top of page

დღესასწაული ოზურგეთში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

187127108_4531048526923421_7340815148425

გიორგი ყაჯრიშვილი

დღესასწაული  ოზურგეთში

საზეიმო დღეები დაუდგა გურიაში თეატრის მოყვარულებს - 14 მაისს საზეიმოდ გაიხსნა გრანდიოზული და ულამაზესი, განახლებული თეატრის შენობა, რომელიც უკვე 60 წელია ამშვენებს ქ. ოზურგეთის ცენტრს. ფონდი „ქართუს“ მიერ ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. წინა საუკუნეში აშენებული თეატრი თავის ყველა მონაცემებით, სცენებით, კულისებით, სარეპეტიციო დარბაზებით, მსახიობთა მოსაცდელით, სამუზეუმო სივრცეებით თუ რადიო გახმოვანებით და სცენის განათებით თანამედროვე თეატრის ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. აღდგენილ იქნა არა  მხოლოდ ჭერზე შესრულებული აპოლონ ქუთათელაძის ულამაზესი პანო, არამედ ფოიეში განლაგებული ულამაზესი ფარნები და მათი მარმარილოს საყრდენები.

თვით თეატრის ადმინისტრაციამ და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ დასთან ერთად განსაკუთრებული დღესასწაული მოუწყო თეატრალებსა და ჩამოსულ სტუმრებს - სამი სპექტაკლი, რომელის გახსნის დღეებს დაამთხვიეს ერთგვარ „მინი-ფესტივალად“ გადაიქცა, რომელშიც დაკავებული იყო თეატრის მთელის დასი. 15 მაისს კი საზეიმოდ გაიხსნა მცირე სცენა, რომელმაც თავისი პირველი მაყურებელი მიიღო.

ალბათ არავის გაკვირვებია, რომ ალ. წუწუნავას ოზურგეთის სახ. სახელმწიფო პროფესიულ სცენა დაეთმო ნოდარ დუმბაძეს.   მწერლის ნაწარმოებთა  ინტერპრეტაცია ეკუთვნის თეატრმცოდნე ლელა არაბიძეს, რომელმაც მისი ცნობილი და ნაკლებად ცნობილი პერსონაჟები გააცოცხლა სცენაზე. წარმოდგენაში ვიხილეთ ფრაგმენტები ნაწარმოებებიდან: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მზიანი ღამე“, „მარადისობის კანონი“, „თეთრი ბაირაღები“, „ბოშები“. ყველა ეს მონაკვეთი თუ  სცენური ფრაგმენტი ერთად იყო  შეკრული რეჟისორ ვასილ ჩიგოგიძის მიერ  (კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე) და გარედან დანახული და შეფასებული თვით ავტორის ნოდარ დუმბაძის (მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე) თვალით. მსახიობი ერთგვარ დამკვირვებლად მოგვევლინა მიმდინარე მოვლენების, იგი ერთგვარად აფასებდა საკუთარი კალმით შექმნილ გმირთა საქციელსა თუ ცხოვრების  განვლილ გზას. ზურაბ ცინცქილაძესთან  ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ზურიკელა თუ ნოდარიკო (ნიკა ძნელაძე), ბებია (ზაირა თოთიბაძე), ილიკო (ზაზა ჯინჭარაძე), ილარიონი (ალექსანდრე ლომიძე), ნათელა (თამარ მდინარაძე, ციცი ბუცხრიკიძე) პროფესორი (გიორგი დოლიძე), დედა (ლია მარტიაშვილი), მურადა (ვახტანგ ჩხარტიშვილი) ჯოკონდა (ბელა კიკვაძე) და ზაბლონა  (შორენა გვეტაძე) მასწავლებლები, კოწია ფოსტალიონი (გაბრიელ მდინარაძე) ბეჟანა (გენადი ნიკოლაშვილი) ქეთო (ნინო ჯუღელი)  და სხვ. სცენაზე უშველებელი სფეროა - მთელი სამყაროა „ჩამოკიდებული“ (მხატვარი ლომგულ მურუსიძე). და უნებლიედ გახსენდება მწერლის სიტვები : „ჩვენ გავმრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა და არასოდეს აღარ დავიხოცებით...“, რომელიც წარმოდგენის ბოლოს ნოდარ დუმბაძის პორტრეტად განათდება. ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა სპექტაკლში „მონატრება-ნუ გააღვიძებ“  ძალზე ორიგინალურად ჩასვა ნ. დუმბაძისა და მისი პირველი გატაცების ნათელას შეხვედრის სცენა, სადაც მწერალი თავის პირველ ლექსს კითხულობს, მიძღვნილს ნათელასადმი. ვიხსენებთ ნოდარ დუმბაძეს და მისი დროის ხიდისთავს, დასახლებული ავტორის საყვარელი პერსონაჟებით, ომგადატანლ გურიას, ავტორის უკანასკნელ სიტყვებს „მარადისობის კანონიდან“.

