top of page

ევროპა თეატრს 2011

logo.png

ევროპა – თეატრს, 2011

ირინა ღოღობერიძე

„ევროპის  ჯილდო –  თეატრს“ (Premio Europa per il Teatro), ასეთი სათაური ჰქონდა პროექტს, რომელიც 1986 წელს ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ჯორჯო სტრელერმა და საფრანგეთის იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა ჯეკ ლანგმა ევროპის კულტურის კომისიას წარუდგინეს. წესდების თანახმად, დიდი ჟიური, რომელშიც ევროპის ჯილდოს დირექტორატის წევრები, სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალური ასოციაციების წარმომადგენლები, თეატრმცოდნეები, ჟურნალისტები, დრამატურგები შევიდოდოდნენ, კონსულტანტთა საერთაშორისო საბჭოს მიერ დასახელებულ კანდიდატებს შორის შეარჩევდა „ხელოვანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვოდა თეატრალური ხელოვნების განვითარებაში“. გამარჯვებულს, პატარა ქანდაკებასთან ერთად, გადასცემდნენ 40,000 ეკიუს (დღეს ფულადი ჯილდო 60,000 ევრომდეა გაზრდილი). საპილოტო პროექტის სახით წამოწყებული ინიციატივა მალე პოპულარული გახდა  და თეატრის „ოსკარადაც“ მოინათლა, თუმცა მსოფლიოს თეატრალები მას ძველებურად „პრემიოს“ უწოდებენ. ევროპის დიდი ჯილდოს   პირველი მფლობელი 1987 წელს ფრანგი რეჟისორი  არიან მნუშკინი და მისი „მზის თეატრი“ გახდა. მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ პიტერ ბრუკი, ჯორჯო სტრელერი, ჰაინე მიულერი, პინა ბაუში, მიშელ პიკოლი, ჰაროლდ პინტერი, ბობ უილსონი, ლუკა რონკონი...

2002 წელს, დაარსებიდან თითქმის 15 წლის შემდეგ, უკვე ცნობილი და პრესტიჟული ორგანიზაცია ევროპარლამენტმა სცნო, როგორც „ევროპული კულტურის ინტერესების დამცველი იურიდიული პირი“.

ევროპის ჯილდოს დაწესების მესამე წელს კონსულტანტთა საბჭომ და ევროპარლამენტის კულტურის კომისიამ გაითვალისწინა თანამედროვე თეატრში მიმდინარე ცვლილებები (ახალი ესთეტიკა, ვიზუალური, თუ ტელე–კინო ეფქტების შემოჭრა თეატრალურ სივრცეში და სხვ.) და გადაწყვიტა კიდევ ერთი პრიზის – „ახალი თეატრალური რეალიები“- დაწესება. ამისათვის გამოიყო 40 ათასი ევრო, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე გამარჯვებულზე გადანაწილდებოდა. დასაბუთებაში ნათქვამია: „ჟიურიმ და კონსულტანტთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ  ეს ჯილდო უნდა იქცეს სხვადასხვა ფორმებისა და ესთეტიკის მქონე ახალი ევროპული თეატრის შეხვედრისა და შეპირისპირების ადგილად. ნომინანტი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი კომპანია, თეატრი, შემოქმედებითი ჯგუფი, რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი“. სწორედ „ახალი რეალიების“  ნომონანტები გახდნენ რეჟისორები ანატოლი ვასილიევი,  ეიმუნტას ნეკროშუსი,  კრისტოფ მარტალერი, სერბი დრამატურგი ბილიანა სრბლიანოვიჩი, გერმანელი ქორეოგრაფი საშა ვალცი, ბრიტანული თეატრი „როიალ ქორთი“,  რომელმაც სარა კეინი, მარკ რავენჰილი, ქონორ მაკფერსონი, მარტინ მაკდონაჰი და ჯეს ბეთერუორდი, ანუ „ახალი ტალღის“ დრამატურგები გააცნო ევროპას. შთამბეჭდავი იყო გასული, 2010 წლის ხუთივე ლაურეატი: ჩემი რჩეული და ძალიან საინტერესო „ჰეფენინგისტი“, უნგრელი არპად შილინგი; დახვეწილი ესთეტი, ფრანგი ფრანსუა ტანგი და მისი თეატრი „რადო“; წარმოუდგენლად ენერგიული, ვიტყოდი, სულ ელექტროშოკურ მდგომარეობაში მომუშავე იტალიელი მსახიობი და რეჟისორი პიპო დელ ბონო თავისი მონო სპექტაკლებით; ესპანელი როდრიგო გარსია  უკიდურესად ცივი, გააზრებულ და მარტივ მეტაფორებზე აგებული მიზანსცენით და მელანქოლიური ბელგიელი გი კასიერი, რომლის პერფორმანსებზე, ვერავინ გავიგეთ რატომ, მთელი ევროპა ჭკუას კარგავს...

