
თორმეტი და თორმეტივე განრისხებული...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.01.2026
ნერონ აბულაძე
თორმეტი და თორმეტივე განრისხებული...
1957 წელს სიდნი ლიუმეტმა გადაიღო ფილმი - ,,12 განრისხებული მამაკაცი“, რომელიც მაყურებელში დღემდე დიდი მოწონებით სარგებლობს. ფილმი რეჯინალდ როუზის ამავე სახელწოდების პიესის საფუძვლზე შეიქმნა, მოგვიანებით კი - 1997 წელს რეჟისორმა უილიამ ფრიდკინმა გადაიღო აღნიშნული ფილმის ე.წ. რიმეიკი, რაც იმას მანიშნებელია, რომ ფილმს და თემატიკას 40 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა და თამამად შეიძლება ითქვას დღემდე აქტუალურია. პიესა კლასიციზმის ეპოქის დრამატურგიის წესებისა და კანონების სრული გათვალისწინებით არის შექმნილი, რაც ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობის პრინციპს გულიხმობს. აქედან გამომდინარე, ფილმის თეატრალიზება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ლიტერატურული პირველწყაროდან გამომდინარე, რადგან სიუჟეტური პერიპეტიები ნაფიც მსაჯულთა ოთახში წარიმართება. ასე რომ, ამ პიესას თეატრისთვის გზა იმთავითვე ხსნილი ჰქონდა. საქართველოშიც არაერთმა რეჟისორმა, მათ შორის რობერტ სტურუამ მოკიდა ხელი ამ მასალას და საკმაოდ წარმატებულადაც, რადგან თვითონ პიესა იძლევა წარმატების გარკვეულ წინაპირობებს.
წლის მიწურულს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრმა მაყურებელს კიდევ ერთხელ შესთავაზა სპექტაკლი - ,,12 განრისხებული მამაკაცი“, რომელიც გასულ წელს გიორგი სიხარულიძისა და ვეფხია ნადირაძის რეჟისორობით განხორციელდა. წარმოდგენა დმანისისა და სამტრედიის თეატრების ერთობლივი კოპროდუქციაა. სპექტაკლმა იმთავითვე მიიქცია კრიტოკესების ყურადღება და არაერთი პროფესიული ჯილდოც დაიმსახურა. ლიტერატურულ პირველწყაროში და შესაბამისად სპექტაკლშიც მთავარი აქცენტები დასმულია უმრავლესობა-უმცირესობის აზრთა სხვადასხვაობის დილემასთან და რაც მთავარია, მკვეთრად ხაზგასმულია ინდივიდის შინაგანი პროტესტი დომინირებული საზოგადოებრივი აზრის მიმართ. ეს საკითხები ყოველთვის აწუხებდა მოაზროვნე კაცობრიობას და არც რეჯინალდ როუზი დარჩენილა ამ პრობლემის მიმართ გულგრილი.
