და იქმნა დიქტატურა... ჯერჯერობით მხოლოდ ფოთის თეატრში

დავით ბუხრიკიძე

და იქმნა „დიქტატურა”... ჯერჯერობით მხოლოდ თეატრში

 

ფოთის მესამე საერთაშორისო რეგიონული ფესტივალის მიმოხილვა

 

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომლის დაარსება და მნიშვნელობა სკეპტიკოსებშიც აღარ იწვევს ეჭვს, წელს უკვე მესამედ გაიმართა. ვიტყოდი, რომ წელს ფესტივალმა თანაბრად აირეკლა ქართული თეატრის წარსულის მიმქრალი ბრწყინვალება და პრობლემებით დახუნძლული დღევანდელობა; ზოგჯერ დრამატული და ზოგჯერ კომიკური ყოფიერების ასატანი სიმსუბუქე და ამავე ყოფიერებაში გამობრძმედილი სიმძიმეც. საფესტივალო სპექტაკლებში იგრძნობოდა მოზომილი  ტაშ-ფანდურიც და სიდუხჭირეს „გამოკერებული“ არტისტიზმიც.

ეკონომიკურად რთული დროის მიუხედავად, რაც დაფინანსების შემცირებასა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზრდილობიან გულგრილობაში უფრო გამოიხატებოდა, ფესტივალმა დაამტკიცა, რომ შეუძლია არსებობა! უამრავი პრობლემის მიუხედავად, ის მაინც უკეთეს მომავალსა და განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც პირველ რიგში, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის  მთავარი დამსახურებაა.

2017 წელს ფესტივალში საქართველოს რეგიონების 16 სახელმწიფო და რამდენიმე უცხოური თეატრი (პოლონეთი, ირანი, რუსეთი და უკრაინა) მონაწილეობდა. რაც უკვე მრავალფეროვნებას ნიშნავდა; თუმცა ისიც გასაგებია, რომ რაოდენობა ხარისხის გარანტია ბოლომდე ვერ იქნებოდა. ათეულობით წარმოდგენის ნახვისა და ანალიზის შემდეგ, შეიძლება ვთქვათ, რომ რეგიონების თეატრების უმთავრეს პრობლემებად დღესაც რჩება: 1. ზოგადად, გემოვნება; 2. რეჟისურის ხარისხი; 3. სპექტაკლებში მხატვრული, სოციალური და იდეოლოგიური ბალანსი; 4. სარეპერტუარო სტრატეგია; 5. ახალი ტექნოლოგიები და განახლებული სცენოგრაფია.

რეგიონული თეატრების რეჟისორები და მსახიობების ნაწილი საზოგადოებაში თეატრისადმი არარსებულ ან გამქრალ ინტერესზე საუბრობდა. ისინი აღნიშნავენ, რომ თეატრის, როგორც კულტურის ინსტიტუციის სათანადო დაფინანსება კვლავაც მთავარ პრობლემად რჩება. კულტურის პოლიტიკის გააზრებისას ჩინოვნიკების დიდ ნაწილს  მიაჩნია, რომ თეატრებმა საკუთარ პრობლემებს თავად უნდა მიხედონ. როგორც წესი, კულტურის სამინისტრო და რეგიონის  ხელისუფლება ჯერჯერობით თეატრებისთვის უფრო „საარსებო მინიმუმით“ კმაყოფილდება, რაც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფი თეატრებისთვის ალბათ საკმარისია, მაგრამ არა შემოქმედებითი პროცესის განახლებისა და რადიკალური ცვლილებისათვის.

მეორე მხრივ, რეგიონების თეატრების ხელმძღვანელობამ უნდა გააცნობიეროს თანამედროვე, აქტუალური და ხარისხიანი სპექტაკლების დადგმის ერთგვარი ვალდებულებაც. მწირი დაფინანსება  სულაც არ ამართლებს არასახარბიელო მხატვრულ შედეგს და ეს მოჯადოებული თუ მანკიერი წრე - ნაკლები ფული ნიშნავს ნაკლები ხარისხს, ნამდვილად გასარღვევია. თუმცა საკითხავია, როგორ ახერხებს,  მაგალითად, რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორი მწირი დაფინანსების შემთხვევაშიც სარისკო, აქტუალური, თანამედროვე და საინტერესო ფორმის სპექტაკლის დადგმას?!

თვალშისაცემი იყო ერთფეროვანი რეპერტუარიც. ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული თეატრების უმეტესობა ნაცნობ პიესებსა და ლიტერატურულ პირველწყაროს ეყრდნობა: მაგალითად, „ბოშები“ (ოზურგეთის თეატრი; ნოდარ დუმბაძის მოთხრობები), „ჭურში“ (დმანისის თეატრი;ოთარ ბაღათურიას პიესა), „ძაღლის გული“ (ზესტაფონის თეატრში; მიხაილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების პიესა), „ბაკულას ღორები“ (სენაკის თეატრი; დავით კლდიაშვილის მოთხრობის სცენური ვერსიაა), „კვაჭი“ (ცხინვალის თეატრი; მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მიხედვით), „ცილინდრი“ (ზუგდიდის თეატრი; ედუარდო დე ფილიპოს ერთ დროს ძალზე პოპულარული პიესა).

