ერიდეთ ბრმა ძაღლებს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ლაშა ჩხარტიშვილი
ერიდეთ ბრმა ძაღლებს
გიორგი ჩალაძემ, როგორც ახალგაზრდა რეჟისორმა, თავიდანვე მოიპოვა გარკვეული ავტორიტეტი პროფესიულ წრეებში. მის მიმართ კრიტიკის ინტერესი განპირობებულია დახვეწილი რეჟისორული აზროვნებით და დრამატურგიის მასშტაბური გააზრებით. თითქმის ყველა არტისტს, მათ შორის, რეჟისორს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, ყოველი ახალი ნაწარმოების შექმნისას უწევს იმის მტკიცება, რომ ის განსაკუთრებულია, საინტერესო ხელოვანია. გიორგი ჩალაძემ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ის რეჟისორია, რომელსაც შეუძლია სპექტაკლის სტრუქტურირებული აგება, პრობლემების სისტემატიზაციაში მოქცევა, აქვს უნარი მსახიობებთან მუშაობის, ერთიანობაში ხედავს მომავალ სპექტაკლს, ზუსტად ჭვრეტს ჟანრს, მოცემულობაზე მორგებულად არჩევს მსახიობებს და თამაშის ხერხს. თითქოს ამაში არაფერია განსაკუთრებული, ამ თვისებებს ხომ ყველა რიგითი პროფესიონალი რეჟისორი უნდა ფლობდეს, მაგრამ ასე რომ არ არის?
გიორგი ჩალაძემ კარგად იცის რისი თქმა უნდა და ასევე კარგად იცის როგორ თქვას ის, რაც მას აწუხებს. ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორი მიკროსამყაროს ხატავს, რომელიც პროვინციალური აზროვნების საზოგადოებაა, რომელსაც არ გააჩნია მიმღებლობის და სოლიდარობის გრძნობა. ის გვიხატავს მოჩვენებით და ფარისეველ ადამიანებს, რომლებსაც თითქოს სურთ მეზობლის, მეგობრის, ოჯახის წევრის გადარჩენა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ცრურწმენებს და დაბალ ინტელექტს ისინი სხვა რელსებზე, სხვა „ღირებულებებზე“ გადაჰყავს.
თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე სალაპარაკოდ რეჟისორმა არჩევანი დავით კლდიაშვილის „უბედურებაზე“ გააკეთა. გენიალური ქართველი დრამატურგის ბოლო დრამატურგიული თხზულება უფრო დრამატურგიული მინიატიურაა, ესკიზია, ჩანახატი, ვიდრე დასრულებული, სტრუქტურულად გამართული პიესა. ქართული თეატრის ისტორიას არ ახსოვს „უბედურების“ წარმატებული სცენური ვერსია. მიუხედავად ამისა, ქართველი რეჟისორების ინტერესი კლდიაშვილის დრამატურგიული თხზულების მიმართ არ ცხრება. უახლეს ქართულ თეატრში ჯერ გიორგი სიხარულიძემ მესხიშვილის სცენაზე დადგა „უბედურება“, შემდეგ ანდრო ენუქიძემ ბათუმის თეატრში, მას მოჰყვა საბა ასლამაზიშვილის ძალზედ ორიგინალური სცენური ვერსია ციფრული ფესტივალის ფარგლებში და ახლა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე გიორგი ჩალაძის ვარიანტი ვიხილეთ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დადგმა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან რეჟისორული გადაწყვეტის, ფორმის და სტილისტიკის თვალსაზრისით. მაგრამ ამ დადგმებს აერთიანებთ ერთი რამ - არამწყობრი დრამატურგიული თხრობა.
გიორგი ჩალაძემ, რომელმაც ტექსტზე თავად იმუშავა, სპექტაკლს „ბრმა ძაღლები“ უწოდა. სპექტაკლის დასაწყისში ეტაპობრივად, ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩნდებიან ბრმა ადამიანები, რომელიც ერთგვარ საზოგადოებად აღიქმება, აქა-იქ ისმის ძაღლების გაბმული ყეფა, რომელიც ჩხუბის ხმასაც წააგავს და სცენის ფონზე პროექციის საშუალებით მკრთალად ჩნდება მოჩხუბარი შავი ძაღლების ჩხუბის სცენები, რომელიც ამ ბრმა ადამიანების შინაგან მდგომარეობად აღიქმება. უფრო მეტიც, სპექტაკლის პერსონაჟები კამათისას მოჩხუბარ ავ ძაღლებს ემსგავსებიან, რომლებიც უმიზნოდ ჩხუბობენ, ყეფენ რეფლექსურად. ამ საზოგადოებაში მეტაფორულად ბრმები და ხეიბრები სჭარბობენ.
