top of page

„დუმილი რეკავს“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

52c65f57-3c35-42ec-a99e-490c1a0303ef.jpeg

10.04.2026

თამთა ქაჯაია

„დუმილი რეკავს“

 

ოზურგეთის თეატრში მარიამ სიხარულიძის სპექტაკლის „ქრისტინეს“ პრემიერა გაიმართა . პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინეა“ (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით), რომელიც მეოცე საუკუნის ქალის ჩაგრულ ყოფას ასახავს - რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა. სამწუხაროდ, ქალების უთანასწორო მდგომარეობა საზოგადოებაში დღემდე აქტუალურ თემად ითვლება, მხოლოდ ფორმა/სახე იცვალა. რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე საუბარი, რადგან ამ მხრივ, დედაქალაქთან შედარებით გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. ოზურგეთის თეატრი რეპერტუარით მუდმივად ცდილობს გამოეხმაუროს თანამედროვეობაში წამოჭრილ პრობლემებს და იქცეს ხალხის მოპასუხედ. საინტერესოა, რომ ამ საკითხზე სწორედ ქალმა რეჟისორმა გადაწყვიტა საუბარი და როგორც მარიამმა ინტერვიუში აღნიშნა, „ქრისტინეს“  ბედს -  ეპშტეინის გახსნილ ფაქტებსაც უკავშირებს.

ვნახე მოდერნიზებული „ქრიტინე“ და არა ის, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მოღვაწე  (ეგნატე ნინოშვილი სახელი) -  რუსულმა პარტიამ ჩვენს წარმოსახვაში - „გაჭირვებული ხალხის მიმართ თანაგრძნობის მქონე“ მწერლად შემოინახა. მარიამ სიხარულიძემ, ახალი ინტერპრეტაციითა და ფორმით გააზრებული სპექტაკლი შექმნა, რომლის ტექსტის ინსცენირების ავტორიც თავად გახლავთ. ბოლოდროინდელ სპექტაკლებს თუ გადავხედავთ,  რეჟისორები ხშირად, ტექსტის ავტორობასაც ითავსებენ (და არა მხოლოდ). საბოლოოდ ეს ყველაფერი სპექტაკლზე აისახება, მე არ ვგულისხმობ ცხადია, ინტერპრეტაციას, ვგულისხმობ ტექსტის დამონტაჟებას, შეკვეცასა და სრულიად ახალი პიესის შექმნას. თეატრში მნიშვნელოვანია თითოეული პროფესიის დეფინიცია, რადგან აღნიშნული ხშირად იწვევს ქაოსსა და სათქმელის დაკარგვას -  როდესაც ტექსტსა და რეჟისურაზე ერთი ადამიანი მუშაობს. სწორედ ასეთი განცდა დამეუფლა სპექტაკლის ნახვისას, მარიამ სიხარულიძეს იმდენი რამის თქმა სურდა, იმდენი ნიშან/სიმბოლოები ჩართო, რომ საბოლოოდ დაიკარგა დრამატურგიული ხაზი (შესაძლოა, ეს მიზანმიმართულიც იყო), თუმცა, ამის მიუხედავად მაინც, ვთვლი, რომ მისი შემოქმედებიდან „ქრისტინე“  ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია.

სცენოგრაფია თეო კუხიანიძეს ეკუთვნის, რომელსაც უზარმაზარი ვერძის ფიგურა  წარმოადგენს, იგი უფრო მრავალი სიმბოლოს მატარებელია ვიდრე მხოლოდ - უბრალო ცხოველი. ქრისტინე „ღვთის კრავია“ კაცობრიობისთვის შეწირული მსხვერპლი,  რომელმაც მოწამეობრივი გზა გაიარა სიცოცხლის დასასრულამდე. ასევე, სცენოგრაფიასთან ერთად, მუსიკა  (ნინო სიხარულიძე) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ინსტრუმენტია, ცოცხლად გამხმოვანებულ/შესრულებული სიმღერები უფრო მეტად ემოციური და ეფექტურია.

სპექტაკლის დასაწყისში გვესმის გამგზავრების/ჩასხდომის ხმა, რომელიც ქრისტინეს (მარიამ გუჯაბიძე) ემიგრაციას გვამცნობს,  აქვე გამახსენდა გიორგი სიხარულიძის (ვაჟა-ფშაველას) „სტუმარ-მასპინძელი“, რომლის სპექტაკლის დასაწყისი იდენტურია, აღნიშნული მონაკვეთის გარეშეც შესაძლებელია მაყურებელმა განაზოგადოს ქრისტინეს ბედი, ასეთი ცხადი და მკვეთრი მინიშნებები უფრო ტრივიალურს ხდის დასაწყისს. ქრისტინეს პერსონაჟი მასისგან გამორჩეულია მისი თეთრი კაბით, ყველა სხვა დანარჩენ მსახიობს მუქ ფერებში გადაწყვეტილი კოსტიუმი აქვთ მორგებული.

