top of page

ეროსი - უფრო ტანჯვა, ვიდრე ბედნიერება ...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

სამტრედია-თბილისი, რომელ საათზე გავა_ – 100 წლის შემდეგ

ლელა არაბიძე

ეროსი - უფრო ტანჯვა, ვიდრე ბედნიერება ...

2025 წლის 17 მარტს, 19:30 წუთზე რუსთაველის თეატრის სცენიდან მატარებელი „დაიძრა“ მარშრუტი ასე იყო შედგენილი - სამტრედია - თბილისი; რკინიგზის სადგურზე უცნაური გამცილებელი იდგა, მგზავრებს გაფაციცებით ათვალიერებდა და ცდილობდა მათთან დიალოგში შესვლას, მგზავრებიცა და გამცილებელიც ერთ ადამიანზე საუბრობდნენ - მას ეროსი ერქვა - სიყვარულის ღმერთის სახელი და მთელი ცხოვრება ადამიანების სიყვარულს მიუძღვნა, თეატრი იყო მისი კერპიც, იმედიც და ბედისწერაც, გასაოცარი არტისტიზმი, ხმის მომაჯადოებელი ტემბრი და ქარიზმა - მაყურებლის დიდი სიყვარული და გამორჩეული ეპოქა, რომელიც ქართულ თეატრში შექმნა - მას ეროსი ერქვა და 2025 წელს 100 წლის გახდებოდა...

სწორედ ეროსი მანჯგალაძის სევდიანი ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორია წარმოადგინეს რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, რეჟისორმა თინათინ კორძაძემ, მხატვარმა ანა ნინუამ, კომპოზიტორმა დავით თავაძემ, ქორეოგრაფმა გიგი ლორიამ, ვიდეო რეჟისორმა გვანცა მეფარიშვილმა.

მატარებელი სიმბოლურად სამტრედიიდან დაიძრა - იქ 1925 წლის 3 მარტს ქართული თეატრის მომავალი ვარსკვლავი - ეროსი მანჯგალაძე დაიბადა, მართალია, პატარა ერიკო მალევე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ მთელი ცხოვრება მისი განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ღანირისადმი უცვლელი იყო. ასე მაგალითად - ჯუმბერ პატიაშვილი სითბოთი იხსენებდა დღეს, რომელიც მის მეხსიერებაში დარჩა - ტელეფონში საყოველთაოდ ცნობილი, თბილი და საყვარელი ხმა მოესმა, ეროსი მშობლიური სოფლისთვის ტრაქტორს ითხოვდა... მისი საოცარი ხმა პირველად რადიოს საშუალებით შეიყვარა მთელმა საქართველომ, რადიოს შემდეგ არტისტობაზე მეოცნებე ეროსი მისაღებ გამოცდაზე გავიდა თეატრალურ ინსტიტუტში - აქ იწყება მისი ცხოვრების დრამა, რომელიც იქამდე გაჰყვა, სანამ ცოცხალი იყო - ცოტა, ძალიან ცოტა დრო - 56 წელი, ეროსი „ნაკლები ნიჭის“ გამო მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად მიიღეს - გავა რამდენიმე წელი და ის რუსთაველის თეატრში ლეგენდარული „შვიდკაცას“ ერთ-ერთი ლიდერი გახდება. გავა კიდევ რამდენიმე წელი და საქართველოში არ იქნება ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინება ვინ არის ეროსი, უბრალოდ ეროსი! კიდევ უფრო ბევრი წელი გავა და ის 56 წლის ასაკში გარდაიცვლება - ზღვა ხალხი გააცილებს ცრემლითა და ტკივილით, მასზე ლექსებს დაწერენ, გავა წლები და შეიქმნება ლეგენდა - სახელად ეროსი ... რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე მოწყობილ ბაქანზე პირველი მგზავრი შემოვიდა - ის ნანა ფაჩუაშვილია, მომღერლებთან - ნეკა სებისკვერაძესა და კობა ჭეფხოძესთან ერთად, მღერის ბიძინა კვერნაძის სიმღერას, რომელსაც 62 წლის წინ ასრულებდა ეპოქალურ სპექტაკლში „ჭინჭრაქა“ - მიხეილ თუმანიშვილის ლეგენდარულ სპექტაკლში ეროსი მანჯგალაძე დათვს თამაშობდა, ამ დროს მან უკვე ითამაშა „ესპანელი მღვდელი“, „ოიდიპოსი“, უკვე ლიდერია და თავისთავად უკვე მოწმე - ახალი თეატრის დაბადებისა, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილმა დაუდო სათავე სწორედ „ჭინჭრაქათი“ და მცირე სცენის გახსნით რუსთაველის თეატრში.