„პრემიოს“ პირველი ცხრა გამოცემა ბიენალეს სახით, ანუ ორ წელიწადში ერთხელ,  სიცილიის პატარა ქალაქ ტაორმინაში იმართებოდა. დაჯილდოების მეათე ცერემონიამ 2005 წელს ტურინში (უფრო ზუსტად „ტორინოში“) გადაინაცვლა. სწორედ ტორინოს შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ევროპის ჯილდო გააფართოვებდა გეოგრაფიულ არეალს და  „მოძრავი“ გახდებოდა. ამგვარად, პრემიოს მომდევნო სამ ცერემონიალს თანმიმდევრულად საბერძნეთმა  (თესალონიკი)  და პოლონეთმა (ვროცლავი) უმასპინძლეს.

წელს ევროპის ჯილდოს მეთოთხმეტე და „ახალი თეატრალური რეალიების“ მეთორმეტე გამოცემა რუსეთის, ალბათ, ყველაზე  დიდი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქს, პეტერბურგს ეწვია. სავსებით ბუნებრივია, რომ 2011 წლის „პრემიო“ აშკარად რუსული აქცენტებით იყო გაჯერებული, მით უფრო, რომ ორი  პრიზი (დიდი ჟიურის „სპეციალური“ და ერთი „ახალი რეალიები“)  ორი რუსი ხელოვანისთვის უნდა გადაეცათ.

პირადად ჩემთვის „რუსული აქცენტები“ გაცილებით ადრე, პრემიოს ორგკომიტეტიდან მოწვევის მიღებისთანავე დაიწყო. ალბათ პირველად გავაცნობიერე, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთის გარდა, თავისუფლად ვმოძრაობ და ვიზის მიღება-არმიღების პრობლემას ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე არ შევუწუხებივარ. ორგანიზატორებს ოდნავ ირონიული, მაგრამ ძალიან ზრდილობიანი წერილი მივწერე: ასე და ასე, რა ხანია პრემიოს ერთგული ვარ, მაგრამ ამჯერად ვერას გავხდები, რადგან ჩემს ქვეყანას, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ,  განსაკუთრებული სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული და ჩემთვის   პრემიოს საქართველოში ჩატარება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე რუსეთში ჩამოსვლა, თანაც ჩვენი საზღვარი ყველასთვის, მათ შორის რუსებისთვისაც  ღიაა. ჩემს გზავნილს ორკვირიანი დუმილი და შემდეგ მომენტალური რეაქცია მოჰყვა: ამოძრავდა პრემიოს შტაბ–ბინა და ორგკომიტეტი, მათი პარტნიორ-კონსულტანტი კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, რომლის წევრიც ვარ, და, რა თქმა უნდა, მიმღები მხარე – ფესტივალი „ბალტიის სახლი“. ამგვარად, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო „ივენთს“ და მსოფლიოს თეატრალების თავშეყრას რომ არ მოვაკლდი, უპირველეს ყოვლისა, სამ კონკრეტულ პიროვნებას უნდა ვუმადლოდე: ალესანდრო მარტინესს, პრემიოს უცვლელ, ენერგიულ და ნებისმიერ ქვეყანაში კეთილგანწყობილ გენერალურ მდივანს; სერგეი შუბს, თეატრალური ფესტივალის „ბალტიის სახლი“ გენერალურ დირექტორს და ნიკოლაი პესოჩინსკის, პეტერბურგის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრორექტორს, შესანიშნავ თეატრმცოდნეს და კოლეგას, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციაში უპირატესობას ზნეობრივ ფასეულობებს, განსაკუთრებით კი თეატრალური ჰამქარისადმი ერთგულებას, ანიჭებდა. ერთი სიტყვით,  გამგზავრებამდე ორი დღით ადრე აღებული ვიზითა და ბილეთით, მაინც აღმოვჩნდი იმ ქალაქში, სადაც ბოლოს 2004 წელს ვიყავი რუსთაველის თეატრთან ერთად.

