top of page

ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

1715F826-760D-4F21-A8CF-57E2E639BD2A.png

11.11.2025

მანანა თევზაძე

ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“   სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში

წლევანდელი წლის 25-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრმა  საერთაშორისო კამერული და მონოსპექტაკლების ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართა და მაყურებელს მრავალფეროვანი, საინტერესო რეპერტუარი წარმოუდგინა. ფესტივალის გენერალური სპონსორია Coca-Cola Bottlers Georgia. ფესტივალში მონაწილობდნენ მსახიობები: ლიეტუვადან, ისრაელიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან. ასევე საქართველოდან, ახმეტელის თეატრი ორი სპექტაკლით.

სიმბოლურია ფესტივალის სახელწოდება - „თბილისური ბროწეულები“, რადგან შარშანაც და წელსაც იგი დიდი ხელოვანის - სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა. ამიტომ შარშანაც და წელსაც ფესტივალი ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი გამოფენით გაიხსნა. შარშან ეს იყო ისრაელელი მხატვრის პოლინა ჩიჟევსკაიას ნამუშევრები სახელწოდებით „ფარაჯანოვის ფრესკები“, ხოლო წელს - ორი გამორჩეული შემოქმედის ირენა ოგანჯანოვას ფერწერული ტილოებისა და იური მეჩითოვის ფოტოების გამოფენა.

ორიოდე სიტყვა 25 სექტემბერს, ფესტივალის გახსნისას, თეატრის ფოეში წარმოდგენილ მხატვართა შემოქმედების შესახებ:

ირენა ოგანჯანოვას შემოქმედების ფესვები ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის ფერწერასთანაა დაკავშირებული. მისი „სიზმრები თბილისზე“  ძველთბილისურ ოჯახურ ალბომებში აღმოჩენილი სახეებია - მონა ლიზა სოლოლაკიდან, ავლაბრელი დანაია, ქეთუსია „მარგალიტის საყურით“... გოგირდის აბანოების ორთქლში განბანილი ეს ქალები, მნახველს, თავისებურ, ფერადოვან სილამაზეს უზიარებენ. მე კი ამ გამოფენას, პირობითად, „ორთაჭალელ ტურფებსაც“ ვუწოდებდი.

ფოტოგრაფ იური მეჩითოვის ობიექტივი კი სერგო ფარაჯანოვის სამყაროს ყველაზე ახლობელი ვიზუალური არქივია. ფოტოები ორი შემოქმედის შეხვედრის და ხანგრძლივი მეგობრობის ამბავს გვიამბობს.

გამოფენის საერთო ანტურაჟს ელფერს მატებდა საათები ირაკლი გოგიას კოლექციიდან.

საინტერესოა ფესტივალის მი­ზა­ნიც - კა­მე­რუ­ლი და მონოსპექტაკ­ლე­ბის განვითა­რე­ბა!

პირველი სპექტაკლი 6 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სრულიად გაუთვალისწინებელმა შეფერხებამ - სინათლის ჩაქრობამ არა მხოლოდ თეატრში, არამედ გლდანის რაიონის უზამაზარ მონაკვეთზე, დრო გადაადგილა და მაყურებელმა მხოლოდ 7 საათზე შესძლო  დარბაზში შესვლა.

25 სექტემბერს, ფესტივალი გაიხსნა ახმეტელის თეატრში, რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ დადგმული ფარაჯანოვის შთამბეჭდავი და მრავალმხრივი შემოქმედებითი გზის ამსახველი სპექტაკლით „აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი“. მას საფუძვლად თავად სერგო ფარაჯანოვის ავტობიოგრაფიული კინოსცენარი დაედო, რომლის გადაღებაც კინორეჟისორს არ დასცალდა. სპექტაკლის პრემიერა ჯერ კიდევ 2023 წლის 15 სექტემბერს შედგა. მხატვარი - ირენა ოგანჯანოვაა, ქორეოგრაფი - კატერინა ნეზვანოვა, რეჟისორის ასისტენტი - გიორგი ყაულაშვილი; მონაწილეობენ: გიორგი გასვიანი, ჯორჯი დვალიშვილი, ნინო ციმაკურიძე, ბუკა ღლონტი, ელენე ბეჟიაშვილი, ანანო გულედანი, გიორგი ფირანიშვილი.

