top of page

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2025

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

4E328AE0-3309-4493-8B6F-3C6E5D04B28C.png

გიორგი ყაჯრიშვილი

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2025

 

რეგიონული თეატრების ფესტივალი უკვე მეთერთმეტედ ტარდება და ყოველ წელს იგი განსაკუთრებული და განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. ფოთის ახალი თეატრის შენობისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით, შექსპირის პირველი ფოლიოს გამოქვეყნების საიუბილეო თარიღით, ძალადობის საწინააღმდეგო სპექტაკლების ჩვენებით და სხვა. ამ წელს ფესტივალის მთავარი სამიზნე და საზრუნავი ახალგაზრდები, სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ. ძირითადად ეს აისახა არა მხოლოდ არტბანაკის მუშაობაზე, არამედ იმაზეც, რომ წარმოდგენილ სპექტაკლებშიც უმეტეს ნაწილში სტუდენტები თამაშობდნენ. მაგ.; გიორგი სიხარულიძის მიერ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დადგმული „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა ფშაველას პოემის მიხედვით, ანტონელა კორნიჩის „ციფრები“ მარ გომეს გლეზის ტექსტის მიხედვით თეატრ „ტუდორ ვაინუ“ (რუმინეთი) შესრულებით, დამწყები რეჟისორების თეიმურაზ დვალისა და სალომე ჯიჯავაძის ნამუშევრებით, მაგრამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მთავარი საზრუნავი მაინც იყო არტბანაკი, ჩამოსული სტუდენტებისთვის ჩატარებული მასტერკლასები, ლექციები და ფესტივალის აპოთეოზზე ზრუნვა - იქ შეკრებულ არტბანაკის სტუმრებს უნდა შეექმნათ და წარმოედგინათ (საკუთარი, საერთო არჩევანით გადაწყვეტილი) ფრაგმენტები უილიამ შექსპირის პიესიდან „ზაფხულის ღამის სიზმარი“, რაც ფესტივალის დახურვის დღეს სასტუმრო „ანდამატის“ ულამაზეს ბაღში გაიმართა და სამი ნაწილისგან შედგებოდა.

 

არტბანაკის ასევე მასპინძლობდა სტუდენტ თეატროლოგებს ანასტასია ჩერნეცოვას, მარიამ ბალახაძესა და თათა გავაშელს, რომლებიც ვიდეოჩართვებსა და საინტერესო ვლოგებს ამზადებდნენ. კიდევ ერთი სიახლე გახლდათ ახალგაზრდა რეჟისორთა კონკურსი, სადაც ისინი იმ დაფინანსებისთვის იბრძოდნენ, რომელიც კულტურის სამინისტრომ დააწესა რეგიონის თეატრებში სპექტაკლის განხორციელების მიზნით. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა და ფინალში გასული ევა გვრიტიშვილი (ილია სახელობის უნივერსიტეტი), ნინა კალატოზი (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი), გიორგი ჭანტურია (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი), ტარიელ კუბლაშვილი (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი) არტბანაკს სტუმრობდნენ და მეორე ტურისთვის ემზადებოდნენ. აქვე დავძენ, რომ მართალია კონკურსი ევა გვრიტიშვილი მოიგო, მაგრამ კულტურის სამინისტრომ მეორე ადგილზე გასულ ტარიელ კუბლაშვილსაც დააფინანსებს. ეს რაც შეეხება სიახლეებს, თუმცა უნდა ითქვას რომ ფესტივალის ექვსი დღე დახუნძლული იყო სხვადასხვა აქტივობით: დღეში ორი წარმოდგენა ჯერ სენაკში და შემდგომ ფოთში, არტბანაკის მონაწილეებისთვის მასტერკლასები სასცენო მეტყველებაში (პროფესორი მანანა ბერიკაშვილი) სასცენო მოძრაობასა და ცეკვაში (პედაგოგი თიკო ქოიავა), ლექციები მიხეილ თუმანიშვილის მეთოდი ვიდეოფილმის ჩვენებით (თეატროლოგი მანანა ტურიაშვილი), თანამედროვე თეატრალურ პროცესების შესახებ (კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე).

