top of page

 ელფრიდე იელინეკის დრამატურგია

7afedf3c9866d0164b604a6acacd3c7a.jpeg

ანა კვინიკაძე

ელფრიდე იელინეკის დრამატურგია

 

„ხმებისა და უკუხმების მუსიკალური ნაკადისათვის იმ რომანებსა და პიესებში,

რომელნიც, უჩვეულო ლინგვისტური სიზუსტით, ს

ოციალური კლიშეებისა და მათი დამმონებელი

ძალაუფლების აბსურდულობას გვიჩვენებენ“.

შვედეთის აკადემია[1]

 

 ნობელის პრემია დაარსებიდან დღემდე (1901-2021 წლებში) სულ 58 ქალს მიენიჭა.[2] მათ შორის, არის ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი ელფრიდე იელინეკი, რომელმაც ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 2004 წელს მიიღო.[3]

შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა, ნობელის კომიტეტის წევრმა, პროფესორ ჰ. ენგდალმა იელინეკის შემოქმედება შემდეგნაირად დაახასიათა: „ელფრიდე იელინეკი მოფიქრებულად, განზრახ უღებს საკუთარი შემოქმედების კარებს იმ კლიშეებს, რომელთაც წალეკეს მედიასიახლენი და ფართოდ რეკლამირებული პოპ-კულტურა - ჩვენი დროის კოლექტიური ქვეცნობიერი. იგი მოხერხებულად იყენებს იაფფასიანი ლიტერატურის, კომიქსების, „საპნის ოპერების“, პორნოგრაფიისა და ფოლკლორისტული რომანების კოდებს - ისე, რომ ნიშანდობლივი უგუნურობა ამ ვითომდა უვნებელი სამომხმარებლო ფენომენისა მთლიანად აშკარავდება. მწერალი ახდენს იმ ცრურწმენათა პაროდირებას, რომელთაც ჩვენ არასდროს ვაღიარებდით, და საღი აზრის მიღმა დაფარულ, საძაგელ ჩურჩულს იჭერს - იმ ჩურჩულს, რომელსაც არ გააჩნია არც საწყისი და არც ზუსტი ადგილი: მასების ხმას. იელინეკმა თქვა, მე ენას ვუკაკუნებ, რათა მისი დაფარული იდეოლოგიების ხმა გავიგოო. სწორედ ასე უსმენს ექიმიც პაციენტის გულმკერდს. ჩვენ შეძრწუნებულნი აღმოვაჩენთ, როგორ აირეკლება ყოველდღიურ საუბარში კლასობრივი ჩაგვრა, სექსიზმი, შოვინიზმი და ისტორიის დამახინჯება. სპორტი იმთავითვე საეჭვო საქმიანობად იქცევა თავისი სამხედრო წრთვნებით, უნიფორმებით, ძლიერისა და გამარჯვებულის კულტით. ბუნება პოლიტიკურ მახედ გვევლინება. ავსტრიის ალპური ლანდშაფტი იელინეკისთვის სრულყოფილი ფონი აღმოჩნდა იდილიის დასამსხვრევად“.[4]

