top of page

ფარისეველ საზოგადოებაში პიროვნებების ადგილი არ არის

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258572573_4249025855227160_8307816269868546644_n.jpeg

მაკა ვასაძე

ფარისეველ საზოგადოებაში პიროვნებების ადგილი არ არის

ბოლო პერიოდში ახალგაზრდა რეჟისორები ხშირად მიმართავენ „ახალი დრამის“ ფუძემდებლის ჰენრიკ იბსენის დრამატურგიას. იბსენის დრამატურგიის ერთ-ერთი მთავარი თემაა პიროვნების და საზოგადოების დაპირისპირება. ეს თემა, რა თქმა უნდა, მუდმივია და დღესაც ძალიან აქტუალურია. ალბათ, სწორედ ამიტომაც, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თავიანთი სათქმელის, პოზიციის გამოსახატად ახალგაზრდა შემოქმედები გენიალური ნორვეგიელი დრამატურგის პიესებს დგამენ. ამჯერად, თათა პოპიაშვილმა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე „ჰედა გაბლერის“ საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.

თათა პოპიაშვილმა იბსენის ტექსტზე გურამ ღონღაძესთან ერთად იმუშავა. გაკეთდა პიესის ძალიან კარგი ახალი თარგმანი, რეჟისორმა სასცენო ტექსტი დაამონტაჟა, მსახური ბერტას პერსონაჟი საერთოდ ამოაგდო და საკმაოდ გრძელი პიესიდან დატოვა მხოლოდ ის, რაც სპექტაკლის კონცეფციას ნათლად გამოხატავს. წარმოდგენაში ყველაფერი ჰედა გაბლერის პიროვნების სრულფასოვან წარმოჩენას ემსახურება.

 იბსენის ჰედა გაბლერი, ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ექსცენტრიული გმირი, ის პიროვნებაა, რომელიც აპროტესტებს მის გარშემო არსებულ მეშჩანურ სამყაროს.  ჰედას მსგავსი პერსონაჟის არსებობა ასეთ სამყაროში სისულელეა, აბსურდია. ყველა ცდილობს მის ჩასმას რაიმე მარტივ სოციალურ ჩარჩოში (ცოლი, შეყვარებული, დედა), მაგრამ ის თავისი ბუნტარული, თავისუფლების მოყვარული ბუნებით ვერ ჯდება ჩარჩოებში.

მხატვარმა ბარბარა ასლამაზმა სპექტაკლისათვის შექმნა სცენოგრაფია, რომელიც ჰედას გარშემო არსებული სამყაროს ზუსტი გამოხატულებაა. სცენა თითქმის ცარიელია, თეთრ-ნაცრისფერში გადაწყვეტილი კედლები, შავი იატაკი, აქა იქ რამდენიმე კუბი და ყვავილების თაიგულები. ამ ფონზე ია სუხიტაშვილის ჰედას ჯერ გრძელი თეთრი საღამური აცვია, მერე კი წითელი კაბა. რეჟისორმა და მხატვარმა ჰედას კოსტიუმებშიც გამოხატეს მისი გამორჩეულობა. ამავე დროს მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჰედა შიშველი ტერფებითაა, რითაც რეჟისორმა და მსახიობმა ნათლად მიგვანიშნეს, რომ ერთი შეხედვით ძლიერი ბუნების, რაღაც მომენტებში ცინიკოსი ჰედა, იმავდროულად დაუცველიცაა.

სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში, მოვლენათა რიგი ჰედას პერსონაჟის გარშემო ვითარდება. ია სუხიტაშვილი მომხიბვლელი გარეგნობის, ამაყი, ამპარტავანი, ცინიკოსი, თავისუფლად მოაზროვნე ქალის სახეს ქმნის. ჰედას გარკვეული, დადგენილი ნორმებით მცხოვრებ საზოგადოებაში სული ეხუთება.  პიესა და სპექტაკლიც იმით იწყება, რომ თითქოს ჰედა შეეუგა ბედს, დათანხმდა უსიყვარულო ქორწინებაზე და იმ ადამიანთა გარემოცვაში ცხოვრებაზე, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან მისგან, როგორც წარმომავლობით, ასევე აზროვნებითა თუ ცხოვრების წესით. ახლა, ამ დიდი, ყვავილების თუ ლავანდის სურნელით აღვსილი სახლის დიასახლისი იქნება, რომელიც ტესმანმა მისი ერთი ფრაზის გამო - ასეთ სახლში ვიცხოვრებდიო, - იყიდა და რომელსაც სინამდვილეში ჰედა ვერ იტანს. მას მოუწევს მისთვის მიუღებელ, შეიძლება ითქვას საძულველ ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება. ჰედა თითქოს ეგუება ამ გარემოებას და სამაგიეროს გადახდას, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას იმით ცდილობს, რომ ამ ადამიანებს ზევიდან უყურებს, ცინიკურად ეპყრობა. მაგალითად, ქმარს-ტესმანს, ჟესტებით, ხელის მითითებებით ეურთიერთობება, როგორც შინაურ ცხოველს. მამიდა იულია ტესმანისადმი მიმართული ყოველი ფრაზა დაცინვას, ქილიკს შეიცავს. ჰედამ გადაწყვიტა შეგუების სანაცვლოდ, მის გარშემო მყოფი ადამიანები მართოს თავისი ნებასურვილისამებრ. ია სუხიტაშვილი სამსახიობო ოსტატობით ძერწავს ჰედას სახეს. მსახიობის მეტყველების მანერა, პლასტიკა, ჟესტიკულაცია ჰედას შინაგანი სამყაროს გამომსახველია. მინიმალისტური ხერხებით, მინიშნებებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ია სუხიტაშვილი ჰედას შინაგან მდგომარეობას, ორჭოფობას, საკუთარ თავთან ბრძოლას გადმოსცემს. როგორც უკვე აღვნიშნე რეჟისორმა და მხატვარმა ჰედას წითელი კაბა ჩააცვეს. წითელ ფერს სხვადასხვა სიმბოლური და ამავე დროს ურთიერთგამომრიცხავი დატვირთვა აქვს: სისხლი, ცეცხლი, სიყვარული, სიხარული, სილამაზე, მტრობა, შურისძიება, აგრესიულობა, ძალაუფლება, ყველა ეს სიმბოლო ჰედას ხასიათს მთლიანობაში წარმოაჩენს. ჰედა მსხვერპლია საზოგადოების, ამავდროულად მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ - ყველაფერს ანადგურებს რასაც მიეკარება.

ჰედას ადამიანებისადმი ქედმაღლური, ცინიკური დამოკიდებულება პირველივე სცენაში ვლინდება. რეჟისორმა და მსახიობმა დარეჯან ხარშილაძემ მამიდა იულიას პერსონაჟის უტრირებული სახე შექმნეს. თათა პოპიაშვილმა სპექტაკლში იულია ტესმანის მხოლოდ ერთი სცენა დატოვა. დერეჯან ხარშილაძის იულიას მეშჩანურობა, უგემოვნება მის კოსტიუმში ხაზგასმულად არის ასახული, ერთმანეთთან შეუხამებელი შავი გიპიურის  ქვედაკაბა, ფეხსაცმელები უზარმაზარ ქუსლებზე, რომლებითაც ძლივს დადის, ბუმბულებიანი ქუდი. მსახიობი ქმნის ერთდროულად მიამიტი, კეთილი და ამავდროულად ყევლაფერში „ცხვირის ჩამყოფი“ ქალის პერსონაჟს. ჰედას პირველი „თავდასხმის“ მსხვერპლი, სწორედ მამიდა იულიაა.