 

ფესტივალის მიმდინარეობის დროს შექმნილი იყო შემოქმედებითი გარემო, დილიდან დაღამებამდე არტბანაკის სტუმრები ესწრებოდნენ ზემოთ ჩამოთვლილ მასტერკლასებს და ლექციებს, ხოლო თავისუფალ დროს რეპეტიციებს ანდომებდნენ (მათ ეხმარებოდათ ნინელი ჭანკვეტაძე და რეჟისორები ოთარ ქათამაძე, გიორგი კლაინი, ქორეოგრაფი თიკა ქოიავა) იმ სპექტაკლის შესაქმნელად, რომელიც უკვე ვახსენეთ. ცალკე უნდა აღინიშნოს რომ არტბანაკის მონაწილეთა შორის იყვნენ სენაკის სახელმწიფო თეატრთან არსებული ბავშვთა თეატრალური დრამატული ჯგუფის წევრები, ასევე ჩართული ყველა აქტივობებში. რაც შეეხება ფესტივალის წარმოდგენების პროგრამას, აქაც დამწყებ და ახალგაზრდა რეჟისორთა სპექტაკლები სჭარბობდა. ასე მაგალითად თეიმურაზ დვალის, რომელიც გასული წლის რუსთავის კომედიის ფესტივალის გამარჯვებული იყო დებიუტანტთა შორის - სპექტაკლით „ვახშამი ექვსისთვის“, სალომე ჯიჯავაძე - პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასულით“, ლუკა ინწკირველის „მუდამ ერთად“, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი რეჟისორების გიორგი კაშიას და საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლები - ფესტივალი სწორედ ამ რეჟისორთა ახალი ნამუშევრებით გაიხსნა და დაიხურა. გიორგი კაშიას შალვა დადიანის „გუშინდელნის“ მიხედვით შექმნილ „ბილეთი უკანასკნელი წარმოდგენისთვის“ ტექსტი რეჟისორს ეკუთვნის.

 

მოქმედება ნახევრად დანგრეულ თეატრალურ შენობაში მიმდინარეობს (აქ არ შეძლება პარალელი არ გაკეთდეს იმაზე, რომ ზუგდიდი თეატრს დღესაც არ აქვს შენობა, ხოლო კულტურის ცენტრს, სადაც ისინი დროებით იყვნენ შესახლებული, გასულ წელს ხე დაეცა და დაზიანდა). თუმცა მთავარი მაინც ეს არაა - რეჟისორმა რაც წინა პლანზე წამოწია ისაა, რომ თეატრის შენობა იყიდება და ეს გადაწყვეტილება თეატრის კოლექტივმა უნდა მიიღოს. ინვესტორის მოწვევის იდეაც იმ პატარა ბუნტარ ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც კნეინა ჩიტუნიას (მზეკო ჩარგაზია) „მართავს“ და თვისი მომხიბვლელობით ცდილობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც (ზურაბ ლაშხია) შეაცდინოს და დაიყოლიოს შენობის გაყიდვაში. თეატრში ნეპოტიზმი ბატონობს, დასში ირიცხებიან სამხატვრო ხელმძღვანელის მეუღლე (მარინა დარასელია) მისი ვაჟი (გიგა აბულაძე) და ქალიშვილიც (სალომე ბუღაძე) ადმინისტრაციის თანამშრომელია. რეჟისორმა შეძლო ყოველი პერსონაჟისაგან შეექმნა კომიკური, გროტესკული სახეები თეატრის ცხოვრების კონფლიქტებისა და ყოველდღიურობათა გამოსახატად. მოწვეული ექსცენტრული რეჟისორი (დავით ჩოგოვაძე) ჩვენს წინ ახალ სპექტაკლზე მუშაობს და რეპეტიციებს მართავს - აქ ადგილი აქვს ირონიასაც და თვითირონიასაც და მისი ნერვიული გამოხდომები განსაკუთრებულ ხასიათს სძენს მის პერსონაჟს. გროტესკული და სახასიათოა როლს ქმნის კობა მატკავა. იგი სულ სცენაზეა და ერთგვარი მოტორს ფუნქციაც კი აქვს. საინტერესო სახეებს ქმნიან გიგა აბულაძე და ანა ბერელაშვილი, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობს და მისაღები გამოცდებისთვის ემზადება. სპექტაკლში კი შალვა დადიანისეული გენერალი კი ინვესტორად გვევლინება, რომელსაც ორიოდე ჭიქის დალევის შემდეგ ისე გამოთვრება რომ არც იცის აქ რატომ მოიყვანეს.