ელენე მაცხონაშვილის ნამუშევარი ყოველთვის განასხვავდება სხვებისგან. ჯერ ერთი - მისი სპექტაკლები გამოირჩევა იმით, რომ „საავტოროა“,  თუ ასე შეიძლება ითქვას, ანუ იგი თვითონაა ავტორი პიესის ტექსტის, სცენოგრაფიის, მუსიკალური გაფორმების და თოჯინებიც კი მას ეკუთვნის. ამ ჟანრში ან თუ გნებავთ სტილში მას უკვე ათამდე ან მეტი სპექტაკლი აქვს შექმნილი საქართველოს თითქმის ყველა თეატრში: თელავის, ოზურგეთის, ქუთაისის, ჭიათურის, სენაკის, დმანისის თეატრებში. იცვლება სიუჟეტები და მოქმედი გმირები, მაგრამ შესრულება ერთიდაიგივე რჩება. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი დამსახურება იმ მიმართულებით, რომ ამ თეატრების  დრამატულმა მსახიობებმა ზედმიწევნით  აითვისეს თოჯინის ტარების ტექნიკა და სრულიად ორგანულად ჩართვნენ რეჟისორის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურაში (ოზურგეთის თეატრის მსახიობები თეა კეჭაყმაძე, მარიკა ასათიანი, ანი გოდერძიშვილი, ციცი ბუცხრიკიძე, გიორგი დოლიძე, იორგი ჩავლეშვილი, კობა ახალაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, ნიკა ძნელაძე).   აქ  წარმოდგენილი სპექტაკლი „დონ კიხოტი“  მიდელ დე სერვენტესის რომანს ეყრდნობა, თუმცა აშკარად შორსაა ამ შედევრიდან.  ძველი წიგნებიდან და შავი კუბიკებისგან  აგებული დეკორაცია უფრო სათოჯინო ფიცარნაგია ვიდრე სცენოგრაფია, თუმცა ეს გაფორმება და წიგნთა სიუხვე სცენაზე წიგნისმოყვარე დონ კიხოტის ზოგადი აზროვნების კონტექსტში მაინც ჯდება. ვერ დავმალავ და ვიტყვი - რაზე იყო წარმოდგენა ცოტა გაუგებარი დარჩა ჩემთვის - დონ კიხოტისა  და დულსინეას სიყვარულზე?  თუ დონ კიხოტის სიკვდილზე? სპექტაკლში უხვადაა მუსიკა (მინკუსის  ბალეტიდან „დონ კიხოტი“), იგი  სანახაობრივად  კარგად „იკითხება“ და მას ალბათ საკმაოდ ბევრი, ყველა თაობის მაყურებელიც ეყოლება, მაგრამ მხოლოდ სანახაობა რას მისცემს ოზურგეთის მაყურებელს ჩემთვის გაუგებარია.