ტიხრებით დაყოფილი შავი დეკორაციის ფარდის იქეთ, ხან კი სცენის სიღრმიდან ამოსული მონაწილენი ფარაჯანოვის მშობლების, ნათესავებისა და მეზობლების ისტორიას გვიყვებიან. ყველა გმირი თავისებურად ლამაზია, სცენაზე სათამაშოებიც კი ცოცხლდებიან, მეტრონომი თვლის წამებს და ილევა მაქმანის გზა. სიუჟეტურად აკინძულმა მოგონებებმა გაბრიაძისეული სტილიც მომაგონა, თუმცა ის ქუთაისური და მხიარულია, აქ კი ყველაფერი ძალიან სევდიანია, დუდუკის მელოდიური ნამღერით გაძლიერებული.

შესვენებაზე, ფესტივალის სტუმარი ქალბატონი გავიცანი, თეატრმცოდნე ნინა მაზური, რომელიც მონოდრამის საერთაშორისო საფესტივალო ფორუმის და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტი აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ, ყოველი სპექტაკლის შემდეგ ერთმანეთისათვის გაგვეზიარებინა აზრი ნანახი წარმოდგენის შესახებ.

ნინა მაზური - ახმეტელის თეატრში, ფესტივალზე, წელს მეორედ ვარ. ძალიან მიყვარს თქვენი ქალაქი, აღფრთოვანებული ვარ მისით და უნდა ავღნიშნო, რომ იგი კიდევ უფრო ლამაზი გახდა... რაც შეეხება ფარაჯანოვის სახეს, მისი ნიჭიც და ცხოვრებაც თავისებური იყო და ირაკლი გოგიას სპექტაკლი თავისი ატმოსფეროთი, ვფიქრობ, ესთეტიკურად შეეფერება იმ უცნაურ და მტანჯველ ატმოსფეროს, რომლითაც მოცული იყო ამ გენიოსის ცხოვრება. სპექტაკლი მთლიანად მეტაფორულია და მკაფიოდ იკითხება ძალიან კარგი მსახიობების მიერ მოწოდებულ  მიზანსცენებში...

 

***

იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით  სახელგანთქმული ლიეტუველი რეჟისორის ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლი „შეშლილი“ ვიხილეთ. ასე ჰქვია გოგოლის არაჩვეულებრივი მოთხრობის „შეშლილის წერილების“ სცენურ ინტერპრეტაციას, რომელიც, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, კლასიკური ნაწარმოების წაკითხვისას, თანამედროვე ცხოვრების თანხმიერი აღმოჩნდა.

მთავარ გმირს, კანცელარიის პატარა მოხელე - აქსენტი პოპრიშჩინს ახალგაზრდა ლიტველი მსახიობი ეიმანტას პაკალკა ასრულებს და თუკი გოგოლთან მისი სიგიჟე თავიდან შეუმჩნეველია და მხოლოდ ეპიზოდიდან ეპიზოდში ჩნება, სპექტაკლის რეჟისორი მას თავიდანვე „წყნარ შეშლილად“ წარმოგვიდგენს.

დეკორაციის ცარიელ, შავ ყუთს მხოლოდ ლითონის მაღალი კიბე ავსებს. უკანა კედელზე ჩამოფარებული თეთრი ნაჭერი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კინოეკრანია. მარცხნივ, კედელზე, ირმის საკმაოდ დიდი რქებია მიჭედებული, საიდანაც წყალი წვეთ-წვეთად მოწვეთავს და იქვე ჭიქაში იღვრება.

ნაცრისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მთავარი გმირი, გაყინული, უმოძრაო სახით, ხელის თითებმოკუმული, პიჯაკშეკრული, ფეხსაცმლის გათეთრებულ წვერებით ნელა მოიწევს წინ. ისე სუნთქავს, თითქოს იბერებაო და მართლაც ისე იბერება, იზნიქება, თითქოს უნდა გასკდესო. მერე კი იცინის, ერთს ამოისუნთქავს და ალაპარაკდება სხაპასხუპით, ცალკეულ სიტყვებზე აქცენტირებით. ყოველ პერსონაჟს ჟესტებით აქტიურად წარმოადგენს, თითქოს ხაზგასმით ცეკვავს, თითქოს ვიღაცას აჯავრებს და უცებ, პირველ რიგში მჯდომ გოგონას მიმართავს, - გაიღიმეო და ჯერ ცხვირსახოცს, მერე წყლის ბოთლს უწვდის.

