
ღამე ზუსტად ტყეების წინ
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

24.10.2026
ანი ცხვედაძე
ღამე ზუსტად ტყეების წინ
“…მიუხედავად წვიმისა და სველი ტანსაცმლისა, გაგეკიდე, არა მხოლოდ
ოთახის გამო, არც იმ ღამის ნაწილის გამო, რისთვისაც ოთახს ვეძებ, არამედ
იმისთვის გაგეკიდე, გაგეკიდე, გაგეკიდე, რომ ასეთ დროს, ქუჩის კუთხეში,
ქუჩაში შენ გარეშე არ აღმოვჩენილიყავი, იმისთვის, რომ ასეთ დროს, მხოლოდ
წვიმა არ აღმომეჩინა, წვიმა, წვიმა, წვიმა, იმისთვის, რომ ქუჩის მეორე კუთხეში
ამჯერად შენ მეპოვნე, და რომ გამებედა, დამეძახა: მეგობარო!, რომ გამებედა,
ხელზე ხელი მომეკიდა: მეგობარო!”
ბერნარ-მარი კოლტესის „ღამე ზუსტად ტყეების წინ“ გარკვეულწილად ლაპიდარულ და მინიატიურულ სტილში დაწერილი ერთი მთლიანი ნერვიული, კონვულსიური რიტმია, რომლის მიღმა, მე ვიტყოდი, რომ ნიჰილიზმი მეტად იკითხება, ვიდრე მომავალში გადასროლილი პოზიტიური პერსპექტივა.,
კოლტესის ბასრად მჭრელი (ოდნავი ირონიით) ტექსტი არ გაძლევს საშუალებას, რომ ლირიკულ-რომანტიკული შრეებით პრეზენტირებული ვიზუალური დადგმა განახორციელო და ზუსტად ამის დეკლარირებაა თავად ამ ტექსტის პირველი დადგმა სანდრო სამხარაძის მონაწილეობით (სამეფო უბნის თეატრში).
აბსოლუტურად ანტირომანტიკული, ნიჰილისტური და ადამიანის ეგზისტენციალური შფოთვების გამომხატველი მონო-სპექტაკლი, რომელშიც ვერბალიზებულია ძალიან ნაცნობი და ყველა ეთნოსისთვის მშობლიური, როგორც ფრანგი კოლტესისთვის, უცხოობის, სამყაროში მარტოობის, უსუსურობის შეგრძნების მთელი სპექტრი. ამ მდგომარეობაში, რომელიც დროდადრო ყველას განუცდია, დაუკმაყოფილებლობის მაღალი მაჩვენებლის გვერდით ავტომატურად თანაარსებობს „სახლის შეგრძნების“ - მაშასადამე, დაცულობის განცდისკენ მუდმივი სვლა, შინაგანი მისწრაფება, რომლის გარეშეც არ არსებობს არცერთი ინდივიდი სამყაროში(!).
მათ შორის, კოლტესისგან ბუკვალური ხაზგასმით არც ისეთი ბიჭები არიან დაცულობის დაუოკებელი სურვილისგან თავისუფალნი, - „რომლებიც არცთუ ისე ძლიერნი არიან, დედიკოს ბიჭები, დედის პირდაპირი ვაჟიშვილები, ტიპობის ხიბლში ჩავარდნილნი, ნერვებზე რომ სხედან, რომ მოძრაობენ და ტრიალებენ მარტონი, ბნელ ღამეში, შესაძლო დაავადებათა აკიდების რისკის ქვეშ...“
<უცხოდ და გაუცხოებულად> თავი ბევრნაირი კონოტაციით შესაძლებელია იგრძნოს ადამიანმა, იქნება ეს სამსახურში, ადამიანების კომპანიაში, გარემოში - რომელიც პირდაპირ გკარნახობს რომ „მასთან“ ადაპტირება გარდაუვალია; ამ ადაპტირების ხშირად რთული პროცესის მიმდინარეობისას ადამიანი თავს უცხოდ გრძნობს, შინაგანი სიმარტოვის შემაწუხებელი განცდით., სწორედ „უცხოდ ყოფნის“ ეგზისტენციალურ კრიზისს სვამს მთავარ ლაიტმოტივად კოლტესი. და რასაკვირველია, ამ ტექსტის თეატრში რეალიზაციის მომენტში, ცხადია, ფუნდამენტურ ხაზს გვერდს ვერ აუვლის რეპრეზენტატორი.
სანდრო სამხარაძის ნევრასთენიული, მომენტებში კონვულსიური მოქმედების მანერა, ეგზალტირებული და მიზანმიმართულად აღტკინებულ-შფოთვითი დემონსტრაციულობა - „უცხოდ ყოფნისა და სიმარტოვის განცდისგან“ გათავისუფლებას ღაღადებს თუ ტირის ერთი საათის მანძილზე და მასთან ერთად დამდგმელი რეჟისორიც.
კოლტესის მთავარი სათქმელი, იმდენად პირდაპირი და არალატენტურია, რომ ბევრი არაფერი ქვეტექსტის ძებნა არ სჭირდება.