ულამაზესი პეტერბურგი, რომელიც თანამედროვე  რუსულ იმპერიას გენიოსი ევროპელი არქიტექტორებისაგან სამუდამო საჩუქრად შერჩა, გარეგნულად ოდნავ განახლებული, მაგრამ მაინც  უცვლელი დამხვდა. ეს ქალაქი ავადსახსენებელი კომუნისტური რეჟიმის დროსაც  განსახვავდებოდა დანარჩენი რუსეთისაგან; ხალხი აქ უფრო სალმიანი ჩანდა, თეატრები –  უფრო საინტერესო და თავისუფალი.

პეტერბურგს თითქოს დღესაც თან სდევს პუშკინის, დოსტოევსკის, ჩეხოვის, მეიერჰოლდის, პასტერნაკის და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი პეტერბურგელის ევროპული სულიერება, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ბევრი რამ ამ ჩრდილოეთის დედაქალაქში დღესაც „საბჭოურად“ უცვლელი რჩება, მაგალითად, ერთ ღონისძიებაზე ჩასულ ხალხს სასტუმროში ისევ გეოგრაფიულ-პოლიტიკური ნიშნით ასახლებენ – აქეთ დასავლეთი, იქით ექს-კომუნისტური სივრცის ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, სერბეთი: თითქოს ჩამესმა კიდეც ადრე არაერთხელ გაგონილი რეპლიკა: „и так сойдет, они же свои“. არადა, „მათი“ უკვე აღარავინ არის, პირიქით, ყველა მათგან განსხვავებულია; განსხვავებულია, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების აბსოლუტური შეგრძნებით.

თუმცა, თეატრი და თეატრალური სამყარო თითქმის ყველგან ერთნაირია – გახსნილი, უნივერსალური, კომუნიკაბელური. პრემიოს დღეებიც სწორედ ამ ნი შნით წარმართა .

ევროპის „დიდი ჯილდოს“ მეთოთხმეტე ლაურეატი გერმანელი პიტერ შტაინი გახდა, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთ-ერთ წამყვან, უფრო მეტიც, სიმბოლურ ფიგურად ითვლება ევროპულ თეატრში. თავისი პირველი სპექტაკლი, ედვარდ ბონდის „გადარჩენილნი“ მან ბრემენში 1965 წელს დადგა, ამას მოჰყვა სპექტაკლები მიუნჰენში, ბერლინში, ციურიხში... 1970–85 წლებში  პიტერ შტაინი ბერლინის შაუბიუჰნეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და სწორედ ამ პერიოდში დაიდგა მისი გახმაურებული, დიდი სპექტაკლები: ენრიკ იბსენის “პერ გუნტი“, ვსევოლოდ ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“, ჰაინრიხ ფონ კლაისტის „პრინცი ფრედერიკ ფონ ჰომბურგი“, ესქილეს ცხრასაათიანი „ორესთეა“, რომელიც შტაინმა მოგვიანებით (1993წ.) მოსკოვის „წითელი არმიის თეატრში“  უკვე ახალი რედაქციით წარმოადგინა. შტაინის სახელთან ასოცირდება ყველაფერი, რაც თეატრში ფინანსურად თუ სივრცობრივად გრანდიოზული და მასშტაბური შეიძლება იყოს: 1992–1997 წლებში ზალცბურგის ფესტივალის ხელმძღვანელობა, ოთხმოციანი წლების მიწურულს მოწყობილი ლამის მსოფლიო ტურნე სპექტაკლებით „ორესთეა“ და „ტიტუს ანდრონიკუსი“, ედინბურგის ფესტივალთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ფესტივალის ფარგლებში განხორციელებული  ჩეხოვის „ძია ვანია“, შექსპირის „ტროილუსი და ქრესიდა“ და ბევრი სხვა; წარმატებული საეთაშორისო თეატრალური პროექტები, ტრეინინგები, მასტერკლასები, კონფერენციები, და მათ შორის ყველაზე ამბიციური, ბერძნულ–იტალიური პროექტი , ჰენრიკ ფონ კლაისტის „პანთეზილეა“, რომელმაც ევროპისა და ამერიკის ყველა ქვეყანა მოიარა. შტაინის ბოლო ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ჰანოვერის ექსპო 2000–ზე წარმოდგენილი, ოცდაერთსაათიანი „ფაუსტუსი“, შილერის „ვალენშტაინი“, სოფოკლეს „ელექტრა“ (2007წ.), იტალიელ მსახიობებთან ერთად დადგმული დოსტოევსკის „ეშმები“; სოფოკლეს „ოიდიპოსი კოლონაში“ (2010 წ., ზალცბურგის ფესტივალი).