ბაჩო ჩაჩიბაის იორგენ ტესმანი მამიდების გაზრდილი „დედიკოს ბიჭია“, სათვალეებით, აჭიმებით დამაგრებული შარვლით, მიამიტურ-ბავშვური მზერით. მსახიობი შრომის მოყვარე (ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული აქვს), მაგრამ უნიჭო მეცნიერის ტიპაჟს ქმნის. ბუნებით თითქოს მშვიდი, პატარა წინააღმდეგობის შექმნისას ისტერიკაში ვარდება, როდესაც გაიგებს, რომ აილერტ ლევბორგი პროფესორობის მოპოვებაში მისი შესაძლო კონკურენტია. რეჟისორის ჩანაფიქრით კითხვის ქვეშ დგება უყვარს კი ტესმანს ჰედა? რისთვის შეირთო? მათ ხომ აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ. პიესისგან განსხვავებით ტესმანი აილერტ ლევბორგის ხელნაწერს პრინციპში იპარავს, ხოლო ფინალისკენ ლევბორგის ხელნაწერის აღდგენის მცდელობისას მას აშკარა ფლირტი აქვს თეასთან.

ლელა ახალაიას თეა ელვსტედი ერთი შეხედვით უსუსური, „თაგვივით“ არსების ასოციაციას აღძრავს. თუმცა მსახიობის შექმნილ პერსონაჟში დაუცველობასთან, შიშთან ერთად, შინაგანი ძალა იგრძნობა. ქალი, რომელმაც შეძლო ლევბორგის ცხოვრებისკენ შემოტრიალება, დააწერინა წიგნი, რომელიც სამეცნიერო წრეებში ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად იქნა აღიარებული, დააწერინა მეორე ნაშრომი, რომლის გაცნობის შედეგ ტესმანი შურით აივსო და მისი მოპარვაც კი სცადა. ქალი, რომელმაც, შეძლო და საყვარელი კაცისთვის ოჯახი მიატოვა. ქალი, რომელიც ფინალისკენ ტესმანს ეკეკლუცება. ლელა ახალიას თეასთვის უსუსურობა ნიღაბია, რომელსაც საზოგადოებაში დასამკვიდრებლად იყენებს.

მალხაზ ქვრივიშვილის ასესორი ბრაკი ვიზუალური თუ შინაგანი ბუნებით „თხუნელას“ მაგონებს. სწორედ ბრაკი თავის ვითომდა მეგობრული თანადგომით ტესმანების ოჯახისადმი, სინამდვილეში გაიძვერა, ამორალური ადამიანია, რომელიც არაფერს  თაკილობს ჰედას მოსაპოვებლად. ჰედასადმი მისი ლტოლვა ხორციელია. სასიყვარულო სამკუთხედი რომელსაც ჰედას სთავაზობს ბრაკისთვის ჩვეულებრივი, მისაღები ფორმაა ქალთან ურთიერთობის. იგი ჭეშმარიტი წევრია იმ ფარისეველი საზოგადოებისა, რომლისთვისაც მთავარია არსებული საზოგადოებრივი ნორმების ფორმალური დაცვა. და, თუკი, ამ ნორმების რღვევა დაფარულია, მაშინ ეს მისაღებია.