ასევე მარტივად, ზედმეტი პომპეზურობისა და მინიდეტალების სიმრავლის გარეშე გამოხატა ფუნდამენტური აქცენტი შემოქმედებითმა ჯგუფმა თეატრის ე.წ. ფოიეში, სადაც სანდროს გმირი მოულოდნელად შემოვარდება მაყურებლის ზურგს უკან არსებული სივრციდან და იწყებს <შემოთავაზებული პრობლემის> არტიკულირებას; სპექტაკლი, რასაკვირველია შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლივი რეზულტატია, რამეთუ ჰყავს სივრცის ავტორიც (ქეთი ნადიბაიძე); აქვს მუსიკა (ნიკა ფასური); თარგმანი (ვალერი ოთხოზორია) და რეჟისორი (დათა თავაძე), თუმცაღა თვალში საცემად დომინაციურია სანდრო სამხარაძის, როგორც მსახიობის ენერგეტიკულ-ქარიზმატული სისავსე, რომელმაც ერთგვარად „შეჭამა“ რეჟისორიც, სხვა დანარჩენიც და აქცია ნომინალურ, შეუმჩნეველ დეტალებად მთლიან კონცეფციაში.
თავისუფლად შეიძლება იყო კარგი მსახიობი, როგორც ასეთი და იმის სითამამე და გამბედაობის უნარი არ გქონდეს, რომ ყველაფერი გააქრო შენს გარშემო და ძალდაუტანებლად მხოლოდ შენზე იყოს კონცენტრაციის მაღალი ნიშნული; სანდრო სამხარაძეს ამის უნარი აქვს, მათ შორის, არა მონოდრამებში, სულ სხვა სტილისტიკის სპექტაკლებშიც. ხელისშემწყობი ფაქტორი ისიც არის, რომ მსახიობს პრაქტიკა აქვს დამოუკიდებლად, ანუ რეჟისორის მითითებებისა და კოორდინირების გარეშე, დამოუკიდებელ სახელოვნებო სივრცეებში მუშაობისა.
ჩემს უკან მჯდომი მაყურებელი გვერდით მჯდომს ეუბნება: „უეჭველი ეს რომ მორჩება რეცხვას მერე გამოვა მსახიობი და დაიწყებაო“, მიუხედავად იმისა, რომ თეატრისთვის რთულად მისაღწევი - დროში გაწელილი სტატიკურობა და ერთნაირი რიტმით კულმინაციის მიღწევის მცდელობა იყო რეჟისორის მიერ ჩაფიქრებული, ანუ ვგულისხმობთ, სარეცხი მანქანის რეცხვის ეპიზოდს სპექტაკლის დასაწყისში, მაყურებლის ნაწილმა მთლად კონსოლიდირებულად მაინცდამაინც ვერ აღიქვა სპექტაკლის „დასაწყისად“, სანამ მსახიობი არ გამოჩნდა.
კინოში დროში გაწელილი თანაბარზომიერი, ერთნაირი მოქმედებების უსასრულო განმეორებადობით ეფექტის მიღწევა სრულიად შესაძლებელია;
ამ შემთხვევისთვის გავიხსენებ ფემინისტური კინოს ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ავტორს შანტალ აკერმანს და მის (ჩემთვის) ყველაზე ნიშანდობლივ ფილმს - „ჟან დილმანს“, (1975) სადაც საოცარი მაგნეტიზმით არის ნაჩვენები საათების განმავლობაში ერთი და იგივე რუტინული მოქმედებების განმეორებადობა და მერე კულმინაცია.
თეატრში ცოცხალ მაყურებელთან ამგვარად დროით თამაში, სტატიკურობით, გნებავთ, სტაზისური კონდიციით ფეტიშიზმი ერთგვარად სახიფათო და როგორც ამ სპექტაკლის კონცეფციაში გამოიკვეთა - სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა.
კოლტესის <ღამე ზუსტად ტყეების წინ> სანდრო სამხარაძის, როგორც მსახიობის და როგორც ინდივიდის მიერ ხელგაწვდილი ტოლერანტული აქტია მაყურებელთან - სიმარტოვეზე, დაუცველობაზე, შიშებისგან გათავისუფლებაზე.
რელატიური ასპექტით, რომ აღვიქვათ კონკრეტული მიზანსცენა, როდესაც სანდროს გმირს თეატრის ტექნიკური რეჟისორი (მაია სახლთხუციშვილი) სველ ტანისამოსს ხდის და სარეცხი მანქანიდან გამოღებულ სუფთა ტანსაცმელს აცმევს - შესაძლოა ალუზია იყოს ფსევდო ფერისცვალების, უმნიშვნელოდ აბსურდული ‘მეტამორფოზის’, რამეთუ ვერანაირი გარე-ვიზუალური კომფორტი, სისუფთავე თუ გარემოსთან და ექსტერიერთან რამენაირი ადაპტაცია ვერაფრით ვერ ახდენს შინაგანი (იმანენტური) დაუკმაყოფილებლობისა და შფოთვითი სპექტრის კომპენსირებას;
მაშინაც <ეძებ მეგობარს, რომ ხელი გაუწოდო და სახლის შეგრძნების> ვალიდაცია მოგიტანოს.
სითბოს, სიყვარულისა და დაცულობის შეგრძნების ძიებაში თავდაკარგული ჰუმანისტური პროტაგონისტის გოდება, საბოლოოდ, მაინც სევდანარევი ფრუსტრაციისა და მუდმივი ნიჰილიზმის შთაბეჭდილებას წარმოქმნის.
ფოტო: გიორგი ყოლბაია