
ერთი თეატრალური კვირა სიღნაღში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

21.06.2026
ანა მირიანაშვილი
ერთი თეატრალური კვირა სიღნაღში
სიღნაღის თეატრალური ფესტივალი, რომელიც 2023 წელს დაარსდა, წელს უკვე მეოთხედ გაიმართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა საქართველოს თეატრალურ სივრცეში. ტრადიციულად, ფესტივალი ივნისის თვეში, ერთი კვირის განმავლობაში იმართება და ყოველწლიურად თავს უყრის საქართველოსა და უცხოეთში არსებულ თეატრალურ დაებს. ფესტივალის მთავარი მიზანია სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერა, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ქართული თეატრალური პროცესის ორგანულ ნაწილად ქცევა. ამასთანავე, ფესტივალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურების, სიღნაღის, როგორც კულტურული ცენტრის, განვითარების და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ფესტივალი იქცა სივრცედ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან თეატრის პროფესიონალები, მოყვარული შემოქმედები, ახალგაზრდა ხელოვანები და მაყურებელი.
ფესტივალი სრულად ამართლებს თავის საერთაშორისო სტატუსს. წლევანდელ პროგრამაში მონაწილეობდა რვა ქართული და სამი უცხოური თეატრი. ქართულ დასებთან ერთად (თეატრი „არტ დრონი“, თეატრი „მოდი ნახე“, მესტიის, ყვარლის, სამტრედიის, გურჯაანისა და ამბროლაურის თეატრალური დასები), მაყურებლის წინაშე წარდგნენ თეატრები ესპანეთიდან, ლიეტუვიდან და უკრაინიდან. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი, ქართველი ემიგრანტებით დაკომპლექტებული სამოყვარულო თეატრის „ათინათის“ მონაწილეობა.
ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი იყო. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ესტონელი რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი ტიტ პალუ. ჟიურის წევრები იყვნენ ფან ძინგი, პეკინის „ვენსი კულტურის“ თავმჯდომარე, ასევე ქართველი თეატრმცოდნეები ნიკოლოზ წულუკიძე, ლაშა ჩხარტიშვილი და გოგი ყაჯრიშვილი.
წლევანდელი საპრიზო ფონდიც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პირველი ადგილი და 20 000-ლარიანი პრემია კლაიპედას ციხესიმაგრის თეატრის (ლიეტუვა) სპექტაკლმა „დავიდი და ედვარდი“ მოიპოვა. მეორე ადგილი და 15 000 ლარი გადაეცა თეატრ „მოდი ნახეს“ სპექტაკლს „ჰელადოსი“, ხოლო მესამე ადგილი და 10 000 ლარი - ესპანურ სპექტაკლს „ასტერიონის პერანგი“ (თეატრი „სულისლაპურა“).
ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები მთელი კვირის განმავლობაში თვალნათლივ ვხედავდით, თუ როგორ ცვლის თეატრი ამ პატარა ქალაქის რიტმს. სავსე დარბაზები, მაყურებლის დიდი ინტერესი, სტუმრები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან და დილიდან გვიან ღამემდე ახმაურებული, სიცოცხლით სავსე ქუჩები... მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალაქს ტურისტულ ფუნქციასთან ერთად ძლიერი კულტურული დატვირთვაც ენიჭება. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი: ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, კულტურის სამინისტრო, კერძო დონორები და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები. რამდენიმე წარმოდგენა სიღნაღის გარდა გურჯაანსა და ყვარელშიც გაიმართა. მომავალში საინტერესო იქნება, თუ ფესტივალის გეოგრაფიას თელავიც შეუერთდება.
საკონკურსო პროგრამის პარალელურად, ფესტივალის ყოველი დღე დატვირთული იყო მასტერკლასებითა და საჯარო ლექციებით. თეატრის ისტორიაზე საუბრობდა ნიკოლოზ წულუკიძე, ქორეოგრაფიის თანამედროვე მიდგომებზე - ლაშა რობაქიძე, სიტყვით მოქმედების ხელოვნებაზე - მანანა ბერიკაშვილი, თოჯინური თეატრის სპეციფიკაზე - ნიკოლოზ საბაშვილი, ხოლო სამსახიობო ოსტატობაზე - გოგი მარგველაშვილი. ასეთი ტიპის ლექციები და პრაქტიკული მასტერკლასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაპროფესიონალი, მოყვარული დასების განვითარებისთვის და შემოქმედებითი ზრდისთვის.
წლევანდელ ფესტივალს სტუმრის სტატუსით დავესწარი და ჩემთვის, როგორც თეატრმცოდნისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო თეატრის სიყვარულით გაერთიანებული მრავალფეროვანი დასების გაცნობა. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც ახალგაზრდები, რომლებიც ენერგიითა და ენთუზიაზმით გამოირჩეოდნენ, ისე საკმაო გამოცდილების მქონე სცენისმოყვარულები, რომლებმაც წლები მიუძღვნეს თეატრს.
მისასალმებელია კიდევ ერთი ტრადიცია - ყოველი საფესტივალო დღის პროფესიული შეჯამება ახალგაზრდა თეატრმცოდნეების მიერ. წელს ფესტივალის ბლოგერები ანასტასია ჩერნეცოვა და სოფიო ნადიბაიძე იყვნენ. მათი ტექსტები საინტერესო და სასარგებლოა როგორც მონაწილე დასებისთვის, ისე მაყურებლისთვის.
საკონკურსო პროგრამა გამოირჩეოდა ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით. მაყურებელმა იხილა ქართული და უცხოური დრამატურგიის ნიმუშები, არავერბალური და მუსიკალური წარმოდგენები, ასევე სპექტაკლები, რომლებშიც გამოყენებული იყო კინოს, ვიზუალური ხელოვნებისა და სტენდაფის ელემენტები.
როგორც ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი, თანამედროვე სამოყვარულო თეატრიც გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა სცენური მეტყველების პრობლემა, რომელსაც დასებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. ზოგიერთ წარმოდგენაში შესამჩნევი იყო სარეჟისორო გადაწყვეტების არაერთგვაროვნება, სპექტაკლებში ტემპო-რიტმის სისუსტე და დინამიკის ნაკლებობა. თუმცა ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი მაინც მონაწილეთა დამოკიდებულებაა - თეატრისადმი სიყვარული, პროფესიული განვითარების სურვილი და მუდმივი ძიების პროცესი.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორთა გუნდს (სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილი, გენერალური მენეჯერი ია ლოდია, პიარ მენეჯერი ანა სულამანიძე და ჯგუფის სხვა წევრები), რომელმაც ფესტივალი ზედმიწევნით კარგად დაგეგმა და განახორციელა. განსაკუთრებით დასაფასებელია მათი ძალისხმევა, რომლის შედეგადაც სულ რამდენიმე წელიწადში ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბი და პროფესიული ავტორიტეტი შეიძინა. ასეთი კულტურული მოვლენის ორგანიზება მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, ენერგიასა და გუნდურ მუშაობას, რაც ფესტივალის თითოეულ დეტალში იგრძნობოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალი არა მხოლოდ თეატრალური პროცესის განვითარების ხელშემწყობ პლატფორმად იქცა, არამედ რეგიონის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად ჩამოყალიბდა.
ვულოცავ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას და ყველა მონაწილეს მომავალ შემოქმედებით გზაზე ახალ მიღწევებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით დაგვიბრუნდება.