ელფრიდე იელინეკი, პეტერ ჰანდკესა[5] და ბოთო შტრაუსთან[6] ერთად, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე გერმანულენოვან დრამატურგად ითვლება. იგი 1946 წლის 20 ოქტომბერს ავსტრიაში, ქალაქ მიურცუშლაგში დაიბადა. მისი დედა, წარმოშობით რუმინელ-გერმანელი ოლგა ბიუხნერი, ბურჟუაზიული წრიდან, მდიდარი ვენელი ოჯახიდან იყო, ხოლო, იელინეკის მამა, ფრიდრიხ იელინეკი ჩეხი ებრაელი გახლდათ - სოციალისტი მუშათა კლასიდან.[7][8] მამამისმა მეორე მსოფლიო ომის დროს დევნის თავიდან აცილება მოახერხა, ვინაიდან ქიმიკოსი იყო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინდუსტრიულ წარმოებაში მუშაობდა, თუმცა, მისი არაერთი ახლო ნათესავი ჰოლოკოსტს ემსხვერპლა, რამაც მასზე სერიოზული ფსიქოლოგიური და ემოციური გავლენა მოახდინა. ელფრიდე იელინეკის მშობლებმა მასზე, როგორც პიროვნებაზე და მის შემოქმედებაზე გარკვეული კვალი დატოვეს. ელფრიდეს, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა დედასთან ჰქონდა, რომელიც მისგან „მუსიკალური ვუნდერკინდის“ შექმნას ცდილობდა. სწორედ ამიტომ, ელფრიდეს ადრეული ასაკიდანვე შეასწავლიდნენ ფორტოპიანოზე, ვიოლინოზე, გიტარაზე, ორგანზე და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას. მოგვიანებით, მან სწავლა ვენის კონსერვატორიაში გააგრძელა, სადაც ორგანისტის დიპლომი მიიღო. ამ დროის განმავლობაში იელინეკი ცდილობდა დედის მოლოდინი გაემართლებინა, ამავდროულად კი ფსიქოლოგიურად არაჯანსაღ მამასთან გამკლავება უწევდა.[9] მუსიკალური განათლების მიღების პარალელურად, იგი ვენის უნივერსიტეტში ხელოვნებისა და თეატრის ისტორიას შეისწავლიდა, თუმცა, შფოთვითი აშლილობის გამო მას სწავლის შეწყვეტა მოუწია, რის შედეგადაც მშობლების სახლში ერთი წლის განმავლობაში იზოლირებულად ცხოვრობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან სერიოზული ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო. მწერლობა, საბოლოოდ მისი მხატვრული გამოხატვის მთავარი ფორმა გახდა.

ელფრიდე იელინეკის ლიტერატურული დებიუტი 1967 წელს ლექსების კრებულით „Lisas Schatten“ („ლიზას ჩრდილი“) შედგა, რასაც მისი პირველი რომანის „Wir sind Lockvögel Baby!“  („ჩვენ მატყუარები ვართ, პატარავ!“, 1970) გამოცემა მოჰყვა. პირველი კრიტიკული აღიარება კი მიიღო რომანისთვის „Michael. Ein Jugendbuch für die Infantilgesellschaft“ („მაიკლი. ახალგაზრდა ადამიანის გზამკვლევი ინფანტილური საზოგადოებისთვის, 1972). 1969 წელს იელინეკმა პირველი ლიტერატურული ჯილდო მიიღო. ამ პერიოდში იგი პოლიტიკურადაც გააქტიურდა.  

აკრიტიკებდა რა ავსტრიის ნაცისტურ წარსულს, იელინეკი ყოველთვის თავისი სამშობლოსგან გამიჯვნას ცდილობდა, თუმცა, მისი ტექსტები ავსტრიული ლიტერატურის ტრადიციაში ღრმად არის ფესვგადგმული. მის შემოქმედებაზე კარგად ჩანს ისეთი დიდი ავსტრიელი მწერლების გავლენა, როგორებიც არიან: ინგებორგ ბახმანი, მარლენ ჰაუსჰოფერი და რობერტ მუსილი.[10]

ელფრიდე იელინეკი მიიჩნევა, როგორც ფემინისტი მწერალი ქალი, რომელიც ხშირად წერს გენდერულ ურთიერთობებზე, ქალის სექსუალობაზე და პოპულარულ კულტურაზე. ზოგადად, მისი პოლიტიკური პოზიციები (განსაკუთრებით ფემინიზმი და კომუნიზმი) მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას განმსაზღვრელი ფაქტორებია მისი შემოქმედების გააზრებისთვის, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: რომანებს,  ლექსებს, თეატრალურ ტექსტებს, რადიო პიესებს, კრიტიკულ ესეებს, სცენარებს, თარგმანებს, მუსიკალურ კომპოზიციებს და სხვ.[11] მის შემოქმედებაში ქალზე სექსუალური ძალადობა და ზოგადად სქესთა ბრძოლა წამყვანი თემებია. სატირულ რომანში „საყვარლები“[12] („Die Liebhaberinnen“, გამოქვეყნდა 1975 წელს) მან აღწერა ქალის, როგორც მსხვერპლის მდგომარეობა ადამიანური სახის არმქონე პარტიარქალურ საზოგადოებაში. მის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში კი „პიანისტი ქალი“[13] („Die Klavierspielerin“) იგი ეხება სექსუალურობის ჩახშობის, მოთოკვის საკითხებს. 2001 წელს რომანის „საყვარლები“ მიხედვით სკანდალურმა ავსტრიელმა კინორეჟისორმა მიხაელ ჰანეკემ ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი თამაშობდა. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. ელფრიდე იელინეკის მნიშვნელოვანი რომანები აგრეთვე მოიცავს: Die Ausgesperrten („მშვენიერი, მშვენიერი დროება“, 1980), Lust („ვნება“[14], 1989), და Gier („გაუმაძღრობა“, 2000).

