
ნოდარ დუ მბაძის თეატრალური ფესტივალი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანა მირიანაშვილი
ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფესტივალი
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა მწერლის მშობლიურ კუთხეში, გურიაში. წლევანდელი ფესტივალი საიუბილეო გახლდათ, რადგან მისი დაარსებიდან უკვე ათი წელი გავიდა.
5-დან 15 ივლისის ჩათვლით ოზურგეთსა და ჩოხატაურში თეატრალური ცხოვრება გაასმაგებული ძალით დუღდა. საზოგადოდ, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი გამოირჩევა როგორც თავისი რეპერტუარის მრავალფეროვნებით, ისე განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით - მთელი წლის განმავლობაში ოზურგეთს საგასტროლოდ სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის თეატრი, კეთდება ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები, მაგრამ თეატრალურ ფესტივალს ყველა მაინც განსაკუთრებული სიხარულით და ინტერესით ელის.
წლევანდელი საფესტივალო პროგრამა გადანაწილებული იყო ორ ძირითად ლოკაციაზე და წარმოდგენები იმართებოდა როგორც ოზურგეთის დრამატულ თეატრის დიდ და მცირე სცენებზე, ასევე ჩოხატაურის კულტურის სასახლეში. ათი, შემოქმედებითად დატვირთული, დღის განმავლობაში მაყურებლის წინაშე წარსდგა 15 ქართული და 6 უცხოური დასი. 2025 წლის ფესტივალი უდავოდ გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით: კლასიკური დრამატული სპექტაკლების პარალელურად მაყურებელმა იხილა თოჯინური, არავერბალური, ლიტერატურული წარმოდგენები, გაიმართა პერფორმანსები და მარინა ჩხარტიშვილის წიგნის პრეზენტაცია; წლევანდელ საფესტივალო პროგრამაში ყველა ასაკის და თეატრალური გემოვნების მქონე ადამიანი იპოვიდა თავისთვის საინტერესო და სასურველ სპექტაკლს. დედაქალაქიდან ფესტივალს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ეწვია, რეგიონებიდან კი: ბათუმის ილია ჭავჭავაძის, გორის გიორგი ერისთავის, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის, სენაკის აკაკი ხორავას, ზუგდიდის შალვა დადიანის, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრები, ასევე ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ამბროლაურის კულტურის ცენტრისა და მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დასები; ცხადია, ფესტივალში მონაწილეობდნენ მასპინძლებიც - როგორც ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრიც.
ქართველ მაყურებელს ყოველთვის გამორჩეულად აინტერესებს უცხოური თეატრალური დასების მიერ დადგმული ქართული დრამატურგიისა თუ პროზის ნიმუშები, წელს ფესტივალი ამ მხრივაც მრავალფეროვანი აღმოჩნდა. წარმოდგენილი იყო 6 უცხოური დასი: ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ყაზახეთიდან. ინტერნაციონალური იყო როგორც საფესტივალო პროგრამა, ისე ჟიურის შემადგენლობაც - 5 კაციანი ჟიური 3 ქართველი (გიორგი ცქიტიშვილი, დავით ბუხრიკიძე, ნინია სადღობელაშვილი) და 2 უცხოელი (ემრე ერდემი - თურქეთი, ანტონელა კორნიჩი - რუმინეთი) წევრისაგან შედგებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი საკითხი - მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქართულ თუ უცხოენოვან სპექტაკლს ჰქონდა მცირე ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაინც ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კარგი იქნება, თუ წარმოდგენები შესაბამისი სუბტიტრების თანხლებით გაიმართება - ეს კიდევ უფრო გაამარტივებს წარმოდგენის სრულფასოვნად აღქმას როგორც ქართველი მაყურებლისათვის, ისე ფესტივალის სტუმრებისთვის.
ჟიურის წევრების გარდა, ფესტივალს სტუმრობდნენ სხვადასხვა თაობის რეჟისორები და მსახიობები, დრამატურგები, თეატროლოგები, თეატრის მხატვრები. ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალსაც ამშვენებდა ირინა აბჟანდაძის არაჩვეულებრივი ფოტორეპორტაჟები, ხოლო ახალგაზრდა თეატროლოგები ალექსანდრა სულამანიძე (ვლოგერი) და ანასტასია ჩერნეცოვა (ბლოგერი) სხარტად, საინტერესოდ, ოპერატიულად და, რაც მთავარია, პროფესიულად აფასებდნენ საფესტივალო დღეებს, საკონკურსო თუ არასაკონკურსო წარმოდგენებს; ასევე აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი ტელევიზია და მედია.
