ელექტრიკოსი
გიორგი ყაჯრიშვილი
ელექტრიკოსი
ქ. რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახ. პროფესიულ თეატრში კიდევ ერთი პრემიერა გაიმართა. ამჯერად მცირე სცენაზე წარმოდგენილი იყო კოტე ჯანდიერის „ელექტრიკოსი“ თეატრის რეჟისორის გიორგი ქანთარიას დადგმით.
თეატრში მოსულ მაყურებელს მცირე სცენაზე გვიხმობენ, სადაც მსახიობები გვხვდებიან და კაფე-ბარად გადაქცეულ დარბაზში მაგიდებთან გვეპატიჟებიან, ყავას და ჩაის გვათავზობენ. კაფე-ბარის წინ პატარა სცენაა. აქ დღევანდელი წარმოდგენა გათამაშდება - კაფე-ბარში გათამაშებული სპექტალი თვით ავტორის, კოტე ჯანდიერის იდეაა, რაც რემარკაშიცაა მითითებული.
პიესა ბევრ საჭირბოროტო თემაზეა შექმნილი. მასში სხვადასხვა დროისა და ეპოქის მტკივნეული საკითხებია წამოჭრილი და ეს სიუჟეტები ერთ ფაბულად იკვრება - რა არის თავისუფლება და როგორ მოქმედებს სისტემა ადამიანთა თავისუფლების დათრგუნვისთვის: თუ როგორ აქვევს იგი ადამიანს მორჩილად, როგორ უცვლის მსოფლმხედველობას, როგორ ანგრებს ოჯახებს, როგორ აქცევს შვილს დედის მტრად, როგორ გაწირავს პიროვნება და აიძულებს მას იმის აღიარებას, რომ „თავისუფლება … სიბნელეშია“.
პიესა ერთი შუახნის მამაკაცის მონოლოგი-აღსარებაა, რომელიც თეატრის, ხელოვნების ტაძრის გამნათებლიდან უბრალო ელექტრიკოსად გადაიქცა და თეატრში გატარებული დროის მოგონებებით ცხოვრობს: იგი ხომ ამ თეატრში გაიზარდა,თეატრის ხომ მისი სახლია, სადაც მამამისიც ასევე გამნათებლად მუშაობდა - თეატრის დაიწვა და მას მხოლოდ მოგონებები თუ შემორჩა: ვერც მისი დაწერილმა პიესამ ნახა „რამპის სინათლე“, ვერც ახალგაზრდა ესპანელ ქალის კრემონას სიყვარულში გაუმართლა, ვერც კონცერტმეისტერ დეიდა ქეთოს გაკვეთილებმა უშველა და მსახიობი ვერ გახდა და ვერ დეიდა ქეთოს შეუმსუბუქა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, მხოლოდ მისი ორივე თვალის დაბრმავებული კატა-ნიკიტაღა შერჩა.
პიესაში და შემდგომ სპექტაკლში სიმბოლურად ერთმანეთს უპირისპირდება სიბნელე და სინათლე, კეთილი და ბოროტი, ერთგულება და ღალატი, სიყვარული და სიძულვილი, პატიება და შურისძიება, აღსარება და სასჯელი.
სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ქანთარია მორჩილად არ მიჰყვება დრამატურგის მიერ შემოთავაზებულ მონოსპექტაკლის ფორმას და თავისმივე ინტერპრეტაციას სთავაზობს მაყურებელს - ელქტრიკოსის გარდა სცენაზე არიან კრემონა (ნათია არბოლიშვილი) და მისი დედა დომინგა კავარუბია კაბელიო (ანა შარვაძე), კონცერტმეისტერი დეიდა ქეთო (სოფიკო ჩხიტუბიძე), მელიტა (ანა შარვაძე) და დორა (ნათია მელაძე), თამარა, რაისა - მისი გულაგის დაქალები, ტუსია ლოგინოვა(მარიამ კვიტაშვილი) , ასევე გულაგის ტუსაღი და მისი შვილი ლენოჩკა.