პერიოდულად სცენაზე წითელი განათება ინთება, რაც მსახიობს სუნთქვის ასაღებად სჭირდება. მისი ლაპარაკი და მოძრაობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. დირექტორზე ლაპარაკისას სექსუალური აქტის მსაგავსად ვარჯიშობს, თან კვლავ მაყურებელს ეკითხება, - ამ დროს რა გახსენდებათო? და როდესაც მხოლოდ ერთი ქალი პასუხობს, - ძაღლიო... ძალიან უხარია, ქართულად ამბობს, - ძაგლი... და ენაგადმოგდებულ ძაღლს განასახიერებს...

ვხედავ მის თავისებურ განცდას, შინაგან ემოციურ მოძრაობას, როდესაც უცებ თვალებიდან მდუღარე ცრემლს აფრქვევს, სრუტუნებს...

მსახიობს ნამდვილად კარგი ხმა აქვს და მეტყველებაც დახვეწილი, აქტიური... დიდი დატვირთვით მოძრაობისას ხელ-ფეხს იქნევს, გამწარებული ცეკვავს და ფიზიკურ ტკივილებად ქცეული მისი განცდები სამსახურებრივი შეუთავსებლობისა და ქალის სიყვარულის ქიმიური ნაზავია... შესანიშნავად ათამაშებს ერთადერთ რეკვიზიტს - ლითონის მაღალ კიბეს, რომელიც მის ხელში ხან სამეფო ტახტია, ხან სიმბოლური სოციალური კიბე და ხან ფსიქიატრიული საავადმყოფო.

მაგრამ როდესაც ფარდის უკან გადის და იქიდან შავი ტყავის პალტოთი და შავი ჩექმებით გამოდის და სრულიად მოულოდნელად, სცენაზე სრულიად შიშველი, მხოლოდ შავტომსიკა ამოცმული რჩება და სრულიად უინტერესო შიშველი სხულით ცეკვავს, ბუქნაობს, როდესაც ეკრანზე ჩნდება ფაშისტური გერმანიის ჯარისკაცთა პარადის კადრები ლენი რიფენშტალის ფილმიდან „ნების ტრიუმფი“ და მთავარ გმირს კომიკურ დიქტატორად წარმოადგენს, მეჩვენება, რომ რეჟისორი ცოტა არ იყოს, სწორხაზოვანია.

ხოლო როდესაც ირმის რქებიდან, მოულოდნელად, რადგან დაგვავიწყდა კიდეც, შადრევანივით იწყებს წვიმა დენას და იმ წვიმის ქვეშ, საგებზე, მთავარი პერსონაჟი სისველეში ჩაჯდება ქვითინით, მერე კი ისევ კულისებში გადის და კვლავ შარვალ-კოსტუმში ჩაცმული ბრუნდება სიტყვებით, - დედა, უშველე შენს ავადმყოფ შვილს, მაშინ კი ვწყდები მსახიობის ხელოვნებას და ვფიქრდები რეჟისორის სათქმელზე:

როდესაც საზოგადოება ყოველგარ შესაძლებლობას გამოაცლის ადამიანს,  მისი გონება იძულებული ხდება საკუთარი  მე-თი შემოიფარგლოს და სამყაროს მთავარ ფასეულობად საკუთარი თავი მიიჩნიოს. როდესაც პატარა ადამიანის აღგზნებული ტვინი თავს ესპანელ მეფედ წარმოიდგენს, პიროვნების სოციალური კოლაფსი წარმოიშვება და საზოგადოების რისხვაც იქვეა.

ნინა მაზური - სპექტაკლში ახალგაზრდა მსახიობი გასახიერებს პოპრიშჩინის როლს, ამიტომაც აქცენტი იმ ყველაფრიდან, რასაც მიჩვეული ვართ, ფაქტობრივად გადატანილია გაუზიარებელ სიყვარულზე, რადგან სოციალური უთანასწორობა სრულიად გადაულახავია. ვფიქრობ, ეს ისტორია არ უნდა დაუკავშირდეს კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციებს. მსახიობს ყველაფერი აქვს, რაც კარგ მსახიობს სჭირდება, გულწრფელია, ბოლო სცენაში, ალბათ ყველაზე ძლიერ სცენაში, ნამდვილი ცრემლებით ტირის... ეს დიდებული ნაწარმოები, ალბათ ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დაფასებული.

