top of page

ნოდარ დუმბაძის ფესტივალი - 2022

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

291637811_4703796663054651_8027658266125965432_n.jpeg

გუბაზ მეგრელიძე

ნოდარ დუმბაძის ფესტივალი - 2022

პოსტერი: ნუცა კობაიძე

5-15 ივლისს უკვე მესამედ უმასპინძლა ოზურგეთმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასო ჩიგოგიძის ინიციატივით დაარსდა 2016 წელს. ფესტივალის საზღვრები გაფართოვდა და, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების გარდა, რომელიც არეალს ზღუდავდა, დაემატა ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე შექმნილი სპექტაკლებიც. თუ წინა ორ ფესტივალზე სპექტაკლების ჩვენება-დათვალიერება მიმდინარეობდა, ახლა იგი საკონკურსო პრინციპით შეიცვალა. სულ მაყურებელმა თეატრის სამივე – დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე 23, დაგეგმილი 25-ის ნაცვლად, სპექატაკლი იხილა. აგრეთვე ჩატარდა ევრაზიის თეატრალური ასოციაციის (ETA ) კონგრესი, რომელმაც საორგანიზაციო საკითხები განიხილა და ახალი პრეზიდენტი,  ხერსონის (უკრაინა) დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კნიგა აირჩია. მომავალ შეხვედრას ასოციაცია შემოდგომაზე გამართავს.

            

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფის გარდა, მხარი დაუჭიროს და გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება გურიის მხარეში; ხელი შეუწყოს ქართულ პროზაზე დაფუძნებული ინოვაციური დადგმების განვითარებასა და ქართული სათეატრო ხელოვნების პოპულარიზაციას არა მარტო გურიაში, საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეროვნული საქმეა და ენათესავება ახალციხის, უკვე ტრადიციად ქცეულ, ქართული დრამატურგიის ფესტივალის მიზნებს იმ განსხვავებით, რომ ახალციხის ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის პრიორიტეტი ეროვნული დრამატურგიაა, აქ კი მხოლოდ პროზა და პრიორიტეტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენურ ინტერპრეტაციებს ენიჭება.

      

ფესტივალში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ ქართული დასები: რუსთაველის თეატრი სპექტაკლით „ვანო და ნიკო“ (რეჟ. რობერტ სტურუა), ვასო აბაშიძის ახალი თეატრი სპექტაკლით „გაყრა“ (რეჟ. დავით დოიაშვილი) და ოზურგეთის თეატრი სპექტაკლებით: „ცის-კარი“ (რეჟ. ელენე მაცხონაშვილი) და „რესპუბლიკა გურია“ (რეჟ. ნიკა საბაშვილი). ფესტივალზე ვერ ჩამოვიდა ახმეტელის თეატრი სპექტაკლით „ჰელადოსს“ (რეჟ. ირადა გოზალოვა), რადგან დასს სწორედ იმ პერიოდში პრემიერის თამაში მოუწია და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოჩენა. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ წარმოადგინა რეზო გაბრიაძის პიესა „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი,“ რაც ასევე არ შეესაბამებოდა ფესტივალის მოთხოვნებს (მხოლოდ ინსცენირება უნდა ყოფილიყო) და გასაკვირია, რატომ ჩართეს ორგანიზატორებმა ეს დადგმა საკონკურსო პროგრამაში (რაც არავის აღუნიშნავს). აქვე აღვნიშნავთ, რომ უცხოეთის დასებიდან უსახსრობის გამო ვერ ჩამოვიდა კაშკადარინის (უზბეკეთი) თეატრი სპექტაკლით „ჰელადოს“ (რეჟ. კახა გოგიძე), რაც, ალბათ, წინასწარ უნდა გარკვეულიყო.

       