ჩასხდომის გამოცხადებამდე კი ვისმენთ ფრაგმენტებს: „და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა იგი დედაკაცად და მამაკაცად“, „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას“... ამით კიდევ ერთხელ გვახსენებს რეჟისორი, რომ პერსონაჟებში არის ღვთაებრივი საწყისი, ღირსება, ორბუნებრიობა (ქალი და მამაკაცი), კონფლიქტი სქესთა შორის, სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანის მოვალეობაა შექმნას არა მხოლოდ შვილი, არამედ განავითაროს კულტურა და ჩამოაყალიბოს განვითარებული საზოგადოება. ასევე, ქრისტინეს ეტიმოლოგიას თუ განვიხილავთ, მასაც რელიგიურ კონტექსტამდე მივყავართ. ქრისტინე ბერძნული სახელია და „ქრისტეს მიმდევარს“, „ქრისტიანს“ ნიშნავს.

სპექტაკლის ერთ-ერთ მონაკვეთში, მარიამ სიხარულიძე, უკვე ემიგრანტ ქრისტინეს ბედს კოლხი მედეას ისტორიას უკავშირებს. ქრისტინე იასონს ვერძის ფიგურაზე ნებდება და სიყვარულს ეფიცება, ზუსტად ისე, როგორც, კოლხი მედეა -  ოქროს საწმისში ცვლის იასონის სიყვარულს. ორივე შემთხვევაში ვერძი ცენტრალური ფიგურაა. მეტაფორულად სასურველ/სასიკვდილო მიზანს, მსხვერპლს, ვნებას ან აგრესიას ერთდროულად შეიძლება ნიშნავდეს. ქრისტინეც და მედეაც სიყვარულისთვის შეწირული - მსხვერპლები არიან. საროსკიპოში ჩასული ქრისტინე „Georgian showcase-ზე“ ხვდება და ხედავს ქალების სახე/სიმბოლოებს, ქართლის დედა, ვიღაც მედეა - ამით რეჟისორი ქართველი ემიგრანტი ქალის ხვედრზე მიგვანიშნებს, რომელიც კოსტიუმირებული შოუა - ამით გააქვთ ქართველ ქალებს საზღვარგარეთ თავი.

შემთხვევითი არც ის, არის, რომ მხოლოდ რეჟისურასა და მიზანსცენებზე ვსაუბრობ, რადგან ეს არის სპექტაკლი, სადაც მსახიობი მეორე პლანზეა, აქცენტი ამბავსა და სიმბოლურ ფორმაზეა გაკეთებული. მაგრამ მაინც მინდა გამოვყო წამყვანი (გიორგი დოლიძე), რომელიც არსებულ ატმოსფეროს, გარემოს ორგანულად ერწყმის და სრულიად ბუნებრივად გვაწვდის ქალის მძიმე ხვედრს და გვახსენებს, რომ ღმერთმა ეგვიპტისგან იხსნა თავისი ხალხი. ასევე, სონა (შორენა გვეტაძე) რომელიც ქრისტინეს მხსნელია, ქმნის გმირის სახასიათო სახეს.

ეგნატე ნინოშვილის მოთხრობაში ქრისტინეს გაქცევის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახია,  სპექტაკლში ეს ყველაფერი ასე მკვეთრად არ ჩანს, რაც ბუნდოვანს ხდის მარიამ გუჯაბიძის ქრისტინეს გაქცევის მიზეზს. იასონის გმირის (ლუკა მეგრელაძე) ბრალეულობა კი თითქოს მხოლოდ „მის ევროპულ განსწავლულობაშია“, რომელიც ვფიქრობ, ზედმეტი ეპითეტია.

სპექტაკლის კონცეფციას ეროვნული იდენტობა, სარწმუნოება და ქალთა ჩაგვრა წარმოადგენს. ეს  წარმოდგენა სიმბოლურ/რიტუალურია, სადაც ეროვნული იდენტობა და სარწმუნოების მნიშვნელობა გამოკვეთილია. მოქმედება ვითარდება არა რეალისტურ, არამედ მეტაფორულ სივრცეში, რეჟისორი მიმართავს არქაულ და რიტუალურ ფორმებს (ნიღბები) რითაც ქრისტინეს სახე განზოგადებულია და ერის თვითმყოფადობის სახეს წარმოაჩენს. ფინალურ სცენაში, გიორგი დოლიძე ვერძის კონსტრუქციას რქებს ამაგრებს, ვერძი როგორც ზვარაკი - ასეთი მოცემულობა არ არსებობს, მას ჩვენ ვაქცევთ მსხვერპლად და „დუმილიც რეკავს“. ეგნატე ნინოშვილთან კი ეს ის ქრისტინეა, რომელსაც „ფიქრადაც არ მოსვლია იასონის შურისძიება“.

bottom of page