 

***

26 სექტემბერს კვლავ ორი სპექტაკლის ნახვა მოგვიწია. ეს იყო ისრაელის დამოუკიდებელი თეატრის შემოქმედთა ასოციაციის და რეჟისორ შერონ სტარკის სპექტაკლი „HOME FRONT“.

სპექტაკლს, ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ახმეტელის თეატრის მეგობარი, „ისრაელის სახლის“ პრეზიდენტი იცეკ მოშე და ებრაულ საგანმანათლებლო-კულტურული ფონდის დირექტორი ელენ ბერკოვიჩი დაესწრნენ, რომელთაც სპექტაკლის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პიესა ეფუძნება 2023 წლის მოვლენებს. რეპეტიციები თავშესაფარში მიმდინარეობდა და ევაკუაციის დასრულების შემდეგ, მესამე დღესვე პრემიერა შედგა. სპექტაკლი, რომელიც  დღევანდელ მოვლენებსაც ეხმიანება, ღაზაში ომს და საერთოდ, მთელ მსოფლიოში მიმდინარე  ომებს, მოგვითხრობს მშვიდობის მტრედებივით თეთრებში ჩაცმული ცოლ-ქმრის შესახებ, მხიარულები, ბედნიერები ახალ ბინაში რომ იწყებენ ცხოვრებას, ტელევიზორის წინ სავარძლებში მსხდარნი ყავას მიირთმევენ, ერთმანეთს ესაუბრებიან, კაცი ვარჯიშობს კიდეც, მერე ფეხსაცმელს წმენდს, ქალი ქსოვს, ასე გადის დრო, მაგრამ უეცრად მათ მყუდროებას აფეთქებების ხმა არღვევს. იწყება ომი და ჩვენ თვალწინ, ეს ახალგაზრდა ადამიანები მოხუცებად გადაიქცევიან, წელში მოიხრებიან, აკანაკალებულები ძლივს მოძრაობენ, თოფის ყოველ გასროლას, როგორც დახვრეტას ისე განიცდიან. ქმარი ომში წასვლასაც აპირებს, მაგრამ ცოლი არ უშვებს, შემდეგ ქოლგას ატანს, არ დასველდეო... თითქოს ტელევიზორიდან გადმოსული ჯარისკაცი, ქოლგით, როგორც ავტომატიდან ისვრის... ძლიერი აფეთქება ცოლ-ქმარს ძირს დასცემს, ანუ მათ სიცოცხლესაც ომი შეიწირავს.

მხოლოდ ჩემთვის ამოუცნობად დარჩა მთელი ამ მოქმედების შიგადაშიგ მუსიკალურ ფონად ჩართული ცნობილი რუსული ფრონტული სიმღერა „კატიუშა“.  

ქალბატონი ნინა მაზურისა და ჩემს საუბარს ფესტივალის კიდევ ერთი სტუმარი, ფოტოკორესპონდენტი მარკ სთრეინჯერი შეესწრო, რომელმაც ამ სიმღერის სპექტაკლის ძირითად მუსიკალურ ფონად გამოყენება ებრაელთა რუსული სიმღერისადმი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად აღიქვა. ნინა მაზურის აზრით კი, ეს სიმღერა, განსაზღვრული ეპოქის არტეფაქტია.  

მეორე სპექტაკლი - ესპანური „მურატიკას თეატრისა“ და „გლაუკას ფროდაქშენის“ ნამუშევარი „მორიელი ან ცერემონია“, ალბათ სრულიად განსაკუთრებული სანახაობა იყო - სიყვარული და ვნება „ფლამენკოს“ რიტმში,  რომლის მთავარი მოქმედი გმირის შემსრულებელი მსახიობი ხოსე ანტონიო ლუსია გახლდათ, ხოლო რეჟისორი - რომან პოდოლსკი.

სპექტაკლი ესპანური, უფრო კი ბოშური, ხმამაღალი, ხანდახან შეყვირებებით, კულისიდან ნამღერი სიმღერით იწყება. სცენაზე მაგიდა და სკამი დგას. სკამზე ქალის წითელყვავილებიანი კაბაა გადაფენილი, მაგიდაზე კი - ქალისავე წითელი, შავად დაწინწკლული ფეხსაცმელია.

