top of page

ერთ ღამეში წარმოჩენილი საზოგადოება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

501796108_1140161328154884_7991117937509654393_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ერთ ღამეში წარმოჩენილი საზოგადოება

 

ბოლო პერიოდში, ერთმანეთის მიყოლებით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორები თუ სტუდენტები თავიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ ფართო აუდიტორიას. დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სასწავლო თეატრების სცენების გარდა, ექსპერიმენტული ნამუშევრები აუდიტორიებში, ან უნივერსიტეტის გარეთ, ალტერნატიულ სივრცეებშიც იმართება. აპრილიდან მოყოლებული „თეატრალურში“ პრემიერების სეზონი დადგა და რაოდენ სასიხარულოა, რომ სტუდენტური ნამუშევრების მიმართ მაყურებლის ცხოველი ინტერესი არ ნელდება.

 

ამჯერად, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის III კურსის სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევარი სახელწოდებით „ღამის აურზაური“. მარკ ჟილბერ სავაჟონის ერთ მოქმედებიანი ნაკლებად ცნობილი დრამა (ფრანგ. Le Bruit de la Nuit, ქართ. ღამის ხმაური) სტუდენტებთან უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სათეატრო ხელოვნების დოქტორმა და ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ლიპარტიანმა დადგა (ასისტენტი დავით ჩხარტიშვილი, რეჟისორის თანაშემწე მაკა ქუბრიაშვილი). სცენოგრაფია მარიამ სუჯაშვილი, რომელმაც პიესისთვის საჭირო ატმოსფერო შექმნა. დეკორაცია სტატიკურია და მოქმედება სახლის მთავარ, სასტუმრო ოთახში ვითარდება. მხატვარმა ზედმიწევნით ზუსტად შემოსა მსახიობები, რაც პერსონაჟთა ხასიათების უკეთ წარმოჩენას უწყობს ხელს. დანახვისთანავე მაყურებელი ხვდება რომელი პერსონაჟი რა მენტალობის, მსოფლმხედველობის და ხასიათის მატარებელია. ჯგუფთან მუშაობდა მეტყველების პედაგოგი ეკა ქუთათელაძე. სპექტაკლში მონაწილე სტუდენტების დახვეწილი, მკვეთრი და ცხადი მეტყველება დასტურია პედაგოგის რუდუნებით და პროფესიონალიზმით მუშაობისა. სასიამოვნო იყო, რომ არც ერთი სტუდენტი-მსახიობის სცენიდან ნათქვამი სიტყვა და ხმა არ დაკარგულა.  

 

„ღამის აურზაური“ ისეთი პიესა აღმოჩნდა, რომელიც ეხება აქტუალურ საკითხებს, ადამიანებს, რომელთა პროტოტიპები ჩვენს საზოგადოებაში მრავლად მოიპოვება და ამავდროულად ხელს უწყობს მსახიობს მოკლე დროში წარმოაჩინოს პერსონაჟის ხასიათი. პიესა ფაქტობრივად კლასიცისტური სტრუქტურისაა, ვინაიდან მოქმედება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და მოვლენები მალევე სრულდება. იქმნება დრამატიზმი, კონფლიქტური და კომიკური სიტუაციები. მომავალი მსახიობები: კობა ნასყიდაშვილი, კესო ავალიშვილი, ნინო ჩადუნელი, მარიამ ბოლქვაძე, ნინუცა ნაჩხატაშვილი, ილია ზარდიაშვილი, ირაკლი სიქტურაშვილი და ანა თოგოშვილი (დიმიტრი ხვთისიაშვილის ჯგუფიდან) ქმნიან ხასიათებს და ტიპაჟებს. სპექტაკლი გარკვეული თვალსაზრისით სიტუაციურ კომედიასაც უახლოვდება, რადგან სცენაზე იქმნება არა მძაფრი დრამატიზმი, არამედ კომიკური სიტუაცია.

 

სცენაზე ეტაპობრივად იხატება საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია ფარისევლობაზე, დიდი უმრავლესობისთვის ღირებულებები უმნიშვნელოა, მთავარია იცხოვრონ კომფორტსა და კეთილდღეობაში და მათ არც სინდისი აწუხებთ ან რაიმე სახის დისკომფორტი აქვთ. მათი კომფორტის ზონიდან გამოსვლა იწყება მაშინ, როცა საფრთხე ექმნება კარიერას, შენიღბულ და შეთითხნილ რეპუტაციას. სპექტაკლში ერთმანეთს უპირისპირდება ფაქტი (ჩადენილი მკვლელობის სახით) და გარემოება (ძალადობაზე რეაქციით ჩადენილი დანაშაული).

