top of page

ეზოში ავი ძაღლია

31337842_2094763284075467_91746361667737

„ეზოში ავი ძაღლია“ 


გიორგი ყაჯრიშვილი


კიტა ბუაჩიძის ტრაგიკომედია  „ეზოში ავი ძაღლია“ განსაკუთრებული დრამატურგიული ღირსებებით არ გამოირჩევა. ქალაქურ, იტალიური ეზოს თითქმის ანიგდოტურ სიუჟეტებზე აგებულ სპექტაკლს მასში დაკავებული იმდროინდელი სცენის ვარსკვლავები: მედეა ჯაფარიძე, ელენე ყიფშიძე, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი და სხვ. (რეჟისორი გოგო თოდაძე, მარჯანიშვილის თეატრი) ახალისებდნენ და კომედიურ შედევრებს ქმნიდნენ. ეს ამ თეატრის ის პლეადა, რომელთა მიერ შესრულებული სახეები დღესაც კი აღფრთოვანებას იწვევს. რეჟისორმა ოთარ ეგაძემ ამ პიესის მოტივებზე ზუგდიდის შ. დადიანის სახ. თეატრში შექმნა სპექტაკლი, რომელიც საბჭოთა ეპოქას გვახსენებს, უფრო ზუსტად ჩვენს უახლოეს წარსულის, იმას თუ როგორები ვიყავით, როგორ დავდიოდით I მაისის დემონსტრაციაზე (ვიდეოინსტალაცია), როგორ ვემორჩილებოდით „კოლექტიურ“ აზროვნებას, რაღაც უაზრო კანონებს, რომელიც თვალითაც კი არ გვქონდა ნანახი, როგორ ვებრძოდით მეზობელს ჩვენს მხარეს გაჭრილი ფანჯრის გამო, როგორ ვუკრძალავდით ჩვენი თუ სხვისი შვილების მეგობრობასა და შეუღლებას, როგორ მივიტაცებდით ხოლმე მეზობლის კუთვნილი ეზოს ან აივნის  ნაწილს თუ სათვსო, მაგრამ ამავე  დროს მორალურად თუ ზნეობრივად თავს „ღირსეულ“ მოქალაქეებად ვთვლიდით, ვაშენებდით სოციალიზმს და ვოცნებობდით კომუნიზმზე. რეჟისორის მიერ კ. ბუაჩიძის ნაწარმოების ასეთი ინტერპრეტაცია სულაც არაა სოციალიზმის ნოსტალგია. დამდგმელი რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს რომ მიუხედავად მრავალგზის ტრანსფორმაციისა, უმეტესწილად ადამიანები ხასიათითა და ბუნებით ისეთივენი რჩებიან, როგორებიც  იყვნენ მიუხედავად ფორმაციისა და წყობისა, რომელშიაც არსებობენ და ცხოვრობენ. თავისუფალი აზროვნების პიროვნების ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი ეტაპია რაც თაობათა ცვლას მოითხოვს. 
მოქმედება საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის ეზოში მიმდინარეობს და პერსონაჟები ერთგვარ წყვილებად გვევლინებიან: ვანო ლაითაძე (ზურაბ ლაშხია) და ფოფია (ნანა ბუკია), ირინე (მარინა დარსალია) და არქიტექტორი (მერაბ კაკლია), როზიტა (სალომე ბუღაძე) და გურამი (კუკური ხუბუტია), ელო გოგნიაური (ლანა ფიფია) და ჩინჩახელი (კობა მატკავა) საბჭოთა ჰიმნისა და ახალგაზრდული მარშის ჰანგებზე გროტესკულ-პაროდირებულ სახეებს ქმნიან. რეჟისორი არ ერიდება ცნობილი სპექტაკლების ფრაგმენტების ციტირებას: ასე მაგალითად გუნდის მიერ შესრულებული სიმღერა გვაგონებს გუნდის ცნობილ რეპეტიციას მ. თუმანიშვილის „ჭინრაქადან“, მსახიობთა ჟესტიკულაცია და პლასტიკა ასევე ცნობილი საბჭოთა ფილმებიდან  და აშ. 
თუმცა უნდა ითქვას, რომ გარდა ზემოთქმულისა ვფიქრობ რომ გორის ფესტივალის მაყურებელი ჩვენთან ერთად  მაინც ვერ მიხვდა, თუ რა ამბავს გვიყვებოდა რეჟისორი და რა იყო მისი მთავარი სათქმელი. ის რაც მე დასაწყისში აღვნიშნე მხოლოდ ჩემი ვარაუდია და მხოლოდ დიდი გამადიდებელი ლუპით თუ ამოიკითხება სპექტაკლში. 

bottom of page