სწორედ ამ ნიშნითაა პიესა სადღეისოდ აქტუალური, და შეიძლება ითქვას, ახლა უფრო აქტუალური, ვიდრე მისი შექმნის დროს. ნაწარმოები იწყება წინაპირობით: კრიმინალური ამოცანა ამბობს, რომ 19 წლის ბიჭმა მოკლა მამა თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულებმა კი უნდა იმსჯელონ მათთვის განკუთვნილ ოთახში და გამოიტანონ ვერდიქტი - დამნაშავეა თუ არა ბრალდებული, ოღონდ ერთის პირობით ან ყველა უნდა იყოს თანახმა, ან ყველა - წინააღმდეგი, ხმების გაყოფა ბათილად ჩაითვლება და სასამართლო ამ მოწვეულ ნაფიც მსაჯულებს ჩათვლის უუნაროდ და მოიწვევს სხვა ნაფიც მსაჯულებს. ამოცანა თითქოსდა მარტივია, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ შვილმა მამა მოკლა, მით უმეტეს, როცა თვითმხილველებიც არიან და ნივთმტკიცებულებაცაა დართული საქმეზე (დანა, რითაც ჩაიდინა მკვლელმა დანაშაული). თავდაპირველად არავინ არ ცდილობს ზედმეტად თავის შეწუხებას, მით უფრო, რომ სიცხეა და ოთახში იხუთება ყველაფერი, ვიღაცას ფეხბურთის მაჩტზე ეჩქარება და ამისთვის დროის დაკარგვა არ სურს, ვიღაცას თავისი სარეკლამო საქმიანობა აწუხებს და მთელი თავითაა გადართული როგორ გადაწყვიტოს ესა თუ ის პრობლემა და ასე და ასე შემდეგ. ერთის სიტყვით, ნაფიც მსაჯულებად მოწვეული არიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა თავიანთი თვითმყოფადი ხასიათებით, საკუთარი წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით: ერთ მსაჯულს საკუთარ შვილთან აქვს უთანხმოება, მეორე და მესამე ალმაცერად უყურებენ უცხოელებს, მეოთხე თავადაა უცხოელი, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მსაჯული პროკურატურასა და სასამართლოს ბრმად ენდობა, მერვესთვის უცხო არაა კრიმინალური ცხოვრების წესები, ამიტომ მთელი შეგნებით გაწყვიტა ქუჩასთან კავშირები, მერვეს თავისი სარეკლამო ფირნეშების გარდა არაფერი აინტერესებს, მეცხრეს მარტო ის აჯავრებს, რომ როგორმე საფეხბურთო მაჩტს მიუსწროს სტადიონზე, მეათე და მეთერთმეტე მსაჯულისთვის სულ ერთია როგორ დასრულდება ეს კენჭისყრა, ოღონდ კი დროზე დამთავრდეს. მხოლოდ მეთორმეტეა საგონებელში ჩავარდნილი სიკვდილმისჯილი ბავშის ბედის გამო. აბსოლუტური უმრავლესობას უნდა ეს მსჯელობა დროზე გადააგოროს, ფორმალურადაც არ ცდილობენ იმსჯელონ საქმეზე. სწორედ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება შეაწუხებს იმ ერთ მათგანს, წავა ყველას წინააღმდეგ, აიძულებს მათ იმსჯელონ ამ საქმეზე და თავის ეჭვებს გამოთქვამს გამოძიებისა და სასამართლოს მსვლელობის მიმართ. იგი ეჭვის ქვეშ აყენებს მთელს საქმეს და დეტალურად განუმარტავს დანარჩენებს თავის ვარაუდებს. უნდა ითქვას, რომ ეს ნაფიცი მსაჯულები გადანომრილები არიან და სახელების ნაცვლად კუთვნილი რიგითი ნომრით მიმართავენ ერთმანეთს. ეს ერთგვარი მინიშნებაა იმისა, რომ ადამიანებში თავდათან ქრება ინდივიდუუმი, სახელისა და გვარის ნაცვლად, რაც პიროვნების იდენტიფიცირებისთვის იყო საჭირო და აუცილებელი, ახლა მხოლოდ რომელიღაც რიგითი ნომერი ხდება, რაღაც რაოდენობის ერთი ნაწილი. ეს ირიბად არის მინიშნებული სიტუაციის ყოველგვარი განვითარებისა თუ გამწვავების გარეშე. ლოგიკა ისეა აგებული ამ დიალოგებში შანსს არ უტოვებს არავის, რომ არ დაეჭვდეს, თუმცაღა ვერც იმის მტკიცება შეუძლიათ, რომ შვილს მამა არ მოუკლავს, ეს ეჭვის მოთავე (დავარქვათ ასე) მხოლოდ გამოძიების სისუსტეებზე და წარმოებული საქმის სუსტ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ლაფსუსები იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველაზე გულგრილი მსაჯულიც კი ვერ არიდებს მათ თვალს...
ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იკვეთება სურათი იმისა, რომ ასე მარტივადაც არ არის საქმე და თანდისთანობით თავისი არგუმენტებისა და ლოგიკის წყალობით რამდენიმეს მიიმხრობს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავს, ყველაზე კერკეტი კაკალიც უნდა გატყდეს საბოლოოდ. ამ ეჭვის მოთავემ თავადაც იცის, რომ შეიძლება ყველაფერი წააგოს, თუ ყველას არ მიიმხრობს თავისკენ, სხვა ნაფიცი მსაჯულები ასე სკურპულოზურად არ განიხილავს ამ საქმეს და შეიძლება ყმაწვილკაცის სიცოცხლის ფასადაც კი დაჯდეს ინდიფერენტულობა. ამიტომ თითქმის სასოწარკვეთამდე მისული უმტკიცებს სხვა მსაჯულებს, დგამს ექსპერიმენტებს, ათვალიერებენ ნივთმტკიცებას, მსჯელობენ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაზე. თანდათანობით უმრავლესობა მის მხარეზეა, ყველა უყურებს გამოძიების მიერ დაშვებულ ხარვეზებს და ამის მეშვეობით ცდილობს ამტკიცოს ის, რომ იქნებ და ვიღაც სხვამ მოკლა ეს კაცი? ეჭვის დაბადება კი იმას ნიშნავს, რომ საქმე არასრულფასოვნადაა გამოძიებული, რომ მოხუცი ადამიანი (მოწმე) ვერ მიირბენდა სახლის კარამდე ისე მალე, რომ დამნაშავე ამოეცნო. ვერც მეორე მოწმის ჩვენება არის სანდო იმის გამო, რომ იგი ქუჩის მეორე მხარეს იმყოფრებოდა ამ დროს კი ტრამვაიმ ჩაიარა და სწორედ ტრამვაის ბოლო ორი ფანჯრის გამჭვირვალობაში დაინახა ბრალდებული მაშინ, როცა ეს ქალი უსათვალოდ ვერაფერს დაინახავდა და სათვალეც რომ ჰქონოდა, მაინც საეჭვო იქნებოდა მისი მამხილებელი ჩვენება. საუბრობენ დანაზე, დარტყმის ტრაექტორიაზე, ერთის სიტყვვით, თუ რამ იყო ზერელედ გაკეთებული, ყველაფერი გაბათილდა. არადა, პრინციპი ამ თავყრილობისა ერთია, შინაგანი რწმენით გადაწყდეს საკითხი, ყველამ უნდა დაიცვას საკუთარი მოსაზრება, გადარწმუნების შემთხვევაშიც კი უნდა დაასაბუთოს საკუთარი თვალსაზრისი. სადღაც იკვეთება კონან დოილისეული დედუქცია და განსჯა იმისა, თუ რა არ იყო ისე, როგორც უტყუარად ამტკიცებს მართლმსაჯულება. ყველა მტკიცებულება ეტაპობრივად იქნა გაქარწყლებული ამ დედუქციის, ინტუიციისა და ლოგიკის მეშვეობით. არის ფაქტი, მაგრამ ამ ფაქტის გარშემო მრავალი თვალთახედვა შეიძლება წარმოიშვას, შეიძლება ყველა მცდარი, მაგრამ ყველა რაღაც ლოგიკას დაქვემდებარებული, ზუსტად ისე, როგორც ეს რიუნოსკე აკუტაგავას ერთ პატარა ნოველაშია სათაურით „უსიერ ტყეში“ (1922 წ.), სადაც ავტორი მაღალმხატვრული ოსტატობით კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ადამიანთა მიერ ობიექტური რეალობის აღქმის უნარს. არის ერთი მკვლელობა, რაღაც სიუჟეტური ხაზი და ამ კონსტრუქციის დაურღვევლად ხუთი კაცი ამტკიცებს სხვადასხვა ვერსიას. ეს პრინციპი ზოგადად ახასიათებს კრიმინოლოგიურ პრაქტიკას. ასევე არის სიმართლე, რომელიც შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ჭეშმარიტებისგან, გააჩნია როგორი