წლევანდელ ფესტივალზე ქართული პროგრამა უმეტესად ძველი სპექტაკლებით იყო წარმოდგენილი, მსგავს ტენდენციას სხვა ფესტივალებზედაც ვხვდებით. ფესტივალის ორგანიზატორთა განმარტებით, პროგრამა ირჩევა ოზურგეთელი მაყურებლის ინტერესებიდან გამომიდნარე, ანუ პროგრამაში ისეთი სპექტაკლები იყრის თავს, რომელიც ოზურგეთელ მაყურებელს ნანახი არ აქვს, მაგრამ პროფესიონალებისთვის, რომელიც ფესტივალზეა მოწვეული მოსაწყენიც ხდება ძველი სპექტაკლების ხელმეორედ ნახვა, მით უფრო მაშინ, რომლებმაც სხვადასხვა ფესტივალები მოიარეს. სამწუხაროდ, პროგრამაში ვერ მოხვდა რუსთავის თეატრში დადგმული ახალი სპექტაკლი „კუკარაჩა“, რომელიც საფესტივალო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. რუსთავის თეატრი ამ დადგმით ფესტივალზე მოწვეული იყო, მაგრამ თეატრმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა ფინანსების უქონლობის გამო, ვინაიდან სპექტაკლის შემოქმედებითი-ტექნიკური ჯგუფი მრავალრიცხოვანია. ცხადია, რომ ქართული თეატრი ფესტივალს ნაკლებად მომზადებული შეხვდა, რაც მომავალში გასათვალისწინებელია. ამ ფორუმის მზადებისას უნდა შერჩეულიყო საკონკურსო სპექტაკლები, რაც ვერ მოხერხდა, ალბათ, სათანადო დადგმების სიმწირის გამო და ფესტივალის ინტერესიც ნაწილობრივ განელდა. ვფიქრობ, მომავალი ორი წლის განმავლობაში ქართული დასები უკეთ უნდა მოემზადონ და აიკრძალოს სპექტაკლების ფესტივალიდან ფესტივალზე გადასვლის ტენდენცია, რაც შემოქმედებით წინსვლას ვერ მოიტანს.

            

ფესტივალის მიზნებს არ ემსახურება ისეთი დასების მოწვევა, რომლებსაც ქართველ მწერალთა ნაწარმოებები არ დაუდგამთ. თუმცა წელს ეს მოთხოვნა მათთვის სავალდებულო არ გამხდარა. ვინაიდან მასში ევრაზიის თეატრალური ასოციაციის (ETA ) კონგრესის წევრი ქვეყნების თეატრები მონაწილეობდნენ და ფესტივალის საერთაშორისო სტატუსისთვის იყო საჭირო, თუმცა ფესტივალის უშუალო დანიშნულებას ახალი ვერაფერი შესძინა. ამ სტატუსით წარდგნენ მაყურებლის წინაშე ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის თეატრი (უკრაინა) სპექტაკლით „ცხოვრება პ.ს.“, რომელიც უკრაინის ომს ეხება; როკიშკისის (ლიეტუვა) სახალხო თეატრის სპექტაკლი „ბავშვი“, რომელიც ლიეტუველი მასწავლებლის ციმბირში გადასახლებას ასახავს; მალთფეს მუნიციპალური თეატრი (თურქეთი) სპექტაკლით თ. ორბეის „კაცობრიობა, აქ არის შენთვის,“ რომელიც ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში მიმდინარე რეპრესიებს ეხება. ეს სპექტაკლები ევროპაში არსებული შეიარაღებული კონფლიქტების პრობლემებს ეხმიანება და შეგვახსენებს ძალადობის სავალალო შედეგებს. ფსიქოლოგიური დრამაა თეატრალური კომპანიის (პორტუგალია) სპექტაკლი „ნიშანზე“ თ. ბერნჰარდის ნაწარმოების ოჯახური დრამის სიუჟეტით, აგრეთვე ამავე დასის მერე დადგმა ავგუსტ სტრინდბერგის „უძლიერესი.“ ერთი მხრივ, კარგია ევროპული კოლექტივების მოწვევა, მაგრამ სასურველია სამომავლოდ უფრო ცნობილი თეატრები ჩამოვიდნენ, რომ ევროპაში მიმდინარე თეატრალური პროცესებს გავეცნოთ, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდა და მხოლოდ საფესტივალო პროგრამა გადატვირთა.  

     

ამდენად, ფესტივალის მოთხოვნის შესაბამისად, ნაჩვენები იყო არასაკონკურსო და სტუმრად მოწვეულ დასთა სპექტაკლები: აქტობეს რეგიონული თოჯინების თეატრის (ყაზახეთი) ნ. დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟ. ა. ზაიცევი), აკმოლას  რეგიონული რუსული თეატრის (ყაზახეთი) ნ. დუმბაძის მიხედვით „ისწავლეთ ცხოვრება ღიმილით“ (რეჟ. ო. ლუცივა), ს. მრევლიშვილის თეატრის ეგ. ნინოშვილის „პარტახი“ (რეჟ. ს. მრევლიშვილი), ზესტაფონის თეატრის ნ. დუმბაძის „ნუ გააღვიძებ“ (რეჟ. ე. მაცხონაშვილი), აზერბაიჯანის თეატრის გ. ჩოხელის „წერილები ნაძვებს“ (რეჟ. ნ. გულახმადოვა), ზუგდიდის თეატრის თ. მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟ. ნ. ჩიკვაიძე), ცხინვალის თეატრის მ. ჯავახიშვილის „ჯაყო (რეჟ. გ. კაპანაძე), ბათუმის თეატრის ნ. დუმბაძის „ჰელადოს“ (რეჟ. პ. ჩარგეიშვილი), მესხეთის თეატრის ნ. დუმბაძის „მზიანი რამე“ (რეჟ. ლ. სულუაშვილი), თელავის თეატრის ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი>?!“ (რეჟ. ლ. წულაძე), ჩოხატაურის სახალხო თეატრის ნ. დუმაძის „ხაზარულა“ (რეჟ. გ. ხვიჩია), ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლი +“ ნ. დუმბაძის „ჰელადოს“ (რეჟ. გ. პიპინაშვილი-ონლაინ ჩვენება). სულ 13 სპექტაკლი, აქედან  4  („პარტახი“, „ჯაყო“, „კაცია-ადამიანი>?!“, ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლი+“ „ჰელადოს“) სპექტაკლი ძველი რეპერტუარიდან გადმოვიდა!