 

ანტონელა კორნიჩის „ციფრები“ დოკუმენტური პიესაა - ისტორიული ქრონიკაა, სადაც მსახიობები ძალიან ლაკონურ, თითქმის ყოველგვარი სასცენო კაზმულობის გარეშე მაყურებელს წარუდგენენ ბოლო საუკუნეების მნიშვნელოვან და ტრაგიკულ თარიღებს, ქრონოლოგიურად, კომენტარებითა და ამ მოვლენების ანალიზით. ლუკა ინწკირველის მიერ გიორგი ერისთავის გორის თეატრში დადგმული ანკა ვისდეის „მუდამ ერთად“ უკვე წელიწადზე მეტია რეპერტუარში. ადრე სხვა შემადგენლობით, ახალა კი ანკა დიდმანიძე ანა ლევენეცმა შეცვალა. მეორე დას ელენე დარჩია თამაშობს. ეს ორი დის ისტორიაა, ორივე წარუმატებლის. „ალექსანდრა პოპესკო ( ანა ლევენენეცი -გ.ყ) პერსონაჟი განიცდის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას მოზარდობიდან ზრდასრულობამდე. სპექტაკლის დასაწყისში ალექსანდრა ახალგაზრდა და ამბიციური მწერალია, რომელსაც სურს საკუთარი თავის აღმოჩენა. მისი გადაწყვეტილება - დატოვოს სამშობლო 18 წლის ასაკში, არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. პოლიტიკურად მჩაგვრელ რეჟიმში ალექსანდრა ცენზურას, პიროვნულ დანაკარგს და ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს ებრძვის. იოანა (ელენე დარჩია) ახალგაზრდა მსახიობია, სავსე ოცნებებითა და მისწრაფებებით. სპექტაკლის დასასრულს კი უკვე მოწიფული, ინტროსპექტული ქალია, რომელიც განიცდის საკუთარ გამოცდილებას“. ნუცა კობაიძე „მუდამ ერთად“ Theatrelife.ge გამორჩეულად საინტერესო იყო ჩოხატაურის კულტურის ცენტში წარმოდგენილი გიორგი სიხარულიძის „სტუმარ-მასპინძელი“. ეს სპექტაკლი მესამედ ვნახე და მაოცებს მისი დინამიკურობა, დაძაბული რიტმი და ანსამბლურობა, რაც ამ სპექტაკლს ახასიათებს და სტუდენტი მსახიობების ოსტატობა.

 