ლაშა ჯუხარაშვილი აილერტ ლევბორგის პერსონაჟს განასახიერებს. ლევბორგი პიესაშიც და სპექტაკლშიც ჰედას თანასწორი პიროვნებაა. ჰედას მსგავსად მისთვისაც მიუღებელია ფარისეველი საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმებით ცხოვრება. იგი ნიჭიერი, ბობოქარი, თავისუფალი სულის ადამიანია, გარშემომყოფთაგან გაუცხოებას, პროტესტს თავგადასული ღრეობებითა და სმით გამოხატავს. ერთადერთი ვისაც ლევბორგის ესმის და ვისთანაც აბსოლუტურად გულწრფელია, ეს ჰედაა, მაგრამ ორი თავისუფალი, ბობოქარი სულის მქონე ადამიანის ურთიერთობა ტრაგიკულად სრულდება. ვერც ჰედა და ვერც ლევბორგი, მათი ბუნებიდან გამომდინარე,  ურთიერთობებში პირველობას ვერ დათმობენ. რეჟისორმა ჰედას მიერ ლევბორგის ხელნაწერის დაწვის ეპიზოდში, ჩემთვის საინტერესო მინიშნება გააკეთა. ჰედა აილეტთან დიალოგის დროს, რაღაც მომენტში თითქოს მზადაა დაუბრუნოს ხელნაწერი, იამზე სუხიტაშვილი გადამალული ხელნაწერისკენ მიდის, იხრება კიდეც და ხელს იწვდენს ხელნაწერის ამოსაღებად, მაგრამ თეასადმი ეჭვიანობის გამო გადაიფიქრებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ლევბორგი ეუბნება, რომ მან ხელნაწერის დაკარგვით, მათი „შვილი“ კი არ მოკლა, არამედ დაკარგა, რაც მისთვის მკვლელობაზე უარესია და ამას თეას ვერ ეტყვის. აქ, კი იამზე სუხიტაშვილის ჰედა მტკიცედ გადაწყვეტს ხელნაწერის დაწვას. ეს მინიშნება პიესაში არ არის, თუმცა ასეთი ინტერპრეტირება, ვფიქრობ საინტერესო მიგნებაა. ჰედა აილერტს გენერალი მამისგან მემკვიდრეობით დატოვებულ დამბაჩას აძლევს, რითაც პირდაპირ მიუთითებს თვითმკვლელობაზე. ლაშა ჯუხარაშვილი აილერტ ლევბორგის გარეგნულად გაწონასწორებულ ტიპაჟს ქმნის, თუმცა აკლია შინაგანი მუხტი, რომელიც პერსონაჟის სრულყოფილი გადმოცემისთვის ვფიქრობ აუცილებელია.

თათა პოპიაშვილი სცენის მიღმა განვითარებულ მოვლენებს მაყურებლისთვის ხილულს ხდის კედელზე გაშვებული ვიდეო გამოსახულებით. მაგალითად სცენა, როდესაც ჰედა საძინებელში იცვამს ბრაკი კი მალულად თვალს ადევნებს. საინტერესოდ აქვს რეჟისორს მოფიქრებული სპექტაკლის ფინალი. ლევბორგი ცოცხალი აღარაა, მაგრამ მან თვითმკვლელობით, ჰედას აზრით „ლამაზად“ კი არ დაასრულა სიცოცხლე, არამედ შემთხვევით გავარდნილი ტყვია იმსხვერპლებს, გავარდნილი იარაღიდან, რომელიც აილერტს ჯიბეში ედო. ბრაკი ჰედას იარაღს ადვილად ამოიცნობს, ვინაიდან ჰედა მოწყენილობისას ხშირად იქცევდა თავს იარაღის სროლით. გაჩუმების ნაცვლად ბრაკი ისევ სასიყვარულო სამკუთხედს სთავაზობს ჰედას. და, თუკი ადრე, ჰედა შეიძლება ითქვას ბრაკის შეთავაზებას, გასართობ თამაშად იღებდა, ეკეკლუცებოდა კიდეც, ახლა ეს შეთავაზება უკვე „თამაში“ აღარაა, ეს უკვე ჰედასთვის მიუღებელი რეალობაა. ბოლო წვეთი კი იამზე სუხიტაშვილის ჰედასთვის, თეასა და ტესმანის დიალოგია, როდესაც ისინი ლევბორგის ხელნაწერის აღდგენას ცდილობენ. ჰედა მათ დახმარებას შესთავაზებს, ეს მისი ბოლო შანსია, თითქოს გადასარჩენად ხავსს ეკიდებაო, მაგრამ პასუხად ტესმანი თეას მამიდა იულიას სახლში დასახლებას სთავაზობს, სადაც მივა ხოლმე და ერთად იმუშავებენ ლევბორგის ქმნილებაზე. ჰედა განწირულია, იგი თავს კიდევ უფრო მარტოსულად გრძნობს. ჰედასთვის ისიც მიუღებელია, რომ ტესმანისგანაა ორსულად და ბავშვს ელოდება. მეტი რაღა დარჩენია, გადის საძინებელში და  მისთვის გაუსაძლის მდგომარეობას თვითმკვლელობით, „ლამაზად“ ასრულებს. ჰედას თვითმკვლელობის კადრები კედელზე აისახება, სცენაზე კი თეა და ტესმანი ლევბორგის ხელნაწერში არიან ჩაფლულნი.

bottom of page