top of page

ემანსიპაცია შეუძლებელია -  „ლინეინის სილამაზის დედოფალი“

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.8VslyIhwjfqEN6GX3jMRjAJuS0WpZ0b4gzuAhu4wvSE.jpg

გიგი მხეიძე

ემანსიპაცია შეუძლებელია -  „ლინეინის სილამაზის დედოფალი“

მარტინ მაკდონას „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ მისი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიესაა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ინტერპრეტაცია განიცადა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. ქალაქის თეატრში, რეჟისორი დავით თარბას მიერ დადგმული „ლინეინის სილამაზის დედოფალმა“, მისმა მძიმე ისტორიამ და პერსონაჟებმა რთულია გულგრილი დატოვოს მაყურებელი. სპექტაკლი აღსავსეა სევდით, ღრმა ემოციებით, რთული სოციალური მდგომარეობით. ისევე როგორც სხვა სპექტაკლებში, რეჟისორი ამ შემთხვევაშიც მსახიობების მაქსიმალურ წარმოჩენაზეა აქცენტირებული. მთელი სიუჟეტი ფაქტობრივად ერთ სივრცეში ვითარდება, სადაც ოთხი მსახიობი მონაწილეობს: ქეთი ცხაკაია - მეგ ფოლანი, ანი იმნაძე - მორინ ფოლანი, ირაკლი ჩხიკვაძე - პეტო დული და ნიკა ჯაფარიძე - რეი დული. თავის მხრივ მსახიობები ორგანულად ძერწავენ პერსონაჟებს, ზედმიწევნით გადმოსცემენ მათ პიროვნულ მახასიათებლებს, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. სცენა, განათება და მუსიკა ვიზუალურად სრულყოფს იმ მძიმე, უჰაერობით გაჟღენთილ მოცემულობას, რომელიც მთელი სპექტაკლის მიმდინარეობისას თან სდევს „ლინეინის სილამაზის დედოფალი“

სპექტაკლის მთავარი ცენტრი და საკითხი ოჯახური ტრაგედიაა, დედისა და შვილის სრულიად უარყოფითი ურთიერთობა, რომელიც ტოქსიკური დამოკიდებულებებითა და მიჯაჭვულობით არის აღსავსე. კონფლიქტი და ერთმანეთის მიმართ ტკივილის მიყენება  ოჯახის ყოველდღიური რუტინაა. დედა-შვილის ურთიერთობა სრული აუტანლობით და შეუთავსებლობით არის დახუნძლული, სადაც დედა, შვილის მორალური და ფიზიკური რესურსების უზურპირებას ახდენს. იგი პარაზიტირებს ახალგაზრდა შვილის ცხოვრებაზე. ტოქსიკურობის ხარისხი იმდენად მძაფრია რომ კომუნიკაციის თითოეული რეპლიკა შეურაცხყოფის და ცინიზმის ზღვარზე გადის. როგორც დედის, ისევე შვილის მოქმედებები ერთმანეთთან მიმართებაში პროვოკაციულია, რომლის მთავარი მიზანი საკუთარი ნეგატიური ემოციის და დამოკიდებულების გამჟღავნებაა. ისინი ტკივილის მორევში ითრევენ ერთმანეთს. დედის, მეგ ფოლანის ჭარბწონიან მდგომარეობას პერსონაჟის ტიპის აღქმისთვის სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. იგი თავის ფიზიკურ მდგომარეობას და სავარძელზე მიჯაჭვულობას ბოროტად იყენებს შვილთან მიმართებაში, ამავდროულად ქალი მანიპულირებს თავისი ფიზიკური უმწეობით. ტელევიზორის ყურება, რადიოს მოსმენა, კვება, ჩაის დალევა, ნებისმიერი სახის სურვილი და აქტი მორინის წყობილებიდან გამოყვანისთვის არის გამიზნული. მეგია მთავარი მაპროვოცირებელი ტოქსიკური ურთიერთობების. ქალი სრულიად დაცლილია ემპათიისგან და მის ერთადერთ პატრონთან მცირე კომპრომისზეც არ მიდის, პირიქით, ერთი თავისუფალი საღამოც კი არ ემეტება თავისი შვილისთვის.  

პარადოქსია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ერთგული შვილის ფენომენი იკვეთება, განსხვავებით დებისგან რომლებიც დედას არც კი სტუმრობენ, მორინი დედას ვერ/არ ტოვებს.