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული მწერლობის პოპულარიზაციაა, თუმცა, ვფიქრობ, ფესტივალი უნებლიეთ ითავსებს კიდევ ერთ მიზანს, თანამედროვე ქართველი მწერლების მეტად დაახლოებას თეატრალურ სფეროსთან. გასულ საუკუნეში გაკეთებული ძველი ინსცენირებების პარალელურად, გვხვდება კლასიკური პროზისა და პოეზიის ნიმუშების ახლებური ინსცენირებები და ადაპტაციებიც, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა როგორც მაყურებლისთვის, ისე თეატრის თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის. ვისურვებდი, რომ მომავალში, საფესტივალო პროგრამაში, კლასიკოსების გვერდით, კიდევ უფრო მეტი თანამედროვე ქართველი ავტორის გვარი ამოვიკითხოთ, თუმცა ეს არა ფესტივალის ორგანიზატორებზე, არამედ ქართველ მწერლებსა და რეჟისორებზეა დამოკიდებული.
ქართული თეატრი (ეროვნული დრამატურგიის სიმწირის გამო და არა მხოლოდ ამ მიზეზით) ყოველთვის საზრდოობდა და ახლაც საზრდოობს ეროვნული და უცხოური პროზითა თუ პოეზიით. კონკრეტულად წლევანდელი ფესტივალის პროგრამიდან და, საზოგადოდ, ქართული თეატრების ბოლოდროინდელი რეპერტუარიდან გამომდინარე შეგვიძლია გარკვეულ ტენდენციებზეც ვიმსჯელოთ - ნაკლებად გვხვდება თანამედროვე ლიტერატურის ინსცენირებანი, უფრო მეტად ჭარბობს კლასიკური პროზა და პოეზია, ამ შემთხვევაში: ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, დავით კლდიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნოდარ დუმბაძე (და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ფესტივალი სწორედ მის სახელს ატარებს და მწერლის მშობლიურ კუთხეში, გურიაში იმართება). აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი თეატრი უკვე საგანგებოდ ამ ფესტივალისთვის ამზადებს ამა თუ იმ წარმოდგენას, სპეციალურად ოზურგეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსადგენად არჩევენ პროზაულ ნაწარმოებებს, აკეთებენ ადაპტაციებს ან უკვე ინსცენირებულ პროზას მიმართავენ - ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი ქართული თეატრისთვის, რეგიონისთვის, საზოგადოდ, ქართული მწერლობისა და თეატრის ურთიერთკავშირისთვის.
ძალიან სასიხარულოა, რომ ფესტივალს მხარში უდგას როგორც სახელმწიფო (კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სახით), არამედ სხვადასხვა კერძო ორგანიზაცია; ნებისმიერი ფესტივალისთვის ხომ უმნიშვნელოვანესია სპონსორთა, გულშემატკივართა და მხარდამჭერთა სიმრავლე.
ყოველი ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება, იხვეწება და ვითარდება. ასე ხდება ოზურგეთის თეატრალური ფესტივალის შემთხვევაშიც - იგი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ეს კანონზომიერია, რადგან ამ ტიპის ფესტივალების ორგანიზებას საკმაოდ დიდი დრო, ადამიანური და მატერიალური რესურსი სჭირდება - განაცხადების მიღება, წარმოდგენების შერჩევა, ლოჯისტიკური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; ფაქტობრივად, მომდევნო ფესტივალისთვის მზადება წინა ფესტივალის დასრულებისთანავე იწყება, რისი დასტურიც არის ფესტივალის დამფუძნებლის და ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის დირექტორის, ვასილ ჩიგოგიძის მიერ წინასწარ დაანონსებული ფესტივალი, რომელიც 3 წლის შემდეგ, 2028 წელს გაიმართება და ფესტივალებისაგან სრულიად გამორჩეული იქნება, რადგან მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებს: ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 100, ხოლო ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 160 წელს მიეძღვნება.
ვულოცავ 2025 წლის ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველა მონაწილესა და გამარჯვებულს!