აქაც ადგილი და დრო შეცვლილია: გაეროს საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნების ელჩები იმ პრობლემებს შესახებ ბჭობენ, რაც ხალხთა შორის ურთიერთობებს, მათ დაპირისპირებებს ეხება და სამწუხაროდ დღესაც გადაუჭრელი პრობლემად რჩება, ისევე როგორც მავნე ტრადიციებს შეწირულნი: აღაზა (ანუ შარია), ზვიადაური (გიგა აბულაძე) და ჯოყოლა (პაპუნა იმედაძე). გიორგი სიხარულიძე სწორედ ეს თემა წამოწია წინ: შეეცადე ეჩვენებინა, რომ გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და დამკვირვებლები უძლურნი არიან თუ თვითონ ხალხი, სხვადასხვა ერის წარმომდგენლები ვერ გამონახავენ საერთოს და ვერ შეთანხმდებიან. ბადრი წერედიანის ევრიპიდეს „მედეა“ ტელშიას ჟემაიტის დრამატულ თეატრში (ლიეტუვა) ამ უკვდავი ტრაგედიის კიდევ ერთი ვერსია. უნდა ითქვას რომ ფესტივალის პროგრამამ უჩვენა, რომ რეჟისორები აღარ ცდილობენ დრამატურგიული მასალის ერთგვარ „ჩარჩოში“ მოქცევას. თამამად შედიან კლასიკური თუ თანამედროვე პიესების ტექსტებში, ცვლიან ჟანს, ნაკლებად მიყვებიან სიუჟეტსა და საკუთარი ხედვა თუ ინტერპრეტაცია შემოაქვთ. იგივე ხდება ინსცენირების დროსაც. ამ წარმოდგენაშიც არის ასეთი მცდელობა. მაგ.: ქოროს მომღერალი მსახიობი ასრულებს, რომელიც ინტერმედიების საშუალებით ცდილობს გაამართლოს ან გაკიცხოს მედეას (ვილია მატაჩუნაიტე) ან იაზონის (აიდას მატუტი) საქციელი. გლავკე მსუბუქი ყოფაქცევის ქალია (ვიქტორია მილაუსკაიტე), იაზონი თავხედი და მოძალადე. აქ ნამდვილად ვერ ავუვლი გვერდს საკითხის, რაც დიდი ხანია მაწუხებს. თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში მახსოვს იკითხებოდა ასეთი საგანი -„სასცენო ეტიკეტი“, სადაც მომავალ მსახიობებს ასწავლიდნენ არა მხოლოდ იმას მარაო როგორ უნდა დაეჭირათ ხელში, ან მოეხმარათ კოსტიუმი თუ ნებისმიერი აქსესუარი, არამედ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი სცენაზე. ძალიან მოხშირდა მართლაც სცენისთვის შეუფერებელი, ეპოქისთვის შეუთავსებელი სამკაულებისა თუ „მორთულობის“ გამოყენება: მაგ. ევრიპიდეს მედეა თითებზე მანიკიურითა და ფეხით თითებზე პედიკიურით, იაზონი უშველებელი ტატოებით მხრებზე და მკლავებზე.

 

მახსოვს ერთ სპექტაკლში ნინა ზარეჩნაი „შილაკით“ თითებზე, ზოგ მსახიობს სცენაზე გამოსვლისას შარვლის ჯიბიდან მობილურის სილუეტი მოუჩანს, ერთ მათგანს დოსტოევსკის ინსცენირებაში ხელზე უშველებელი „სეიკოს“ მარკის საათი ეკეთა, ან როცა კლდიაშვილის პერსონაჟს ცხვირზე ოქროს საყურე თუ „საცხვირე“ ამშვენებდა. მგონია, რომ რეჟისორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს და როგორც აუტანელი ტყუილი სცენიდან ასევე აუტანელია ზედმეტი რამ, რაც არ ეკადრება სპექტაკლსა და მაყურებელს. ირანული კინო და თეატრი ცდილობს საკუთარი ადგილი მოიპოვოს ხელოვნების საერთო რუკაზე - ამ მხრივ ირანული კინო მართაც გახდა ერთ-ერთი წამყვანი დღეს ევროპაში. თეატრი მართალია ჩამორჩება, მაგრამ აქაც ძალიან დიდი წინსვლაა.

 

