დმანისის დრამატული თეატრი

დმანისის თეატრს არ გააჩნია საკუთარი შენობა და ფუნქციონირებს კულტურის ცენტრის შენობაში.

 

***

80-იან წლებში ემზარ ბერიძის თაოსნობით ქალაქ დმანისის ცენტრში საფუძველი ჩაეყარა კულტურის სახლის მშენებლობას. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივმა მკვიდრმა, სპირიდონ მოსეშვილმაც. მშენებლობა გაჭიანურდა და 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების დროს საერთოდ შეჩერდა. ამის შემდეგ დაუმთავრებელი შენობა განუწყვეტლივ იძარცვებოდა და ინგრეოდა.

 

1996 წელს თეატრის ადმინისტრაციამ საკუთარი სახსრებით შეარემონტა 2 ოთახი, რომ შენობას პატრონი ჰყოლოდა და შეჩერებულიყო მისი შემდგომი ძარცავა.

90-იანი წლების ბოლოს მსოფლიო ბანკმა გამოყო გარკვეული თანხა საქართველოსთვის, რომელიც მიმართული იქნებოდა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. აქედან დმანისისთვის გამოიყო 250 ათასი დოლარი. თეატრის ადმინისტრაციამ მოახერხა რომ ამ თანხიდან 50 ათასი დოლარი კულტურის სახლისთვის გამოეყოთ, ამ თანხას ადგილობრივმა გამგეობამ 20 ათასი ლარიც დაამატა და დაიწყო სარემონტო სამუშაოები.

 

პროექტი მოამზადა დავით ჯინჭარაძემ. სამუშაოები შეასრულა კოლმშენმა (დირექტორი გიორგი მურადხანიდი). თანხის უკმარისობის გამო შენობა გადაიხურა მხოლოდ ტოლით, გაკეთდა ძირითადი და სარეპეტიციო დარბაზები, სველი წერტილები.  მაშინდელი სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა თენგიზ გაზდელიანმა დამატებით 7 ათასი ლარი გამოყო, რომლითაც მოხდა ფიცრის შეძენა და სცენის მოწყობა. პარტერის მოსაწყობად დამზადებული სკამები სხვაგან ყოფილა შენახული და ძარცვას გადაურჩა.. კულტურის მინისტრმა სესილი გოგიბერიძემ თეატრის ადმინისტრაციის თხოვნით 5 ათასი ლარი გამოყო ფარდებისა და სცენის განათების შესაძენად.

 

2002 წლის 30 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის შენობა.  

 

(ჯუმბერ კოპალიანი „კეთილ ჰქმენ“)