თავის ტექსტებში იელინეკმა უარი თქვა ტრადიციული ლიტერატურული ტექნიკის კონვენციების გამოყენებაზე, ლინგვისტური და თემატური ექსპერიმენტების სასარგებლოდ. თითქმის ყველა მის ტექსტში ვხვდებით ავტორის უკომპრომისო გულწრფელობას, რასაც გარდაუვლად თან ახლავს სისასტიკის თემაც, როგორც უდიდესმა ესპანელმა დრამატურგმა, კალდერონმა დაწერა თავის პიესაში „ცხოვრება სიზმარია“: „არაფერია ამ ქვეყანაზე სისასტიკეზე უფრო ნამდვილი“.[15] სისასტიკის და გულწრფელობის კუთხით ელფრიდე იელინეკის შემოქმედება (და ზოგ შემთხვევაში მისი ბიოგრაფია) მოგვაგონებს ინგლისელ დრამატურგ სარა კეინს, რომლის შემოქმედებაშიც იკვეთება მსგავსი თემები: ძალადობა, სისასტიკე, გენდერული ურთიერთობები, პორნოგრაფია, სამომხმარებლო საზოგადოების კრიტიკა, ადამიანის მარტოობა, ტკივილი და სულიერი აშლილობა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ელფრიდე იელინეკი მნიშვნელოვანი ფიგურაა არამხოლოდ მწერლობასა და ლიტერატურაში, არამედ დრამატურგიასა და თეატრშიც. 1979 წლიდან მოყოლებული დღემდე მას 40-მდე პიესა, რადიო პიესა და თეატრალური ტექსტი აქვს შექმნილი. მათ შორის აღსანიშნავია „Was geschah, nachdem Nora ihren Mann verlassen hatte; oder Stützen der Gesellschaften“ („რა მოხდა მას შემდეგ, რაც ნორამ ქმარი მიატოვა; ან საზოგადოების საყრდენები“, 1979), რომელიც მან ჰენრიკ იბსენის კლასიკადქცეული პიესის „თოჯინების სახლის“ გაგრძელებად დაწერა. იელინეკის პიესის სახელწოდება იბსენის კიდევ ერთი პიესის დასახელებას შეიცავს - „Samfundets støtter“ (საზოგადოების საყრდენები“, 1877). ეს გახლავთ იბსენის პირველი პიესა, რომელშიც იგი სოციალური ცნობიერებისა და სამართლიანობის საკითხებს ეხება. პიესა „რა მოხდა მას შემდეგ, რაც ნორამ ქმარი მიატოვა; ან საზოგადოების საყრდენები“ პირველად 1979 წელს გამოიცა და იმავე წლის ოქტომბრის თვეში შედგა მისი პრემიერა ავანგარდულ ფესტივალზე steirischer herbst, ქალაქ გრაცში, რეჟისორი - კურტ-იოზეფ შილდკნეხტი (Kurt Josef Schildknecht). ელფრიდე იელინეკის თეატრალური დებიუტი კრიტიკული წრეებისა და მედიის მიერ დიდწილად უგულებელყოფილი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორის პირველი პიესა არაერთი ახალი თემისა და ფორმალური სიახლეების დანერგვას ემსახურებოდა, რომლებიც ავტორის მთელ ლიტერატურულ შემოქმედებას ახასიათებს. პიესა იბსენის „თოჯინების სახლის“ ტრადიციას მიჰყვება და გარკვეულწილად მისივე რომანს „საყვარლები“ ეყრდნობა.[16] პიესაში ავტორი განიხილავს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ავსტრიისა და ზოგადად ევროპის კაპიტალისტური ძალაუფლების სტრუქტურაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰენრიკ იბსენი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „გაბედა” და დაწერა ე.წ. „ფემინისტური დრამა“, რომელმაც შემდგომ წლებში არაერთ დრამატურგს მისცა შთაგონების წყარო, მსგავსად ელფრიდე იელინეკისა. „თოჯინების სახლის“ „გაგრძელება“ აგრეთვე დაწერილი აქვს თანამედროვე ამერიკელ დრამატურგ ლუკას ჰნათს (Lucas Hnath). მისი პიესა „A Doll's House, Part 2“ („თოჯინების სახლი, ნაწილი მეორე“, 2017) აგრეთვე განიხილავს გენდერულ ურთიერთობებსა და საზოგადოების მიერ ერთობლივად დადგენილ წესებს.[17]