ზემოთ უკვე აღვნიშნე და სასიამოვნო იყო ამ დღეებში თეატრის ახალი სივრცის - მცირე სცენის გახსნა. მთავარ ფოიეში განთავსებული ლიფტით მცირე ფოიეში მოხვდები, სადაც რამოდენიმე საფეხურით ზემოთ მცირე სცენაა განთავსებული. სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ და დამდგმელმა რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა ეს ადგილი აირჩიეს მანანა დოიაშვილის პიესის „3+3“ წარმოსადგენად. აქ სამე გვაქვს კიდევ ერთ სასიამოვნო მოვლენასთან - რეჟისორმა და დრამატურგმა ერთად იმუშავეს პიესის ახალი ვერსიის შექმნაზე (იგი პირველად 1997 წ. გამოქვეყნდა) და პირველწყაროსგან განსხვავებით, ახალი, თითქმის სრულიად განსხვავებული  ვარიანტი შემოგვთავაზეს.

სასცენო მოქმედებას 5 პერსონაჟი ჰყავს, დრამატულ ტექსტს კი ოდნავ მეტი ( მაგ. პირველ მოქმედება ეწ. ქმარი), რომელიც როგორც შემდგომ ირკვევა სულაც მთავარი გმირის ბაუკის (ბაკოს) ყოფილი ქმარია. სპექტაკლმა გვიჩვენა, რომ რეჟისორ იოანე ხუციშვილისთვის  ფსიქოლოგიური დრამა ის თემაა, რაც მას იტაცებს და კარგადაც ხელეწიფება. გავიხსენოთ თუნდაც მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ჟან პოლ სარტრის    „ალტონელი განდეგილები“  თავისუფალ თეატრში. ეს არცაა გასაკვირი - თემურ ჩხეიძის სკოლის რეჟისორი განცდის თეატრის გამოკვეთილი წარმომდგენელია და საუკეთესოდ ფლობს ამ მიმართულების რეჟისორულ ხერხებსა და მეთოდებს. 

თამარ მდინარაძე - ბაუკი თამაშობს შვილის გაჩენის დროს მიღებული ფიზიკური ტრამვის შედეგად  შშპ სავარძელს მიჯაჭვული ქალს, რომელსაც ოჯახიც დაენგრა და ამ ფაქტმა საკუთარი შვილი შეაძულა. გონებადახშულს და გამწარებულს შვილი ჩეტი (ციცი ბუცხრიკიძე)  საკუთარ თავში ერევა, ისევე როგორც შვილის  საქმრო - დორე (ნიკა ძნელაძე) საკუთარ ქმარში - გვეძში (ვახო ჩხარტიშვილი). მაგრამ ნაწარმოების მთავარი გმირი და მთელი მოვლენათა ჯაჭვის ინსპირატორი და განმახორციელებელი  ბაუკის და ჯოჯია (შორენა გვეტაძე), რომელმაც არა მხოლოდ შვილი გაუზარდა, არამედ ქმარიც წაართვა და ორივეს მასაც და მის შვილსაც მან გამოუტანა განაჩენი და ორივე იმსხვერპლა. სპექტაკლში  მიმდინარე მოვლენები და პერონაჟთა გაცდები გვაახლოებს ა. სტრინდბერგის დრამატურგიასთან და ეწ. „ახალ დრამასთან“ - გამოუვალ მდგომარეობასთან („ნორა“, „ჰედა  გაბლერი“),  სადაც მხოლოდ თვითმკვლელობა, სიკვდილი ან სახლიდან გაქცევაა  ერთადერი ხსნა. რეჟისორმა და ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა ქართველი დრამატურგის მასალაზე შექმნეს ღრმა ფსიქოლოგიური დრამა, სპექტაკლი, რომელიც ჟანრობრივად და შესრულების უმაღლესი ტექნიკით ახალ განვითარებას მისცემს ამ ახლადაღდგენილი  თეატრის მომავალსა და სარეპერტუარო პოლიტიკას.

bottom of page