პიტერ შტაინის თქმით, მისთვის „მთავარია  ნაწარმოების სამყაროს  გახსნა... სპექტაკლების თეატრალობას თვით ნაწარმოების ენა, ისტორიული კონტექსტი, საზოგადოების სხვადასხვა ფენების ფსიქოლოგიურ–რეალისტური ჩვენება ქმნის“.    ალბათ, ამ ესთეტიკით არის განპირობებული მისი მიზანსცენის მასშტაბურობა, ხშირად გამაღიზიანებელი პედანტურობა, ნებისმიერი სიტყვისა თუ მოძრაობის „დამაჯერებლად“ დასაბუთებული მოტივაცია.  ამასთანავე, რაოდენ საკვირველი არ უნდა იყოს, მის რეჟისურას სცენური სივრცის მოულოდნელი, უჩვეულო გამოყენებაც ახასიათებს. ალბათ, ამიტომაც,  შტაინი აღიარებულია ნებისმიერი სირთულის ტექსტისთვის ვიზუალური, ქმედითი ფორმის მოძებნის დიდოსტატად.

პიტერ შტაინი საკუთარ თავს „მსახიობთა მოტრფიალე რეჟისორად“ მიიჩნევს და ყოველთვის საუკეთესოებთან  მუშაობს (ბრუნო განცი, მადალენა გრიპა, კლაუს მარია ბრანდაუერი...). პეტერბურგშიც, სადაც მან „ბერლინერ ანსანბლთან“ ერთად დადგმული ჰაინრიხ ფონ კლაისტის „გატეხილი დოქი“ (2010 წ.) ჩამოიტანა, მთავარ როლს ფანტასტიური კლაუს მარია ბრანდაუერი ასრულებდა, რომელმაც მიზანმიმართულად, ერთგვარი ფიზიოლოგიური სიზუსტითაც კი, მოქარგა ბრიყვი, მექალთმანე მოსამართლის სახე.

შტაინი, სხვათა შორის, პრემიოს მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი მოულოდნელი რაკურსით წარსდგა: ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე ის პირველად დადგა სცენაზე, როგორც მსახიობი და  ერთსაათიანი „ფაუსტუსი – ფანტაზია“ „წაიკითხა“. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაწერილ მუსიკას ცოცხლად ასრულებდა თავად კომპოზიტორი არტურო ანეკინო. უდავოდ საინტერესო კითხვა იყო, თუმცა, უცნაურია, რომ დიდმა რეჟისორმა ვერ (თუ არ?) გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პრიზების გადაცემის „საბჭოურად“ პომპეზური ცერემონიალის შემდეგ (რეჟ. ანდრეი მოგუჩი) გოეთეს ფილოსოფიურ რომანტიზმში დაბრუნება მაყურებელსაც გადაღლიდა  და ერთგვარ დისონანსად გაიჟღერებდა.

 ახალი თეატრალური რეალიების XII ჯილდო წელს ექვსად გაიყო. ლაურეატები გახდნენ: ფინელი რეჟისორი კრისტიან სმედი, რომელმაც პოლ ოსტერის რომანის მიხედვით დადგმული  „ბატონი ვერტიგო“ ჩამოიტანა; ჩეხმა რეჟისორმა  ვილიამ დოჩოლომანსკიმ სპეციალურად პეტერბურგის პრემიოსთვის შექმნილი, საკმაოდ უღიმღამო, ქორეოგრფიული სპექტაკლი  „თეატრი“ და ჯერ დაუმთავრებელი პერფორმანსი „დაქალები“ გვაჩვენა. ლაურეატებს შორის იყო, აგრეთვე,  ორი თეატრი, „ვესტურპორტ“ (ისლანდია) და  „მერიდიონალი“ (პორტუგალია). უნდა ითქვას, რომ საინტერესო, მაგრამ ტექნოეფექტებით მოსაბეზრებლად გაჯერებული „ბატონი ვერტიგოს“ შემდეგ კრიტიკოსთა და, ვფიქრობ, მაყურებელთა სიმპათიაც სწორედ ამ  თეატრებმა დაიმსახურა. ჩრდილოევროპულ ქვეყნებში უკვე ცნობილმა ისლანდიელმა რეჟისორმა გისლი ორნ გარდარსონმა  თავისი გახმაურებული „ფაუსტუსი“ და 2011 წლის პრემიერა, კაფკას „მეტამორფოზა“ წარმოადგინა, ხოლო პორტუგალელი რეჟისორის მიგელ სეაბრას საოცრად ემოციურმა მონოსპექტაკლმა „კაბო ვერდე“ ჩვენი ძველი, არაჩვეულებრივი  „წუთისოფელი ასეა“ (რეჟ. ნუგზარ ლორთქიფანიძე) გამახსენა. ნაკლებ საინტერესო იყო, აშკარად კრისტოფ მარტალერის სტილში გადაწყვეტილი სეაბრას მეორე სპექტაკლი „1974“.

