
ერთი დღე სენაკის თეატრში

25.11.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
ერთი დღე სენაკის თეატრში
თეატრი, რომელმაც საკუთარი სახე შეიძინა
სენაკში უკვე კონკრეტული სპექტაკლის სანახავად ჩადიხარ და არა მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ რა ხდება იქაურ თეატრში. ეს არსებითი ცვლილებაა იმ თეატრის ცხოვრებაში, რომლის შემოქმედებითი განვითარების პერსპექტივებზე ქართველი თეატრმცოდნეები წლების განმავლობაში მსჯელობდნენ.
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ, რაც თეატრს სათავეში ვახტანგ ნიკოლავა ჩაუდგა. თეატრის გააქტიურებამ, მხატვრული ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვამ და განხორციელებულმა პროექტებმა კულტურის სამინისტროს ინტერესიც გააჩინა. სახელმწიფომ დაინახა თეატრის განვითარების პერსპექტივა და გაუჩნდა მისი მხარდაჭერის სურვილი. გაიზარდა პროფესიული თეატრალური კრიტიკის ინტერესიც, რაც თეატრის შემოქმედებითი პროცესის გააქტიურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
ბოლო წლებში სენაკის თეატრმა არაერთი საინტერესო სპექტაკლი განახორციელა. თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა კლასიკურმა დრამატურგიამ, მათ შორის, უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტამ“, მოლიერის „ჰარპაგონმა“. დაიდგა არაერთი ზღაპარი, რომლებმაც მოზარდი მაყურებლის საკმაოდ დიდი ნაწილი მოიზიდა არა მხოლოდ სენაკიდან, არამედ მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თეატრის საქმიანობის გეოგრაფიული არეალი თანდათან სცდება იმ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს, რომელშიც იგი ფუნქციონირებს.
რეგიონში მოქმედი თეატრისთვის საბავშვო რეპერტუარის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ხშირად სწორედ საბავშვო სპექტაკლზე მოხვედრით იწყება ადამიანის ურთიერთობა თეატრთან. ამასთანავე, მოზარდს თეატრში მოჰყვება მშობელი, ოჯახის სხვა წევრი, მასწავლებელი, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა წლების განმავლობაში არც ყოფილა თეატრში. ამდენად, საბავშვო რეპერტუარი მხოლოდ კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიის მაყურებლისთვის განკუთვნილი სპექტაკლების ერთობლიობა არ არის, ის თეატრში ზრდასრული აუდიტორიის დაბრუნების ერთ-ერთი საშუალებაცაა.
სენაკის თეატრში დაბრუნდა მაყურებელი, დაბრუნდნენ მსახიობები, გამოჩნდნენ ახალი სახეები. თეატრთან გაიხსნა სტუდია სკოლის მოსწავლეებისთვის. ისინი ეუფლებიან თეატრალურ ხელოვნებას, მონაწილეობენ სპექტაკლებში, უშუალოდ ეცნობიან შემოქმედებითი პროცესის სპეციფიკას და თეატრში მოჰყავთ თავიანთი მეგობრები და ოჯახის წევრები. ამგვარად, თეატრი თავად ქმნის საკუთარ მაყურებელს, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ მის მოსვლას ელოდებოდეს.
სენაკის თეატრს დღეს უკვე აქვს საკუთარი მხატვრული სახე, რაზეც წლების განმავლობაში ოცნებობდნენ ქართველი თეატრმცოდნეები, რომელთაც სურდათ, სენაკის თეატრი არ ყოფილიყო მხოლოდ ფორმალურად მოქმედი კულტურული დაწესებულება, საქართველოს თეატრალურ რუკაზე მონიშნული კიდევ ერთი თეატრი. ამ ქალაქში არსებული არც ისე მდიდარი ისტორიული თეატრალური ტრადიცია და გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობა თავისთავად ვერ განსაზღვრავდა თანამედროვე თეატრის შემოქმედებით ღირებულებას. საჭირო იყო ახალი მხატვრული შინაარსი, რომელიც თეატრს დღევანდელ ქართულ სათეატრო სივრცეში საკუთარ ადგილს დაუმკვიდრებდა.
სენაკის თეატრის ბოლო წლების სპექტაკლებში განსაკუთრებით თვალშისაცემია ვიზუალური კულტურის ცვლილება. საინტერესო სცენოგრაფიული გადაწყვეტილებები, სცენური სივრცის ორგანიზების განსხვავებული პრინციპები და დადგმების ესთეტიკური მხარე თეატრის მიმართ პროფესიულ ინტერესს აღძრავს. მსახიობებმაც შექმნეს არაერთი საინტერესო სცენური სახე. თეატრის შემოქმედებითი იმიჯი თანდათან ყალიბდება არა რომელიმე ერთი წარმატებული სპექტაკლით, არამედ ძირითადად ვახტანგ ნიკოლავას და სხვადასხვა რეჟისორის მიერ განხორციელებული დადგმების ერთობლიობით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვახტანგ ნიკოლავამ, ირაკლი ადამიასთან ერთად, შეძლო ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თეატრის ფუნქციის გაფართოება, დასის შემოქმედებითი რესურსის გააქტიურება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა თაობისა და ინტერესის მქონე ადამიანებს თეატრის გარშემო გააერთიანებს. სენაკში განხორციელებული რამდენიმე პროექტი სწორედ ამ მიმართულებითაა საინტერესო.
„გაკვეთილი სცენაზე“
სენაკის თეატრის ინიციატივებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასკოლო თეატრალურ ოლიმპიადას, რომლის იდეაც ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის. ამ საქმეში მას გვერდით უდგას თეატრის ყოფილი დირექტორი, მსახიობი ირაკლი ადამია, რომელიც დღეს ვახტანგ ნიკოლავას მარჯვენა ხელია. მათი ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა.
