი გახლავთ სპექტაკლში ერთ-ერთი სახასიათო გმირი, რომელიც რეჟისორმა მაქსიმალურად დატვირთა ერთ სცენაში. საინტერესოა, რატომ აღარ გვხვდება სხვა სცენებში პერსონაჟი, რომელიც მაყურებლის მობილიზებას ახერხებს.
სპექტაკლი ნაკლებად ქმედითი და მონოტონურია, ძირითადად დიალოგებზეა აწყობილი. ამგვარი გადაწყვეტა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რეჟისორი რთულ სამუშაოს შეეჭიდა. როგორც უკვე აღვნიშნე, განახლებული პიესა მაქსიმალურად მიმართულია გამოკვეთოს ჰედა გაბლერის ფსიქოტიპი. ძლიერი, ამბიციური, ამაყი, თავდაჯერებული, მაგრამ ამავე დროს ცინიკოსი და ირონიული. სწორედ ასეთია, ია სუხიტაშვილის ჰედა, რომელიც მეორე მხარესაც გვაჩვენებს - შინაგანად დანგრეულ და განადგურებულ ქალს, რომელიც თავის თავს ვერ პოულობს. მას კონფლიქტი აქვს არა მხოლოდ საზოგადოებასთან, არამედ საკუთარ თავთანაც. იას შესრულება ეფექტური და ემოციური აღმოჩნდა მაყურებლისთვის, რადგან თავისი ოსტატობის ხარჯზე, ჟესტიკულაციითა და მშვიდი, წყნარი, აუღელვებელი, ხანდახან უტრირებული საუბრით პერსონაჟის შინაგან ხასიათს გვაჩვენებს.
მნიშვნელოვანია, ია სუხიტაშვილის შემთხვევაშიც აღვნიშნოთ მხატვრის როლი (ბარბარე ასლამაზი), რომელმაც ფერთა სიმბოლიკის გათვალისწინებით შექმნა კოსტიუმი. ია პირველ სცენაში თეთრი პერანგით გვევლინება, სადაც გამოდის უმანკო, უმწეო, თავისუფალი და ამავდროულად დაუცველი (მსხვერპლი). ახალგაღვიძებული, ფეხშიშველი, ფეხაკრეფით დადის და ნამდვილ სახეს გვაჩვენებს, სანამ მოირგებს ნიღაბს - წითელ კაბას, რომლითაც გაჩაღებულ ბრძოლაში უნდა ჩაერთოს (წითელი ფერი შეგვიძლია დავაკავშიროთ სისხლთან, შურისძიებასთან ან თუნდაც ფატალურობასთან). საინტერესოა იას პირველი სცენა, სადაც წიგნებზე ფეხებით შედგება და ასე გაუსწორდება მამიდა იულიანას, აქ ვხედავთ ჰედას დამოკიდებულებას განსხვავებული იდეოლოგიისადმი და თავისი ქმრის ნამუშევრების მიმართ. ია სუხიტაშვილს ერთგვარად „უჭირავს“ სპექტაკლი, რაც მარტივად მოახერხა, რადგან მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზე დგას ან თუ სცენის მიღმაა მაყურებელი მაინც ხედავს, რადგან ჰედას ოთახში გათამაშებული სცენები პროექციის საშუალებით თეთრ კედელზე ისახება. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტაა, რადგან იგივე, რომ სცენაზე ყოფილიყო, მაყურებლისთვის, შედარებით, ნაკლებად ემოციური იქნებოდა.
იორგენ ტესმანის როლს ასრულებს უნიჭიერესი მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია. მის შექმნილ ტესმანს, ლევბორგის (ლაშა ჯუხარაშვილი) მიმართ შური ამოძრავებს, რადგან მისი კონკურენტია. ტესმანს ნაკლებად აინტერესებს ჰედა, მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის სასურველი ქალია. მას მხოლოდ პროფესიული ზრდა და წარმატება ამოძრავებს. ბაჩოს იორგენ ტესმანი ბოლო მომენტამდე ცდილობს გათავისუფლდეს უარყოფითი და ბოროტი ემოციებისგან, რაც ლევბორგთან დაპირისპირებამ განაპირობა, თუმცა რამდენად ახერხებს ოდნავ ბუნდოვანია. ვფიქრობ, მსახიობმა ოდნავ მეტი სახასიათო შტრიხი, რომ შესძინოს პერსონაჟს, სანახაობრივად უფრო საინტერესო იქნება.
ლაშა ჯუხარაშვილი ასრულებს აილერტ ლევბორგის როლს, რომელიც არანაკლებ მყარად დგას თავისი იდეოლოგიის დასაცავად. ლევბორგიც ჰედას მსგავსად პირველობისკენ ილტვის. ამ ხასიათის გამოკვეთა მსახიობს ნაწილობრივ გამოუვიდა, რადგან, ვფიქრობ, მსახიობი კვლავ პერსონაჟის ძიების პროცესშია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ლაშა ჯუხარაშვილი სცენაზე გამოირჩევა ემოციების სწორი და ზუსტი რეგულაციით, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარშე.
ტესმანების ოჯახის მორიგი მოულოდნელი სტუმარი მორცხვი, მორიდებული, დაკომპლექსებული ფრაუ ელვსტენდია, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩარჩოებიდან თავის დაღწევას. მსახიობი ლელა ახალაია დასაწყისში ოდნავ ზედაპირული მომეჩვენა, თუმცა ფინალურ სცენაში ყველა ის ემოცია, რაც სპექტაკლის განმავლობაში დაგვაკლო, ერთიანად შეკრა და ისე მოგვაწოდა. ამის მიზეზად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თეას პერსონაჟი ჰედას კლანჭებშია მოქცეული, მისი სიკვდილის შემდეგ კი თავისუფლდება და ცალსახად ჩარჩოებსაც არღვევს.
მალხაზ ქვრივიშვილი ასესორი ბრაკის შემსრულებელი გახლავთ, რომელმაც უტრირებულად და ყოველ დეტალზე ხაზგასმით გამოაჩინა პერსონაჟის დამახასიათებელი თვისებები, განსაკუთრებით კი ორპირობა და გონებამახვილობა, რასაც ბოროტად იყენებს. მეგობრული, ერთგული, გვერდში მდგომი, ღიმილით „მიწას გითხრის“. მალხაზ ქვრივიშვილი ოსტატურად ახერხებს მაყურებლის მოხიბვლას, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად სხვა სტილის მსახიობია, რომელიც მეტ-ნაკლებად მოერგო სპექტაკლის მიმართულებას.
სპექტაკლი თავიდან ბოლომდე მიმართულია ჰედას ხასიათისა და შინაგანი სამყაროს წვდომაზე. რეჟისორის თითოეული გადაწყვეტა, სხვა პერსონაჟებთანაც კი, ჰედას უკავშირდება. პრობლემები, რომლებზეც რეჟისორი მსახიობებთან ერთად გვიყვება ძალიან აქტუალურია, მით უფრო, პანდემიურ პერიოდში. ვფიქრობ, რეჟისორის საწყის ეტაპზე ნამუშევარი „ჰედა გაბლერი“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.