მეექვსე ლაურეატს, ბრიტანელ ქეით მიჩელს სპექტაკლი არ ჩამოუტანია, მაგრამ პრესკონფერენციაზე თავის მუშაობის სტილზე და სამომავლო გეგმებზე ძალიან დამაჯერებლად და ხატოვნად ილაპარაკა.  

რუსულმა აქცენტებმა პრემიის ოფიციალურ პროგრამაში საკმაოდ ძლიერად გაიჟღერა: ჟიურის „სპეციალური პრიზი“ წელს ტაგანკის სამხატვრო ხელმძღვანელს იური ლუბიმოვს გადაეცა შემდეგი ფორმულირებით: „უპირობო სტატუსის მქონე ხელოვანი. ლუბიმოვის შემოქმედებამ, რომელიც  საბჭოთა კავშირიდან თანამედროვე რუსეთზე გადასვლის მომასწავებელი იყო, ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა პერესტროიკის პერიოდში“.

ახალი რეალიების ექვს ლაურეატს შორის დასახელდა, აგრეთვე, პეტერბურგელი რეჟისორი ანდრეი მოგუჩი; ევროპის ჯილდოს პროგრამის ტრადიციულ და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სექციაში „დაბრუნებანი“, რომელიც პროგრამაში ძველი ლაურეატების ჩართვას გულისხმობს, ევროპის თეატრალური პრემიის მერვე ლაურეატის ლევ დოდინის „დაბრუნებით“ აღინიშნა.

ოფიციალური პროგრამის გარდა, საკმაოდ მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი სანკტ-პეტერბურგის თეატრებიც: პუშკინის სახელობის სახელმწიფო თეატრის („ალექსანდრინკას“ თეატრი) სამხატვრო ხელმძღვანელის ვალერი ფოკინის სპექტაკლი „თქვენი გოგოლი“; პოლონელი რეჟისორის ანჯეი ბუბენის „დანიელ შტაინი, თარჯიმანი“ (ავტორი – ლიდია ულიცკაია, „ვასილევის კუნძულის თეატრი“); პროვოკატორ რეჟისორად მონათლული ანდრე ჟოლდაკის „მოსკოვი – პეტუშკი“ ერთ დროს ძალიან გახმაურებული ვენედიკტ ეროფეევის იგივე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

ალბათ, მაინც პრემიის ჟიურის სპეციალური პრიზის ლაურეატით იური ლუბიმოვით უნდა დავიწყო, რომელმაც პირველსავე დღეს, გახსნის პრეს-კონფერენციის შემდეგ, ლენსოვეტის თეატრში ტონინო გუერას პოეტური კრებულის „ცხოვრების გახსენება“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თაფლი“ გვაჩვენა. წარმოდგენა პრაქტიკულად თეატრის ფოიეში შესვლისთანავე დაიწყო: ტონინო გუერას ნახატები, ფოიეში მაყურებელთან მოლაპარაკე, ვერ გავიგე  თხა თუ ვაცი; კომპოზიტორ მაქსიმ შნიტკეს მუსიკალური თემები, რომელიც თითქოს კრავდნენ და სახიერებას მატებდნენ ტონინო გუერას პარადოქსულ სამყაროს... ეს ყველაფერი ფოიეში დაგვხვდა, თუმცა სცენაზეც გუერა იყო გამეფებული თავისი პანოებით, მოზაიკებით და ოვალური ფანჯრებით, რომელთა მიღმა წითელ-მწვანე, თუ ყვითელ-ცისფერი პეპლები დაფრფატებდნენ. ავანსცენაზე ამაყად იდგა ბუტაფორული ბუშტი – ახლად, ჯერ შეუმშრალი საღებავით მოხატული დედამიწა, სადაც ორი წერტილით მონიშნული  გუერას ბავშვობის სოფელი სანტარკანჯელო დი რომანია და მოსკოვში ლუბიმოვის ტაგანკას თეატრი ტეხილი ხაზით იყო შეერთებული. ვინ იცის, იქნებ ამბავი, რომელსაც გუერა და ლუბიმოვი გვიამბობდნენენ, ორივე წერტილში ხდებოდა. პატარა იტალიური  სოფლის წარსული ცხოვრება თითქოს დღევანდელობაზე იყო პროეცირებული. ორ ძმას სახელები (io – მე და fratello – ძმა), როგორც სხვა პერსონაჟებს,  ზურგზე ეწერათ. ძმები მთელი ცხოვრება ჩხუბობდნენ, მაგრამ სიკვდილმა ისინი შეარიგა და შფოთით სავსე წარსული გაახსენა როგორც „დანის წვერზე გასინჯული სიცოცხლის თაფლი“.

