top of page

გაიხსენე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

462551007_1258757781939743_5299748588115149807_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

გაიხსენე

 

პეტერ ტურინის პიესა „ვირთხებზე ნადირობა“ ქართული თეატრის სცენაზე გერმანელმა რეჟისორმა რალფ ზიბელტმა ფოთის დრამატულ თეატრში დადგა. ეს იყო ცნობილი ავსტრიელი დრამატურგის პირველი სცენური ინტერპრეტაცია, მეორედ მისი პიესა „როგორც იქნა“ იოსებ ბაკურაძემ თეატრში „ვერიკო“ განახორციელა. ამჯერად, ტურინის პიესა „ერთად ალცჰაიმერით ცხოვრება მშვენიერია“ რუსთავის თეატრის სცენაზე ვიხილეთ. სპექტაკლი, სადაც მოქმედება სცენაზე მაყურებლით შემოსაზღვრულ სივრცეში თამაშდება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დადგა. პიესა ქართულად მზია გარდავაძემ თარგმნა.

 

ტურინი პიესებში განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს სოციალური კრიტიკისა და თანამედროვე ცხოვრების ტრაგიკომიკურ ასპექტებს. ტურინის დრამატურგია ხშირად აღწერს ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებს, ინდივიდის მარტოობას, მარგინალიზაციას, სოციალური უთანასწორობისა და იმედგაცრუების თემებს. ტურინის ტექსტებში მნიშვნელოვანია სოციალური რეალიზმი და კრიტიკული ანალიზი, რაც მის ნამუშევრებს საზოგადოებისთვის აქტუალურ და დამაფიქრებელ მასალად აქცევს.

 

დრამატურგი, რომელიც XX საუკუნის II ნახევარში (70-იან წლებში) გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე და წერდა მისი დროის აქტუალურ თემებზე, როგორც აღმოჩნდა დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მნიშვნელობას. სოსო ნემსაძემ პიესაში წამოჭრილი პრობლემები მაყურებლისთვის უფრო ახლო, ხელშესახები და მარტივად აღქმადი გახადა, რაც სპექტაკლის გადაწყვეტის ფორმამ განაპირობა. რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია (როგორც ჩანს ამაღელვებელიც) ინდივიდის კრიზისი, სოციალური უთანასწორობა, ეგზისტენციური პრობლემები, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას აწუხებს.

 

პრობლემები, რომელსაც სოსო ნემსაძე სპექტაკლში ირიბად და ზოგჯერ თვალსაჩინოდ და ხაზგასმით განიხილავს, ყოველდღიურობაში გვხდება, თუმცა მას ადამიანები როგორც ნორმას ისე იღებენ. რეჟისორი შეეცადა არსებული პრობლემების გააქტიურებას და წინა პლანზე გადმოტანას. ამიტომაცაა, რომ მაყურებელი სცენაზე წრიულადაა განლაგებული, მაქსიმალურად ახლოს მსახიობებთან, რაც მსახიობებისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა, რადგან შექმნილი ფიზიკური მოცემულობა არ იძლევა არც ერთი ყალბი ემოციის და ჟღერადობის დაშვების შესაძლებლობას. რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მსახიობები - ანა შარვაძე და ბაჩო ქაჯაია კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა: საშუალო ასაკს მიტანებულ მსახიობებს რამდენჯერმე უწევთ მოხუცებად გარდასახვა მაყურებლის პირისპირ შემოსაზღვრულ სივრცეში. აღნიშნული ხერხი კიდევ უფრო აღრმავებს ინტერესს არა მხოლოდ სპექტაკლის სიუჟეტის, არამედ მსახიობთა მიმართ. ისინი ოსტატურად ახერხებენ მაყურებლის მოხიბვლას, როცა წამიერად გარდაისახებიან ოდნავ ამაღლებულ ფიცარნაგზე.

 

რეჟისორი იყენებს პირდაპირი ინტერაქტივის ხერხს, რასაც არტისტული ბუნებრიობით ოსტატურად ართმევენ თავს მსახიობები, მათ შორის, ტექნიკური რეჟისორი ლიზა გაფრინდაშვილი, რომელიც პირველი იწყებს ინტერაქტივს მაყურებელთან, როგორც კონფერანსიე და ტვინის გასავარჯიშებელ თამაშს გვთავაზობს - გვეუბნება ენის გასატეხს, რომელიც სპექტაკლის ბოლოს უნდა გავიხსენოთ. წარმოდგენის დასასრულს ის ბრუნდება სცენაზე და წრეზე ჩამოივლის, თან თითქმის სათითაოდ ამოწმებს ვინ დაიმახსოვრა დავალება, რომელიც სპექტაკლის დაწყების წინ მოგვცა. აღმოჩნდება, რომ თითქმის არავინ.