შედარებით ნაკლებად ცნობილი დრამატურგიისა და ლიტერატურის ადაპტაცია სცადეს: მესხეთის თეატრმა  -ჰაროლდ მიულერის „მშვიდი ღამე“, გორის თეატრმა - ტიმოფეი ილიევსკის „ადამიანი მოთამაშე“, თელავის თეატრმა - სანდრო კაკულიას „სახურავი“, ჭიათურის თეატრმა - იოშუა სობოლის „გეტო“, ფოთის თეატრმა - ბასა ჯანიკაშვილის „დიქტატურა“. ეს მიანიშნებს, რომ რეჟისორების უმრავლესობა მაინც უკვე ნათარგმნი, ასე ვთქვათ, გზაგაკვალული პიესების დადგმას ცდილობს და ვერ ბედავს ახალ, მათთვის უცნობ დრამატურგიასთან ან ლიტერატურასთან შეჭიდებას.

გემოვნებისა და ზომიერების პრობლემა იგრძნობა არა მხოლოდ რეპერტუარსა და სცენოგრაფიაში (მაგალითად, გორის, სენაკის, ზუგდიდის, ოზურგეთის თეატრების სპექტაკლები), არამედ რეჟისურასა და სამსახიობო ოსტატობაშიც. მცირე გამონაკლისის გარდა, როგორიცაა  სოხუმისა და ფოთის თეატრები,  ეს თითქმის ყველა თეატრის თანამდევი პრობლემაა.

რატომღაც ჯერ კიდევ პოპულარულია საბჭოთა დროიდან შემორჩენილი პოპულარული კომედიები და დრამები. მათ ემატება ახალი, ე. წ. აქტუალური პიესები ნარკომანიაზე, პოლიტიკურ ძალადობაზე ან სოციალურ პრობლემებზე, რომლებსაც რეჟისორები ხშირად ვერაფერს უხერხებენ. ამიტომ საკუთარი ფანტაზიით, ტექსტების ჩამატებითა და მარტივი, ცოტათი პლაკატური ხერხებით ცდილობენ მაყურებელზე ზემოქმედებას.

იგრძნობა ბოლო დროს მომძლავრებული და კარგად ნაცნობი „ტელესერიალების სინდრომიც“, რაც მაყურებლის გემოვნების ამაღლებას კი არა, პირიქით - მის წარმოსახვაზე მორგებას ემსახურება; რაც ცვლის პიესების მთავარ სათქმელს, პრობლემებს, კონტექსტს. რეჟისორები ანგარიშს უწევენ მასკულტურის ენას, მის გავლენას სოციალურ რეალობაზე და, ასე ვთქვათ, „ცხოვრების დინებას“ მისდევენ. რაც სინამდვილეში თეატრის, როგორც ხელოვნების განვითარებას უფრო აფერხებს, ვიდრე ხელს უწყობს.

სპექტაკლებში ხშირად ისმოდა სხვადასხვა კუთხის დიალექტები, რაც ნამდვილად არ ჯდება თანამედროვე თეატრის განვითარების კონტექსტში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მსახიობის ოსტატობის პრობლემაც, რაც პირდაპირ კავშირშია თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პროცესის სრულყოფასთან და ზოგადად, თეატრალურ განათლებასთან.

ცალკე უნდა აღინიშნოს მუსიკალური გაფორმებისა და სცენოგრაფიის პრობლეები. მიუხედავად რამდენიმე საინტერესო სცენოგრაფიული ნამუშევრისა - დავით საყვარელიძის რეჟისორული და სცენოგრაფიული ნამუშევარი სოხუმის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში „იაკიში და პუპჩე“, ან თამარ ოხიკიანის სცენოგრაფია და მხატვრობა ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის სპექტაკლში „დიქტატურა“- სპექტალების უმეტესობა მხოლოდ ფუნქციური, ზედაპირული და „ბრტყელი“ სცენოგრაფიით გამოირჩევა.

რაც შეეხება პრიზებს: ფოთის ფესტივალის მთავარი პრიზი - 5 ათასი ლარი, რომელიც წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საუკეთესო სპექტაკლისთვის დააწესა, სწორედ დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ გადაეცა, რომელიც სოხუმისა და ფოთის თეატრების თანამშრომლობით განხორციელდა.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა მანანა ანთაძემ დააწესა პრიზი - „ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი, რომელიც  ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით მღებრიშვილს გადაეცა სპექტაკლისთვის „დიქტატურა“. უნდა ითქვას, რომ „დიქტატურა“ ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ფორმის სპექტაკლია, რომელიც უდავოდ დაამახსოვრდებოდა მაყურებელს თავისი პუბლიცისტურობითა და ფორმით.