ტონინო გუერას „თაფლი“ სიბრძნით, ტკივილითა და სიხარულით გაჯერებული იგავია. ლუბიმოვის სპექტაკლი - პლაკატური  და პათეტიკური. ხალხური ცხოვრების ტილოს შექმნის შეუნიღბავი მცდელობა განზოგადებას უკარგავს მას და მსუყე, რეალისტურ პასტორალად აქცევს. აქ მაქსიმ შნიტკეს საოცრად თეატრალური მუსიკაც  კი  სხვაგავარად ჟღერს. სხვათა შორის, ზოგიერთ სიმღერაში თუ გარითმულ რეპლიკაში ისევ ლუბიმოვის სათაყვანებელი ვლადიმირ ვისოცკი იგრძნობოდა, თუმცა ისიც აშკარად ჩანდა, რომ ამ გენიალური ბარდის სიკვდილის შემდეგ, რეჟისორი მსახიობებში მხოლოდ ისეთ ტიპაჟებს ეძებს, რომლებიც მის „დავალებას“ ზედმიწევნით შეასრულებენ. გამონაკლისი სპექტაკლში მხოლოდ ფრატელოს როლის შემსრულებელი, რუსული კინოს უცნობილესი მსახიობი ვალერი ზოლოტუხინი იყო. 

პრესკონფერენციაზე ლუბიმოვმა საკმაოდ ხისტად განაცხადა: „მე „პლაკატნიკი“ რეჟისორი ვარ, ტაგანკა საავტორო თეატრია. თეატრი მიჰყავს მას, ვინც თეატრს აკეთებს, სპექტაკლს კი, როგორც იცით,  რეჟისორი არჩევს და დგამს. ვერ ვიტან კულისებსმიღმა, დილეტანტურ რეჟისურას. ჰამლეტს ვეღარ დავუბრუნდები, ვისოცკი აღარ მყავს. ის თვითონაც პოეტი იყო და შექსპირის კარგად ესმოდა, დოსტოევსკის „იდიოტის“ დადგმაც მინდოდა, მაგრამ მსახიობი ვერ შევარჩიე“.

93 წლის ლუბიმოვი ცოცხალი, კატეგორიული და პირდაპირი ადამიანია. პრესკონფერენციაც, რომელიც ჟურნალისტ სვანიძეს მიჰყავდა, ასეთივე იყო: ცოცხლად, შეულამაზებლად პასუხობდა. მაგრამ სპექტაკლიდანაც და პრესკონფერენციიდანაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისევ იქ, 70-იანი წლების ტაგანკის მოედანზე ხალხში ტრიალებს. ერთგვარი თამაში, კომიკურობა სპექტაკლის მსვლელობისაც ჩანდა. მთელი სპექტაკლი ლუბიმოვი შუა გასასვლელში,  მე-5 რიგის დონეზე იჯდა და  ასისტენტთან ერთად, მინი-პროჟექტორით სცენას ანათებდა, თითქოს აქცენტებს სვამსო, მაგრამ მის მიერ დასმული აქცენტები საკმაოდ ლაღად, (ვესესხები ლუბიმოვს!) პლაკატურად განათებულ მიზანსცენაში საერთოდ არ იკითხებოდა. იქვე,  მის გვერდით ვიჯექი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დიდი რეჟისორი მიზანმიმართულად, ოდნავ პერვერტულადაც კი, თამაშობდა თავნება ვარსკვლავს, რომელსაც ცხოვრებამ დიდი დოზით და არა დანის წვერზე მიართვა გამარჯვების უტკბესი თაფლი.