პირველი მგზავრები სამტრედიიდან მატარებლის საშუალებით თბილისისკენ გაემგზავრნენ. ბაქანზე ახალი მგზავრები „გამოჩნდებიან“ - ნანული სარაჯიშვილი და ოთო კოვზირიძე - დუეტი სატელევიზიო სპექტაკლიდან „უჩინმაჩინის ქუდი“, მარინა კახიანი ლეგენდარული კინტოურით, გამარჯვების ყიჟინის მაუწყებელი ყველაზე ცნობილი სიმღერა „დინამო“ თეატრალურის კვარტეტის შესრულებით და რაც მთავარია - უცნობი ამბები არტისტზე, რომელიც ძალიან მორცხვი იყო და საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარდა...

რეჟისორმა თინათინ კორძაძემ წარმოდგენა ისე ჩაიფიქრა, რომ ბაქნის გამცილებელი ნიკოლოზ წულუკიძე თან მისთვის დამახასიათებელი საინტერესო და მელოდიური ტონით განსაკუთრებულ, ჯერ არ გაგონილ ისტორიებს ჰყვებოდა ალბათ ყველაზე სევდიანი არტისტის შესახებ, თან ხვდებოდა მგზავრებს- ადამიანებს, რომელთაც ცხოვრების რაღაც ეტაპი ეროსისთან აკავშირებდათ. ეროსი და ფეხბურთი! დაუჯერებელი, საოცარი სანახაობა - ეროსის მიერ წაყვანილი საფეხბურთო მატჩი ერთი დიდი და ემოციური სპექტაკლი იყო - ყველა ქართველისთვის გასაოცარი მოსაგონარი, მისი დამოკიდებულება ზოგადად ფეხბურთისა და ფეხბურთელების მიმართ გამორჩეული იყო - გამარჯვების ყიჟინით, ბედნიერების მოლოდინით, ერის გაერთიანების სიხარულით - ასე მხოლოდ ეროსის შეეძლო!

ეროსი და მისი ხმა! რა იქნებოდა ქართული კინო ამ ხმის გარეშე? როგორ შეიძლებოდა ეს ხმა გამქრალიყო და ადამიანებს აღარასოდეს მოესმინათ ჯადოსნური „შავ ზღვაში ჩაესვენა მზე საქართველოსი“?! მიხეილ თუმანიშვილი წიგნში „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“ წერს: „ასეთი ბრწყინვალე სახე რატომ უნდა ქრებოდეს? რა უბედურნი ვართ და უსამართლოდ განწირულნი, რომ ჩვენ სურათებს ქვიშაზე ვხატავთ. განა ჩვენ სემირამიდას ბაღების არსებობას ვიჯერებთ? დაჯერებით კი ვიჯერებთ, მაგრამ ყველას თავისებურად წარმოუდგენია, დაიჯერებენ ჩვენს სიტყვებს როგორ თამაშობდა ეროსი ლოპეს?!...“

 „რაღაცა სევდიანი ადამიანი იყო, აი რაღაცა უცბად, ისეთ მომენტში, ისეთ სევდას ატარებდა... აი, თუ დაუკვირდებით ტელესპექტაკლს „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ იქ არის ფინალური კადრი, სადაც ის ჩიტების გალიასთან დგას, აი იქ გამოჩნდა ეს სევდა მისი“ ამბობდა რეჟისორი ზურაბ კანდელაკი - კაცი, რომელმაც საქართველოს ფეხბურთი და სატელევიზიო თეატრი შეაყვარა - ეროსი იყო, თაობები გაიზარდა სატელევიზიო სპექტაკლებზე, რომელშიც ეროსი თამაშობდა, გარდა ამისა, სატელევიზიო თეატრი ავსებდა სიცარიელეს, რომელსაც ეროსის, დიახ... უთეატრობა უქმნიდა სიცოცხლის ბოლო წლებში...