გაერთიანებულმა კრიტიკოსთა საბჭომ თითქმის ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფესტივალის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი დავით როინიშვილი დაეჯილდოვებინა, რომელმაც მართლაც გამორჩეული სახე შექმნა კოტე აბაშიძის სპექტაკლში „DUPLET“ (ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესების მიხედვით).

რაც შეეხება უცხოურ პროგრამას: პოლონურმა თეატრალურმა კომპანიამ „Nie ma“ წარმოადგინა რეჟისორ ტატიანა მალინოვსკა-ტიშკევიჩის გაბედული ფორმის, მაგრამ ოდნავ ერთფეროვანი მონო-სპექტაკლი “K+ D”. სპექტაკლმა ახალგაზრდა პოლონელი მსახიობის, იგორ კრუპჩინსკის მონაწილეობით კრიტიკოსებს „ეგზისტენციური პოლონური“ თეატრი გაახსენა.

უკრაინული თეატრალური კომპანიის „თეატრი პუბლიცისტის“ წარმოდგენა სახელწოდებით - „სადღაც და მიღმა“ ცნობილ დრამატურგს, ანა იაბლონსკაიას ეკუთვნის, რომელმაც ორიგინალური სცენოგრაფიული კონცეფციით მოხიბლა მაყურებელი. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა თეატრალური კომპანიის, „ესკიზები სივრცეში“ წარმოდგენა, რომელიც დოსტოევსკის „იდიოტს“ ეფუძნებოდა. ახალგაზრდულმა დასმა ცნობილი რომანის სრულიად განსახვავებული და ვიზუალური ფორმის ვერსია წარმოადგინა, რომელშიც ორიგინალურად  იყო გამოყენებული მულტიმედიური ხერხები. ეს კი უკვე სპექტაკლის გაბედულ კონცეფციას ნიშნავდა.

 

ირანულმა თეატრალურმა კომპანია „დიმაკმა“ წარმოდგენა „ჩემოდანი და ფინია“, ჩეხოვის მოთხრობის - „ქალი ძაღლით“ მოტივების მიხედვით დადგა. რამდენიმე სახალისო ეპიზოდის მიუხედავად, რეჟისორ ალბერტ ბიგჯონის ფანტაზია ნიკიტა მიხალკოვის ცნობილი ფილმის ფარგლებს ვერ გასცდა. ტექსტის მნიშვნელობა და როლი საგრძნობლად შემცირებულია, ხოლო ვიზუალური ეფექტი - გაზრდილი. და მაინც, სპექტაკლმა მაყურებელზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ ორ ირანულ წარმოდგენაზე.

კრეატიულმა თეატრალურმა კომპანიამ ირანიდან, ფედერიკო გარსია ლორკას „იერმას“ მიხედვით, დაახლოებით საათნახევრიანი სპექტაკლი წარმოადგინა. ავტორმა და რეჟისორმა ალი კალანტარმა მიზნად დაისახა  სიურეალისტური პერფორმანსი ვიქტორ შკლოვსკის „ფორმალიზმის“ მეთოდის გამოყენებით განეხორციელებინა, თუმცა ამ მეთოდების გავლენას წარმოდგენაში ნამდვილად ვერ ნახავდით. კიდევ უფრო სუსტი აღმოჩნდა მესამე ირანული დასის სპექტაკლი „ხმა, დუმილი, მოძრაობა“. სიავაშ თაიებთაჰერის დადგმა უფრო მოყვარულ მსახიობთა წარმოდგენას ჰგავდა, რომელშიც ავტორი თავად ვერ გარკვეულა და ამიტომ ექსპერიმენტს აფარებს თავს.

ეფექტური გამოდგა იტალიელი რეჟისორისა და პედაგოგის, კლაუდიო დი მალიოს სპეციალური პერფორმანსი ფესტივალის დახურვის საღამოს. მან საქართველოს რეგიონული თეატრებიდან მსახიობთა ჯგუფი შეარჩია და რამდენიმე დღიანი ვორკშოპის შემდეგ სპეციალური პერფორმანსი წარმოადგინა თემაზე „კომედია დელ არტეს ნიღბები“... და ეს ყველაფერი ოდნავ მოსაწყენი საფესტივალო პროგრამის ფონზე, მართლაც ოპტიმიზმს აღძრავდა. ვინძლო, მომავალ წელს სცენაზე პოლიტიკური „დიქტატურის“ საპირწონედ  მრავალტანჯული პანტალონე, მოხერხებული არლეკინი და ნაღვლიანი პიერო ვიხილოთ.