გარდა იმისა, რომ ირაკლი ადამია კარგი მსახიობია და სენაკის თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა, იგი იმ ადამიანურ რესურსსაც წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონული თეატრის ხელმძღვანელისთვის. ირაკლი ადამია კარგად იცნობს სენაკს, მის მოსახლეობას, ადგილობრივ მაყურებელს, მის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. ისიც, რომ ვახტანგ ნიკოლავასთვის თავდაპირველად სრულიად უცხო ქალაქი დღეს ასეთი ახლობელი გახდა, მნიშვნელოვანწილად ირაკლი ადამიას დამსახურებაცაა.
თავის მხრივ, ვახტანგ ნიკოლავამ გამოავლინა ის უნარები, რომლებიც განსაკუთრებით სჭირდება რეგიონში მოქმედი თეატრის ხელმძღვანელს. რეჟისორის პროფესიული შესაძლებლობები ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. მას უწევს ურთიერთობა ადგილობრივ საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანებთან. მან უნდა იცოდეს, როგორ აქციოს თეატრი ქალაქის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან და საჭირო დაწესებულებად ისე, რომ ამ პროცესში თეატრმა საკუთარი პროფესიული დანიშნულება არ დაკარგოს.
სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის განხორციელებაში თეატრს მხარს უჭერენ საქართველოს კულტურის სამინისტრო და სენაკის მუნიციპალიტეტი. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციასთან, არამედ არაფორმალური განათლების ხელშეწყობასთანაც. ოლიმპიადის ფარგლებში თეატრი სკოლის საგანმანათლებლო პროცესის ერთგვარ პარტნიორად იქცევა.
სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა წელს მესამედ იმართება. 2026 წლის პროგრამაში თორმეტი სასკოლო, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასი მონაწილეობს. წლევანდელი ოლიმპიადის ძირითადი თემაა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, დევიზი კი მისი შინაარსის ზუსტი განმსაზღვრელია: „გაკვეთილი სცენაზე!“.
პროგრამაში დომინირებს იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლები. ერთი და იმავე ნაწარმოების სცენური ინტერპრეტაციები ოლიმპიადაზე სხვადასხვა სათაურითაა წარმოდგენილი: „ჯვარცმული სულის უკანასკნელი ღამე“, „შუშანიკის წამება - სული, რომელიც ვერ გატეხეს“, „შუშანიკი - სარწმუნოებისთვის წამებული ქალი“, „შუშანიკის წამება - საყოველთაო ნაბიჯი“, „შუშანიკი - ქრისტეს სძალი და მხევალი“, „რწმენა და ძალაუფლება“, „სამი გზა - ერთი რწმენა“.
განსაკუთრებით საინტერესოა ამ პროცესში სკოლის მასწავლებლების ჩართვა. მასწავლებელი, რომელიც თავად მონაწილეობს სპექტაკლის მომზადებაში, თეატრს უკვე სხვა თვალით უყურებს. იგი ეცნობა ლიტერატურული ტექსტის სცენური ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს, მსახიობის მუშაობის სპეციფიკას, კოლექტიური შემოქმედების პრინციპებს და ამ ცოდნის გამოყენება შეუძლია საკუთარ პროფესიულ საქმიანობაშიც. თეატრსა და სკოლას შორის ამგვარი თანამშრომლობა გაცილებით პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე მოსწავლეთა ორგანიზებული დასწრება ცალკეულ სპექტაკლებზე.
ოლიმპიადის პროგრამაში წარმოდგენილია წმინდა ნინოს ცხოვრებისა და საქართველოს გაქრისტიანების თემაზე შექმნილი დადგმებიც. სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლებთან ერთად მონაწილეობენ ხობის, ჩოხატაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივები. პროგრამაშია აკაკი წერეთლის „პატარა კახისა“ და ნოდარ დუმბაძის „HELLADOS“-ის მიხედვით მომზადებული სპექტაკლებიც. ოლიმპიადის ფარგლებში მაყურებელს პროფესიული თეატრის სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობაც აქვს. გახსნის დღეს სენაკის თეატრმა თავისუფალი ჩვენების ფორმატში წარმოადგინა მამუკა ტყემალაძის „ქოხი ტყის პირას“.
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების არჩევა სასკოლო თეატრალური ოლიმპიადისთვის თავისთავად საინტერესო გადაწყვეტილებაა. ეს ის ლიტერატურაა, რომლის ენობრივი სპეციფიკა, ისტორიული კონტექსტი და რელიგიური მსოფლმხედველობა თანამედროვე მოზარდისთვის გარკვეულ დისტანციას ქმნის. ნაწარმოების სცენაზე გადატანისას კი მოსწავლეს უწევს არა მხოლოდ ძველი ქართული ტექსტის შინაარსის გაგება, არამედ პერსონაჟის ქცევის მოტივაციის გარკვევაც.
სასკოლო სპექტაკლზე მუშაობისას ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო ამოცანა: ლიტერატურული ნაწარმოების სცენური ადაპტაცია. მოზარდები მასწავლებლებთან ერთად არჩევენ ეპიზოდებს, განსაზღვრავენ მოქმედების თანმიმდევრობას, მსჯელობენ იმაზე, რა უნდა დარჩეს ტექსტში და რისი გამოხატვა შეიძლება ჟესტით, მოძრაობით, მუსიკითა თუ სცენური კომპოზიციით. ამ პროცესში ისინი, შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც კი ეცნობიან დრამატურგიისა და რეჟისურის ელემენტარულ პრინციპებს.
წლევანდელი ოლიმპიადის პროგრამიდან მხოლოდ ერთი სასკოლო სპექტაკლის ნახვა მოვასწარი. ქალაქ სენაკის მესამე საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა „თეატრონმა“ იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ მიხედვით შექმნილი წარმოდგენა „ჯვარცმული სულის უკანასკნელი ღამე“ უჩვენა მაყურებელს.
ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ წარმოდგენა სპექტაკლის აგების პრინციპებს ემყარებოდა. ეს არ იყო ტრადიციული სასკოლო ღონისძიება, რომლის ფორმასაც კარგად ვიცნობთ წლების წინ ნანახი ღონისძიებებიდან და რომლის ტრადიციაც დღესაც გრძელდება ზოგიერთ საჯარო სკოლაში. მსგავსი ღონისძიებების დროს მოსწავლეები ხშირად რიგრიგობით წარმოთქვამენ წინასწარ დასწავლილ ტექსტებს, კითხულობენ ლექსებს, ასრულებენ მუსიკალურ ნომრებს, მაგრამ ცალკეულ ფრაგმენტებს ერთიანი სცენური მოქმედება არ აკავშირებს.
სენაკის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმოდგენაში კი იკითხებოდა სპექტაკლის სტრუქტურა. აგებული იყო მიზანსცენები, ორგანიზებული იყო სცენური სივრცე, ცალკეული ეპიზოდები ერთიანი სანახაობის ნაწილებად აღიქმებოდა. მოზარდები ცდილობდნენ პერსონაჟთა ურთიერთობის გამოხატვას და არა მხოლოდ მათთვის მიკუთვნებული ტექსტების წარმოთქმას. ჩემთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ეს იყო არსებითი და დასაფასებელი.
წარმოდგენა გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა. სცენაზე თანატოლების ხილვას მოზარდი მაყურებლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგი ხედავს, რომ თეატრალური ხელოვნება მისთვის მიუწვდომელი სფერო არ არის და თავადაც შეუძლია ამ პროცესის მონაწილე გახდეს. სასკოლო დასების შეხვედრა პროფესიული თეატრის სცენაზე კი მათ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ სხვა სკოლებში განხორციელებულ პროექტებს, დააკვირდნენ განსხვავებულ მიდგომებს და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი აღმოჩენები.
სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის მონაწილეთა პროფესიული თეატრის სცენაზე გამოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა თავად სკოლებისთვისაც. ისინი საკუთარი სკოლის ფარგლებს გარეთ წარმოადგენენ კოლექტიური მუშაობის შედეგს და პასუხისმგებლობას უკვე არა მხოლოდ მასწავლებლისა და თანაკლასელების, არამედ ფართო აუდიტორიის წინაშეც გრძნობენ.
ცხადია, სასკოლო სპექტაკლების შეფასებისას პროფესიული თეატრისთვის დადგენილი კრიტერიუმებით ვერ ვიხელმძღვანელებთ. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუშაობის პროცესს, მოზარდის დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, საჯარო სივრცეში საკუთარი სათქმელის გამოხატვის შესაძლებლობას, პარტნიორის მოსმენისა და მასთან ურთიერთობის უნარს. ყველა მონაწილე მსახიობი ვერ გახდება და არც არის აუცილებელი, რომ ოლიმპიადის მიზანი მომავალი პროფესიონალი მსახიობების აღმოჩენით შემოიფარგლოს.
სენაკის თეატრის მიერ წამოწყებული ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოზარდის თეატრთან ურთიერთობა ერთჯერადი ვიზიტით არ სრულდება. სპექტაკლის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, ოლიმპიადა კი ამ ხანგრძლივი პროცესის საჯარო ნაწილია. ამდენად, რამდენიმე დღის განმავლობაში თეატრში მიმდინარე მოვლენების მიღმა სკოლებში გაწეული გაცილებით დიდი სამუშაო დგას.
ქოხი ორისათვის, ანუ თავისუფლების ფასი
ბუნებრივია, სენაკის თეატრში ბოლო წლებში განხორციელებული ყველა სპექტაკლი ერთნაირად წარმატებული არ არის. შესაძლოა, რომელიმე დადგმა მაყურებელმა მიიღოს, მაგრამ პროფესიული თეატრალური კრიტიკისთვის ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს. ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია და ამ მხრივ სენაკის თეატრი გამონაკლისს არ წარმოადგენს. თუმცა თეატრის ახალ ნამუშევრებში იგრძნობა დიდი მონდომება და მხატვრული ხარისხის გაუმჯობესების სურვილი, რაც ცალსახად დასაფასებელია.
სენაკის თეატრში კიდევ ერთი პრემეირა გაიმართა: - თეატრმა ფიქრია ყუშიტაშვილის ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა „ქოხი ტყის პირას“ წარუდგინა მაყურებელს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია მამუკა ტყემალაძე, მხატვარი ნუცა ტყემალაძე, შუქის მხატვარი ლაშა ჟვანია, ხმის რეჟისორი ანა ნატრიაშვილი, კოსტიუმების შემსრულებელი მაკა კილასონია, ტექნიკური რეჟისორი ლალი გაბელაია. სპექტაკლში მონაწილეობენ ალექსანდრა თელია და თემურ ფირცხალაიშვილი.
რა სურთ კაცებს? ფული, კარიერა, ოჯახი, სიყვარული თუ თავისუფლება? და რას გულისხმობენ ისინი თავისუფლებაში? ფიქრია ყუშიტაშვილის პიესაში ქალი ამ კითხვებზე პასუხს ეძებს მამაკაცთან, რომელსაც მრავალი წელია ხვდება და რომლისთვისაც თავადვე შექმნა ყოველდღიური ცხოვრებისგან თავისუფალი სივრცე.
პიესის პერსონაჟებს სახელები არ აქვთ. ისინი უბრალოდ ქალი და კაცი არიან. ორივეს ჰყავს ოჯახი, შვილები, აქვს საკუთარი პროფესიული საქმიანობა და პასუხისმგებლობები. ქალი პოეტია, მამაკაცი ფინანსისტი. ისინი პერიოდულად ხვდებიან ერთმანეთს ტყის პირას მდებარე მიტოვებულ ქოხში, რომელიც მათი საიდუმლო თავშესაფარია.