 

მორინი კომპლექსებით, დაბალი თვითშეფასებით არის შეპყრობილი, იგი სრულიად ჩაკეტილია, რომელიც მისი მძიმე ტრავმის გამოძახილია. მას არაფრის უფლება არ გააჩნია დედის ტყვეობაში, საკუთარი თავისთვის უბრალო კაბის ყიდვაც კი დანაშაულია. სპექტაკლში ერთი საყურადღებო მომენტია, როდესაც მორინი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით დედას ეუბნება: „ისევ ჩემს ცხოვრებაში ერევი, 40 წლის ვარ“ - გარდა იმისა რომ ეს ცხადყოფს დედის შვილისადმი ცხოვრების უზურპირებას, იგი სრულიად შესაძლებელს ხდის ვივარაუდოთ რომ დედა ადრეც ჩარეულა შვილის პირად ცხოვრებაში უხეში ფორმით. იგი მიჯაჭვულია მძიმე მდგომარეობასთან, საკუთარ თავთან დედის მიტოვების კომპრომისს ვერ უშვებს. არადა მორინს აკვიატებული სიზმარი აწუხებს, სადაც ბედნიერად ცხოვრობს მამაკაცთან ერთად და ამ დროს დედა მკვდარია. რეჟისორი, ამ არაცნობიერზე დაკვირვებით, მორინის ფსიქოანალიზზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ქალის ბედნიერება და ემანსიპაცია პირდაპირ პროპორციულია დედის სიკვდილთან. სხვა შემთხვევაში პირადი ცხოვრება და ბედნიერება შეუძლებელია ოჯახის ტრაგიკული დღის წესრიგის გარდა, რეჟისორი სოციალურ-ეკონომიკურ გარემოებებზე აპელირებს, რომელიც შესაძლოა მაყურებელისთვის ნაკლებად შესამჩნევი დარჩეს ოჯახური დრამის ფონზე. ოთხივე პერსონაჟი იდენტურ კონტექსტში განიხილავს ირლანდიას, სამშობლოს, როგორც სრული უპერსპექტივობის სივრცეს, რომლის ალტერნატივას მეზობელი ინგლისი და ემიგრაცია წარმოადგენს. ინგლისისა და ირლანდიის ურთიერთობები არ არის მარტივი პოლიტიკური ისტორიის გათვალისწინებით, ამას თან ახლავს მრავალი დაპირისპირება რელიგიური, ტერიტორიული, სხვადასხვა მოტივებით. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის ინგლისის მიმართ ნეგატიური განწყობები პერსონაჟებში, რომელიც ვერბალურ დონეზე არის გამოხატული. ირლანდიაში, ლინეინში მძიმე ეკონომიკური პირობებია. ირლანდიელები იძულებულები არიან ინგლისს მიაშურონ, რადგან დასაქმება გარანტირებული აქვთ შრომის ბაზრიდან გამომდინარე, ოღონდ ექსპლუატაციის ხარჯზე. მორინს და პეტოს ამის მტკივნეული გამოცდილება გააჩნიათ. საყურადღებოა, რომ უმცროსი ძმაც რეალიზების იმედს ემიგრაციაში ხედავს. მნიშვნელოვანია პეტოს გამოცდილება, მას შემდეგ რაც თავის კოლეგის გადმოვარდნას იხილავს მაღალი სართულიდან სამუშაოს შესრულების დროს, იგი ირლანდიაში დაბრუნებას გადაწყვეტს. საყვარელ ქალთან გაგზავნილ სასიყვარულო წერილში, სიყვარულის გამომჟღავნებასთან ერთად, ამ საკითხს პეტო დიდ დროს უთმობს, რაც ნათლად მეტყველებს თუ რაოდენ დიდი ნეგატიური გავლენა იქონია მის ცნობიერებაზე.  გარდა შრომითი ექსპლუატაციისა, როგორც ჩანს ინგლისელების მხრიდან ადგილი აქვს ირლანდიელების ჩაგვრას, დაცინვას, ჩამორჩენილებად მონიშვნას, როგორც პერიფერიის წარმომადგენლების. მორინს ინგლისურ სამუშაო გამოცდილებაზე პირველი დაცინვა და ჩაგვრა ახსენდება. მორინი საკუთარ მძიმე ფსიქოლოგიური მოცემულობის მაპროვოცირებელ საგნად ინგლისში გატარებულ დროს, მძიმე ფიზიკურ და მორალურ წნეხს მიიჩნევს. ეს ყოველივე კიდევ უფრო ცხადყოფს სოციალურ-ეკონომიკური გავლენების ხარისხს პერსონაჟების რეალობასთან მიმართებაში.

