
„ეს ფუენტე ოვეხუნაა!“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

14.08.2026
ნინო გაბედავა
„ეს ფუენტე ოვეხუნაა!“
საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში ის მოვლენაა, როდესაც მსოფლიო ბალეტის თვალსაჩინო წარმომადგენლები ქართულ სცენაზე იყრიან თავს. მაყურებელიც მოუთმენლად ელის შედგენილ პროგრამას, სიახლეებს, მოწვეულ წამყვან სოლისტებს თუ დასებს და დაუვიწყარ სპექტაკლებს. სწორედ ასე გამოირჩევა წლევანდელი საერთაშორისო ბალეტის ფესტივალიც, რომელიც 5 ივლისს დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ფესტივალი მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას გვთავაზობს, სადაც შევხვდებით, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ბალეტს.
თუმცა, მძლავრი ყურადღების ცენტრში მაინც ალექსანდრ კრეინის „ლაურენსია“ აღმოჩნდა, გიორგი ფოცხიშვილისა (ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი) და ნინო სამადაშვილის (თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი) შესრულებით, რომელთა ტანდემი სიახლე არ იყო მაყურებლისთვის, თუმცა ბალეტ „ლაურენსიაშია“ ეს ნამდვილად ახალი და აღსანიშნავია.
ბალეტის მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა, საბალეტო ხელოვნების რეფორმატორმა, რეჟისორმა ვახტანგ ჭაბუკიანმა 1939 წელს ბალეტი „ლაურენსია“ ლოპე დე ვეგას პიესის „ფუენტე ოვეხუნა“ („ცხვრის წყარო“) მიხედვით შექმნა: „მე მიტაცებს აზრი ვიმუშავო ახალი ესპანეთის ცხოვრების ამსახველ პიესაზე. მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს ესპანელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ასეთ ბალეტში მიტაცებს არა მარტო მდიდარი ესპანური კოლორიტი, არამედ თანამედროვე ესპანეთის ხალხის განცდები, ფიქრები, ზრახვები, იმედები, გმირული ბრძოლა და თავდადება სამშობლოსათვის“.[1] - ამბობდა ის და შექმნა ბალეტი ამბოხი (კომპოზიტორი - ალექსანდრ კრეინი, მხატვარი - სოლიკო ვირსალაძე, ლიბრეტოს ავტორი - ევგენი მანდელბერგი), სადაც ხალხის ერთობა უმთავრეს ძალად აქცია.
საერთოდ, ბალეტი „ლაურენსია“ საბალეტო ხელოვნებაში თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კლასიკური ბალეტების გვერდით. რა თქმა უნდა, არ მაქვს ნანახი დადგმის ავთენტური ვერსია, თუმცა ქორეოგრაფ ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ გადაღებული ფილმ-ბალეტიდან „ქართული ბალეტის ოსტატები“ (სადაც ასევე თვითონ ასრულებს მთავარ - ფრონდოზოს პარტიას) იმის ფუფუნება მაინც გვაქვს წარმოვიდგინოთ და გავიაზროთ რა მასშტაბის ბალეტი შექმნა. მოგეხსენებათ, რომ ჭაბუკიანი ბალეტის რეფორმატორია, ერთ-ერთი რეფორმა ქართული ეროვნული ბალეტების შექმნაა. ამასთან, მან მოახერხა და ესპანური ფოლკლორი შეურწყა კლასიკას, რომლის მნიშვნელოვან მაგალითს ალექსანდრ კრეინის „ლაურენსია“ წარმოადგენს.
ვიდეო ჩანაწერებისა და კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით შემოქმედებითმა ჯგუფმა ჭაბუკიანის ქორეოგრაფია შეინარჩუნა და განახლებული ვერსიით წარმოადგინა, სცენოგრაფია კი შეცვლილია: დამდგმელი მხატვარი - დავით მონავარდისაშვილი, კოსტიუმების მხატვარი - ალექსანდრ ვასილიევი. სპექტაკლის მხატვრობა საკმაოდ ფერადია, რომელიც ასახავს ესპანელი ხალხის კულტურასა და ხასიათს. თუმცა შესაძლებელია ითქვას, რომ ფერების სიჭარბე, გარკვეულწილად, გადატვირთულია, რაც ჩემი აზრით არღვევს ჰარმონიას და ამძიმებს ვიზუალურ აღქმას.