შემდეგი პიესა, რომელიც ეფრიდე იელინეკმა დაწერა გახლავთ „Clara S, musikalische Tragödie” („კლარა შ, მუსიკალური ტრაგედია“, 1982), რომლის პრემიერა 1982 წლის 24 სექტემბერს Theatre der Stadt Bonn-ში, გერმანიაში შედგა, რეჟისორი - ჰანს ჰოლმანი (Hans Hollmann). პროფესიული კრიტიკისა და მაყურებლის შეფასება ამ შემთხვევაშიც არაერთგვაროვანი იყო - ტიპიური რეაქცია იელინეკის ადრეულ პიესებზე. პიესაში ავტორი იკვლევს თავის ერთ-ერთ მთავარ თემას: ხელოვნების სამყაროს პრეტენზიებს, მის დამოკიდებულებას გენდერთან, მის კომერციალიზმსა და ექსპლუატაციისკენ მიდრეკილებას. მან ეს თემა მოგვიანებით გააფართოვა მის რომანში „პიანისტი ქალი“.[18] პიესა „კლარა შ, მუსიკალური ტრაგედია“ სამი ისტორიული ადამიანის ანაქრონისტულ[19] შეხვედრას აღწერს: 1929 წელს კლარა[20] და რობერტ შუმანები იტალიელ პოეტ გაბრიელ დ'ანუნციოს მის ვილაში ხვდებიან. პიესის მთავარი თემა არის დაძაბულობა ხელოვნებასა და ფულს შორის, რომელიც საბოლოო ჯამში კლარაზე ახდენს ზეგავლენას. ცნობილ პიანისტთან და კომპოზიტორთან ქორწინების შემდეგ, კლარა მთლიანად რობერტის კარიერაზე ზრუნავს და ახლა მხოლოდ დიდი ხელოვანის თავგანწირული ცოლია. აღნიშნული პიესით იელინეკი უპირისპირდება მამაკაცის ორიგინალურობაზე და გამორჩეულობაზე მოგონილ დამოკიდებულებას საკუთარი წერის პრაქტიკით - პიესაში ჩნდებიან არა პერსონაჟები, არამედ პერსონაჟები, როგორც ენის მატარებლები, რომლებიც მოძრაობენ უცხო ხმების ქსელში. კლარა შ.-ს პერსონაჟი ანგრევს გენიოსის კულტს და აჩვენებს ხელოვნების ბიზნესში ქალების მიერ საკუთარი შემოქმედების რეალიზაციის შეუძლებლობას.[21] ისევე, როგორც მის სხვა პიესებში, აქაც იელინეკი იყენებს ინტერტექსტუალობას, იმისათვის რომ გააშიშვლოს მითები, ცნებები, კლიშეები და საზოგადოების მიერ კოლექტიურად მიღებული იდეები.[22]

ელფრიდე იელინეკი ფემინისტური თემების გარდა სოციალურ და პოლიტიკურ თემებზეც აქტიურად წერს. სწორედ ამიტომ, მინდა მისი ერთ-ერთი უახლესი და საკამათო პიესაც „Bambiland“ („ბამბილენდი“, 2003) ვახსენოთ. ეს პიესა უაღრესად კრიტიკულია შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიმართ ერაყში. „ბამბილენდიც“ იელინეკის სტილშია დაწერილი - მასში ვხვდებით ძალადობის მრავალ აქტს, როგორც ფიზიკურს, ასევე სექსუალურს. პიესაში ავტორის კრიტიკა ასევე მიმართულია საერთაშორისო მედიისაკენ, უფრო ზუსტად - დასავლური პრესისა და მისი როლისკენ ერაყის ომში. პიესის ორიგინალი ვერსია და მისი ინგლისური თარგმანი (მთარგმნელი: ლილიან ფრიდბერგი) ხელმისაწვდომია ელფრიდე იელინეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.elfriedejelinek.com).