ფიქრია ყუშიტაშვილი მოქმედების ადგილად შემთხვევით არ ირჩევს საზოგადოებისგან იზოლირებულ სივრცეს. ქოხში ისინი ცდილობენ შექმნან საკუთარი ცხოვრების ისეთი მოდელი, რომელშიც არ მოქმედებს ის წესები და ვალდებულებები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ყოფას განსაზღვრავს. მათ თავად შეიმუშავეს ურთიერთობის პირობები: შეხვედრების დროს არ უნდა ისაუბრონ მეუღლეებზე, ოჯახურ პრობლემებსა და სამსახურზე. ქალის სიტყვებით, მათ საკუთარი „პროტოკოლი“ აქვთ.
საინტერესოა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებისგან გაქცეული ადამიანები თავისუფალ სივრცეშიც თავად ადგენენ აკრძალვებს. ქოხი, რომელიც წესებისა და პასუხისმგებლობებისგან თავის დასაღწევად სჭირდებათ, თანდათან ახალი შეზღუდვების ადგილად იქცევა. მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ ერთმანეთის მიმართ ფიზიკური ლტოლვა, მაგრამ არ აქვთ უფლება, ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, რაც მათი ურთიერთობის რეალურ მდგომარეობას განსაზღვრავს.
ქალი, რომელიც წლების განმავლობაში ელოდება მამაკაცს, კარგად აცნობიერებს საკუთარი მდგომარეობის აბსურდულობას. იგი საკუთარ თავსაც ატყუებს და იცის, რომ ეს ტყუილი ორივეს აწყობს. ქალისთვის ეს ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად არის, მის შესანარჩუნებლად თავადვე მოიგონოს მამაკაცის საქციელის გამამართლებელი მიზეზები.
მამაკაცს კი ქოხი სულ სხვა დანიშნულებით სჭირდება. ის აქ მოდის რთული სამუშაო პერიოდის შემდეგ, იცლება დაგროვილი ემოციებისგან, ივიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს, აღიდგენს ენერგიას და შემდეგ საკუთარ ოჯახსა და ჩვეულ გარემოს უბრუნდება. ქოხში გატარებული დრო მისი ცხოვრების დანარჩენი ნაწილის ალტერნატივა კი არა, მისი გაგრძელებისთვის აუცილებელი შესვენებაა.
ქალისთვის მათი შეხვედრები იმ თანაცხოვრების ფრაგმენტებია, რომელიც ვერ შედგა. იგი ხშირად ფიქრობს, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, მამაკაცს უფრო ადრე რომ შეხვედროდა. ამ წარმოსახვითი წარსულით ქალი ცდილობს საკუთარი დღევანდელი მდგომარეობის კომპენსირებას. მამაკაცი კი მის ამ ფანტაზიას საკმაოდ პრაგმატულ მოსაზრებას უპირისპირებს: ცხოვრების სხვა ეტაპზე ისინი შესაძლოა საერთოდ არ დაინტერესებულიყვნენ ერთმანეთით, რადგან ადამიანი მუდმივად იცვლება და მისი გემოვნება, ინტერესები და მოთხოვნილებებიც ასაკთან ერთად გარდაიქმნება.
ამ დიალოგში ერთმანეთს უპირისპირდება ორი განსხვავებული წარმოდგენა ბედისწერაზე. ქალს სჯერა, რომ მათი შეხვედრა წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ ადამიანები შემთხვევით არ ხვდებიან ერთმანეთს. მამაკაცისთვის მათი ურთიერთობა კონკრეტული დროის, გარემოებებისა და პიროვნული განვითარების შედეგია. ქალი დაკარგულ შესაძლებლობებს მისტირის, მამაკაცი კი არსებული შესაძლებლობებით კმაყოფილდება.
პიესაში დრო ერთ-ერთი ძირითადი თემაა. ქალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მათი გაცნობის თარიღს, მამაკაცს კი ის არ ახსოვს. იგი ზუსტად ვერც იმას იხსენებს, რამდენი წელია ქალს იცნობს. ის, რასაც ქალი საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდად აღიქვამს, მამაკაცისთვის დროის ნაკლებად მკაფიოდ განსაზღვრული მონაკვეთია. მათი მეხსიერების ამგვარი განსხვავებულობა ურთიერთობის ემოციური ასიმეტრიის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
ქალი საკუთარ ახალგაზრდობას იხსენებს, მსჯელობს ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის წინაშე წარმოქმნილ სოციალურ შეზღუდვებზე. განსაკუთრებით საინტერესოა მისი მონოლოგი საზოგადოებაში დამკვიდრებულ გამოთქმაზე „რაღა დროს“. ამ ფრაზით საზოგადოება ხშირად განსაზღვრავს ასაკოვანი ადამიანის ქცევის დასაშვებ საზღვრებს: რაღა დროს მისი სიყვარულია, რაღა დროს მისი ამგვარი ჩაცმაა, რაღა დროს მისი გართობაა. დრამატურგი ყურადღებას ამახვილებს იმ პარადოქსზე, რომ საზოგადოება ადამიანს სიცოცხლეშივე უზღუდავს ბედნიერების უფლებას, მისი სიკვდილის შემთხვევაში კი სინანულით ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ იყო მისი სიკვდილის დრო.
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ემოციური და სექსუალური მოთხოვნილებები არ ქრება. იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ამ მოთხოვნილებების გამოხატვის მიმართ. ფიქრია ყუშიტაშვილის ქალი სწორედ ამ დამოკიდებულებას აპროტესტებს. მას არ სურს, საკუთარი სურვილები იმ სოციალური წარმოდგენების შესაბამისად შეზღუდოს, რომლებიც მის ასაკს უკავშირდება.
მათ შორის განსხვავება სიყვარულის გაგებაშიც ვლინდება. როდესაც ქალი მამაკაცს ეკითხება, რატომ უყვარს იგი, კაცი პასუხობს, რომ მამაკაცს უყვარს არა თავად ქალი, არამედ საკუთარი მდგომარეობა მასთან ყოფნისას. ამ მოსაზრებაში მამაკაცის დამოკიდებულების არსი იკითხება. მისთვის მნიშვნელოვანია ის განცდა, რომელსაც ქალი უქმნის, სიმსუბუქე, განტვირთვა, საკუთარ თავთან დაბრუნების შესაძლებლობა. ქალს კი სურს, თავად იყოს სიყვარულის ობიექტი და არა მხოლოდ მამაკაცისთვის სასურველი მდგომარეობის შემქმნელი.