პროჟექტორი იდუმალი ცისფერი ფერით ანათებს გარემოს. თეთრ შარვალ-კოსტიუმსა და თეთრ ლაკის ფეხსაცმელში გამოწყობილ მაღალ მამაკაცს შინდისფერი, საყელოგადმოფენილი პერანგი აცვია. თეთრი ჟილეტითა და თავზე - ჩალის შლაპით აშკარად პოზიორობს, თითქოს ფოტოგრაფებს იწვევს გადასაღებად. დროდადრო თითებს იმდენად ხმამაღლა ატკაცუნებს, მგონია კასტანიეტები უკავია ხელში. ლაპარაკობს ჩქარ-ჩქარა, ეკრანი თარგმანით ჩემგან საკმაოდ შორსაა და წასაკითხად მოუხერხებელი, მაგრამ მსახიობი იმდენად სახოვნად მოძრაობს, რომ ჩვენ თვალწინ ხან ხართან მებრძოლ ტორეროდ წარმოისახება, ხან სცენაზე გასასვლელად მზადმყოფ არტისტად, რომელიც გრიმს იკეთებს, თვალები ამოჰყავს... თან სიმღერ-სიმღერით გვიყვება ამბავს, თუ როგორ გაიცნო ტავერნაში ქალი, შეუყვარდა კიდეც, მაგრამ რომელმაც შემდეგ სხვისი შეყვარებაც მოასწრო და  კიდეც უღალატა მას...  

სისწრაფე ხელს არ უშლის მსახიობს იყოს მაქსიმალურად მეტყველი თავის გრძნობებში. ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა წარმოსთქვას უნაკლოდ, სისავსით. წითელ მანიკურს ისვამს თითზე, თუ ქალის კაბას იცვამს და ფეხსაცმელს მაგიდაზე რიტმულად ათამაშებს, აცეკვებს, თუ რამდენიმე სხვადასხვა ადამიანს ასახიერებს და მათ ტექსტებს იმგვარად ანაწილებს სპექტაკლში და ერთმანეთსაგან ისე განასხვავებს, რომ მისი საუბრის სტილი თუ ხმამაღალი ჩურჩული მის მაღალ კლასსა და გავლილ სკოლაზე მეტყველებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ამ ჟანრის სპექტაკლისათვის და საერთოდ ყველასთვის, ვინც სცენაზე დგას და მაყურებლის ყურადღების მიპყრობა სურს.

ნინა მაზური - ჩემთვის ეს მსახიობი აღმოჩენაა! „ფლამენკო“ - განსაკუთრებული კასტაა ესპანეთში, ესპანელი ბოშების ცეკვაა „ფლამენკო“, რომლის შემსრულებელნი ტავერნების სამყაროში არსებობენ და ყოველ მათგანს ფსევდონიმი აქვს. ესპანური ცხოვრების სტილი, ბოშებთან დამოკიდებულებით, განსხვავდება დანარჩენი ევროპისაგან. სოციალურად ბოშები არ განირჩევიან ესპანელებისაგან და ბოშათა კულტურა უცნაურად და საინტერესოდ შეერწყა ესპანელ მოსახლეობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორია, რომელსაც მსახიობი ჰყვება, ვიღაცის მიერ არ არის განცდილი, არამედ შეგრძნებას მიჩენს, რომ ეს ისტორია მან თვითონ განიცადა. მე ვხედავდი ხოსეს ზოგჯერ სრულიად ჩამქრალ თვალებს და ვხვდებოდი, რომ ასეთი თვალები აქვს ადამიანს, რომელსაც აღარაფერი აქვს დასაკარგი, რომელმაც უკვე ყველაფერი დაკარგა. საოცარი დახვეწილობით თამაშობს გრძნობათა მთლიან გამას, საყვარელი ქალის ტრაგიკული დაკარგვიდან საკუთარი სახის შენარჩუნების ცდამდე მათ წინაშე, ვისაც ამ ამბავს უყვება. დღეს მან მოახერხა ყოფილიყო ჩვენთანაც და ყოფილიყო ჩვენგან შორს და ჩვენ ყველანი მოვექეცით იმ სამყაროში, რომელსაც ადრე არ შევხვედრივართ.

არ ვიცი, როგორ უნდა განიმსჭვალო „ფლამენკოს“ ამ განსაკუთრებული სამყაროთი, რომ პრაქტიკულად წარმოადგინო სიყვარულისა და სიკვდილის განსაკუთრებული რიტმი! სწორედ ამიტომ ეს დამშვიდობების ცერემონიაა, დამშვიდობების ცეკვა. იცმევს უბრალო და არა ძვირფას, ლამაზ კაბას, რომლითაც ქალი ცეკვავდა. ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ფეხსაცმელი, მისი ხელებით ცეკვავს „ფლამენკოს“ მაგიდაზე, რათა დაგვანახოს, როგორ ცეკვავდა ქალი. ხელის ერთი მოძრაობით, ან  კოჭლობით იგი გარდაიქმნება იმ კაცებად, რომლებიც ქალის ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ.