ბალეტი ლოპე დე ვეგას უკვდავ პიესას მიყვება. აქ მთავარი გმირია ხალხი, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენს, რათა დაამხოს ტირანია. სწორედ, „ცხვრის წყაროს“ მოსახლეობის ძალისხმებით მარცხდება უსამართლობა და, ვისთვისაც ცნობილია პიესა, აუცილებლად გაახსენდება ხალხის განაცხადი: „ეს ფუენტე ოვეხუნაა!“, რომ მათ ერთიანი ძალით გაიმარჯვეს. სპექტაკლიც გამარჯვებაა, რომელიც სავსეა ესპანური ფოლკლორით.
გიორგი ფოცხიშვილი ფრონდოზოს გმირულ სახეს ქმნის. მან ქორეოგრაფიული ენით აამეტყველა ჰეროიკული ხასიათი, განწყობა, თავისი სამსახიობო ოსტატობით უსიტყვოდ გადმოსცა გმირის განცდები და ესპანური ტემპერამენტი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მეტად შესამჩნევია ფინალურ სცენაში - გამარჯვების ვარიაციაში, სადაც ოსტატურად იყენებს ესპანურ საკრავს კასტანეტებს და ჭაბუკიანის ცნობილ ქორეოგრაფიას აცოცხლებს. თუმცა, მან თავისი ინდივიდუალური ფრონდოზო შექმნა, უფრო ლირიული, ვიდრე მკვეთრად მეამბოხე.
ნინო სამადაშვილმა კი ლაურენსიას ისეთი სახე შექმნა (განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე მოქმედებიდან), რომ წარმოდგენის პროცესში თითქოს პიესიდან გარკვეული ნაწყვეტები გახსენდება. ეს მკვეთრად გამოჩნდა სცენაში, სადაც ის მოუწოდებს ქალებს: „დავირაზმოთ... შევქმნათ ქალების საბრძოლო რაზმი - უმაგალითო, ჯერ არნახული!“[2] - ქორეოგრაფიული ენა ორგანულად ერწყმის ლაურენსიას მონოლოგს. ის მეამბოხეა, შეუპოვარი, ძლიერი ნებისყოფის, რომლის მუხტი მაყურებელსაც კი გადაეცემა და სცენაზე შექმნილ საბრძოლო ატმოსფეროში ითრევს. ამ ბრძოლის ატმოსფეროს კორდე ბალეტი ფონად კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.
სოლისტების საშემსრულებლო ოსტატობა, მათი ტექნიკა, ფიზიკა, გაოცებს და გიპყრობს, კორდე ბალეტის სინქრონი კი გატყვევებს, რაც მეორე მოქმედებიდან მეტად ცეკვადია. ამ მასობრივ ქორეოგრაფიაში იჭრება ბოშური ცეკვა, რომელსაც ბალერინა ელენე ღაღანიძე ასრულებს. თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით ერთ-ერთი თვალსაჩინო და დასამახსოვრებელი მსახიობია. ოსტატურად გადმოსცემს ბოშა ქალის განწყობას, ხოლო მისი გრძელი, მოქნილი და მეტყველი ხელების პლასტიკა განსაკუთრებულ გამომსახველობას ანიჭებს პერსონაჟის შინაგან სამყაროს.
საბოლოოდ, „ლაურენსიას“ თანამედროვე ვერსია ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელებაა. დადგმაში მკაფიოდ იკითხება შესავალი, ამბის განვითარება და ეპილოგი, რაც სპექტაკლის მთლიანობის მანიშნებელია, ანუ კომპოზიციურად შეკრულია წარმოდგენა. ეს არის ბალეტი, სადაც მხოლოდ მსახიობების ტექნიკური შესაძლებლობები კი არ გიპყრობს, არამედ თავისუფლების, ღირსებისა და ხალხის ერთობის იდეა კვლავ ცოცხლდება და მაყურებელს შეუძლია უსიტყვოდ წაიკითხოს ამბავი.
ფოტოების ავტორი - ელენე წულეისკირი
[1] ნებიერიძე ლ., ჯანგველაძე დ., ვახტანგ ჭაბუკიანი 100, თბილისი, 2010 წ., 18გვ.
[2] ლოპე დე ვეგა „ფუენტე ოვეხუნა“ („ცხვრის წყარო“).