მაყურებლის განსაკუთრებულ ოვაციებს ეროსის ეკრანზე გამოჩენა იწვევდა - მისი სიმღერები სპექტაკლებიდან „პეპო“, „ხანუმა“ - მისი საოცარი ნამღერი, ხმა არავის, არავის მაგვარი და განცდა, რომ ეს ყველაფერი მარადიულია, მერე რა, რომ წლები გადის - რჩება ლეგენდა, რომელიც უკვდავია, ლეგენდა, სახელად „ხანუმა“ სპექტაკლი, რომელზეც რობერტ სტურუა ამბობდა „ხანუმა ისე მიყვარს, როგორც დედას თავისი მახინჯი შვილიო“. რამაზ ჩხიკვაძისა და ეროსი მანჯგალაძის დუეტი ავქსენტი ცაგარლის კომედიაში დაუვიწყარია, დაუვიწყარია სალომე ყანჩელი და მისი ლეგენდა - როდესაც ერთ საღამოს თეატრში საქმეზე მიბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ რუსთაველის თეატრის სცენის მემანქანეები, მკერავები, ტექნიკური პერსონალი სცენაზე „ხანუმას“ თამაშობდნენ - ალბათ ეს მოგონება ღირს მარტო იმისთვის, რომ წლების შემდეგ მაყურებელი და ამ ამბის მკითხველი მიხვდეს, რა ძალა აქვს თეატრს და როდესაც ყველაფერი გაივლის, სპექტაკლი რეპერტუარიდან გაქრება, მსახიობები აღარ იქნებიან, დარჩება ლეგენდა. ასეთი ლეგენდაა „ხანუმა“ და ამ დროს რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სცენაზე ჩნდება სწორედ იმით, რაც ეროსისგან დარჩა - ეს კოსტიუმებია, დღეს უკვე სათუთი განძი და ძვირფასი მოგონება. ხანუმას ლეგენდა იყო სოფიკო ჭიაურელის „კინტოური“ რომელიც ეროვნული თეატრის სცენაზე ეროსის 100 წლის იუბილეზე მარინა კახიანმა შეასრულა,

„ის აღარ იყო. ამის შესახებ გამოუცხადეს მსახიობებს. გამოუცხადეს მაყურებელსაც. მათ შორის, ზოგმა თეატრი დატოვა. დანარჩენები, ეტყობა, დაიბნენ და არ წასულან. მსახიობები თამაშობდნენ. როგორ? ვის ახსოვს... მხოლოდ ფიქრობდა ყველა დაძაბულად, გონს მოსვლას ცდილობდნენ, თავზე დამტყდარი უბედურების გააზრებას: რა მოხდა? ჯანმრთელ კაცს გული რამ გაუგლიჯა? ნუთუ დატვირთვამ? ნუთუ იმან, რომ წლების მანძილზე ისეთ როლებს თამაშობ, როგორიცაა ოიდიპოსი, ივანე მრისხანე, კენტი, ლოპესი, ბრუტოსი... ტრაგედიულ, კომედიურ, წამყვანსა და ეპიზოდურ როლებს, გიღებენ კინო და ტელეფილმებში, მიგყავს სპორტული გადაცემები, კითხულობ რადიოთი?.. დატვირთვა, მართლაც, უდიდესია, მაგრამ ხომ საამოა, როგორც საბუთი იმისა, რომ ყველასთვის ხარ სასურველი... იქნებ იმან, რომ ბოლო ხანს ახალ დადგმებში არ აკავებდნენ? რა ვუყოთ მერე, ბევრს სხვა მის ტოლსაც აღარ აკავებდნენ. ხდება ხოლმე ასე თეატრში... ძნელი კია...“ წერს ნათელა ურუშაძე თავის ბრწყინვალე წერილში „ეროსი მანჯგალაძე - მონატრება“.

