თეატრი არის საუკეთესო სამყარო (შტრიხები ეკა მაზმიშვილის პორტრეტისთვის)
მაკა ვასაძე
თეატრი არის უკეთესი სამყარო
(შტრიხები ეკა მაზმიშვილის პორტრეტისათვის)
თბილისსა და ზოგადად საქართველოში, უკვე რამდენიმე წელია, შემოდგომა ერთობ დატვირთულია კულტურული ღონისძიებებით. ღონისძიებებმა მოიცვა ხელოვნების სხვადასხვა სფერო და რაც მთავარია, პირადად ჩემთვის, თეატრი. პროფესიონალთათვის და ხელოვნების მოყვარული ყველა ადამიანისათვის ერთგვარი „სულიერი ზეიმის“ ატმოსფერო შეიქმნა. ამ ატმოსფეროს ერთ-ერთი შემქმნელი კი ეკა მაზმიშვილია: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ დირექტორი. ეკაზე ფიქრისას, მის დასახასიათებლად გონებაში უპირველესად რაც გაგიელვებს, ვერბალურად ასე გამოიხატება: ენერგიული... სხარტი, მოქნილი აზროვნების, ერთგული, მიზანსწრაფული, ინტერესიანი, ანთებული, მომხიბლველი, პროფესიონალი, საქმეში მომთხოვნი, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართაც...
თსუ-ს ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა პრაღის ცენტრალურ უნივერსიტეტში განაგრძო. 1995-2000 წ.წ. ფონდში „ღია საზოგადოება საქართველო“ კულტურული პროგრამების კოორდინატორია. ეკა მაზმიშვილის „თეატრალურ ბიოგრაფია“ კი 1998 წლიდან იწყება, როდესაც „თეატრალური სარდაფის“ მენეჯერობა ითავა. მას შემდეგ დაუღალავად მოღვაწეობს სათეატრო სივრცეში. აგერ უკვე 15 წელია ლევან წულაძის ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლია... „თეატრალური სარდაფი“ რუსთაველზე, „თეატრალური სარდაფი“ ვაკეში, მარჯანიშვილის თეატრი, სულ მალე კი თბილისელ თეატრალებს, ლევან წულაძე და ეკა მაზმიშვილი ახალ სპექტაკლს შესთავაზებენ ახალ თეატრში.
2009 წლიდან ეკა ძალიან რთულ და საინტერესო საქმეს - „თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს“ ხელმძღვანელობს. რა მიზანს ემსახურება ფესტივალი? ეკა მაზმიშვილს სწორად აქვს განსაზღვრული ფესტივალის დანიშნულება - თბილისის, მისი კულტურის, მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაცია.
ეკას მიერ ზუსტად გათვლილი მენეჯმენტის წყალობით, ფესტივალს ეკასავით ენერგიული, მიზანსწრაფული გუნდი აკეთებს. ეკა მაზმიშვილის სწორი საფესტივალო პოლიტიკის და საფესტივალო გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგად ფესტივალი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ქართული სპექტაკლების პროგრამა - Georgian Showcase (2009 წ.), საერთაშორისო პროგრამა (2009 წ.), საერთაშორისო პროგრამა “New” (2011 წ.), კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმები და შეხვედრები „კულტურული ხიდი“ (2011 წ.), მასტერკლასები, ტრეინინგები, ვორქშოფები, გამოფენები. ეკა მაზმიშვილის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი საფესტივალო პროგრამის დამსახურება რომ ფესტივალმა დაარსებისთანავე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. სათქმელად მარტო ისიც კმარა, რომ ევროსაბჭოს მიერ 2009 წ. „კულტურულ მოვლენად“ იქნა აღიარებული, 2011 წლიდან კი არის ევროპის არაფორმალური შეხვედრების (ITM), და, ასევე, ევროპის საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის (EFA) სრულუფლებიანი წევრი. ეს, რა თქმა უნდა, სხვასთან ერთად, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული თეატრალური ცხოვრების ინტეგრირებას მსოფლიო თეატრალურ სამყაროსთან. ეკა მაზმიშვილის თქმით, „ამ ნაბიჯით, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ თანამედროვე სამყაროს წევრები, არა მარტო ხარისხით არამედ ქმედებებითაც, რომ ჩვენ შეგვიძლია და გვსურს საწევრო გადავიხადოთ იმისათვის, რომ ვიყოთ „ამ ოჯახში“ გაერთიანებულები. პირველ რიგში, ეს პრესტიჟია და გარდა ამისა, ინფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“.
