არა მარტო ხარისხით, არამედ ქმედებებითაც...

ეკა მაზმიშვილი

მაზმიშივლი3-900x1157.png

არა მარტო ხარისხით, არამედ ქმედებებითაც...

ლაშა ჩხარტიშვილი

 

ვინ თქვა, რომ ქალი სუსტი არსებაა, რომ მას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია, ან ამ პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ?! ეკა მაზმიშვილის პერსონა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ, ტრადიცულ და წამყვან თეატრს წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობს,  სრულიად ანგრევს ამ შეხედულებებს ქალზე. უფრო მეტიც ის ბევრ მამაკაცზე მეტად მტკიცეა, პრინციპულიც და გაბედულიც. ეკაზე ფიქრისას, მის დასახასიათებლად გონებაში პირველი, რაც გაგიელვებს, ვერბალურად ასე გამოიხატება: ენერგიული, სხარტი, მოქნილი აზროვნების, ერთგული, მიზანსწრაფული, ინტერესიანი, ანთებული, მომხიბლავი, პროფესიონალი, საქმეში მომთხოვნი, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ.

 

თსუ-ს  ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის  დამთავრების შემდეგ, სწავლა პრაღის ცენტრალურ უნივერსიტეტში განაგრძო. 1995-2000 წლებში ფონდში „ღია საზოგადოება საქართველო“ კულტურული პროგრამების კოორდინატორი იყო. ეკა მაზმიშვილის „თეატრალური ბიოგრაფია“ კი 1998 წლიდან იწყება, როდესაც „თეატრალური სარდაფის“ მენეჯერობას მიჰყო ხელი. მას შემდეგ დაუღალავად (უამრავი ხელისშემშლელი ბარიერების მიუხედავად) მოღვაწეობს სათეატრო სივრცეში. უკვე ორ ათეულ წელია ლევან წულაძის ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლია. „თეატრალური სარდაფიდან“ მოყოლებული მარჯანიშვილის თეატრის „სარდაფამდე“ (ჯერჯერობით)...

 

ეკა მაზმიშვილისა და ლევან წულაძის პერიოდში საგრძნობლად გამოცოცხლდა მარჯანიშვილის თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება, თეატრში ერთმანეთის პარალელურად სრულ კომფორტში მოღვაწეობენ უფროსი, საშუალო და ახალგაზრდა თაობის მსახიობები. სწორი მენეჯმენტის წყალობით მარჯანიშვილის თეატრი საქართველოში მოქმედ თეატრებს შორის მაყურებელთა დასწრების (და პრემიერების რაოდენობით) ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა. თეატრში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის და მიმართულების პროექტები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებისთვის მხარდაჭერა და მისი პოპულარიზაციაა. მარჯანიშვილის თეატრის პროექტებში გაჩნდნენ და დაიბადნენ დრამატურგები: ნესტან-ნენე კვინიკაძე, ერეკლე დეისაძე, ზურა პაპიაშვილი და სხვები. სწორედ ეკას მიერ წამოწყებული პროექტები გახდა ამ ახალგაზრდა კალმოსნებისთვის ინსპირაციის მთავარი ხერხი მოსულიყვნენ ისინი დრამატურგიაში.

 

მარჯანიშვილის თეატრი მისი მდიდარი ისტორიის და გამორჩეული ხელწერის მიუხედავად არასდროს ყოფილა იმდენ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თუ ფორუმზე, რამდენჯერაც ეკა მაზმიშვილის მმართველობის პერიოდში. გაიზარდა მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო რუკის არეალიც და ის შორეული აღმოსავლეთიდან უკიდურეს დასავლეთ ევროპამდე ვრცელდება.

 

სხვა რომ არაფერი გაეკეებინა ეკა მაზმიშვილს, ქართული თეატრის ისტორიაში იმითაც შევიდოდა, რომ სწორედ მისი უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით მარჯანიშვილის თეატრმა, პირველმა თეატრმა საქართველოდან წარმოადგინა სპექტაკლი „გლობუსში“.

 

2009 წლიდან ეკა ძალიან რთულ და საინტერესო საქმეს  - „თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსაც“ ხელმძღვანელობს. თუმცა ნაწილი „ც“ აქ რა მოსატანია. ასეთი მასშტაბური ფესტივალი ქართული თეატრის ისტორიას არ ახსოვს. მასშტაბში მხოლოდ სპექტაკლების მაღალი მხატვრული ხარისხი და მსოფლიო სათეატრო სახელების სიდიადე და გამორჩეულობა კი არ იგულისხმება, არამედ ფესტივალის ხანგრძლივობა, მონაწილე ქვეყანათა და დასების მრავალრიცხოვნებაც. 

