top of page

ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი - დაკვირვებები ფესტივალის პროგრამაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ამბის გარეშე... ბლედი.jpg

01.07.2026

ანი გონგაძე

ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი - დაკვირვებები ფესტივალის პროგრამაზე

ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალმა, წელს კიდევ ერთხელ, შეკრიბა სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები, ქორეოგრაფები, რეჟისორები და შემსრულებლები, რომლებმაც მაყურებელს თანამედროვე, ფიზიკური და ცეკვის თეატრის მრავალფეროვანი სახეები წარუდგინეს. ფესტივალი მხოლოდ წარმოდგენებით არ შემოფარგლულა და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამაც შესთავაზა დაინტერესებულ საზოგადოებას, გაიმართა პროფესიული შეხვედრები, მასტერკლასები და გამოცდილების გაზიარების სესიები, რომელთა შორის განსაკუთრებული ინტერესი უცხოელი სტუმრების მონაწილეობით ჩატარებულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა გამოიწვია. ფესტივალს თვალს ვადევნებდი როგორც მონაწილე და ამავე დროს, როგორც თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების მკვლევარი, რის გამოც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდი ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე, რუსთაველის თეატრში, საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა. საუკეთესო სპექტაკლის ჯილდო ლაშა რობაქიძის დამოუკიდებელ პროექტს „ჟანგბადი“ გადაეცა, საუკეთესო ქორეოგრაფიის პრიზი ჩინურმა წარმოდგენამ „უსასრულო“ მოიპოვა, საუკეთესო შემსრულებლად აბდურაჰმან შერიფი დასახელდა სპექტაკლიდან „ამბის გარეშე... ბლედი“, ხოლო საუკეთესო დასის ჯილდო პოლონურ Buried Dance Theatre-ს გადაეცა, წარმოდგენისთვის „ადამიანი ადამიანისთვის ღორია“.

ფესტივალის ქართული პროგრამიდან, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო „ჟანგბადმა“, რომლის შესახებაც ცალკე რეცენზია ფესტივალის დასრულებამდე და გამარჯვებულების გამოცხადებამდე გამოვაქვეყნე. მიუხედავად გარკვეული კრიტიკული შენიშვნებისა, მაშინაც აღვნიშნე წარმოდგენის მკაფიო მხატვრული კონცეფცია, ფორმის თანმიმდევრულობა და ავტორული ხედვის სიცხადე. საბოლოოდ მიღებული მთავარი ჯილდო, ამ თვალსაზრისით სრულიად ლოგიკური აღმოჩნდა.

ქართული პროგრამის კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი იყო მოძრაობის თეატრის „ოქსიმორონი“, რომელიც ჰეფენინგის ფორმატში იყო აგებული. რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ, ქორეოგრაფმა ლაშა რობაქიძემ და კომპოზიტორმა ბეგი მონიავამ, მაყურებელს ტრადიციული თეატრალური ურთიერთობისგან განსხვავებული გამოცდილება შესთავაზეს. ყურსასმენების გამოყენება, პერსონალური აუდიოგამოცდილების შექმნა და მაყურებლის გადაადგილება თეატრის სცენის სივრცეში, საინტერესო და თანამედროვე მიდგომად აღიქმება. წარმოდგენის კონცეფცია, რომელიც მაყურებლისა და პერფორმერის ურთიერთობის ახალი ფორმების ძიებისკენ იყო მიმართული, უდავოდ აქტუალური და საინტერესოა. თუმცა, ჩემი აზრით, ინტერაქციული კომპონენტის პოტენციალი სრულად არ იქნა გამოყენებული. მაყურებელი უმეტესად დამკვირვებლის პოზიციაში რჩებოდა, მაშინ როდესაც წარმოდგენის ფორმატი უფრო აქტიურ თანამონაწილეობასაც იძლეოდა. მიუხედავად ამისა, თავად ექსპერიმენტი და კომუნიკაციის არჩეული ფორმა ფესტივალის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ გამოცდილებად დარჩა.

ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი პროექტი, „დედა ქართლისა“, რომელიც რეჟისორმა კოტე ლიპარტელიანმა და ქორეოგრაფმა მეგი ზარქუამ მოძრაობის თეატრში წარადგინეს. სპექტაკლი პლასტიკის ენით მოგვითხრობს, ქალის შინაგან სამყაროზე, სადაც ერთდროულად ცხოვრობს სიძლიერე, სისუსტე, მონატრება,  მოლოდინი, სიყვარული, ტკივილი, დუმილი.

წარმოდგენის ქორეოგრაფიული სტრუქტურა აგებული იყო, როგორ ქართული და თანამედროვე ქორეოგრაფიული ენით შექმნილ ტექნიკაზე. მის ვიზუალურ და ემოციურ ხასიათს ბეგი ბუკიას მუსიკალური გაფორმება და თეა ბერაძის ტექსტი ავლენდა. ვინაიდან აღნიშნული წარმოდგენის მონაწილე თავად ვიყავი, მის კრიტიკულ შეფასებას ამჯერად მაყურებელსა და დამოუკიდებელ კრიტიკოსებს მივანდობ.