გარდა ეკონომიკური ასპექტისა, რამოდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური საკითხია წამოჭრილი. რეჟისორი უღირს სასულიერო პირებს აკრიტიკებს, რომლებიც სარგებლობენ ადამიანების უმწეო, დაუცველი მდგომარეობით. პეტოს წერილის მიხედვით, ამ საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების გადარჩენა საზოგადოებას აკისრია. ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ თარბა საზოგადოების რელიგიისადმი გულგრილ დამოკიდებულებას წარმოაჩენს.  დედა-შვილის საცხოვრებელი სახლის კუთხეში დიდ ქრისტიანულ ჯვარს და სალოცავ კუთხეს ვხედავთ, რომელსაც ერთი შეხედვით სიმბოლური დატვირთვა უნდა გააჩნდეს, მაგრამ სალოცავი კუთხე სრულიად დაჭვარტლული და მივიწყებულია. ხატების ზემოთ თეზაა გაკრული - „სამოთხეში შეგესწროს სანამ ეშმაკი შენს სიკვდილს გაიგებდეს“. ამგვარ რეალობაში, რელიგია ადამიანებისთვის უბრალოდ ტრადიციული და კულტურული მემკვიდრეობაა, რწმენასთან და სალოცავ კუთხესთან კი არანაირი ემოციური, ფიზიკური ბმა არ გააჩნიათ - ადამიანებს თვითგადარჩენის და პირადი კომფორტის გარდა არაფერი არ აინტერესებთ.

კიდევ ერთი სოციალური საკითხია მკაფიოდ გამოკვეთილი, რომელიც გენდერულ თანასწორობაზე ხაზგასმას ემსახურება. მორინის პერსონაჟი ხმამაღლა საუბრობს კაცისა და ქალის თანასწორობაზე, თანასწორ უფლებებზე, მათ შორის სექსუალური ასპექტების გათვალისწინებით. იგი უპირისპირდება მეტად კონსერვატიულ საზოგადოებას, მათ აზროვნებას, განწყობებს, რომელიც ვერ იღებს, ან მნიშვნელობას არ ანიჭებს კაცისა და ქალის თანასწორობას. სპექტაკლში მძაფრად არის მენტალობის ხაზი გამოკვეთილი, საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ტაბუებს აწესებს.

მთლიანობაში სპექტაკლი პოსტმოდერნული ბუნებისაა და კონკრეტულ ფაქტებს არ გვაწვდის. ჩვენ არ ვიცით პერსონაჟების წარსული, მეგის გამოცდილება - რა შეემთხვევა ? რეალურად როგორ და რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდე ? არ ვიცით მორინის 20 წლის წინანდელი გამოცდილება მართალია თუ არა. არც ის ვიცით ბოლოს პეტოს და მორინის შეხვედრა შედგა თუ არა. საერთოდ უცნობია რა არის სიმართლე და რა ტყუილი. მაყურებელს თავად აქვს ინტერპრეტირების სივრცე მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე, რომელიც ინდივიდუალურ აღქმებზე და განწყობებზეა დამოკიდებული. ფაქტი ერთია, მიუხედავად ემანსიპაციის მცდელობებისა, ყველაფერი იწყება მიჯაჭვულობით, სავარძლით, რომელიც ასევე სამუდამოდ განწირულ სავარძელზე მიჯაჭვულობით სრულდება.

კარლ მარქსის ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომის "ლუი ბონაპარტის 18 ბრიუმერის" წინადადება სრულიად მიესადაგება სპექტაკლის შინაარსს და მთავარ სათქმელს: „ადამიანები თავად ჰქმნიან საკუთარ ისტორიას, მაგრამ ჰქმნიან არა თვითნებურად, არა ნებაყოფლობით არჩეულ პირობებში, არამედ უშუალოდ არსებულ, მოცემულ და გადმოცემულ პირობებში.“

bottom of page