ეკა მაზმიშვილი ჭკვიანი და ნიჭიერი მენეჯერია. მას კარგად აქვს გაცნობიერებული - იმისათვის, რომ ფესტივალის შემოქმედებითი მხარე მაღალი დონის იყოს, უნდა შეგეძლოს პრაქტიკული საკითხების, მარკეტინგის გათვლა და მოგვარება. აკი თავად ამბობს: „ამაღლებულისა და საუკეთესოს უკან ვაჭრობაა, დიდი ვაჭრობა“. ეკა მაზმიშვილის სწორად დაგეგმილი და გათვლილი მარკეტინგი რომ არა, ჩვენ ვერ ვნახავდით ისეთ სპექტაკლებს, როგორიცაა: სტრელერის ლეგენდარული „არლეკინი, ორი ბატონის მსახური“, კორშუნოვასის „რომეო და ჯულიეტა“, ნეკროშიუსის „ფაუსტი“ და „ჰამლეტი“, კომპანია ქიბუცის „ოთხი სეზონი“, ფილიპ ჟანტის „ზიგმუნდის ოინები“ და „უძრავი მოგზაურები“, დო-თეატრის „ჯალათი“, ირანის თეატრალური ვორქშოფის „ტერმინალი“, მაია კლეჩევსკას „ღმერთების დაცემა“, ამიტ ლაჰავის „შინელი“, თემურ ჩხეიძის „ბიძიას სიზმარი“ და ა.შ. სწორედ ეკას დამსახურებაა, რომ ფესტივალის დაარსებიდან დღემდე, ჩვენ თავად შევიგრძენით და გავაანალიზეთ, უკვე ცნობილი, სახელმოხვეჭილი, თუ შედარებით უცნობი, მაგრამ ძალიან საინტერესო რეჟისორების, დრამატურგების, მსახიობების, სცენოგრაფების და ა. შ. ნამუშევრები.
ეკა მაზმიშვილის და ფესტივალის ყველაზე დიდ და დასაფასებელ ფაქტად კი მიმაჩნია ქართული თეატრების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ყოველ წელს, ეკას და მის გუნდს ფესტივალზე უამრავი სტუმარი ჩამოჰყავს. ამით კი, ქართულ თეატრებს ეძლევათ საშუალება თავიანთი დადგმები წარუდგინონ უცხოელ პროდიუსერებს, მკვლევრებს და კრიტიკოსებს. 2009-2012 წლებში ქართული სპექტაკლების სანახავად ფესტივალმა 190 პროფესიონალი მოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თეატრებს, საქართველოს მასშტაბით, ეძლევა შესაძლებლობა თავისი სპექტაკლები გაყიდოს უცხოურ ბაზარზე. ამასთანავე ფესტივალის წყალობით დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი.
ეკა მაზმიშვილს და მის გუნდს სწორად აქვთ განსაზღვრული თეატრალური ფესტივალის მისია: მაყურებლისათვის - განსაკუთრებული მოვლენა; პროფესიონალთათვის - სახელოვნებო, კულტურულ სივრცეში შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნა-გაღრმავება, განვითარება, ახალი პერსპექტივების დასახვა; იმავდროულად გათვითცნობიერებული, რომ „კულტურა ქვეყნის სავიზიტო ბარათია“.
ეკა მაზმიშვილის პიროვნული თვისებებიდან გამოვყოფდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - ერთგულებას, თანადგომას, სიახლისკენ მუდმივ სწრაფვას... არ მახსოვს შემთხვევა, ეკასთვის რაიმე საინტერესო, საქმიანი წინადადებით მიგემართოს და მისგან მყისიერი რეაგირება არ მიგეღოს პასუხად. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ადამიანში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი - სიყვარულის უნარი. ეკასგან ყოველთვის გრძნობ სითბოსა და სიყვარულს; რაც მთავარია, იგი სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს და ალბათ ამიტომაც, გამოსდის კარგად. და, ბოლოს, ეკა მაზმიშვილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება - მადლიერების გრძნობა, სიკეთის დანახვა, სიკეთეზე სიკეთით პასუხი.
რას ნიშნავს ეკასთვის თეატრი? ყველაზე უკეთ, პასუხს თვითონ ეკა მაზმიშვილი გაგვცემს. ეკასთან ერთ-ერთი საუბრისას მან ასეთი სიტყვები თქვა: „აუცილებლად მინდა აღვნიშნო თბილისელი მაყურებელი. არასდროს დამავიწყდება, რაც ამ მაყურებელმა გააკეთა 2012 წელს. გახსოვთ ალბათ, რა ვითარებაში მიმდინარეობდა ფესტივალი - გადაკეტილი ქუჩები, საცობები, უმძიმესი მდგომარეობა იყო ქალაქში და ქვეყანაში. ამ დროს, მაყურებელი, დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ყოველთვის მოდიოდა სპექტაკლებზე. ამაზე მეტი, რა შეიძლება დაუმტკიცოს სამყაროს ფესტივალმა. კულტურა და თეატრი ყველაზე უფრო მაღლა დგას. უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ პროგრამაზე და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მისალმებაში ასეთი ფრაზაა: ჩვენ - ჩვენი თეატრი, ფესტივალი, ზოგადად კულტურა, ვცდილობთ, რომ სამყარო უკეთესი გავხადოთ, ხოლო 2012 წლის მოვლენებმა დაგვანახა, რომ თეატრი არის უკეთესი სამყარო“...