 

სოსო ნემსაძე, სცენოგრაფ ბარბარა ასლამაზთან ერთად, კამერულ და ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის, სადაც წრის გარშემო ყველა ერთიანდება, პერსონაჟები, რომლებსაც მსახიობები განასახიერებენ და მაყურებელი, რომელიც პერსონაჟებად იქცნენ. ისინი ერთად განიცდიან, უხარიათ, ადარდებთ... მსახიობები ანა შარვაძე და ბაჩო ქაჯაია მაყურებლის თვალწინ იკეთებენ გრიმს, იცვლიან კოსტიუმებს და გარდაისახებიან უსუსურ, უძლურ მოხუცებად. აღსანიშნავია, რომ მათი სიბერე და უძლურება მხოლოდ გარეგნულად როდია გამოხატული, ისინი შინაგანად გრძნობენ და განიცდიან პერსონაჟთა ხვედრს, რომელიც გადამდები გახდა მაყურებლისთვის. ტექნიკურადაც და აზრობრივად ეს ორი მსახიობი მზად აღმოჩნდა რეჟისორის მიერ მიცემული რთული ამოცანების გადასაჭრელად.

 

ქალისა და კაცის, ანა შარვაძისა და ბაჩო ქაჯაიას პერსონაჟები ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობენ, რომელიც სავსეა თავგადასავლებით, სიყვარულითა და ღალატით, მომავლის რწმენითა და იმედგაცრუებით. ისინი აჩვენებენ რიგით ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ცოდვების მიჩქმალვის ხარჯზე, ცდილობენ სხვების ნაკლზე მითითებას, მაგრამ „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს“. ურთიერთბრალდებების ეპიზოდში დარბაზში გარკვეული უხერხულობაც იგრძნობა, რადგან მაყურებელიც პერსონაჟებთან ერთად იხსენებენ ცხოვრების განვლილ გზას, უხერხულობასთან ერთად, ჩნდება სენტიმენტალური განცდები. ამაღელვებელია ბაჩო ქაჯაიას პერსონაჟის შვილიშვილთან (ნიკოლოზ რამიშვილთან) შეხვედრის ეპიზოდი. პატარა „მსახიობი“ ნიკოლოზ რამიშვილი პირველად სცენაზე ცეკვით ჩნდება, რომელიც ფაქტობრივად იწყებს სპექტაკლს, როგორც ხიდი ბავშვობასა და მოხუცებულობას შორის, შემდეგ კი, მაყურებელთან ერთად, „პარტერიდან“ ადევნებს თვალს მოვლენებს. სწორედ ასეთ ხიდებს წარმოადგენს მოვლენებს შორის მუსიკალური გაფორმება, რომელიც დაჩი დოდაშვილს ეკუთვნის, ხოლო სპექტაკლის ქორეოგრაფი გია მარღანიაა.

 

 

სოსო ნემსაძის სპექტაკლი ყველა თაობის მაყურებლისთვისაა, რადგან ის ახალგაზრდობისთვის შესაძლოა გაფრთხილება აღმოჩნდეს, საშუალო თაობისთვის მოსამზადებელი პერიოდი, ხოლო უფროსი ასაკის ადამიანებისთვის კი ანალიზი საკუთარი ცხოვრების. ხაზგასასმელია ისიც, რომ მოქმედება კლინიკაში მიმდინარეობს, სადაც მოხუცებს მალე გააძევებენ, რადგან მათმა შვილებმა გადასახადები არ დაფარეს. ამ ეპიზოდში იჭრება კაპიტალიზმის ყველაზე არაჰუმანური და მანკიერი მხარეები, რომელიც ღირებულებებზე კი არ დგას, არამედ სარგებელზე. სწორედ კაპიტალიზმის ამ ფაქტორს ხაზგასმით ამხელს რეჟისორი, მათ შორის, ოლიგარქებს, რომლებიც ექიმებად გვევლინებიან (მეტაფორული და პირდაპირი ექიმის როლს გიორგი ბუაჩიძე ასრულებს), სინამდვილეში ისინი ექიმის/მკურნალის უნიფორმას ამოფარებული ალიკაპიან ავ ძაღლებს მოგვაგონებენ. გიორგი ბუაჩიძის პერსონაჟს სწორედ ალიკაპის მსგავსი პირბადე-ფარი უკეთია, რომელსაც სიმშვიდის ნაცვლად დიდი დისონანსი შემოაქვს ისედაც საფრთხის წინაშე მდგარ მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობაში.

 

არანაკლებ შთამბეჭდავია და მეტაფორულად დატვირთული ფინალური ეპიზოდი, სადაც შემოდგომის ჭრელი ფოთლები და პერსონაჟთა ჩემოდნები საფლავებად იქცევა. აღნიშნული ეპიზოდი, სევდასთან ერთად, გარკვეულ უიმედობასაც იწვევს და ტოვებს განცდას, რომ ცხოვრება გარკვეული ამაოებაა, წარმავალია და სიცოცხლეში დრო არაფრის მომცემ კონფლიქტებში არ უნდა გავლიოთ. რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია ემოციური ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის, მათი მორალურ-მენტალური მდგრადობა და ფსიქოლოგიური ფონი. ადამიანებს ბევრი რამ გვავიწყდება, მათ შორის, ერთმანეთზე, უკეთესი მომავლისთვის და ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, საჭიროა ხშირად ვავარჯიშოთ ტვინი, რათა გვახსოვდეს ბევრი რამ წარსულიდან, რადგან დავიწყება, ახალ პრობლემებს წარმოშობს.

bottom of page