top of page

ევას შეცდენილი უცნობები და ჩვენი ყოველდღიურობა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

უცნობი მეგობრები

ზუკა ნემსაძე

ევას შეცდენილი უცნობები და ჩვენი ყოველდღიურობა

 

ერთხელ მაინც გიფიქრია, თუ რატომ ხდება ასე?! ერთ მუშტად შეკრული თუნდაც ბავშვობის ან თუნდაც შემდეგ შეძენილი საუკეთესო მეგობრების უკან, მუდმივ საიდუმლოებებს რატომ ხლართავ?! ან რა გაქვს დასამალი ადამიანებთან, რომლებიც „კაცმა რომ გკითხოს“ საკუთარ თავზე მეტად გიყვარს და მათ გამო საკუთარ თავსაც კი გაწირავ. რამდენჯერ მოგისმენიათ, ხშირად დასმულ შეკითხვაზე: „რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანში?“ პასუხია: „ერთგულებას“, რომელსაც შემდეგ ახსნა მოსდევს, მეგობარში, ოჯახის წევრში, საყვარელ ადამიანში, ყველაში და ყველაფერში -  „დღეს ერთგულება სანთლით საძებარი გახდა.“

 

თუმცაღა არასდროს დაგვისვამს კითხვა საკუთარი თავისთვის, ვართ თუ არა ერთგულები, ვიმსახურებთ ერთგულებას თუ არა?! გიკითხავთ?! სამწუხაროდ, მე არა.  

 

თურმე რამდენი რამ გვქონია დასამალი, რამდენ რამეს ვხლართავთ ჩვენთვის ახლობელი ადამიანების უკან, მერე კი ამ ყველაფერს ვმალავთ და სხვათა დასანახად ვხარობთ. ვიღიმით, ვფუთავთ ჩვენს პრობლემებს, ამას კი ერთადერთი ახსნა აქვს, სხვებს „გულს ვუხეთქავთ“ ჩვენი „ვითომ“ კარგად ყოფნით. და ბოლოს, როცა ვინმესთან გულწრფელი საუბარი გვსურს, ირგვლივ ადამიანი აღარ გვრჩება, რადგან იმდენი ტყუილი გვაქვს ნათქვამი, იმდენჯერ დაგვიდია სხვებისთვის ფეხი, რომ აბა ვის მოუნდება ჩვენი მოსმენა.

 

ჩვენი ახლობლებიც ხომ ასეთები არიან, ზოგიერთები ხარობენ ჩვენი ცუდად ყოფნით და თუ რამე დაგვემართება ვერავინ ასწრებთ ჩვენზე ცუდის თქმას, ჭორაობას, ამბის მიტან-მოტანას. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მინიმუმ 6 მეგობრიდან, ერთი სახლში დროზე ადრე წასულა, დარჩენილ 5 ს კი ისეთები უჭორავია მასზე, ისეთები რომ მტერიც კი არ იკადრებდა ამას. სამწუხაროდ, მე მომისმენია, მიგვრძნია და „ყურებიც კი ამწითლებია“.

 

ამასობაში რამდენი მისაუბრია მორალზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე - ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პრობლემაზე - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის (ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი) სტუდენტების მიერ წარმოდგენილი სადიპლომო სპექტაკლი „უცნობები“ -  გვესაუბრება.

 

სპექტაკლი რეჟისორმა, გიორგი სულთანიშვილმა, პაოლო ჯენოზოვეს კინოსცენარის, „იდეალური უცნობები“-ს მიხედვით დადგა. ოღონდ, რეჟისორმა სცენარი საკუთარი ინტერპრეტაციებითა და ცვლილებების შეტანით წარუდგინა მაყურებელს. თარგმანი, გურანდა იაშვილს, მხატვრობა კი ბექა ჩადუნელს ეკუთვნის. ქორეოგრაფი დავით მეტრეველი გახლავთ. სპექტაკლი მუსიკალურად თავად რეჟისორმა გააფორმა, ხოლო რეჟისორის თანაშემწე კი ხათუნა საძაგლიშვილია.

 

სპექტაკლი 90 წუთი გრძელდება, იგი ერთ მოქმედებადაა წარმოდგენილი, მისი პრემიერა 2025 წლის 15 მარტს შედგა.

 

აშკარაა, რომ გიორგი სულთანიშვილის ხედვა სცდება სასცენო ჩარჩოებს და იგი არ ერიდება ღიად ისაუბროს, იმ პრობლემებზე, რომელზეც მე უკვე ზემოთ გესაუბრეთ. სულთანიშვილი პირდაპირ დიალოგში შედის მაყურებელთან, იმ მიზან სცენებითა და ზოგჯერ მძიმე, ზოგჯერ ირონიული, ზოგჯერ კომედიური სცენებით, რომელიც სცენაზე თამაშდება. ის არ აყალიბებს მხოლოდ სცენურ სურათს, უბრალოდ ის ქმნის მსოფლმხედველობით სტრუქტურას, სადაც დეტალი მნიშვნელოვან სათქმელად იქცევა. რეჟისორის ნამუშევარში აშკარად იგრძნობა სიღრმისეული ფიქრი და შინაარსზე კონცენტრირება. მაყურებელი სცენიდან მხოლოდ იდეას არ ეჯახება, არამედ გრძნობს, ამ პრობლემას და ბოლომდე იაზრებს.