 

ეკა მაზმიშვილის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი პროგრამის დამსახურებაა ისიც, რომ  ფესტივალმა დაარსების თანავე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. სათქმელად მარტო ისიც კმარა, რომ ევროსაბჭოს მიერ 2009 წ. „კულტურულ მოვლენად“ იქნა აღიარებული, 2011 წლიდან ფესტივაკლი ევროპის არაფორმალური შეხვედრების (ITM), ასევე, ევროპის საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის (EFA) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

 

ეკა მაზმიშვილი: „ამ ნაბიჯით, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ თანამედროვე სამყაროს წევრები, არა მარტო ხარისხით არამედ ქმედებებითაც; რომ ჩვენ შეგვიძლია და გვსურს, საწევრო გადავიხადოთ იმისათვის, რომ ვიყოთ „ამ ოჯახში“ გაერთიანებულები. პირველ რიგში, ეს პრესტიჟია და გარდა ამისა, ინფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“.

 

ეკა მაზმიშვილის და ფესტივალის ყველაზე დიდ და დასაფასებელ ფაქტად კი მიმაჩნია ქართული თეატრების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ყოველ წელს, ეკას და მის გუნდს ფესტივალზე  უამრავი სტუმარი ჩამოჰყავს. ამით კი, ქართულ თეატრებს ეძლევათ საშუალება თავიანთი დადგმები წარუდგინონ უცხოელ პროდიუსერებს, მკვლევრებს და კრიტიკოსებს. 2009-2020 წლებში ქართული სპექტაკლების სანახავად ფესტივალმა 950 პროფესიონალი მოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თეატრებს, საქართველოს მასშტაბით, ეძლევათ შესაძლებლობა, თავისი სპექტაკლები გაყიდოს უცხოურ ბაზარზე. ამასთანავე ფესტივალის წყალობით დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი.

 

ფესტივალის მისია სწორად არის განსაზღვრული: მაყურებლისათვის - განსაკუთრებული მოვლენა, პროფესიონალთათვის - სახელოვნებო, კულტურულ სივრცეში შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნა-გაღრმავება, განვითარება, ახალი პერსპექტივების დასახვა;

 

ეკა თვისებებიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფ - ერთგულებას, თანადგომას, სიახლეების სიყვარულს. არ მახსოვს შემთხვევა, მისთვის რაიმე საინტერესო, საქმიანი წინადადებით მიემართათ და მისგან მყისიერი რეაგირება არ ყოფილიყო. მისგან ყოველთვის გრძნობ სითბოსა და სიყვარულს და საქმესაც სწორედ ასე აკეთებს, ალბათ ამიტომაც გამოსდის კარგად. და, ბოლოს, ეკა მაზმიშვილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება - მადლიერების გრძნობა, სიკეთის დანახვა, სიკეთეზე სიკეთით პასუხი.

 

რას ნიშნავს ეკასთვის თეატრი? ამაზე თავად ასე პასუხობს: „თბილისელი მაყურებელი ყველაზე გამორჩეულია. არასდროს დამავიწყდება, რაც ამ მაყურებელმა გააკეთა 2012 წელს. გახსოვთ ალბათ, რა ვითარებაში მიმდინარეობდა ფესტივალი - გადაკეტილი ქუჩები, საცობები, უმძიმესი მდგომარეობა იყო ქალაქში და ქვეყანაში. ამ დროს, მაყურებელი, დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ყოველთვის მოდიოდა სპექტაკლებზე. ამაზე მეტი, რა შეიძლება დაუმტკიცოს სამყაროს ფესტივალმა. კულტურა და თეატრი ყველაზე უფრო მაღლა დგას. უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ პროგრამაზე და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მისალმებაში ასეთი ფრაზაა: ჩვენ  - ჩვენი თეატრი, ფესტივალი, ზოგადად კულტურა, ვცდილობთ, რომ სამყარო უკეთესი გავხადოთ, ხოლო 2012 წლის მოვლენებმა დაგვანახა, რომ თეატრი არის უკეთესი სამყარო“...