სცენოგრაფი ანანო დოლიძე ორიგინალურ გარემოს და ატმოსფეროს ქმნის. სცენა ფაქტობრივად ცარიელია, მას სცენის ფონზე განთავსებული ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკა ავსებს. ავანსცენა შემოსაზღვრულია ქვის ეფექტის მქონე დაბალი ჯებირით. ამავე ფერშია გადაწყვეტილი სვეტები, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არარის, იგი ექსპლუატაციაში შესვლამდე დაზიანდა და ბზარები გაუჩნდა. სცენოგრაფის ჩანაფიქრი კონცეპტუალურია, თუმცა ზედმეტად სტატიკური. ეს დეკორაცია პირდაპირ მიუთითებს ისეთ საზოგადოებაზე, რომელსაც ბოლომდე არც შენება შეუძლია, თავადვე ანგრევს მისსავე ნახევრად აშენებულს და მხოლოდ რწმენის, ღვთის იმედადაა დარჩენილი. ეს რომ ასეა, კარგად იცის გიორგი ჩალაძემაც, სწორედ ამიტომ გვიჩვენებს თანამედროვე საზოგადოებას, რომელიც მუდმივად თავის გასაჭირს, შეცდომას, ბედისწერის უკუღმართობას სხვას აბრალებს და ხსნასაც სხვისგან ელოდება. ეს არის საზოგადოება, რომელიც მუდმივად სხვას შემყურეა და სხვაზე გადამბრალებელი. სპექტაკლში ხშირად ჟღერს უცნობი და ნაცნობი მუსიკალური თემები, მათი ავტორი და შემგროვებელი ია გოგიშვილია. მუსიკა სპექტაკლში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ისე როგორც ქორეოგრაფია (ქორეოგრაფი გია მარღანია) , მსახიობების მოძრაობები აწყობილია მუსიკალურ აქცენტებზე, რაც ერთიანობაში პერსონაჟთა ხასიათებს ქმნის.
გიორგი ჩალაძემ კლდიაშვილის „უბედურება“ მთლიანად გასხიპა ავტორისეული ინტონაციებისა და ატმოსფეროსგან, იმერული კოლორიტისგან. კლდიაშვილისგან მხოლოდ იდეა და ფაბულა დატოვა. სამაგიეროდ, ორიგინალურად და რაც მთავარია ლოგიკურად შეკაზმა სიუჟეტი სცენური მეტაფორებით, რომელმაც საგრძნობლად გაამდიდრა სანახაობა, თუმცა სრულყოფილებამდე რეჟისორი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიდა, რადგან მას არ ჰქონდა მყარი, სტრუქტურულად გამართული, მწყობრი დრამატურგიული მასალა. ასე ვთქვათ, რეჟისურამ დრამატურგია ვერ გააკეთილშობილა.
გიორგი ჩალაძემ კლდიაშვილის კოლორიტული და მისტიციზმით გაჯერებული სიუჟეტური ესკიზი აბსოლუტურად თანამედროვე ამბად აქცია. რეჟისორმა მოარღვია ეპოქის და გეოგრაფიის ჯებირები, რამაც წარმოდგენა მიმზიდველი, სანახაობრივი და აზრობრივად დატვირთული გახადა. თუმცა რეჟისორი ვერ ასცდა მოსაწყენ და მდორე ეპიზოდებს, სადაც მსახიობები უმიზნოდ და უმისამართოდ საუბრობენ და დარბიან, რომელიც საბედნიეროდ ჩაანაცვლა სხარტად გათამაშებულმა ეპიზოდებმა. რაკი მსახიობებზე ჩამოვარდა სიტყვა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ გიორგი ჩალაძემ საინტერესოდ იმუშავა მსახიობებთან, რის შედეგადაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები უჩვეულო, მოულოდნელ და განსხვავებულ ამპლუაში ვიხილეთ.