 

რა თქმა უნდა, ზოგჯერ უადგილო ადგილას ვიცინეთ, მაშინ როცა რეალურად იმის გააზრებას რაც სცენაზე ხდებოდა  „სული ხუთვა“ უნდა გამოეწვია, აფორიაქება და უსამართლობის განცდა, თუმცა რეჟისორმა „მძიმე“ მომენტები სწორედაც რომ „მსუბუქად“ მოიტანა მაყურებლამდე.

 

მოქმედება, ალექსანდრე შარაბიძის როკოსა და ლალი ღერკენაშვილის ევას, (ცოლ-ქმრის) სახლში ვითარდება. ატმოსფერო მყუდროა, ელოდები რომ მალე სცენაზე სითბო უნდა გადმოიღვაროს, თუმცაღა პირველი წუთებში გამოჩენილი სტუმრები, მიგანიშნებენ რომ აქ არანაირი სიმართლის, ემოციურობისა და ჭეშმარიტი სიყვარულის მაგვარს არაფერს არ უნდა ელოდო. აქ ყველაფერი ყალბია.

 

ლალი ღერკენაშვილის ევასა და ალექსანდრე შარაბიძის როკოს ოჯახში განვითარებულ მოვლენებს სანამ მოგიყვებით მანამდე, უნდა იცოდეთ, რომ ლალი ღერკენაშვილის ევა, ფსიქო ანალიტიკოსია, იგი სხვებს კურნავს, ეხმარება და სეანსებზე მასთან ბევრი პაციენტი უნდა დადიოდეს, თუმცა იგი საკუთარ შვილთან ვერ ახერხებს, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია დაამყაროს. როგორც ქართველი მშობლების 90%ს სჭირს, მათთვის შვილების თინეიჯერობა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. აშკარაა, რომ ლალი ღერკენაშვილი, მკაცრი დედის, თუმცა ტრენდზე აყოლილი ქალის მხატვრულ სახეს ქმნის.

 

მოკლედ დავუბრუნდეთ, ლალი ღერკენაშვილის ევასა და ალექსანდრე შარაბაძის როკოს ოჯახში განვითარებულ მოვლენებს. ამ ოჯახში, „სვეცკურად“ შეიკრიბნენ, ნიკოლოზ ხრიკულის ლეო, მაია მიქელაძის ელე, ალექსანდრე კვეზერელის ლუკა, ნანა მეტრეველის ბიანკა, რომ ნიკოლოზ ჭკადუას პეპეს ახალი შეყვარებული გაეცნოთ. თუმცაღა სანდრა, ავად გახდა და მოსვლა ვერ მოახერხა.  ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟებს წლების, როგორც ჩვენთან იტყვიან საუკუნის მეგობრობა აკავშირებთ. ლამის ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, ძმაკაცები და ძმაკაცის ცოლები, რომლებიც ერთმანეთის გაცნობის დღიდან უახლოეს დაქალებად იქცნენ.

 

 

ამ პერსონაჟების მიღმა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია, ოღონდ უსულო, მას ტელეფონი ჰქვია. ერთადერთი რასაც სცენაზე დრამატულად განვითარებული მოვლენები უკავშირდება, ტელეფონია.

 

იმ ღამეს, როცა მეგობრები შეიკრიბნენ მთვარის დაბნელება იყო, ყველანი აივანზე გავიდნენ მთვარის დაბნელების სანახავად, ერთადერთი ვინც ამ სანახაობის განცდა და ბოლომდე გააზრება შეძლო ნიკოლოზ ჭკადუას პეპე იყო, დანარჩენი მათგანი ტელეფონში „თავით გადაეშვა“.  რა თქმა უნდა, როგორც ხდება გადაიღეს ფოტოები პოსტებისთის, სთორებისთვის. ნიკოლოზ ჭკადუას პეპე, იტყვის ფრაზას - „რა ლამაზია მთვარე“, ყველა დაეთანხმება ისე, რომ ტელეფონიდან თავს არავინ ამოწევს. აქ მაყურებელში კისკისი ტყდება, აი ჩემ წინ მჯდომი გოგონაც იღიმის, რომელსაც თავი ტელეფონიდან არ ამოუღია, თუმცა სხვების ღიმილს, გაუაზრებელი, ფასადური კისკისით აჰყვა. სწორედ ასეთი ფასადურია სცენაზე მდგომთა მეგობრობა, როგორც ჩემ წინ მჯდომი გოგონას გაუაზრებელი ღიმილი.