 

ნინო ლიპარტიანი სტუდენტებთან ერთად, ერთი თვალთმაქცი და ზნეობრივად დაცემული ოჯახის მაგალითზე, ხატავს საზოგადოებას, რომელიც დაცლილია კეთილსინდისიერებისგან, ხოლო ღირსეული ადამიანები უძლურები არიან წინააღმდეგობის გასაწევად, მანამ სანამ პრინციპული ადამიანები მათ არ ამხელენ. აღსანიშნავია, რომ ერთ პოზიციაზე და ღირებულებებზე მდგომთ შორისაც დაპირისპირება, ეგოიზმი, გაუტანლობა და შურია გაბატონებული. როგორ ჰგავს ეს მოცემულობა დღევანდელობას და სწორედ ასეთი დეტალების და ფაქტორების გამო, სპექტაკლი ეხება აქტუალურ მწვავე სოციალურ და მორალურ პრობლემებს.

 

სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, ილია ზარდიაშვილი (ფრანკი), რომლის სპეციფიკური გარეგნობა ისედაც არ ტოვებს განსაკუთრებული ყურადღების გარეშე მაყურებელს, თუმცა სტუდენტი-მსახიობი თავისი მოქმედებით, ქცევით, საუბრის მანერით და კოსტიუმით პერსონაჟის ხასიათის გამოკვეთას უწყობს ხელს, მხატვრულ სახეს, რომელსაც მსახიობი პედაგოგის მენტორობის ქვეშ ქმნის, არ არის ცალსახა და ბრტყელი, ილია ზარდიაშვილის მიერ შექმნილი ტიპაჟი არის ადამიანი, რომელიც ატარებს დადებით და უარყოფით თვისებებს, კომპლექსებს, ანგარიშსწორების ჟინს. რადიკალურად განსხვავებულ მხატვრულ სახეს ქმნის კესო ავალიშვილი (მარია). ახალბედა მსახიობის მკვეთრი სასცენო მეტყველება, ხმის ტემბრი და მისი სიძლიერე მის თვითმყოფადობას უწყობს ხელს. მსახიობი უფრო შეფარული, შეფუთული ხერხებით ცდილობს პერსონაჟის ხასიათის დახატვას, ის ქმნის გაწონასწორებული, გარეგნულად ღირსეული, მაგრამ სინამდვილეში მონსტრი ახალგაზრდა ქალის ტიპაჟს. მკვეთრი და ნათელი ფერებით ხატავს ანა თოგოშვილი (ესტელა) მოახლის სახეს, რომელიც დიდად არ განსხვავდება ფრანგული პიესების მოახლეებისგან, თუმცა მსახიობი რამდენიმე შტრიხით აჩვენებს ესტელას ერთი მხრივ ცოდვილ, ხოლო მეორე მხრივ გულწრფელ დამოკიდებულებებს პერსონაჟებისა და მოვლენების მიმართ. ფორმალური ლიდერის, ოდნავ საწყალი ახალგაზრდა კაცის ტიპაჟს ქმნის კობა ნასყიდაშვილი, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს არც სიტუაციაზე და არც მის თანამოაზრეებზე. პრინციპულ, ჭკვიან, ზომიერად ირონიულ და ღირსეულ პოლიციელს წარმოაჩენს ირაკლი სიქტურაშვილი (ლეგრანი), რომლისთვისაც პროფესიული კეთილსინდისიერება ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ზოგიერთ მომენტში, მომეჩვენა, რომ პერსონაჟთა შორის ხაზები ზუსტად და მკვეთრად არ არის გამოკვეთილი. პერსონაჟები ერთმანეთზე საუბრობენ და ამ საუბარში იკვეთება მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, თუმცა სცენაზე შეხვედრისას პერსონაჟებს შორის სულ სხვა დამოკიდებულება ჩანს. მაგალითად, ფრანკის მოსვლამდე ლეგრანი ავლენს არცთუ სასიამოვნო დამოკიდებულებას მის მიმართ, ხოლო მათი შეხვედრისას, ლეგრანი მას ხვდება როგორც ახლო მეგობარს და ამ დიდ ოჯახში ყველაზე ნათელ წერტილს. ვიფიქრებდი, რომ ლეგრანი ფარისევლობს ფრანკთან, მაგრამ ირაკლი სიქტურაშვილის მიერ შექმნილი პერსონაჟი სულ სხვა ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია.

 

სპექტაკლის ორიგინალური მონაკვეთია, როცა გარდაცვლილი ვარისკოს ოჯახის უფროსის ჩანაწერს ისმენენ შვილები. მათი დიალოგში შესვლა ჩაწერილი მამის ხმასთან ღიმილისმომგვრელია და სახალისოდ იცქირება. სტუდენტი-მსახიობები იცავენ სიზუსტეს, ადეკვატურობას და ჰარმონიულად ეპარტნიორებიან გარდაცვლილი მამის ხმას.

 

ნინო ლიპარტიანის სპექტაკლი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ შეთხზულ, შეთითხნილ და გამოგონილ ისტორიებში იბლანდებიან. ადამიანებზე, რომლებიც ყველაფრის ფასად, იბრძვიან კარიერისა და კეთილდღეობისთვის. სტუდენტები გვიჩვენებენ ადამიანებს, როგორებიც არ უნდა ვიყოთ. ამ თვალსაზრისით სპექტაკლს სიმძაფრე და სიცხადე არ აკლია.

bottom of page