მიუხედავად იმისა, რომ ელფრიდე იელინეკი საერთაშორისოდ აღიარებული დრამატურგია, საკმაოდ რთულია მისი პიესების ინგლისურ ენაზე მოძიება. ინტერნეტ სივრცეში სულ რამდენიმე პიესის ინგლისური თარგმანის ნახვაა შესაძლებელი. ელფრიდე იელინეკის რომანებისგან განსხვავებით, მისი თეატრალური ტექსტები ქართულ ენაზე ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი და სწორედ ამიტომ, ქართულ თეატრს ჯერ კიდევ წინ აქვს იელინეკის დრამატურგიის აღმოჩენა.

მოხსენება ელფრიდე იელინეკზე შვედეთის აკადემიის მუდმივი მდივნის, ნობელის კომიტეტის წევრის, პროფესორ ჰ. ენგდალის მიმართვით დავიწყეთ. მოდით, მისივე სიტყვებით დავასრულოთ:

„ღრმად პატივცემულო ელფრიდე იელინეკ!

ჰეგელის სიტყვებით ქალი საზოგადოების ირონიაა. თქვენი შემოქმედებით, თქვენ ახალი მიმართულება მიეცით ლიტერატურაში ქალთა ერეტიკულ ტრადიციას და განავითარეთ ლიტერატურული ხელოვნება. თქვენ არ გიცდიათ მორგებოდით საზოგადოებასა და თქვენი დროის ჩარჩოებს, არც საკუთარი ნაწარმოებების მკითხველთა გემოვნებისათვის მისადაგება ყოფილა ოდესმე თქვენი მიზანი. თუკი ლიტერატურა თავისი დეფინიციით ის ძალაა, რომელიც არაფერს ეპუება და თავს არაფერს უხრის, ჩვენს დროში თქვენ ამის ერთ-ერთი ყველაზე ჭეშმარიტი მაგალითი ბრძანდებით“.[23]

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. გოგოლაშვილი ნ., ნობელის პრემიის ლაურეატები, ელფრიდე იელინეკი, ჟურნალი „საუნჯე“, # 5-6, 2006.

  2. ცხოვრება სიზმარია, კალდერონი, ჟურნალი ხელოვნება, თბილისი, № 9-10, 1992.

  3. Boiter, V., Elfriede Jelinek, Women Writers in German-Speaking Countries, Westport, CT: Greenwood Press. pp. 199–207, 1998.

  4. Elfriede Jelinek biography, www.notablebiographies.com, ბოლოს შემოწმებულია: 23 მარტი, 2005.

  5. Honegger, G., How to Get the Nobel Prize Without Really Trying, Theater, 36 (2): 5–19, 2006.

  6. Konzett, M., Lamb-Faffelberger, M., Women, Socialization, and Power, Elfriede Jelinek: writing woman, nation, and identity: a critical anthology. Associated University Presse. pp. 101–110, 2007.

  7. Kraft, Helga W., Clara S. Musikalische Tragödie, The Literary Encyclopedia, https://www.litencyc.com/php/sworks.php?rec=true&UID=16878, ბოლოს შემოწმებულია: 27 იანვარი, 2022.

  8. Obscene Fantasies: Elfriede Jelinek's Generic Perversions, University of Massachusetts Amherst, ბოლოს შემოწმებულია: 5 დეკემბერი, 2020.

  9. Stevens, L., Elfriede Jelinek's Bambiland, Anti-War Theatre After Brecht, Springer, pp. 169–199, 2016.

  10. www.nobelprize.org, https://www.nobelprize.org/prizes/lists/nobel-prize-awarded-women/, ბოლოს შემოწმებულია: 23 იანვარი, 2022.