საერთაშორისო პროგრამიდან ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პოლონური დასის Buried Dance Theatre-ის წარმოდგენა „ადამიანი ადამიანისთვის ღორია“. სპექტაკლი თანამედროვე ადამიანის გაუცხოების, ძალადობისა და სოციალური ურთიერთობების დეფორმაციის თემებზე იყო აგებული. მისი სათქმელი უაღრესად აქტუალურია და აშკარად ცდილობს მაყურებლისთვის დისკომფორტული კითხვების დასმას. თუმცა წარმოდგენის მხატვრულ გადაწყვეტაში გარკვეული დისბალანსი ვიგრძენი. ზოგიერთ ეპიზოდში ემოციური წნეხი იმდენად ძლიერდებოდა, რომ სათქმელისა და ფორმის ბალანსი ირღვეოდა. ვფიქრობ, წარმოდგენის ძირითადი იდეები უფრო მრავალშრიანი და მოქნილი გამომსახველობითი ხერხებითაც შეიძლებოდა წარმოჩენილიყო. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ სპექტაკლმა თავისი უშუალობითა და მკვეთრი გამომსახველობით შეძლო როგორც მაყურებლის, ისე ჟიურის ყურადღების მიპყრობა.

ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება კი ჩემთვის ჩინური წარმოდგენა „უსასრულო“ აღმოჩნდა, რომელმაც საუკეთესო ქორეოგრაფიის ჯილდოც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ქორეოგრაფია, სცენოგრაფია, განათება, მუსიკა და შემსრულებლების ოსტატობა ერთიან მხატვრულ ორგანიზმად. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური გაფორმება ზოგიერთ მონაკვეთში მონოტონურობის განცდას ტოვებდა და ქორეოგრაფიული მასალის ნაწილი პერიოდულად მეორდებოდა, წარმოდგენა წამითაც არ კარგავდა დინამიკას. მოცეკვავეთა სინქრონი, სივრცის ზუსტი ორგანიზება და ვიზუალური კომპოზიციების მუდმივი ტრანსფორმაცია განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა. აღსანიშნავი იყო ტექნიკური სიზუსტეც, რომლითაც ერთმანეთს ენაცვლებოდა განათების ცვლილებები, სცენური ნახაზები და კოსტიუმური ტრანსფორმაციები. საბოლოოდ იქმნებოდა წარმოდგენა, რომელშიც არც ერთი კომპონენტი არ არსებობდა დამოუკიდებლად და ყველა ელემენტი ერთიანი მხატვრული შედეგის შექმნას ემსახურებოდა. სწორედ ამ მთლიანობაში ვხედავ წარმოდგენის მთავარ ღირსებას და სწორედ ამიტომ მიმაჩნია მისი წარმატება სრულიად დამსახურებულად.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო პროგრამაც იყო. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ პროფესიულ შეხვედრებსა და მასტერკლასებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩინელი ქორეოგრაფების მიერ ჩატარებულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობაც, რამაც ახალგაზრდა ხელოვანებს საერთაშორისო გამოცდილებასთან უშუალო შეხების შესაძლებლობა მისცა.

საბოლოოდ, წლევანდელმა ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბის კულტურული ინიციატივების არსებობა თანამედროვე ქართული თეატრალური პროცესისთვის. სხვადასხვა ქვეყნის, ესთეტიკისა და შემოქმედებითი ხედვის შეხვედრამ მაყურებელს საშუალება მისცა, ერთ ფესტივალურ პროგრამაში ენახა როგორც ექსპერიმენტული ძიებები, ისე მაღალი პროფესიული ოსტატობით შესრულებული ნამუშევრები. ბუნებრივია, ყველა წარმოდგენა ერთნაირად წარმატებული ვერ იქნებოდა და არც ყველა მხატვრული გადაწყვეტა აღმოჩნდა თანაბრად დამაჯერებელი, თუმცა სწორედ განსხვავებული პოზიციებისა და გამოცდილებების თანაარსებობა ქმნის ასეთი ფესტივალების მთავარ ღირებულებას. ამ თვალსაზრისით, წლევანდელმა ფორუმმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიული დიალოგის განვითარებაში, გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე ფიზიკური და ცეკვის თეატრისადმი ინტერესის გაღრმავებაში. სწორედ ამიტომ, მადლობა ეკუთვნით ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელოვნების ირგვლივ ასეთი მნიშვნელოვანი პროფესიული და შემოქმედებითი შეხვედრის განხორციელება შესაძლებელი გახადა.

bottom of page