ფოთის რეგიონული თეატრების მეორე საერთშორისო ფესტივალი

 “მეთევზე“, “ხეჩო“, „ხანუმა“ ... და სხვანი

 

დავით ბუხრიკიძე

 

ფოთში რეგიონული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, რომელიც 17-27 ივლისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, თანაბრად აირეკლა ქართული თეატრის მიმქრალი და კარნავალური ბრწყინვალება, უგემოვნო ტაშ-ფანდური, სიდუხჭირეს გამოკერებული და შეჩვეული დრამატული ყოფა და თვითნაკეთი ოპტიმიზმიც... მოკლედ, რა ბედკრულ არტისტულ აწმყოშიც უნდა ვცხოვრობდეთ, მომავალი მაინც ჩვენია.

 

„თეატრი მუზების ფერხული“ - ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის ფრაზისგან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ გააცოცხლა. ყოველი სპექტაკლის შემდეგ ის ფესტივალში მონაწილე თეატრებს საპატიო დიპლომებს გადასცემდა და მაყურებელს „მუზების ფერხულში“ ჩაბმისკენ აქტიურად მოუწოდებდა.

ის ფაქტი, რომ საქართველოს რეგიონების (პლუს ბელორუსის, პოლონეთის რეგიონები და სტუმრის სტატუსით მოწვეული თეირანის ახალგაზრდული დასი) თეატრებმა ფესტივალზე 23 სპექტაკლი წარმოადგინეს, უკვე ნიშნავდა მრავალფეროვნებას, თუმცა ეს ხარისხის გარანტია არ ყოფილა. წარმოდგენების ნახვისა და გარკვეული რეფლექსიის შემდეგ, რეგიონების თეატრთა უმთავრეს პრობლემებად  გემოვნება, ხარისხი და რეპერტუარი გვესახება.

 

ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების მსგავსად, უცხოელებიც უჩივიან მწირ დაფინანსებას. მაგალითად, ზაბჟეს „ახალ თეატრს“ დაახლოებით ხუთჯერ-ექვსჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე საქართველოს რეგიონის რომელიმე თეატრს, თუმცა მისი ინტენდანტი (ჩვენებურად დირექტორი) მაინც ეკონომიკურ კრიზისსა და საზოგადოებაში თეატრისადმი გამქრალ ინტერესზე საუბრობდა. ბელორუსში, რომელიც პოლონეთისგან განსხვავებით არასოდეს გამოირჩეოდა განსაკუთრებული თეატრალური წარსულითა და ტრადიციით, დიდ ყურადღებას უთმობენ თეატრის დაფინანსებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცენზურაც და იდეოლოგიაც იქ დღემდე საშიშად შთამბეჭდავია.

 

სამწუხაროდ, უცხოელებისგან განსხვავებით, ჩვენი ჩინოვნიკების დიდ ნაწილს თეატრის, როგორც ინსტიტუციის დაფინანსება, საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია. მიაჩნია, რომ თეატრებმა საკუთარ პრობლემებს თავად უნდა მიხედონ. საქართველოს კულტურის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით რეგიონების თეატრებისთვის უფრო „საარსებო მინიმუმის“ გამოყოფით შემოიფარგლება. რაც ყოფნა-არყოფნისა თუ სხვა დრამატული შინაარსის მონოლოგებისთვის ალბათ საკმარისია, მაგრამ არა შემოქმედებითი პროცესის განახლებისა და რადიკალური ცვლილებისათვის.

 

მეორე მხრივ, რეგიონების თეატრების ხელმძღვანელობამ უნდა გააცნობიეროს თანამედროვე და ხარისხიანი სპექტაკლების დადგმის ერთგვარი ვალდებულებაც. მწირი დაფინანსება  სულაც არ ამართლებს არასახარბიელო მხატვრულ შედეგს და ეს მოჯადოებული თუ მანკიერი წრე - ნაკლები ფული, ნაკლები ხარისხი - ნამდვილად გასარღვევია. თუმცა საკითხავია, როგორ და ვის მიერ.

 

რეგიონებში თეატრების განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია თავად სამხატვრო ხელმძღვანელების სამოქალაქო და ესთეტიკური პოზიცია. სწორედ მათ უნდა განსაზღვრონ თეატრის პრიორიტეტი, სათქმელი, გზა, მიმართულება, განვითარების გეზი და ეს ყველაფერი, თანამედროვე თეატრის ენასა და შემოქმედებით პროცესს დაუკავშირონ.