 

აქედან საკონკურსოდ მხოლოდ ქართული თეატრის 9 სპექტაკლი დაუშვეს: ს. მრევლიშვილის თეატრის ეგ. ნინოშვილის „პარტახი“ (რეჟ. ს. მრევლიშვილი), ზესტაფონის თეატრის ნ. დუმბაძის „ნუ გააღვიძებ“, ზუგდიდის თეატრის თ. მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟ.ნ. ჩიკვაიძე), ცხინვალის თეატრის მ. ჯავახიშვილის „ჯაყო (რეჟ. გ . კაპანაძე), ბათუმის თეატრის ნ. დუმბაძის „ჰელადოს“ (რეჟ. პ. ჩარგეიშვილი), მესხეთის თეატრის ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“ (რეჟ. ლ. სულუაშვილი), თელავის თეატრის ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (რეჟ. ლ. წულაძე), თბილისის ნ.დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „არ დამივიწყო“ და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ წარმოადგინა რ. გაბრიაძის პიესა „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. სხვა ქვეყნების სპექტაკლების კონკურსში ჩართვა მომავალი ფესტივალიდანაა გათვალისწინებული, ვინაიდან წლევანდელი საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა მხოლოდ თეატროლოგებისგან არ შედგებოდა და სათანადო გადახალისებას მოითხოვს. ვფიქრობ, მართებული იქნებოდა ნ. დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლების კონკურსში ჩართვა.

         

ამდენად, ფესტივალის სარეპერტუარო განრიგში 26 სპექტაკლი იყო, რეალურად უჩვენეს 24 დადგმა, მონაწილეობდა საზღვარგარეთის 7 (მოწვეული 8-ის ნაცვლად) ქვეყნის 8 სპექტაკლი (9-ის ნაცვლად), ქართული თეატრის 14 დასის (მოწვეული 15-ის ნაცვლად) 16  (17-ის ნაცვლად) სპექტაკლიდან 5 კონკურს გარეშე წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ უცხოურ სპექტაკლებს სინქრონული თარგმანი ან ტიტრები არ ჰქონდა, რაც აძნელებდა შინაარსის აღქმას და საორგანიზაციო ჯგუფს ეს პრობლემა დროულად უნდა გაეთვალისწინებინა. 

           

ტრადიციულად, 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს, ფესტივალის მონაწილენი სოფ. ხიდისთავის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. საღამოს კი ჩოხატაურში კონკურს გარეშე უჩვენეს ადგილობრივი სახალხო თეატრის სპექტაკლი „ხაზარულა“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია). კულტურის სასახლის ფოიეში მოეწყო მცირე ფოტოგამოფენა. სპექტაკლის შემდეგ საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა სახალხო თეატრის მსახიობებს სხვადასხვა დასახელების ჯილდო და „ამაგდარის“ წოდება გადასცა.

ფესტივალი ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით „რესპუბლიკა გურია“ დაიხურა. მანამდე კი თეატრის მცირე სცენაზე მაყურებელმა რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“ იხილა. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს და მასში ოზურგეთის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

           

დახურვის ცერემონიაზე 6 ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. მთავარი პრიზი „ნოდარ დუმბაძის პრემია“ გაიცა შემდეგ ნომინაციებში: 1. საუკეთესო სცენოგრაფია - ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი; სპექტაკლი „ჯაყო“ (ცხინვალის თეატრი), 2. საუკეთესო მსახიობი - მარინა დარასელია ეთეროს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში - „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (ზუგდიდის თეატრი). 3. საუკეთესო მსახიობი - რამაზ ხომასურიძე ჯაყოს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „ჯაყო“, (ცხინვალის თეატრი). 4. საუკეთესო რეჟისორი - ელენე მაცხონაშვილი, სპექტაკლი „ნუ გააღვიძებ“ (ზესტაფონის თეატრი), 5. ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია - „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (ზუგდიდის თეატრი), 6. საუკეთესო სპექტაკლი (გრან-პრი  - „სმარტ კაპიტალ ჯგუფის,“ ფონდ „ქართული გალობა“-ს პრემია 10. 000 ლარი) - „კაცია - ადამიანი?!“, თელავის თეატრი.