როგორც უკვე ავღნიშნე, პრემიოს სექცია „Ritorni“ – დაბრუნება წელს ლევ დოდინით და მისი ბოლო სპექტაკლით, რაღა თქმა უნდა, ჩეხოვით („სამი და“) იყო წარმოდგენილი. ლევ დოდინის 80-90-ანი წლების სპექტაკლები  რუსული თეატრის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებად შემომრჩა. 1980 წელს მოსკოვში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების მერე (1989) დადგმული „ვარსკვლავები მოწმენდილ ცაზე“ ან ხუთი–ექვსი წლის შემდეგ უკვე პარიზში ნანახი „გაუდიამუსი“, „ჩევენგური“, „კლაუსტროფობია“ საბჭოთა და, ზოგადად, რუსული ყოფის შეუნიღბავი, სასტიკი ჩვენებით და სადა, მაგრამ დაძაბული და ზუსტი რეჟისურით გამოირჩეოდა. დოდინის თეატრი ყოვერლთვის რუსული ფსიქოლოგიური თეატრის ტრადიციების გამგრძელებელი და სამსახიობო თეატრი იყო. უცხოეთში წასულ რუსი რეჟისორებისგან განსხავავებით, დოდინი ერთგავარ კონფორმისტულ „გარიგებაზე“ არასდროს წასულა და თავის სპექტაკლებში არ შეუტანია „რუსული კიტჩი“, ანუ ის რუსული „შეფერილობა“, რომელიც დასავლეთის მაყურებელზე იყო მიზანმიმართული. პეტერბურგის პრემიერაც ასეთივე იყო. სხვა სპექტაკლებთან შედარებით შესაძლოა უფრო სუსტი, მაგრამ დახვეწილი, კლასიკური მიზანსცენა და „მალი თეატრის“ მსახიობების მიერ ნატიფად, რუსული თეატრისთვის ჩვეული პათეტიკის გარეშე გამოძერწილი პერსონაჟები ჩეხოვისეულ სამყაროს გამჭირვალესა და ნოსტალგიურს ხდიდა.

პრემიოს პროგრამაში ახალი რეალიების ლაურეატმა ანდრეი მოგუჩიმ მეტერლინკის „ლურჯი ფრინველის“ ერთგვარი კომპიუტერული ვერსია აჩვენა.

მეიერჰოლდის კვალდაკვალ მოგუჩიმ შექმნა ფორმალური თეატრი და სახელი გაითქვა უჩვეულო, ვიტყოდი, სკანდალური დადგმებით. რა თქმა უნდა, პირველივე სპექტაკლის შემდეგ, მოგუჩი ავანგარდისტად და ფორმალისტად მოინათლა და არც თუ უსამართლოდ, რადგან აშკარად გატაცებულია თეატრის ახალი ფორმების ძიებით/ ამისთვის თავის დადგმებში  იყენებს ყველაფერს – კლასიკურ ბალეტსა და მოდერნ-დანსს, კინოს მულტიმედიურ ეფექტებს თუ საცირკო შოუს. ასეთია არიოსტოს „შლეგი როლანდი“ – გოთურ სტილში დადგმული ქუჩის პერფორმანსი; „კრაკატუკი“ („მაკნატუნა“) ჰოფმანის ცნობილი ზღაპრის მიხედვით, სადაც ჩაიკოვსკის მუსიკა უჩვეულო როკ-ფორმატში იყო გადაყვანილი. „დარჩა კი რამე ჰოფმანისაგან თქვენს მიერ წარმოდგენილ ამბავში“, ჰკითხეს რეჟისორს. „ეს ჰოფმანია“, უპასუხა მან, „მაკნატუნა სიყვარულისა და ოცნების რომანტიკული ისტორიაა, რომელსაც მე 21-ე საუკუნის მაყურებელს ვუყვები“.