 

საინტერესოა როგორია ტენდენციები, რომელიც  რეგიონული თეატრების მეორე საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა უკვე წარმოაჩინა:

1.პირველ რიგში, ეს არის მხოლოდ კონკრეტულ დროსა და პრობლემებზე გათვლილი, გაუთვალისწინებელი  სარეპერტუარო პოლიტიკა. მაგალითად, ხულოს სახელმწიფო თეატრში დადგმული „ჩემო მეჟოლია“ (რეჟისორი გეგა ქურციკიძე, მხატვარი - გიორგი გოგიტიძე) დრამატურგმა და მწერალმა მიხეილ მოსულიშვილმა მარჯანიშვილის თეატრისა და გაერო-ის ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალთა მიმართ ძალადობის“ პროექტის ფარგლებში დაწერა. თუმცა არც პიესა და არც დადგმა არ შეესაბამება თანამედროვე თეატრის  მოთხოვნებს.

 

2. კლასიკური დრამატურგიის ბოლომდე გაუაზრებელი, უკონცეფციო და ხშირად მექანიკური ინტერპრეტაცია, როცა მაგალითად, რეჟისორი ბადრი წერედიანი ცდილობს დავით კლდიაშვილის „მსხვერპლში“ (ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის თეატრი) რელიგიური ფანატიზმის თემა წარმოაჩინოს, ეს  მხატვრული სახეებით, რეჟისურითა და მსახიობთა თამაშით უნდა დაასაბუთოს. არადა,  სპექტაკლი უფრო სქემას დაემსგავსა.

ცოტა არ იყოს „უმისამართო“ გამოდგა ტენესი უილიამსის ცნობილი პიესის, „ვარდის სვირინგის“ ინტერპრეტაცია ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში (რეჟისორი ნინო ლიპარტიანი). სპექტაკლში ძნელია ამოიკითხო თანამედროვე კონტექსტი. თუმცა მსახიობმა გიორგი გლოველმა (რომელიც ალვაროს როლს დრამატიზმის და ირონიულობის ზღვარზე თამაშობს) მაყურებელსა და კრიტიკოსებზე მართლაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე კლასიკოსის, ამელი ნოტომის ცნობილ პიესაზე „საწვავი“, რომელიც რეჟისორმა სოსო ნემსაძემ გორის თეატრში დადგა. ომი, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს ანგრევს, სიყვარულსა და წიგნებს ანადგურებს, ცოტა უღიმღამოდ და ზედმეტად „ნეიტრალური“ რეჟისურითაა გადმოცემული.

ძალაუფლებისათვის მუდმივ ბრძოლასა და მმართველობის კრიზისზე  მოგვითხრობს ოზურგეთის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრში დადგმული „მაკბეტი“. ეჟენ იონესკოს პიესა რეჟისორმა ზურაბ სიხარულიძემ უფრო ტრაგიფარსის ჟანრში გაიაზრა და მაკბეტ-დანკან-ბენკოს ურთიერთობა სასახლისა და სამხედრო გადატრიალებას დაამსგავსა... თან ცოტა გურული იუმორი და აქცენტები გამოურია. ამიტომ ტრაგიკული აბსურდი ცოტა იუმორინას დაემსგავსა.

 

რაც  შეხება ანდრო ენუქიძის მიერ ბათუმის თეატრში დადგმულ „ბონდოს ღამეს“, რომელიც ინგმარ ვილკვისტის „ჰელვერის ღამის“ პიესის მიხედვით დრამატურგმა ირაკლი სამსონაძემ გადმოაქართულა, რეჟისურაც და სათქმელიც თითქოს აქტუალურია, მძაფრი და ემოციური, მაგრამ ნაცისტების მიერ ფსიქიკური ნაკლის მქონე ადამიანების განადგურება მაინც ნაკლებად მიესადაგა ქართულ სინამდვილეს. ყოველ შემთხვევაში, სპექტაკლიდან გამომდინარე, გაუგებარია რა აუცილებლობით იყო გამოწვეული პიესის გადმოქართულება.

 

3. არანაკლებ სერიოზულ პრობლემად რჩება უხარისხო კომედია-ვოდევილები, ტანჯვით „გამოდნობილი“ ცეკვა-თამაში სცენაზე და სერიალების გავლენით დადგმული  წარმოდგენები. ამის მაგალითია რევაზ გაბრიაძის „ხეჩოს სიზმრის“ ინსცენირება რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში (ავტორი და რეჟისორი  ლაშა კანკავა). უგემოვნობა და ზოგჯერ უხამსობა, ცუდად შესრულებული ცეკვები და სიმღერები არაფრით გახსენებთ ამ თეატრის შესანიშნავ წარსულსა და ტრადიციებს.