  11. https://www.ulrikeottinger.com/en/stage-details/clara-s-2, ბოლოს შემოწმებულია: 27 იანვარი, 2022.

 

 

სქოლიო:

[1] ინგლისურიდან თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა.

[2] 1895 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინერისა და მეწარმის ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად  საფუძველი ჩაეყარა ნობელის პრემიის დაარსებას. პრემია პირველად 1901 წელს გაიცა.

[3] www.nobelprize.org, https://www.nobelprize.org/prizes/lists/nobel-prize-awarded-women/,

ბოლოს შემოწმებულია: 23 იანვარი, 2022.

[4] ინგლისურიდან თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა.

[5] პეტერ ჰანდკე (Peter Handke, დ. 1942) - ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი, კინორეჟისორი და სცენარისტი. 2019 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

[6] ბოთო შტრაუსი (Botho Strauss, დ. 1944) - გერმანელი დრამატურგი, რომანისტი და ესეისტი. მიღებული აქვს მრავალი პრემია, მათ შორის: გეორგ ბიუხნერის პრემია (1989), ჟან პაულის პრემია (1987), შილერის მემორიალური პრემია (2007). ქართული თეატრის სცენაზე, პირველად, ბოთო შტრაუსის პიესა „პარკი“  1998 წელს სამეფო უბნის თეატრში დაიდგა, რეჟისორი: დავით საყვარელიძე.

[7] Elfriede Jelinek biography, notablebiographies.com, ბოლოს შემოწმებულია: 23 მარტი, 2005.

[8] Obscene Fantasies: Elfriede Jelinek's Generic Perversions, University of Massachusetts Amherst, ბოლოს შემოწმებულია: 5 დეკემბერი, 2020.

[9] Boiter, V., Elfriede Jelinek, Women Writers in German-Speaking Countries, pp. 199–207, 1998.

[10] Honegger, G., How to Get the Nobel Prize Without Really Trying, Theater, 36 (2): 5–19, 2006.

[11] Stevens, L., Elfriede Jelinek's Bambiland, Anti-War Theatre After Brecht, pp. 169–199, 2016

[12] რომანი „საყვარლები“ 2008 წელს ქართულ ენაზე გამომცემლობა „არეტემ“ გამოსცა. მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი.

[13] რომანი „პიანისტი ქალი“ 2006 წელს ქართულ ენაზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. მთარგმნელი: ლაშა დადიანი.

[14] რომანი „ვნება“ 2020 წელს ქართულ ენაზე გამომცმელობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. მთარგმნელი: ტატა კოტრიკაძე.

[15] თარგმანი ეკუთვნის დალი ინწკირველს. დაიბეჭდა ჟურნალ „ხელოვნებაში“ (1992, № 9-10).

[16] Konzett, M., Lamb-Faffelberger, M., Women, Socialization, and Power, Elfriede Jelinek: writing woman, nation, and identity: a critical anthology.

[17] ლუკას ჰნათის აღნიშნული პიესა სახელწოდებით „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“ 2021 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რეჟ: თომა ათანელიშვილი.

[18] Kraft, Helga W., Clara S. Musikalische Tragödie, The Literary Encyclopedia, https://www.litencyc.com/php/sworks.php?rec=true&UID=16878, ბოლოს შემოწმებულია: 27 იანვარი, 2022.

[19] ანაქრონიზმი - ქრონოლოგიური შეუსაბამობა. ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის, პიროვნებისა თუ ნივთის მიკუთვნება სხვა დროისათვის, სხვა ეპოქისათვის.

[20] კლარა შუმანი (Clara Josephine Wieck Schumann) - გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკალური პედაგოგი. კომპოზიტორ რობერტ შუმანის ცოლი.

[21] https://www.ulrikeottinger.com/en/stage-details/clara-s-2, ბოლოს შემოწმებულია: 27 იანვარი, 2022

[22] Kraft, Helga W., Clara S. Musikalische Tragödie, The Literary Encyclopedia, https://www.litencyc.com/php/sworks.php?rec=true&UID=16878, ბოლოს შემოწმებულია: 27 იანვარი, 2022.

[23] ინგლისურიდან თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა.

bottom of page