მერე კი ისტორია იტყვის, რომ ამდენი ხალხი თბილისის ქუჩებს თითქმის არასოდეს ახსოვდა, მაყურებელი გლოვობდა 56 წლის სევდიანი არტისტის ამ ქვეყნიდან წასვლას, არტისტის, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში როლებზე ოცნებობდა, რომელიც პირად ცხოვრებაშიც სევდიანი იყო და მარტოსული. მაყურებლისთვის განსაკუთრებით ემოციური სცენაზე მსახიობ ზურაბ ყიფშიძის შემოსვლა და სიყვარულის ისტორიის გახსენება იყო ე + ლ = შ. ლენა ყიფშიძე ხომ ეროსის დიდი სიყვარული იყო...

 „ეთხოვებოდნენ მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, მხატვრები, სპორტსმენები... ყველას სიტყვაში იგრძნობოდა არა მარტო გულისტკივილი და სევდა, არამედ წრფელი სინანულიც - თურმე ყველამ რაღაც დააკლო... ამიტომ, იმ ღრმა შინაგან შეძრწუნებას, ვინც იცნობდა მას, და შესაძლოა, არც იცნობდა პირადად, აკეთილშობილებდა გრძნობა ზნეობრივი ამაღლებისა... იგი ბადებდა სურვილს - იყო სუფთა, კეთილი, გულისხმიერი... იყო კარგი ადამიანი: აღწერდა ეროსისთან გამოთხოვებას ნათელა ურუშაძე.

 სპექტაკლის ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როდესაც ნიკოლოზ წულუკიძემ თეატრის მუზეუმში არსებული წერილი წაიკითხა - აღმოჩნდა, რომ ქალს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეროსი უყვარდა და შემდეგ სიკვდილამდე მის საფლავს უვლიდა - მარო ატრიაშვილს ამ წერილს თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექთანი წერდა - ეროსის ხათრით ხუთია წელია ვუვლით პაციენტს, რომელიც დიდი მსახიობის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, მას არავინ ჰყავდა, უვლიდნენ ეროსის ხათრით! მსახიობით ხათრით უვლიდნენ წლების გამავლობაში, მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი იმის სარწმუნოდ თუ ვინ იყო დიდი ეროსი!

 „მექსიკაში რომ ვიყავით ახლა, უშენოდ (შენც ხომ უნდა წამოსულიყავი ჯგუფის ხელმძღვანელად). . . გუანა ხუატოდან მოვდიოდით მეხიკოში ავტობუსით. მე და რამაზი წინა სავარძლებში ვისხედით გვერდი-გვერდ, ავტობუსში დიდი ჟრიამული იყო. ,,ფესტივალის მშვენებად“ მონათლული ჩვენი კომპანია, ახმაურებული და ბედნიერი იყო... ,,სტურუა და ჩხიკვაძე ოსკარის ღირსნი არიანო“ - გამოაცხადეს პრესაში. აღტაცება, სიცილი, ჟრიამული... უცებ რამაზის ხმა მესმის, ჩუმი და დაგუდული: - ,,მედიკო, გჯერა, რომ ეროსი აღარ არის? ეროსი რომ მიწაშია, გჯერა? გულამომჯდარი ქვითინი წასკდა . . . გული კინაღამ გამისკდა, უხმოდ, ცხარე ცრემლით დაგიტირეთ ამ შორეულ გზაზე“ - იგონებდა მედეა ჩახავა.

 ბაქანი დაცარიელდა და გამცილებელიცა და მონაწილეებიც უსასრულობაში გაეშურნენ, მარადიულობაში - სადაც ეროსის სამყოფელია, მაყურებელს დარჩა მისი ჯადოსნური ხმა „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში“, დარჩა სცენის მტვერში გახვეული ლეგენდა - კაცი, რომელსაც თეატრი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა!

ყველაზე მძაფრად კი ეროსის ცხოვრებასა და შემოქმედებას ის ორი სიტყვა გამოხატავს, რომელსაც მასზე დოდო აბაშიძე წერს: ეროსი მართალი კაცი იყო, ასეთების ხვედრი უფრო ტანჯვაა, ვიდრე ბედნიერება...

bottom of page