top of page

ეს არის პინას თეატრი

პინა ბაუშის „მაზურკა ფოგო“ თბილისის ბალეტის ფესტივალზე

Masurca-Fogo-Ein-Stück-von-Pina-Bausch-c-OliverLook.jpg

14.08.2026

ანი გონგაძე
 

ეს არის პინას თეატრი

პინა ბაუშის „მაზურკა ფოგო“ თბილისის ბალეტის ფესტივალზე

პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა მნიშვნელოვნად შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად მთავრდება ცეკვა და სად იწყება თეატრი. მის სპექტაკლებში სცენაზე მხოლოდ მოცეკვავეებს არ ვხედავთ, თითოეულ შემსრულებელს საკუთარი გარეგნობა, მოძრაობის მანერა, ხასიათი და გამოხატვის ფორმა აქვს.

2026 წლის თბილისის ბალეტის ფესტივალის ფარგლებში ვუპერტალის ცეკვის თეატრი საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ქართველ მაყურებელს პინა ბაუშის „მაზურკა ფოგო“ წარუდგინა.

ჩემთვის ამ სპექტაკლის ნახვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც თანამედროვე ცეკვის შემსრულებლისთვის, საინტერესო იყო მოძრაობაზე, შემსრულებლებსა და მათ შორის შექმნილ ურთიერთობებზე უშუალოდ დაკვირვება. ამავე დროს, როგორც თეატრმცოდნეობის მაგისტრანტი, სამაგისტრო ნაშრომში ცეკვის თეატრს ვიკვლევ, სადაც პინა ბაუშის შემოქმედებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამიტომ მისი დასის საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის შესაძლებლობა იყო, ცოცხლად მენახა თეატრალური სამყარო, რომელსაც მანამდე ძირითადად ვიდეოჩანაწერებითა და თეორიული მასალებით ვიცნობდი.

„მაზურკა ფოგო“ კლასიკური ბალეტი არ არის, ამიტომ მისგან კლასიკური ბალეტის ფორმებსა და წესებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სპექტაკლს აკლია პლასტიკა, სიზუსტე ან მკაფიოდ ქორეოგრაფიული ეპიზოდები.

ჩემდა გასაკვირად, ჩემს გარშემო მყოფი არაერთი მაყურებელი სწორედ ამ განსხვავებამ გაანაწყენა. ნაწილი ვირტუოზულ საცეკვაო ნომრებსა და ადვილად ამოსაცნობ სიუჟეტს ელოდა, რამდენიმე ადამიანმა კი ანტრაქტის დროს დარბაზი დატოვა. ისმოდა უკმაყოფილებაც იმის გამო, რომ მსგავსი წარმოდგენა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე იყო წარმოდგენილი.

სპექტაკლის მიუღებლობა, ცხადია, მაყურებლის უფლებაა, თუმცა მისი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ ეს ცეკვის თეატრია. აქ მოძრაობასთან ერთად მნიშვნელოვანია სიტყვა, ყოველდღიური ჟესტი, სიცილი, ყვირილი, დუმილი, მსახიობის ინდივიდუალობა და ადამიანებს შორის ურთიერთობა. სწორედ ის, რაც პინას თეატრს ახასიათებს.

„მაზურკა ფოგო“ პინა ბაუშმა 1998 წელს შექმნა ლისაბონის მსოფლიო გამოფენა EXPO 98-სა და ლისაბონის გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით. სათაურში „მაზურკა“ პოლონური წარმოშობის ცეკვას აღნიშნავს, ხოლო პორტუგალიური სიტყვა „fogo“ - ცეცხლს. მიუხედავად ამისა, სპექტაკლი არც მაზურკის პირდაპირი სცენური ინტერპრეტაციაა და არც ერთი კონკრეტული კულტურის წარმოდგენით შემოიფარგლება. მასში იგრძნობა პორტუგალიური გარემო, ზღვა, ფადო და სხვადასხვა კულტურის მუსიკა, თუმცა წარმოდგენის მთავარი საგანი ადამიანებს შორის ურთიერთობაა.

პირველივე წუთებიდან ყურადღებას იქცევდა მოძრაობის სირბილე, სისადავე და ბუნებრიობა. მოძრაობა ზოგჯერ მკაფიოდ ქორეოგრაფიული იყო, ზოგჯერ კი იმდენად ყოველდღიური, რომ ჩვეულებრივ ქცევას ჰგავდა. შემსრულებლები სცენაზე განსხვავებული მდგომარეობებით ჩნდებოდნენ: ტანსაცმელს იხდიდნენ, იცინოდნენ, ყვიროდნენ, ფლირტაობდნენ და ამ ქმედებებით საკუთარ სურვილებსა და ურთიერთობებს ავლენდნენ.