სხვათა შორის მსახიობი თავად ბოშაა და ამას არც მალავს. იგი 40-ზე მეტი წლისაა, მაგრამ საოცრად კარგად ფლობს სხეულს, თავად არის „ფლამენკოს“ მოცეკვავე და არა დრამატული მსახიობი...

საინტერესოა, რომ მას ეს სპექტაკლი დაუდგა ეთნიკურად რუსმა რეჟისორმა, რომელიც დიდი ხანია არგენტინაში ცხოვრობს, ამ რეჟისორის გვარი და სახელი არაფერს მეუბნება, თუმცა კი ღირს, რომ ვიცოდეთ მისი ვინაობა, რადგან ეს მაინც არ არის ესპანური სკოლა, არამედ არის რუსული სკოლა და არგენტინულ ანუ ესპანურენოვან, ლათინურ ნიადაგზე გადანერგილმა რუსულმა თეატრალურმა კულტურამ, გამრავლებულმა ესპანური კულტურის აღზრდილ „ფლამენკოს“ მოცეკვავის ნიჭსა და უნარზე, მშვენიერი ნაყოფი გამოიღო.

 

***

27 სექტემბერს რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ ახმეტელის თეატრში დადგმული სპექტაკლი ავსტრიელი დრამატურგის - პიტერ ტურინის პიესა „ვირთხებზე ნადირობა“ ვიხილეთ.

შავი, თავმოკრული ტომრებით დაფარული სცენა მიგვახვედრებს, რომ ეს ნაგავსაყრელია. სიღრმეში მაგიდისმაგვარი საგანი დგას, გვერდებში საკვამლე დანადგარებით. ირგვლივ ისეთი ბურუსი და კვამლია, გარკვევით არაფერი ჩანს. აქა-იქ ყუთებსაც მოვკარი თვალი. მბჟუტავი სინათლე მთლიანად ჩაქრა და სიბნელეში  სანთებელა გაჩხაკუნდა, შემდეგ ფარანიც აციმციმდა, გაისმა ქალის და მამაკაცის ხმა. მერე ორივენი გამოიკვეთნენ. რატომ არიან აქ? რას ეძებენ? მათ საუბარში ირკვევა, რომ ვაჟი, აქ ვირთხებზე ნადირობს, ხოლო ეს რაღაც ნივთი, სადაც თავი შეუფარებიათ, მანქანაა. თუკი თავიდან გოგოს არ მოსწონს და ეზიზღება აქაურობა, თანდათან კიდეც ეჩვევა ნაგავში ყოფნას, ბიჭის ხვევნა-კოცნას... მერე ერთმანეთის ჩანთებს ათვალიერებენ, ჩხრეკენ, იქედან ისვრიან ნივთებს, ყველაფერს იცილებენ, რაც მათ აღარ სჭირდებათ: პომადას, სავარცხელს, სუნამოს, ფულს, რადგან ბიჭის თქმით, ფულით ვერასოდეს იყიდი იმას, რაც ნამდვილია... მერე თვითონაც ნაგავში სხდებიან,  ნაგვის პარკებით თამაშს იწყებენ,  ტანთ იხდიან და თითქმის შიშველნი ჯერ ამ პარკებს აბურთავებენ, მერე კი მაყურებელთა დარბაზისკენ, ფეხებში დამიზნებით ისვრიან. ნაგვიან სივრცეს კვამლი ავსებს, ეს ნაგავი იწვის...

სრულიად გასაგებია დამდგმელი ჯგუფის განწყობილება და სათქმელი: ისინი ფაქტობრივად, საზოგადოებას ბრალს დებენ დანაშაულში, რომელიც ახალგაზრდებს აიძულებს ცხოვრება უმიზნოდ, უაზროდ განვლონ...