ფესტივალზე წარმოდგენილი რეჟისორ მოჰამედ ამინ საადის „დაბნეულობა“ (თეატრალური ჯგუფი ამიტისი“) ამის ნათელი მაგალითია. მსახიობის მონოლოგი ომზე, მის საშინელებაზე, სიკვდილზე და იმ ტრაგიკულ წუთებზე, რასაც ადამიანი ამ დროს განიცდის. არანაკლებ მძიმე ისტორია წარმოადგინა ხულოს იუსუფ ზოიძის პროფესიულმა თეატრმა რევაზ ნაჭყებიას „სახლი ღრუბლებში“ (რეჟისორი თამაზ ბოლქვაძე) - ალცჰაიმერით დაავადებული მამისა (ედნარ ბოლქვაძე) და შვილის (ანრი მუთიძე) ურთიერთობა, ის უმძიმესი განცდა, რაც ავადმყოფი მამის მოვლის დროს ემართება შვილის, რომელსაც საკუთარი მამა ვერ ცნობს. აურელია იმბერტის „უარესობისთვის და სიცილისთვის“ (ტელმა ოკუს-ფოკუსი“ საფრანგეთი) პატარა, მეტად მომხიბლავი მონო სპექტაკლია, მიტოვებული ახალგაზრდა ქალის ისტორიით, რომელიც არ კარგავს ცხოვრების სურვილსა და იმედს - იბრძვის ეძებს და პოულობს კიდევაც - ინტერაქტივის მეშვეობით დარბაზში საქმროსაც აღმოაჩენს, რომელიც შემთხვევით ფოთის თეატრის მსახიობი ჯანო იზორია ამოჩნდება. პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასული“, სიმბოლური და მრავალი მეტაფორებით დატვირთული ტექსტი ურთულესია სცენაზე წარმოსადგენად და სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ შეძლო გადმოეცა ავტორისეული აზრი და მაყურებლამდე მიეტანა ის ტრაგიზმი, რაც ამ სამ ასულს (ლია აბულაძე, დიანა ჩახუნაშვილი, მერი ნაკაშიძე) თავს გადახდა. თეიმურაზ დვალი ზემოთ

 

უკვე ვახსენე და მის მიერ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის თეატრში დადგმული მარკ კამულეტის „ვახშამი ექვსისთვის“. სიტუაციათა კომედია, რომელმაც ნამდვილად გაახალისა მაყურებელი. ტყუილებში ჩაფლული სპექტაკლის პერსონაჟები ისე აურევენ ყველაფერს, რომ თვითონვე უჭირთ შემდგომ გაერკვნენ, ვინ ვისი საყვარელია, ვინ მზარეულია, ვინ მოწვეული დამლაგებელი და ვინ სახლის დიასახლისი. ფესტივალი დაიხურა ფოთის ვალერიან გუნიას სახ. თეატრის სპექტაკლით „ანას მომენტი“ მარი ბექაურის ამავე სახელწოდების რომანის ინსცენირების საფუძველზე შექმნილი რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის მიერ. საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლები სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რასაკვირველია ასეც უნდა იყოს. სხვა თეატროლოგებიც და მეც მათ შორის, ადრე ვწერდით, რომ იგი საკუთარი სტილის, საკუთარ ხელწერის ძიების პროცესშია, როდესაც მის „ირინეს ბედნიერებას“, „მოჩვენებებს“, „ქარიშხალს“ ან „მსხვერპლს“ ვუყურებდით, თუმცა „ანას მომენტმა“ დამარწმუნა, რომ საბა ასლამაზიშვილი სულაც არაა საკუთარი სტილის ძიებაში, პირიქით იგი თავს არიდებს რაიმე ერთი სტილისტიკის დამკვიდრებას თავის შემოქმედება, რომელიც თუ შეიძლება ასე ითქვას სწორედ „უსტილოა“ (ან ერთი სტილის გარეშეა), მაგრამ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერით, როდესაც იგი ახერხებს სხვადასხვა ნაწარმოებს მოუძებნოს ის გასაღები, რითაც უფრო ნათლად წარმოაჩენს მასში ავტორს და საკუთარ სათქმელს.

 

„ანას მომენტი“ შემდგომ კი თეოდორ ამადეუს ჰოფმანის „პატარა ცახესი, ცინობერად წოდებული“ ამის ნათელი მაგალითია. ფესტივალი დასრულდა სტუდენტების შესანიშნავი უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრით“ (რაც სამწუხაროდ ვერ ვნახე, რადგან თბილისში მომიწია დაბრუნება), მაგრამ ვიდეოჩანაწერებით გასაგები ხდება, რაოდენ დიდი შრომა იყო ჩადებული ახალგაზრდების მიერ და შედეგიც ძალიან ღირსეული აღმოჩნდა.

bottom of page