 

 

ოთახში დაბრუნებულებს, (ისე როგორც ევამ თავის დროზე ადამს სამოთხის გასაღები დააკარგვინა) ასევე მოიქცა ლალი ღერკენაშვილის ევაც, მისი შეთავაზებული თამაშის გამო, აქ შეკრებილმა მეგობრებმა არსებული „ერთგული მეგობრული სამოთხე“ დაკარგეს. ყველამ ტელეფონი სკამზე დადო. მას შემდეგ კი რაც სცენაზე ვითარდება ენით აღუწერელ ტკივილსა და ემოციას იწვევს. კიდევ კარგი, რომ რეჟისორმა ამ ყველაფრისთვის მსუბუქი, დამცინავი და ირონიული ტონი აარჩია თორემ, პარტერში მჯდომნი ამ ყველაფრის დრამატულად გადმოცემას ვერ გავუძლებდით.

 

აქ, ამ „ერთგულ, ერთმანეთზე რომ ყველაფერი იციან“ მეგობრებში ისეთი ამბები გასკდება, რომ „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“ ზოგიც მოღალატეა, ზოგიერთი „ერთგული“ ქმარი საყვარლისგან შვილს ელოდება, ზოგიერთი მკერდის გადიდებას გეგმავს, ზოგიერთს ერექცია არ აქვს, ერთ-ერთი გეია და ა.შ. მაგრამ აი, ამ ბაბლში, რომელიც ფარდის გახსნის წამიდან „პეროებად“ გვასაღებდნენ თავს, თურმე კომპლექსების თაიგულით დაჯილდოებულნი ყოფილან. ერთადერთი ვისაც ეს ყველაფერი არ უკვირს, ნიკოლოზ ჭკადუას პეპეა, ვინაიდან იგი თავის ორიენტაციას იმიტომ მალავს, რომ სწორედ ამ „ბაბლის“ ეშინია, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს და რომელიც მას „პიდარასტობას“  არ აპატიებს. აქ, ნიკოლოზ ჭკადუა დაუცველი, ემოციური, ცრემლიანი, ვნებიანი, სექსუალური, ყველაზე დაკმაყოფილებული, მშვიდი, თავისუფალი პეპეს მხატვრულ სახეს ქმნის. ნიკოლოზ ჭკადუას პეპე ერთადერთია, რომლისაც გშურს, ვინაიდან იქ მყოფების საიდუმლოებების გახეთქვის შემდეგ, მისი მეგობრების -   ახლობლობა, ძმაკაცობა, ცოლ-ქმრობები დასრულდა. იგი დარჩა მხოლოდ თავისუფალ ადამიანად, რომელიც საკუთარი „მეს“ სხვებისთვის გაცნობის შემდეგ მშვიდი ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს. დანარჩენები კი ვერა, ვინაიდან მათი ცხოვრება ტყუილზე და ფასადურ ბედნიერებაზეა აგებული. ისინი სხვებისთვის ცხოვრობდნენ. ისე როგორც საქართველოში ცხოვრობს ოჯახები, ისე როგორც აქ ამ ქვეყანაში იტანენ მოღალატე, მოძალადე ქმრებს, ოჯახის არ დანგრევის მიზნით. ისევე როგორც ემეგობრებიან მათ ვინც არ უყვართ, რადგან ვიღაც გავლენიანი, ვიღაც ელიტარული წრის წევრია, ვიღაც თანამდებობაზეა.. ყველაფერი ტყუილია, „უცნობები“ სახეში გვილაწუნებს სიმართლეს...

 

ვიცინით, სპექტაკლის მსვლელობისას ვიცინით, არადა სასაცილო არაფერია სატირალი რომ არ იყოს.

 

და, ბოლოს კადრი ანანო თოგოშვილის სოფიას, სახით სრულდება, გოგონა, რომელსაც ამ ყველაფერზე გული ერევა, ერთადერთი ვინც არ იტყუება, არ ცრუობს, საკუთარი „მეს“ დაცვას ცდილობს, ანანო თოგოშვილის სოფია, რომელიც შვილების თაობის, ჩვენს სათქმელს უსიტყვოდ გაჰკივის ფინალურ სცენაში. უხმოდ, გვეუბნება როგორი საცოდავები არიან ადამიანები, რომლებიც ფასადურად მეგობრობენ, იღიმიან და სხვების დასანახად არიან ბედნიერები.

 

„უცნობები“ ბევრი სათქმელის მატარებელი სპექტაკლია, რომლის ერთხელ ნახვა ჩემი აზრით საკმარისი არ არის. იგი ხშირ ჩვენებას საჭიროებს, ვინაიდან ამ ეტაპზე იგი ერთ-ერთი სპექტაკლია, რომელიც მწარე სიმართლეს სცენიდან ხმაურიანად, პირდაპირ მიზანში გვესვრის. ამ სპექტაკლზე, მოზარდებთან ერთად მშობლების თაობამაც აქტიურად უნდა იაროს. ვინაიდან, რეჟისორი, მოქმედი პირნი და შემსრულებელნი ყველანაირად ცდილობენ, რომ მათი სათქმელი საინტერესოდ, ესთეტიკურად თუმცა შეუნიღბავად გვითხრან.

bottom of page