ამგვარი ურთიერთობა ეთიკურ პრობლემასაც წარმოშობს. პერსონაჟები აცნობიერებენ, რომ საკუთარი ოჯახებისგან მალავენ მათი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს. მამაკაცი ამ ფაქტს განსაკუთრებულ ტრაგედიად არ აღიქვამს. მისთვის მათი შეხვედრები ცხოვრების ის მონაკვეთებია, რომლებსაც საკუთარ თავს ართმევენ. ქალი კი თანდათან მიდის დასკვნამდე, რომ სხვისთვის განკუთვნილ დროს იპარავს და თავადაც მუდმივად დამალულ მდგომარეობაში იმყოფება. იგი დაიღალა, როგორც თავად ამბობს, „ქურდის ტყავში ცხოვრებით“.
ფიქრია ყუშიტაშვილის პერსონაჟები არ ცდილობენ ოჯახების დანგრევას და ახალი ოჯახის შექმნას. ქალის მიერ წარმოსახული თანაცხოვრებაც უფრო არშემდგარი წარსულის ნაწილია, ვიდრე კონკრეტული სამომავლო გეგმა. ამიტომ კონფლიქტის გადაჭრის შესაძლებლობა არც ერთი მათგანისთვის არ არის მარტივი. მათ არ სურთ არსებული ცხოვრების მთლიანად შეცვლა, მაგრამ ქალი ვეღარც ურთიერთობის იმ ფორმას ეგუება, რომელიც თავადვე აირჩია. ქალს სურს საბოლოო გადაწყვეტილება, მამაკაცი კი ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობას ეძებს. მრავალწერტილი მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, რადგან არ მოითხოვს არც საბოლოო უარს და არც ახალი პასუხისმგებლობის აღებას.
რა სურთ კაცებს? თავისუფლება, პასუხობს ქალი და მამაკაცს საკუთარი ცხოვრებიდან უშვებს. მამაკაცი კი ეკითხება, სურს თუ არა თავად ეს თავისუფლება. აქ პიესის ძირითადი პარადოქსი იკვეთება. მამაკაცს სურს თავისუფლება ყოველდღიური ვალდებულებებისგან, მაგრამ სულაც არ სურს იმ ქალის დაკარგვა, რომელიც ამ თავისუფლების განცდას უქმნის. ქალი კი მისთვის თავისუფლების მინიჭებას თავად წყვეტს ისე, რომ არჩევანის უფლებას არ უტოვებს.
პიესის ფინალში ეს წინააღმდეგობა ტრაგიკულ ფორმას იძენს. ქალისა და მამაკაცის ხანგრძლივი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზრდება. ქალი დანით სასიკვდილოდ ჭრის მამაკაცს, ქოხს ცეცხლს უკიდებს, საკუთარ მაჯასაც ისერავს და მამაკაცის სხეულთან ერთად ცეცხლის ალს ელოდება.
დრამატურგი ამ ფინალით თითქოს უკიდურესობამდე მიჰყავს ადამიანის მიერ საყვარელი არსების ფლობის სურვილი. ქალი, რომელიც თავისუფლებაზე ამდენს საუბრობს, საბოლოოდ მამაკაცს სიცოცხლის უფლებასაც ართმევს. მისი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის მისივე დეკლარირებულ პრინციპებთან. თავისუფლება ამ შემთხვევაში სიყვარულის, შურისძიების, სასოწარკვეთისა და ძალაუფლების ერთმანეთში აღრეული ცნებების ნაწილად იქცევა.
ფიქრია ყუშიტაშვილის პიესის პერსონაჟები განათლებული, ინფორმირებული ადამიანები არიან. მათ მეტყველებაში მრავლადაა ლიტერატურული ციტატები, ფილოსოფიური გამონათქვამები, აფორიზმები, უცხოენოვანი ფრაზები, პოპულარული ფსიქოლოგიისა და პროფესიული ტერმინოლოგიის ელემენტები. ისინი საუბარში ახსენებენ უმბერტო ეკოს, ჰარუკი მურაკამის, პაულო კოელიოს, ფიოდორ დოსტოევსკის, ჯონ ლენონს, ალ პაჩინოს, მიშა ცაგარელსა და სხვა ცნობილ ადამიანებს. ცალკეულ შემთხვევებში მათი საუბარი ერთგვარ ინტელექტუალურ ვიქტორინასაც ემსგავსება, როდესაც ერთი პერსონაჟი გამონათქვამს წარმოთქვამს, მეორე კი მისი ავტორის გამოცნობას ცდილობს.
საკუთარ გრძნობებზე საუბრისას ისინი ხშირად სხვის სიტყვებს მიმართავენ. მამაკაცი ქალის შეკითხვებს ხუმრობით, ირონიით ან მზა ფილოსოფიური ფორმულირებებით პასუხობს. ქალი კი საკუთარ სათქმელს პოეტური მეტაფორებითა და წაკითხული ტექსტების ფრაგმენტებით გადმოსცემს. ორივეს უჭირს უშუალოდ გამოხატოს ის, რასაც განიცდის.
პიესის ლიტერატურული ბუნება გარკვეულ სირთულეს უქმნის მის სცენურ ინტერპრეტაციას. ვრცელი მსჯელობები, განზოგადებები, ციტატები და აფორიზმები ყოველთვის არ გამომდინარეობს კონკრეტული მოქმედების აუცილებლობიდან. პერსონაჟები ზოგჯერ თითქოს დრამატურგის მიერ წამოჭრილი პრობლემების განხილვის მონაწილეებად იქცევიან. ამგვარ ეპიზოდებში ავტორის მსჯელობა პერსონაჟის ინდივიდუალურ მეტყველებას ფარავს.