ცეკვები და ტაშ-ფანდური უხვადაა გაბნეული დმანისის თეატრში დადგმულ „ძუნწში“ (ინსენირების ავტორი და რეჟისორი - კოტე მირიანაშვილი) და თელავის თეატრის სპექტაკლში „ხანუმა“ (აქვსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით; ავტორი და რეჟისორი - კახა გოგიძე, მხატვარი - მირიან შველიძე). სახალისო განწყობისა და ჭარბი მუსიკის გარდა, ორივე სცოდავს უგემოვნობითა და ქსენოფობიით. რაც შეეხება სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, ტომას ბრანდონის ცნობილი პიესა „ჩარლის დეიდა“ უკვე დიდი ხანია რეპერტუარშია (რეჟისორი დავით კობახიძე) და შესაბამისად, თეატრს არც აქვს ხარისხზე პრეტენზია.

 

ყველაფრის მიუხედავად, რეგიონული თეატრების ფესტივალმა მაყურებელს რამდენიმე საინტერესო სპექტაკლი აჩუქა. პირველ რიგში, ეს იყო ზაბჟეს „ახალ თეატრში“ დადგმული „მთხოვნელები“, რომლის შესახებაც „ლიბერალი“ უკვე წერდა (ეს არის ელფრიდე იელინეკის პიესის ერ-ერთი გამორჩეული ინტერპრეტაცია) და ჭიათურის თეატრში დადგმული „მეთევზე ერთი, ორი...“ (პიესის ავტორი ირაკლი სამსონაძე; რეჟისორი - გიორგი შალუტაშვილი, მხატვარი და სცენოგრაფი თეო კუხიანიძე). კარგი შთაბეჭდილება მოახდინა არამხოლოდ ზუსტმა, გასაგებმა და კონცეფტუალურმა რეჟისურამ, არამედ მსახიობების - დავით როინიშვილისა და გიორგი ჩაჩანიძის თამაშმა.

ეს პერსონაჟები თითქოს ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროებს, დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის „თევზაობენ“. „ნა ლევო“ - ამბობს უფროსი, „ლეფტს“, პასუხობს უმცროსი და გასაგები ხდება, რომ ორი ჯარისკაცის ტბაზე თევზაობა არა მხოლოდ პირობითობაა, არამედ მათი ეგზიტენციური და გაუცნობიერებელი პოლიტიკური არჩევანი. სხვის ომებს შეწირული ორი ჯარისკაცი, ორი „წერტილა“ შეგვახსენებს აგრეთვე მამლუქების თემას, რომელიც სპექტაკლში არანაკლებ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდმა დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც კრიტიკოსთა გამოკითხვით, სწორედ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლს მიეკუთვნა.

 

ფესტივალი ფოთის თეატრის მიერ წარმოდგენილი პრემიერით დაიხურა. ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“ სწორედ ის პიესაა, რომელშიც მთავარია სწორედ მოქალაქეობრივი პოზიცია. დაპირისპირება  სიმართლესა და ტყუილს შორის ყოველთვის არ მთავრდება სიმართლის გამარჯვებით და ტყუილ-მართალიც ხშირად ერთმანეთშია არეული. ამდენად, ამ უკვდავი პიესის ფრაზა - „უმრავლესობა არასოდეს არ არის მართალი“ - რეჟისორ დავით მღებრიშვილის მთავარ გზავნილად შეიძლება ჩაითვალოს. ისევე, როგორც მისი მოქალაქეობრივი პოზიცია. აღსანიშნავია მხატვარ თამარ ოხიკიანის შესანიშნავი, ნეოკლასიკური სცენოგრაფია და კოსტიუმები და მსახიობ გიორგი სურმავას თამაში, რომელიც ექიმ სტოკმანის როლს ასრულებს.

 

ვერ გეტყვით, რამდენად მოახერხა  ფოთის საერთაშორისო ფესტივალმა მაყურებლის ჩართვა „მუზების ფერხულში“, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ის ჩვენი კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გახდა. ამიტომ იმედით შევხედოთ მესამე, უკვე სამომავლო „მუზათა ფერხულს“. მით უმეტეს, რომ ეს რეგიონების თეატრების არსებობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.