მნიშვნელოვანი იყო შემსრულებელთა განსხვავებულობაც. სცენაზე ვხედავდით სხვადასხვა კანის ფერის, ასაკის, გარეგნობისა და ფიზიკური მონაცემების ადამიანებს. ისინი არ ცდილობდნენ ერთგვაროვანი, იდეალიზებული საბალეტო სხეულის შთაბეჭდილების შექმნას. თითოეულ მათგანს საკუთარი პლასტიკა და სცენური ხასიათი ჰქონდა.

სწორედ ეს ინდივიდუალობა ქმნიდა ურთიერთობების მრავალფეროვნებას. ერთი და იგივე ჟესტი სხვადასხვა შემსრულებლის შესრულებით განსხვავებულ მნიშვნელობას იძენდა. ადამიანები ერთმანეთს ხან სინაზით უახლოვდებოდნენ, ხან უხეშად ექცეოდნენ, ხან კი მათი ურთიერთობა თამაშის, იუმორის ან კონკურენციის ფორმას იღებდა.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პეტერ პაბსტის სცენოგრაფია იყო. სცენის უკანა ნაწილში აღმართული დიდი კლდოვანი კონსტრუქცია სივრცეს ზღვის სანაპიროს იერს აძლევდა. სხვადასხვა ეპიზოდში იგი ხან ბუნებრივ გარემოდ აღიქმებოდა, ხან თავშესაფრად, ხან კი ადამიანებისგან დამოუკიდებელ მასად, რომელიც თავისი ზომით სცენაზე მყოფ ფიგურებს უპირისპირდებოდა.

ფონზე მონაცვლეობდა ზღვა, ყვავილები, ცხენებისა და სხვა ცხოველების სილუეტები. ეს გამოსახულებები მხოლოდ დეკორაციად არ რჩებოდა, ისინი ცვლიდა სცენის განწყობას და მოცეკვავეთა მოძრაობებს განსხვავებულ კონტექსტში ათავსებდა.

ბუნების ელემენტები პინა ბაუშის თეატრში ხშირად გვხვდება. მისი მსახიობ-მოცეკვავეებიც არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ მუშაობისას ბაუში მათ ბუნებრიობისკენ, პირადი გამოცდილებისა და მოგონებების გამოყენებისკენ მოუწოდებდა. ამიტომ ზღვა, კლდე, ყვავილები და ცხოველები შეიძლება აღვიქვათ არა მხოლოდ ვიზუალურ გაფორმებად, არამედ ადამიანის მეხსიერებასა და შინაგან მდგომარეობასთან დაკავშირებულ გარემოდ.

ცხადია, სპექტაკლის ყველა ეპიზოდის აღწერა შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ იმ მომენტებს გამოვყოფ, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

სპექტაკლიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი ზღვის ფონზე შესრულებულ ქალის სოლოს. მისი რბილი და უწყვეტი მოძრაობები გარეგნულად მარტივი ჩანდა, თუმცა თითოეული გადასვლა ზუსტად იყო გააზრებული. ამ ეპიზოდში არ იგრძნობოდა ემოციის ხელოვნური დემონსტრირება. უფრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ განცდა და მისი სხეულით გამოხატვა ერთდროულად იბადებოდა.

ზღვის ფართო ფონზე მარტო დარჩენილი ფიგურა ერთდროულად სიმშვიდისა და სევდის განცდას ქმნიდა. გარემოს მასშტაბი ადამიანის სხეულს თითქოს ამცირებდა, მაგრამ მის თითოეულ მოძრაობას უფრო შესამჩნევს ხდიდა. სწორედ ამ სიმარტივეში იყო ეპიზოდის ძალა.

საინტერესო იყო სცენები, როდესაც რამდენიმე განსხვავებული ცეკვა ერთდროულად სრულდებოდა. თითოეული შემსრულებელი საკუთარი სტილით მოძრაობდა, წყვილები თავიანთ ურთიერთობებში იყვნენ ჩართული, ხოლო მათ უკან გაჩენილი ჩრდილები სხეულების გადიდებულ გაგრძელებებს ჰგავდა.