მამუკა ტყემალაძის წინაშე, შესაბამისად, იდგა ამოცანა, ლიტერატურულად საინტერესო, მაგრამ სიტყვიერი მსჯელობებით დატვირთული ტექსტი ქმედით სცენურ სტრუქტურად ექცია.
სპექტაკლი ვიზუალური თვალსაზრისით ორგანულად ეწერება სენაკის თეატრის ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ მხატვრულ იმიჯში, რასაც მნიშვნელოვანწილად ნუცა ტყემალაძის სცენოგრაფია განსაზღვრავს. მხატვრის მიერ შექმნილი დეკორაცია მინიმალისტურია, თუმცა მონუმენტურობის ასოციაციას აღძრავს. სცენაზე რამდენიმე საგანია განთავსებული, მაგრამ მათი მასშტაბი, ფორმა, ფაქტურა და ურთიერთგანლაგება ქმნის შთამბეჭდავ ვიზუალურ კომპოზიციას.
შავ ფონზე აღმართული ოთხი გადახრილი სვეტი, ძველებური ჭაღი, აბაზანა, საქანელა, მაგიდა, სკამები და სასანთლე პიესაში აღწერილი ქოხის ინტერიერს არ იმეორებს. ავტორის რემარკებში მოქმედების ადგილი მიტოვებული ქოხია, ხავსმოდებული კუნძებით, ძველი საწოლით, დამტვერილი ნივთებითა და იმპროვიზებული სუფრით. ნუცა ტყემალაძე ამ ყოფით გარემოს სრულიად განსხვავებულ მხატვრულ სივრცედ გარდაქმნის.
სცენოგრაფია საინტერესოა იმით, რომ პერსონაჟთა ურთიერთობის კონკრეტული ადგილის ნაცვლად მათი შინაგანი სამყაროს ვიზუალური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის. გადახრილი სვეტები არამდგრადობის, წონასწორობის დაკარგვის ასოციაციას აღძრავს. ისინი ჯერ კიდევ დგას, მაგრამ აღარ ქმნის მყარი საყრდენის შთაბეჭდილებას. ამ თვალსაზრისით მათი ფორმა საინტერესო მიმართებაშია იმ ურთიერთობასთან, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა მისი სიმყარე ილუზორული აღმოჩნდა.
სცენაზე დაკიდებული საქანელა რამდენიმე ასოციაციას წარმოშობს. პიესის პერსონაჟები ხშირად უბრუნდებიან ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონებებს. მამაკაცი აღიარებს, რომ ქოხში მოსვლის წინ მოზარდივით ღელავს, ქალი კი ბავშვობაში ჩაფიქრებულ სურვილებსა და მარჩიელობას იხსენებს. საქანელა შეიძლება მათი იმ ასაკში დაბრუნების სურვილსაც გამოხატავდეს, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ არ აკისრია ამდენი პასუხისმგებლობა. ამასთანავე, საქანელას მოძრაობა ერთი და იმავე სივრცის ფარგლებში წინ და უკან გადაადგილებას გულისხმობს, რაც პერსონაჟთა მრავალწლიანი ურთიერთობის ხასიათთანაც ასოცირდება.
აბაზანა ინტიმური, პირადი სივრცის საგანია. მისი სცენაზე, ღია სივრცეში განთავსება პირადულის საჯაროდ გამოტანის ასოციაციას ქმნის. შესაძლებელია, იგი განწმენდის, დაგროვილი პრობლემებისგან გათავისუფლების სურვილთანაც დავაკავშიროთ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა მამაკაცის შემთხვევაში, რომლისთვისაც ქოხში ყოფნა ყოველდღიური ცხოვრებისგან განტვირთვის საშუალებაა.
ნუცა ტყემალაძის სცენოგრაფიაში გამოყენებული ძველებური ავეჯი, ჭაღი და სასანთლე გარკვეული დროის კვალსაც ატარებს. საგნებს თითქოს საკუთარი წარსული აქვთ. ისინი არ გამოიყურება ახლად შექმნილი, მოწესრიგებული ინტერიერის ნაწილებად. ამ ფაქტურას საინტერესო ესთეტიკური მიმართება აქვს პერსონაჟთა ურთიერთობასთან, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.
დეკორაციის მხატვრული ხარისხი განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის გათვალისწინებით, რომ პერსონაჟები უმეტესად ყოფით საკითხებზე საუბრობენ. სცენაზე იქმნება კონტრასტი ვიზუალური სივრცის მონუმენტურობასა და დიალოგის ყოველდღიურ შინაარსს შორის. ოჯახის წევრების სატელეფონო ზარები, სამსახურის პრობლემები, ეჭვიანობა და ურთიერთშეთანხმების პირობების განხილვა იმ გარემოში მიმდინარეობს, რომელიც გაცილებით ფართო ასოციაციებს წარმოშობს, ვიდრე მიტოვებული ქოხის ნატურალისტური ინტერიერი წარმოშობდა.
სცენოგრაფიის თავშეკავებული ესთეტიკის ფონზე კოსტიუმების ცალკეული დეტალები ზედმეტად უტრირებული და გადაპრანჭული მეჩვენა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დადგმის ჟანრი ფსიქოლოგიური დრამაა და მაყურებლის ყურადღება პერსონაჟთა შინაგან მდგომარეობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, კოსტიუმის ზედმეტად ეფექტური დეტალი შესაძლოა დამოუკიდებელ ვიზუალურ აქცენტად იქცეს და მსახიობისგან ყურადღება გადაიტანოს.
სპექტაკლის საექსპოზიციო ნაწილში მამუკა ტყემალაძე თხრობის საინტერესო ფორმას მიმართავს. სიუჟეტის განვითარება და მოქმედების ორგანიზება მეტწილად წერტილოვან განათებას უკავშირდება. ლაშა ჟვანიას მიერ შექმნილი განათება სცენური სივრცის ცალკეულ მონაკვეთებს გამოყოფს, განსაზღვრავს მაყურებლის ყურადღების მიმართულებას და თხრობის ერთი ფრაგმენტიდან მეორეზე გადასვლის საშუალებას იძლევა. განათება ამ შემთხვევაში მხოლოდ მსახიობისა და დეკორაციის ხილვადობის უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალება არ არის, მას კონკრეტული დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება.