„ლურჯი ფრინველიც“ თვალის მომჭრელი სპეც-ეფექტებით იყო გადატვირთული, თუმცა ამ სპექტაკლში აშკარად  მულტფილმების ესთეტიკა ჭარბობს. მიზანსცენა და, შესაბამისად, მოქმედებაც თითქოს სამგანზომილებიანი CD-ს ფორმატშია გადაწყვეტილი. თეატრალური ქმედების, ამბის თხრობის ლოგიკური სტრუქტურა აბსოლუტურად დარღვეულია. სპექტაკლში ჩართულია ყველაფერი, რამაც შეიძლება თვალისმომჭრელი სანახაობა შექმნას. მაგრამ ამ ვიზუალურად საინტერესო თეატრალურ ორომტრიალში, ვფიქრობ, დაკარგული იყო ზღაპარი და, მასთან ერთად, ის საოცნებო ლურჯი ფრინველი, რომელიც არა მარტო ბავშვებს, არამედ ჩვენ, დიდებსაც ძალიან გვჭირდება. რა თქმა უნდა, საბავშვო სპექტაკლი ფერადოვანი, ვიზუალური, ფანტაზიითა და სიურპრიზებით გაჯერებული უნდა იყოს, მაგრამ მეტერლინკის გაჟღენთვა მხოლოდ რუსული და, ამასთანავე, დოსტოევსკისეული სულისკვეთებით ყალბი და სახიფათოც მომეჩვენა. საბჭოთა ამპირის „მოგუჩი“ (ვინც რუსული დაივიწა, შევახსენებ, რომ მოგუჩი ძლიერს ნიშნავს) ესთეტიკა,  რომელიც  ამ სპექტაკლში აშკარად იკითხებოდა, ბავშვებისთვის საზიანოც შეიძლება იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ პატარებს ერთ ყალიბში ჩამოსხმული, მონუმენტური აზროვნებისკენ უბიძგებს. პრესკონფერენციის დროს მოგუჩიმ   საინტერესოდ ილაპარაკა თავის ძველ სპექტაკლებზე, სცენური სივრცის გამოყენების შესაძლებლობებძე, სამომავლო გეგმებზე. იმედია, რომ ეს არაორდინარულად მოაზროვნე რეჟისორი საბავშვო სპექტაკლებისთვისაც გამონახავს ისეთ განზომილებას, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით მონუსხული ბავშვები არც ზღაპარს დაკარგავენ და თეატრალური სანახაობითაც მოიხიბლებიან.

პეტერბურგის პრემიოს მიმოხილვას შეგნებულად გამოვაკელი „სანკტ– პეტერბურგის თეატრების სპეციალური პროგრამა“ – „ალექსანდრინკას“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვალერი ფოკინის „თქვენი გოგოლი“ და პოლონელი ანჯეი ბუბენის მიერ ლენსოვეტის თეატრში დადგმული ლიდია ულიცკაიას „დანიელ შტაინი, თარჯიმანი“ და უკრაინელი (და არა რუსი!) ანდრეი ჟოლდაკი. თუმცა ჟოლდაკს ორიოდ, არც თუ სახარბიელო სიტყვას მაინც შევაწევ.  თავხედი  და დამანგრეველი ენერგიით სავსე მისი ადრინდელი სპექტაკლები („ტარას ბულბა“, „ჰამლეტი“, „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“), რომლებიც გრენობლში, ვროცლავსა და პარიზში მაქვს ნანახი, გაცილებით უფრო ძლიერი და საინტერესო იყო, ვიდრე პრემიოსთვის საგანგებოდ დადგმული ეროფეევის „მოსკოვი–პეტუშკები“, სადაც რუსული ხელოვნებისათვის ტრადიციული, ინტელექტუალურ–დისიდენტური ლოთობის თემა სრულად შეუფერებელი, ვიტყოდი, „მარსიანული“ და ძალიან იაფფასიანი დეკორაციითა და  მუსიკალური გაფორმებით, პერსონაჟთა ტიპაჟებით და აშკარად უცხოელ მაყურებელზე მიმართული რეჟისორული სვლებითა და აქცენტებით იყო შეზავებული.

სად გაიმართება პრემიოს მომავალი გამოცემა, ან რა დოზით აითვისებს იგი მიმღები ქვეყნისა და თეატრის  შეფერილობას,  მომავალ გაზაფხულს გავიგებთ. ერთი ცხადია, ევროპის თეატრალური ჯილდოს პროგრამას, კოლოქვიუმებს, პრესკონფერენციებს, თუნდაც კოლეგებთან შეხვედრების სიამოვნებას, თეატრის პროფესიონალები, ალბათ, ვერაფრით შეელევიან და ნებისმიერი „აქცენტებით“ შეფუთულ პრემიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთგულად გავყვებიან თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის ჯილდო თეატრის პროფესიონალთა შეკრების ერთ ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული და სასურველი ადგილია.

 

სანქტ. პეტერბურგი, მაისი, 2011

bottom of page