ასეთ დროს სცენაზე ერთი ცენტრალური მოქმედება აღარ არსებობდა. მაყურებელს თავად უნდა აერჩია, რომელ შემსრულებელს ან რომელ წყვილს დაკვირვებოდა. სპექტაკლში ერთმანეთს ენაცვლებოდა სასიყვარულო, ეროტიკული, ყოველდღიური და ოჯახური სცენები. ურთიერთობები ზოგჯერ იუმორით იყო გადმოცემული, ზოგჯერ კი უხერხულობით, ეჭვიანობით, კონკურენციით ან ერთმანეთზე გავლენის მოპოვების სურვილით.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ზღვის პროექციის ფონზე შესრულებული ფინალური ნელი ვალსი. წყვილები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, საერთო რიტმს მიჰყვებოდნენ და თან ერთმანეთისთვის ტანსაცმლის გახდას იწყებდნენ. ჩემთვის ეს იყო სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და ინტიმური ეპიზოდი, სადაც სიახლოვე, ნდობა და პარტნიორის წინაშე თანდათანობით გახსნის სურვილი განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა.

ზოგი მოქმედება რამდენჯერმე მეორდებოდა და ერთი შეხედვით მონოტონურიც შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა განმეორება მაყურებელს საშუალებას აძლევდა, მოძრაობას უფრო დიდხანს დაკვირვებოდა და მისი მნიშვნელობის ცვლილება დაენახა. თავდაპირველად სასაცილო ჟესტი გამეორებისას შეიძლებოდა უხერხული ან მტკივნეული გამხდარიყო, მზრუნველობის მსგავსი ქცევა კი კონტროლს დამსგავსებოდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში სცენაზე დიდი ცხოველიც გამოჩნდა. მისი მოულოდნელი შემოსვლა ადამიანებითა და ყოველდღიური მოქმედებებით სავსე გარემოში აბსურდულ და სიზმრისეულ სურათს ქმნიდა. ჩემთვის ეს ადამიანის ინსტინქტურ ბუნებასა და იმ ნაწილს უკავშირდებოდა, რომელსაც სოციალური წესებითა და ყოველდღიური ქცევებით ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ. თუმცა ბაუშის თეატრი ასეთ სახეებს ერთ კონკრეტულ განმარტებას არ ანიჭებს.

სპექტაკლის განწყობას მუსიკაც განსაზღვრავდა. სხვადასხვა კულტურის მუსიკალური ფრაგმენტები, ფადო და ხშირად მსუბუქი, ატმოსფერული ჟღერადობა წარმოდგენას რიტმსა და მოძრაობის სურვილს აძლევდა. ზოგიერთ ეპიზოდში მუსიკის რიტმზე სხეულით აყოლა თითქმის უნებლიე რეაქცია იყო. ამავე დროს, მუსიკა ხან იუმორს აძლიერებდა, ხან ეროტიკულ დაძაბულობას, ხან კი სცენაზე მიმდინარე მოქმედებისგან განსხვავებულ განწყობას ქმნიდა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს მსახიობ-მოცეკვავეთა დამოკიდებულება მასპინძელი აუდიტორიის მიმართაც. წარმოდგენაში ქართველი მაყურებლისა და ქართული ენისადმი რამდენიმე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჟესტი გამოჩნდა. შესაძლოა, ეს დეტალები ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, თუმცა პირადად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვუპერტალის ცეკვის თეატრის მასშტაბის გათვალისწინებით, ქართველი მაყურებლისადმი გამოხატული ასეთი ყურადღება განსაკუთრებით სასიამოვნო იყო.

„მაზურკა ფოგოში“ ურთიერთობა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს ან შეყვარებულ წყვილს არ გულისხმობს. ეს არის ადამიანის ურთიერთობა საკუთარ სხეულთან, სხვა ადამიანებთან, გარემოსთან, მუსიკასთან, მეხსიერებასა და სურვილებთან. სცენაზე ვხედავთ სიახლოვისა და გაუცხოების, სიყვარულისა და ძალაუფლების, თამაშისა და დაძაბულობის მუდმივ მონაცვლეობას.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ შეუძლებელია ყველა სცენის ერთ მნიშვნელობამდე დაყვანა. ზოგი ეპიზოდი მკაფიოდ იკითხება, ზოგი მხოლოდ განცდად რჩება, ზოგი კი მოგვიანებით, გახსენებისას იძენს მნიშვნელობას. ბაუში მაყურებელს მზა დასკვნებს არ სთავაზობს. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკვირდეთ ადამიანებს, მათ ჩვევებს, სხეულებსა და ურთიერთობებს, იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ყურადღების გარეშე ვტოვებთ.

„მაზურკა ფოგო“ მეხსიერებაში რჩება არა როგორც ცალკეული საცეკვაო ნომრების კრებული, არამედ როგორც განსხვავებული ადამიანების, ბუნების, მუსიკისა და ურთიერთობებისგან შექმნილი სამყარო.

ეს არის პინას თეატრი.

bottom of page