შუქის საშუალებით რეჟისორი ახერხებს საკმაოდ მასშტაბური სცენური სივრცის დაყოფას მცირე, ინტიმურ მონაკვეთებად. მსახიობის გარშემო იქმნება ლოკალური სივრცე, რომელიც კონკრეტულ მომენტში მისი განცდებისა და სათქმელის გამოყოფას ემსახურება. ეს ხერხი განსაკუთრებით ეფექტურია ორი პერსონაჟისგან შემდგარ სპექტაკლში, სადაც მაყურებლის ყურადღების ორგანიზება განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს.
სპექტაკლში მონაწილე ალექსანდრა თელია სცენაზე პირველად ვნახე. რუსთავის თეატრის ყოფილი მსახიობისთვის ეს, ფაქტობრივად, სენაკის თეატრის სცენაზე დებიუტია. იგი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მსახიობია, თუმცა ვფიქრობ, რომ ალექსანდრა თელია განსხვავებულ სამსახიობო ფერს შესძენს სენაკის თეატრს, რომლის დასის წევრთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში მოღვაწეობს ამ სცენაზე.
თემურ ფირცხალაიშვილი რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის წევრია, მანამდე კი სენაკის თეატრში მოღვაწეობდა და დღემდე ამ თეატრის ერთგულ მსახიობად რჩება. ეს გარემოება ცალკე აღნიშვნასა და დაფასებას იმსახურებს. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული საქმიანობის დედაქალაქში გაგრძელების მიუხედავად, მსახიობი ინარჩუნებს შემოქმედებით კავშირს თეატრთან, რომელშიც მისი პროფესიული ცხოვრების ერთი გარკვეული ნაწილი წარიმართა.
ორივე მსახიობი ასრულებს იმ ამოცანას, რომელიც მათ რეჟისორმა დაუსახა, თუმცა ჩემთვის ყოველთვის მკაფიო არ იყო მათი პერსონაჟების ურთიერთდამოკიდებულების ხასიათი. პიესიდან ვიცით, რომ ქალსა და მამაკაცს მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ, მაგრამ ამ ფაქტის ცოდნა საკმარისი არ არის მათი ემოციური კავშირის სცენაზე დასანახად.
ვინ არიან ისინი დღეს ერთმანეთისთვის? შეყვარებულები, მეგობრები, ერთმანეთზე დამოკიდებული ადამიანები თუ წარსულში შექმნილი ურთიერთობის ინერციით მცხოვრები პარტნიორები? რამდენად ძლიერია მათ შორის ფიზიკური ლტოლვა და რამდენად არის მათი შეხვედრები მხოლოდ ჩვევად ქცეული რიტუალი? ამ კითხვებზე პასუხი მსახიობთა ურთიერთქმედებაში უფრო მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს.
ფსიქოლოგიურ დრამაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ რას ამბობს პერსონაჟი, არამედ იმასაც, როგორ იცვლება პარტნიორის ქცევა მისი სიტყვების ზემოქმედებით. ერთი მსახიობის რეპლიკა მეორის მოქმედების მიზეზად უნდა იქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი შეიძლება გადაიქცეს ერთმანეთის მონაცვლეობით წარმოთქმულ მონოლოგებად, რომლებშიც პერსონაჟები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ, მაგრამ ერთმანეთზე ზემოქმედებას ნაკლებად ახდენენ.
ამ სპექტაკლში, ჩემი აზრით, ლიტერატურამ სძლია თეატრს. ტექსტი უფრო მეტად ისმის, ვიდრე მოქმედებს. ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია ალექსანდრა თელიას ვრცელი, პოეტური მონოლოგი. ტექსტს აქვს ლიტერატურული ღირებულება, მასში საინტერესო დაკვირვებები და მეტაფორებია, თუმცა სცენური მოქმედების განვითარების თვალსაზრისით მონოლოგი ნაკლებად ქმედითია. მსახიობი მაყურებელს აწვდის სათქმელს, მაგრამ ამ სათქმელის წარმოთქმის პროცესში პერსონაჟის მდგომარეობის ცვლილება საკმარისად თვალსაჩინო არ არის.
პიესის საწყისი რემარკები, სხვათა შორის, მსახიობს საკმაოდ მრავალფეროვან ფიზიკურ მოქმედებას სთავაზობს. ქალი ანთებს ცეცხლს, აშრობს ტანსაცმელს, არჩევს სოკოს, აწესრიგებს გარემოს, პასუხობს სატელეფონო ზარს. ამ მოქმედებებით შეიძლება გამოიხატოს მისი მოუთმენლობა, მღელვარება, მამაკაცის მოსვლის სურვილი და იმავდროულად, საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილება. ყოფითი მოქმედება ფსიქოლოგიური შინაარსის მატარებელი ხდება, როდესაც მას პერსონაჟის კონკრეტული მიზანი განსაზღვრავს.
რეჟისორული ინტერპრეტაციისას ყოფითი მოქმედებების პირობითი ფორმებით ჩანაცვლება თავისთავად პრობლემა არ არის. მთავარია, ამ ცვლილების შედეგად მსახიობმა არ დაკარგოს ის ქმედითი საყრდენი, რომელიც ტექსტს კონკრეტულ ფსიქოლოგიურ შინაარსს ანიჭებს.