ნინა მაზური - პიტერ ტურინის პიესა მაფიქრებს ჩემი თაობის და პირადად ჩემს, როგორც ამ თაობის წარმომადგენლის დანაშაულზე, იმის გამო, თუ რაც და ვინც მოვიდა ჩვენს შემცვლელად. მათთვის არაფერია ძვირფასი, რასაც უნდა გაუფრთხილდნენ, რაც უნდა შეინარჩუნონ. მათთვის ყველაფერმა ფასი დაკარგა და  აღარაფერია ღირებული. ფული, რომელსაც ადამიანს გაწეული შრომისათვის უხდიან, არაფერს ნიშნავს, არაფერი არაა საჭირო და ყველაფრის გადაყრა შეიძლება, თუნდაც მანქანის, რადგან აღარსად წასვლას აპირებენ... ასეთ უცნაურ ადგილას მარტოდ დარჩენილი ორი ახალგაზრდა სიყვარულსაც აღარ ეძებს. ეს აღარც სიცოცხლეა და აღარც სიკვდილი, რადგან ეს ადგილი ხომ მართლაც ნაგავსაყრელი არ არის, არამედ ადამიანურ ღირებულებათა, ყველაფერ იმის, რასაც ვუფრთხილდებით, რაც გვეძვირფასება, საცავია და არც ეს ახალგაზრდები არიან დამნაშავეები ან მკვლელები. უბრალოდ, ყველაფერი გაუფასურდა. ეს ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების  გადასაყრელი ადგილია და აქ სიკვდილი სახლობს... რაც მე ძალიან მანაღვლიანებს. პიტერ ტურინი ახალგაზრდა არ არის და ძალიან მაფიქრებს დარბაზში მსხდომ ახალგაზრდათა მდგომარეობა. ესმით კი, რა იდეას ვაწვდით მათ ამ საშინელი სანახაობით? ჩემი ნათქვამი არ ეხება არც კარგ რეჟისორს და არც კარგ მსახიობებს, ჩემ წინაშე დგება კითხვა, რა არ მივეცით ახალგაზრდობას, რაში შევცდით? ალბათ, რეჟისორისა და მსახიობის წინაშე სწორედ ეს ამოცანა იდგა, მაყურებელი იძულებული გაეხადა ამ საკითხზე დაფიქრებულიყო, რა არ გავაკეთეთ სწორად, სად არ მოვიქეცით სწორად? და ყოველ ჩვენგანს ჩვენი საკუთარი დანაშაული გვაწუხებს...

***

შემდეგი სპექტაკლი „497“ რუმინეთისა და უნგრეთის კამერულმა თეატრმა, ტაბანის ფოლკლორული ცეკვის ჯგუფმა „Hub Marta“-მ ერთობლივ ქორეოგრაფიულ ნამუშევრად წარმოადგინა. სპექტაკლის სინოფსისით შევიტყვეთ, რომ ჩვენ თვალწინ ოთხი რუმინელი სტუდენტის რეალური ისტორია გათამაშდებოდა, რომელთაც საფრანგეთის ტურისტული კლუბის მიერ გამოცხადებული კონკურსის ჯილდოს გამო მსოფლიოს გარშემო ფეხით იმოგზაურეს. ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ათი წლის მანძილზე ცეკვა-სიმღერით მოგზაურობდა, ამასობაში მოგებული თანხა სრულიად გაუფასურდა და მხოლოდ ერთმა შეძლო გზის დასრულება.

სცენის შუაგულში დიდი თეთრი ეკრანი დგას, ხოლო თავად სცენაზე, აქა-იქ ხილით სავსე ჯამებია.  

სრულ სიბნელეში გამოსული ოთხი, თეთრად შეღებილსახიანი და ფეხშიშველი მსახიობი, ტაშის რიტმული დაკვრითა და ფეხების ბაკუნით, შეყვირებებით იწყებს ცეკვას - ერთ კომპოზიციად შეკრულ აკრობატიკის, ეკვილიბრისტიკისა და ტანვარჯიშის ილეთებით გაჯერებულ, უნგრულ-რუმინული ხალხური ცეკვების შესრულებას. ცეკვავენ საოცარი ენერგიით, რიტმით, ზუსტი მოძრაობით. ერთმანეთს ტანსაცმელს უფერადებენ, ეკრანზე ლათინური ასოებით წერენ სხვადასხვა ციფრებს, სიტყვებს... ცეკვით ცდილობენ ერთმანეთის სხეულის გათბობას... რაღაც წარმართული, დიონისური ჟინით გლეჯენ, შთანთქავენ ფორთოხლებს, ყურძნის მტევნებს... იატაკზე მიმობნეულ წითელ ფხვნილზე, როგორც გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე ისე დადიან, თეთრ ფქვილში იგანგლებიან... ფაქტობრივად, ეს არის ეროვნულ ქორეოგრაფიაზე აგებული ქორეოდრამა, რომელიც ამ ადამიანების ცხოვრებას, მათ ტანჯვის გზას საცეკვაო პირუეტებით წარმოგვიდგენს.