სხვადასხვა სიუჟეტებითქო ვწერდი და მართლაც - ჩვენს წინაშე გაიელვებს ფრანკოს რეჟიმიდან საქართველოში გადმოხვეწილი ესპანელების ცხოვრება, სტალინის რეჟიმის დროს რეპრესირებული ცოლების მძიმე წლები „გულაგის“ კატორღაში, გადასახლებიდან დაბრუნებული ტუსია ლოგინოვას ტრაგიკული ბედი, რომელიც კომკავშირის უჯრედის თავმჯდომარე შვილმა ლენოჩკამ უარყო როგორც “... контра недобитая?! Жаль. что не расстреляли!” - ეს ხომ ახალი „საბჭოთა ჯიშის“ გამოყვანის მცდელობაა!
თვით ელექტრიკოსის (ვალერი კობერიძე) მძიმე ცხოვრება, რა განცდები დაუტოვა მას თეატრში გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილის“ რეპეტიციებმა და როგორ გახდა კრემონა მისი უიმედო სიყვარულის ობიექტი;
„ქეთო ხანდახან მაჩერებდა და მეკითხებოდა: „აბა, რათ ეუბნება ოფელიას, მონასტერში წადიო? რას ფიქრობს, ან რასა გრძნობს? შიშს, მარტოობას? მგონი თავისი თავისა ეშინია და კიდევ იმისი, რასაც გაურბის…“ მერე მე ვავიწყდებოდი და თავისთვის აგრძელებდა: „შურისძიება აშინებს, თავზე კი მამის აჩრდილი ადგას“… არ ვიცი, რამდენი წიგნი წავიკითხეთ ამ გაჩერებებით, გადახვევებითა და საუბრებით; უფრო მეტად ლექსები და პიესები. საწყალი ქეთო, იმას ეგონა, თეატრზე ვაბოდებდი, ან სცენის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი… თავის ჭკუაში მეხმარებოდა, მწვრთნიდა და მამზადებდა ჯადოსნობისთვის… რა უსინდისოდ ვატყუებდი…“ იხსენებს იგი.
- როგორ შექმნა პიესა დეიდა ქეთოს მიერ მოთხრობილი ტუსია ლოგინოვას ტრაგიკულ ბედზე და მის აღსასრულზე და როგორ უარყო იგი და მისი პიესა კრემონამ, რომელმაც ელექტრიკოსს თეატრის კანცლერი „ლაწირაკი გიგი“ ამჯობინა.
სცენაზე მხოლოდ რეკვიზიტია განთავსებული (მხატვარი ლომბულ მურუსიძე), სკამები, აბაჟურის ნაწილებია, განათების ბევრი საშუალებები, პროჟექტორები, „პისტოლეტი“, „დიგი“, ორფეხა კიბე. მსახიობების ჩაცმულობას იმ ეპოქის მახასიათებელია, რომელშიაც გადავინაცვლებთ ხოლმე. დასახელებულ პერსონაჟთა ქალთა ანსამბლი ერთი პლასტიკური მონახაზითა შეკრული (ქორეოგრაფი ბაქარ ხინთიბიძე), მათ მოძრაობასა და პლასტიკაში ტრაგიზმი, პროტესტი, შიში, შემოქმედებითი წარმატება, სიხარული და ცხოვრების სიყვარულია ჩაქსოვილი: ასე სამაგალითოდ „სისხლიანი მონოპიესა კრემონასათვის!“ - ნიღბებით გათამაშებული სცენა და ბევრი სხვა.
და ბოლოს: ჩვენ მაყურებლები ვხვდებით, რატომ მოგვიწვიეს კაფე-ბარში და რატომ გაითამაშეს ასეთ გარემოში ეს წარმოდგენა:
„ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა როლები. ახლა თქვენ ზიხართ ბნელში, მე კი სადაც მინდა, იქ ვანთებ შუქს და თვითონ ვდგები სინათლეში, სადაც მომინდება და როცა მომეპრიანება!
ვერავინ მიწესებს რეპერტუარს, ვერავინ მჩრის ათასჯერ გადაღეჭილ ტექსტს,
ვერავინ მკარნახობს როლს… მე თავისუფალი ვარ…“.