პერსონაჟები ხშირად ისეთი ლიტერატურული ენით საუბრობენ, როგორსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად იყენებენ. ცალკეული სიტყვები და ფორმულირებები უფრო ოფიციალურ შეხვედრაზე, პროფესიულ დისკუსიაში ან საჯარო გამოსვლისას შეიძლება მოვისმინოთ, ვიდრე ქალისა და მამაკაცის პირად საუბარში. ეს თვისება თავად ფიქრია ყუშიტაშვილის დრამატურგიულ ტექსტსაც ახასიათებს, მაგრამ სცენაზე მისი აღქმა განსხვავებულია. ის, რაც კითხვისას შეიძლება ავტორის ენობრივ თამაშად მივიღოთ, მსახიობის მიერ წარმოთქმისას ზოგჯერ ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მსახიობებს ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით რთული ამოცანა აქვთ. მათ უნდა გაამართლონ პერსონაჟის მიერ ამა თუ იმ სიტყვიერი ფორმის გამოყენების აუცილებლობა. ციტატა შეიძლება იყოს პარტნიორის გაღიზიანების, საკუთარი ემოციის დამალვის, თავდაცვის, ირონიული თავდასხმის ან უხერხული მდგომარეობიდან თავის დაღწევის საშუალება. თუ ამ ფუნქციებიდან რომელიმე მკაფიოდ არ იკითხება, ციტატა მხოლოდ ინფორმაციის დემონსტრირებად რჩება.
თემურ ფირცხალაიშვილის პერსონაჟის შემთხვევაში საინტერესო სამსახიობო ამოცანა შეიძლება იყოს მამაკაცის მიერ სერიოზული საუბრისგან თავის არიდების მრავალფეროვანი ფორმების გამოხატვა. პიესაში კაცი ხან ხუმრობს, ხან საუბრის თემას ცვლის, ხან ქალის მოსაზრებას ირონიით პასუხობს, ხანაც ფიზიკური სიახლოვით ცდილობს მის გაჩუმებას. ეს ყველაფერი ერთი და იმავე მიზნის მისაღწევად გამოყენებული განსხვავებული საშუალებებია: შეინარჩუნოს არსებული ურთიერთობა ისე, რომ არ მოუწიოს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღება.
ალექსანდრა თელიას პერსონაჟის ამოცანა საპირისპიროა. ქალს სურს, მამაკაცი აიძულოს, მოუსმინოს, აღიაროს არსებული პრობლემები და სერიოზულად მოეკიდოს მათ ურთიერთობას. ამ ორი მიზნის დაპირისპირება ფსიქოლოგიური დრამის ქმედით საფუძველს ქმნის. როდესაც მამაკაცი ხუმრობით ახერხებს საუბრის შეწყვეტას, ქალი იძულებულია ახალი საშუალება მოძებნოს მისთვის სათქმელის გადასაცემად. ამგვარად შეიძლება განვითარდეს პერსონაჟთა ბრძოლა კულმინაციამდე.
სტრუქტურულად სპექტაკლი თითქოს თანმიმდევრულად მიემართება კულმინაციისკენ. მაყურებელი წინასწარ გრძნობს, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში დაგროვილი წინააღმდეგობები საბოლოოდ უნდა გამწვავდეს. კონფლიქტის აფეთქება მოსალოდნელია, თუმცა მსახიობებს ამ პროცესის წარმართვისას ფსიქოლოგიური და ემოციური თანმიმდევრულობა აკლიათ.
მათი ემოციური აფეთქება ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტის გამწვავება მოულოდნელია, არამედ იმიტომ, რომ სათანადოდ არ იკითხება მისი მომზადების შუალედური ეტაპები. ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში დაგროვილი წყენა, გაღიზიანება, იმედგაცრუება და დაღლილობა სხვადასხვა ინტენსივობით უნდა გამოვლინდეს პერსონაჟთა ქცევაში. მხოლოდ ხმის ტონის ცვლილება და ემოციური დაძაბულობის გარეგნული გამოხატვა ამ პროცესის ფსიქოლოგიური დამაჯერებლობისთვის საკმარისი არ არის.
პიესაში დასმული პრობლემების მიმართ მაყურებლის დამოკიდებულებაც, ბუნებრივია, განსხვავებული იქნება. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ამგვარი გარჩევა და მათი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება ჩემთვის ამჯერად განსაკუთრებულად ჩამთრევი და დამაინტრიგებელი არ აღმოჩნდა. შესაძლოა, ამის მიზეზი ჩემი პირადი ცხოვრების გამოცდილებაც იყოს. თავად არ მქონია ქალთან ურთიერთობის ის პრობლემები, რომლებზეც ფიქრია ყუშიტაშვილის პერსონაჟები საუბრობენ, ამიტომ მათი მსჯელობის ცალკეული საკითხები ჩემთვის ნაკლებად აქტუალური აღმოჩნდა. ცხადია, ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა.
ამავდროულად, ვაკვირდებოდი დარბაზს და ვხედავდი, რომ მაყურებლის ნაწილი პერსონაჟთა დიალოგს განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა. სავარაუდოდ, მათთვის საინტერესო იყო იმ კითხვების მოსმენა, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაშიც დაუსვამთ, ან იმ მოსაზრებებთან დაპირისპირება, რომლებსაც თავად არ ეთანხმებიან. სპექტაკლში განხილული პრობლემების პიროვნული აქტუალობა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა მაყურებლის ინტერესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორიც იყოს.
„ქოხი ტყის პირას“ სენაკის თეატრის რეპერტუარში განსხვავებული სპექტაკლია. ასეთი კამერული ხასიათის, ორი მსახიობის მონაწილეობით შექმნილი ფსიქოლოგიური დრამა თეატრს აქამდე არ ჰქონდა მიმდინარე რეპერტუარში. საინტერესოა თავად არჩევანიც: თანამედროვე ქართველი დრამატურგის პიესა, ზრდასრული ადამიანების პირადი ცხოვრების პრობლემატიკა და მსახიობთა მცირე შემადგენლობით განხორციელებული დადგმა. ამ თვალსაზრისით სპექტაკლი სენაკის თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი შენაძენია, მიუხედავად იმ მხატვრული პრობლემებისა, რომლებიც მისი ნახვისას გამოიკვეთა.