არაერთხელ გვინახავს კარგი მსახიობები გაბითურებულები და გაფერმკრთალებულები, მათ შორის, კარგი რეჟისორების სპექტაკლებში... მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალ სპექტაკლში „ბრმა ძაღლები“ მსახიობები გიორგი ჩალაძის დამსახურებით ქმნიან საინტერესო სახე-ტიპაჟებს, მათ ეტყობათ პერსონაჟებზე ფიქრისა და მათი ხასიათების გააზრების კვალი. არ გამკვირვებია თამარ მამულაშვილი (მაია) მოწოდების სიმაღლეზე რომ იყო, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორთან კოლაბორაციით მან კიდევ ერთი საინტერესო როლი შემატა მის მიერ შექმნილ მხატვრულ სახეთა გალერეას. თამარ მამულაშვილის მაია რამდენჯერმე იმეორებს ფრაზას: „მომკალით ვინმემ“, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზნით, ვიბრაციით, განწყობითა და დამოკიდებულებით. არანაკლებ საინტერესო ტიპაჟს ქმნის სოფო ფერაძე - ტუფია. მსახიობი ინტენსიურად ცვლის პერსონაჟის ხასიათს, განწყობას და დამოკიდებულებას სხვა პერსონაჟების მიმართ.
მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს დავით როსტომაშვილს, რომელიც ილიას განასახიერებს. გარდა იმისა, რომ მსახიობი დასამახსოვრებელ და ზუსტ ტიპაჟს ქმნის, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ყავარჯნებით გადაადგილდება. მისი ხეიბრობა სცენაზე ორგანულია და ბუნებრივი, როგორც მის მიერ სცენიდან წარმოთქმული ნებისმიერი ფრაზა. განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მსახიობი ავლენს მაიასთან (თამარ მამულაშვილი) სცენებში. მსახიობების სცენური პარტნიორობა ეფუძნება პროფესიონალიზმს. სახასიათო სახეს ქმნის ზურა ავსაჯანიშვილი (ამირანი), რომელიც რადიკალურად განსხვავდება მსახიობის აქამდე შექმნილი სხვა სახასიათო პერსონაჟებისგან. ზურა ავსაჯანიშვილი გარდასახვას (რაც ასე მოგვენატრა ბოლო დროის ქართულ თეატრში) აღწევს სიარულის მანერით, საუბრის ინტონაციით, სცენური ქმედებით. ტიპურ გადიდკაცებული ჩინოვნიკის ტიპაჟს ქმნის გიორგი შავგულიძე (ნიკო), მისი მანერები, მოძრაობა, საუბრის სტილი მიუთითებს პერსონაჟის პროვინციალურ მენტალობაზე, გულგრილობაზე, ფარისევლობაზე. ეფექტურია მისი პირველი გამოჩენა, თუმცა პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მაყურებელს ექმნება მომდევნო ეპიზოდებში არ იცვლება, ნიკო ერთფეროვანია და პერსონაჟის ხასიათს ფერები აკლია.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები: გიორგი გოგიშვილი (სერაპიონი), დავით ხახიძე (პავლია), ვახო ნოზაძე (ლომინა), ვახტანგ ახალაძე (რომანოზი), დევი რეხვიაშვილი (სეფე) ეპიზოდურ როლებს ასრულებენ, თითოეული მათგანი ქმნის-სახე ტიპაჟს, მასიური სცენების შესრულების დროსაც ისინი კონკრეტულ ტიპაჟებს განასახიერებენ და არა ერთფეროვან მასას. განსაკუთრებით საყურადღებო სიტუაციას ქმნიან ეპიზოდურ სცენაში ვახო ნოზაძე და დავით ხახიძე, როცა მომაკვდავი და გამოსალოცი ანტონის ფიტულს დაათრევენ და როგორადაც მას ექცევიან. ამ ქცევებში ვლინდება სწორედ მათი ხასიათი.
სპექტაკლში, ისე როგორც ნახევარპიესაში რეფრენად ისმის ფრაზა „იმედი და მოთმინება“, რომელიც იმდენად გაუფერულდა, რომ აზრიც დაკარგა და ფუჭ სიტყვებად იქცა, ისე როგორც ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და ერთმანეთზე ზრუნვა. გიორგი ჩალაძის სპექტაკლის პერსონაჟები ჩვენი თანამედროვეები არიან, რომლებიც ცრურწმენებით და ირეალურ, შეთხზულ სამყაროში ცხოვრობენ. ისინი ბრმა ძაღლებს ჰგვანან, ავი ძაღლებივით იყეფებიან და არც ისე ერთგულები არიან, როგორც შინაური ცხოველი. ამიტომაც მათ დაკარგეს ნდობა. ამიტომაც უნდა ვერიდოთ მათ.