      

ცალკე პრემია ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (5.000 ლარი) რეჟისორი რობერტ სტურუა ფირმა „ასკანელმა“ დააჯილდოვა. მასვე საქართველოს თეატრალურმა საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქართული თეატრის დესპანის წოდება მიანიჭა  საზღვარგარეთ ქართული თეატრის წარმატებულად წარმოჩენისთვის, ხოლო თბილისის ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელს დიმიტრი ხვთისიაშვილს დიდი რეჟისორის - სანდრო ახმეტელის პრემია გადასცა.

      

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა მონაწილე უცხოურ დასებსაც არ დასწყვიტა გული და ნოდარ დუმბაძის პრიზით  სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვა: 1. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ორიგინალური ინტერპრეტაციისთვის - აქტობეს თოჯინების თეატრი (ყაზახეთი). 2. ნომინაცია საუკეთესო ანსამბლი - ბრაგის თეატრალური კომპანია (პორტუგალია), ლვოვის თეატრი (უკრაინა), 3. საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის- აკმოლას თეატრი (ყაზახეთი), 4. ნომინაცია ფესტივალის ორიგინალური სპექტაკლი როკიშკისის დრამატული თეატრი (ლიეტუვა), 5. ნომინაცია ორიგინალური წარმოდგენა - მალთეფეს  მუნიციპალური თეატრი (თურქეთი).     

        

ფესტივალი მაღალ პროფესიულად იყო ორგანიზებული, რის შედეგად  საკმაოდ დატვირთული პროგრამა სამ სცენაზე ისე გადანაწილდა, რომ ტექნიკური პრობლემები არ შექმნილა. გაწეული მაღალ ბიუჯეტიანი ხარჯი უზრუნველყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, გურიის მხარის ადმინისტრაციამ, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერიებმა, ფონდმა „ქართულმა გალობამ,“ „სმარტ კაპიტალ ჯგუფმა,“ ფირმებმა: „ასკანელმა,“ „ნაბეღლავმა,“ „გურიელმა,“ „საქართველოს ბანკმა,“ ასევე სასტუმროების ქსელმა, მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა და მასმედიამ. მსგავსი მხარდაჭერა ფესტივალს ადრეც ჰქონდა, მაგრამ წელს უფრო მასშტაბური გახლდათ.    

     

ფესტივალმა დაგვანახა, რომ ქართული თეატრის განვითარებისთვის მისი უწყვეტად ჩატარება მნიშვნელოვანია, რაც თეატრებს სტიმულს გაუზრდის ეროვნული ნაწარმოებების დასადგმელად. ასევე  უნდა აღინიშნოს, რომ საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ 9 სპექტაკლი აღმოჩნდა და აქედან 4  საკმაოდ ძველი რეპერტუარიდანაა. ხოლო სტუმრად მოწვეული დასების რაოდენობა კი 10 გახლდათ. ეს, რა თქმა უნდა, არასახარბიელო სურათია და, სამწუხაროა, რომ ქართული თეატრები ამ ფესტივალს მოუმზადებელი შეხვდნენ და ახალი საინტერესო დადგმები ვერ შემოგვთავაზეს, ამიტომაც გამარჯვებულის გამოსავლენად დიდი არჩევანიც არ ყოფილა და აღიარება 4 წლის წინათ დადგმულ „კაცია-ადამიანს“?! ხვდა წილად, რასაც გულწრფელად ვულოცავთ თელავის თეატრსა და ყველა დაჯილდოებულს. 

     

სამომავლოდ აუცილებელია, საკონკურსო სპექტაკლები მკაცრად შეირჩეს ბოლო 2 სეზონის განმავლობაში დადგმულ სპექტაკლებიდან. რაც მთავარია, ეს  სპექტაკლები  სხვა ფესტივალში არ უნდა მონაწილეობდნენ. მით უმეტეს, როდესაც ფესტივალის მიზანი მიღწევათა ჩვენებაა და არა რეტროსპექტული დათვალიერება. ალბათ, თეატრებიც უფრო დაინტერესდებიან გამარჯვებულისთვის დაწესებული თანხით (თუ ეროვნულმა ნაწარმოებებმა არ მისცა სტიმული) და მეტი პასუხისმგებლობით წარდგებიან მომავალ ფესტივალზე.

bottom of page