 

***

„თბილისური ბროწეულების“ ფარგლებში, სხვადასხვა იდეური დატვირთვის საკუთარი პიესები წაიკითხეს ირაკლი კაკაბაძემ და ისრაელელმა მსახიობმა, რეჟისორმა და დრამატურგმა შარონ სტარკმა.

ფესტივალის ბოლო დღემ კი მოსულ მაყურებელს ორი სპექტაკლი შესთავაზა: „ჰედი! ჰედი ლამარის ცხოვრება და გამოგონებები“, რომლის ავტორი და შემსრულებელი ქალბატონი ჰიზერ მასი გახლდათ. კეკლუცმა ამერიკელმა მსახიობმა ქალმა, ჰოლივუდის ცნობილი კინოვარსკვლავის - ჰედი ლამარის ბიოგრაფიული კომპოზიცია წარმოადგინა.

 ხოლო გერმანიისა და უკრაინის ერთობლივმა ქორეოგრაფიულმა დადგმამ „ველი. დილის ქალბატონი“, რეჟისორ რაინერ რიჩარდ ბერის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი აზრობრივი დატვირთვის კომპოზიცია შემოგვთავაზა.

რაინერ რიჩარდ ბერი პინა ბაუშის თეატრის მოცეკვავე და თანამედროვე ცეკვის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელია. სანამ მოცეკვავის კარიერას შეუდგებოდა, იგი ტანვარჯიშის მასწავლებელი იყო, რაც კიდეც ეტყობა ფესტივალზე წარმოდგენილ მის ქორეოგრაფიულ სპექტაკლს. მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობი, უკრაინელი მოცეკვავე ჰალინა შჩუპაკი, სპექტაკლზე მუშაობისას, რეჟისორის ასისტენტიც იყო და მისი სხეულის ენა ზუსტად შეესაბამება დამდგმელის ჩანაფიქრსა და იდეას.

სპექტაკლი, საკმაოდ ორიგინალური სახელწოდებით „ველი. დილის ქალბატონი“, ცეკვის, მოძრაობის ენით მოგვითხრობს გრძნობების ველზე, რომელიც  არის სამყარო ჩვენს შიგნით, ჩვენს არსებაში. ეს არის სახლი ჩვენი ოცნებების, ჩვენი ფიქრების თავისუფლებაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სიყვარულსა და შიშზე,  რომ სიყვარული, ვნება, იმედი არ დაიკარგოს. ველი არის ადგილი, სადაც ერთმანეთს  ეჯახებიან სასოწარკვეთა და ძალადობა, სადაც შინაგან და გარე სამყაროთა შორის უწყვეტი მოგზაურობისას, ვეძებთ გზას შინისკენ და ამ ძიებისას იქნებ მკვლელობისთვისაც კი მზად ვართ, თუმცა დუმილსა და მარტოობაში მხოლოდ მეთვალყურედ ვრჩებით. 

სპექტაკლი 2024 წელს დაიდგა ლვოვში, ლეს კურბასის სახელობის თეატრში.

ამგვარი იყო „თბილისური ბროწეულების“ დღეებზე წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ დანახული და გააზრებული  სპექტაკლები, რომელთაც არ აკლდა მაყურებელი და რომელიც ვფიქრობ,  ინტერესით დაელოდება მომავალ ფესტივალს.

ფესტივალი ჩინებულად იყო ორგანიზებული, რაშიც დიდია ახმეტელის თაეტრის ხელმძღვანელის - ირაკლი გოგიას როლი. წარმატებას ვუსურვებ მას და თეატრის მთელ კოლექტივს, მით უფრო, რომ „თბილისური ბროწეულების“ დასრულების შემდეგ, სულ მალე, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის დასი, ანკარის მე-17 საერთაშორისო თეატარლურ ფესტივალზე გაემგზავრა სპექტაკლით „ვიღაც სხვა“ და 21 ოქტომბერს კიდეც წარსდგა მაყურებლის წინაშე.

bottom of page