რაკურსით უყურებ საკითხს, ჭეშმარიტებაც ამის მიხედვით იცვლის თავის ელფერს. ნაწარმოებში და შესაბამისად სპექტაკლშიც იკვეთება საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და დეფორმირების პროცესი დინამიურად და ეტაპობრივად, სადაც უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთის აზრს პატივს სცემს, გამარჯვებული ისე იმარჯვებს, რომ დამარცხებულიც მასთან ერთად გამარჯვებულია. ალბათ ამ იდეამ წამოწია წინა პლანზე ამ პიესის გამძაფრებული აქტუალობა და არა მხოლოდ სიუჟეტის ორიგინალურმა ფორმამ... და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ინტერპრეტაცია - როდესაც ერთ მსაჯულთაგანს ეჩქარება ფეხბურთზე, იგი თავის ჟინს იმაში კლავს, რომ აკეთებს ქაღალდის კარს და ქაღალდისვე დაჭმუჭნილ ქაღალდს წკიპურტით ისვრის ამ კარის მიმართულებით. ასე რომ, სპექტაკლში მრავლადაა თანამედროვე ელემენტები, ამბები, რომლებიც მორგებულია ქართულ რეალობას და ამით სპექტაკლში გამართულია სიუჟეტიც და სცენიური სახეებიც წარმოჩენილია დამაჯერებლად. 2007 წელს კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა ეს სიუჟეტი გადმოალაგა რუსულ ყაიდაზე და გადაიღო ფილმი სათაურით „12“. ვის თუ არა დოსტოევსკის პატრონ რუსებს ეს პრობლემა არ ესწავლებათ. ანუ ლიტერატურული პირველწყარო შიგადაშიგ იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას. მაგალითად, მთელი ფილმის განმავლობაში სპორტდარბაზში, სადაც იმართება ნაფიც მსაჯულთა თათბირი, დაფრინავს ჩიტი, ფინალში კი ფანჯრებს უღებს ერთ-ერთი პერსონაჟი და ჩიტიც მიფრინავს თავისუფლებაზე. ეს ალეგორიული მეთოდი რეჟისორებმა გიორგი სიხარულიძემ და ვეფხია ნადირაძემაც გამოიყენეს თავიანთ სპექტაკლში, სადაც მთელი წარმოდგენის განმავლობაში სცენაზე იმყოფება ცოცხალი მამალი და ამ ალეგორიის ქვეტექსტია: მამლის ყივილამდე... რა თქმა უნდა ევანგელური თემა შემოაქვთ რეჟისორებს სპექტაკლში და ამას იმითაც ესმევა ხაზი, რომ ყველა პერსონაჟი თითო ციტატას ამბობს 7 ნეტარებიდან და 10 მცნებიდან. რაც მთავარია, ხაზი ესმევა რა საიდუმლო სერობის თემატიკას და მის მარადიულ ღირებულებებს, როგორც ლიტერატურულ პირველწყაროში, ასევე ყველა კინო თუ თეატრალურ დადგმაში რიცხვი 12 არ იცვლება, რაც მოციქულთა რაოდენობას ემთხვევა. თორმეტის მაგიდასთან ასოცირება, როცა თავმჯდომარეს შავი სამოსი აცვია და დანარჩენი თეთრებით არიან შემოსილნი, ეს ძალუმად საიდუმლო სერობის ალეგორიაა; ისიც - მაგიდაზე ორი თევზი დევს, იქვე ორ ქვაბში ჩადებენ ამ თევზებს და ქვაბიდან ნელსაცხებლის კეთილსურნელება ამოდის. ესეც ახალაღთქმისეული სიმბოლიკაა სპექტაკლში ხაზგასმული. იმთავითვე მახსენდება ალექსანდრ ბლოკის პოემა სათაურით „თორმეტი“ (1918 წ.), სადაც რევოლიუციურ პათოსშია გადაწყვეტილი სიუჟეტის ბუნდოვანება - ქრისტე-რევოლიუციონერი მიუძღვის თორმეტ რევოლიუციის ჯარისკაცს.
აქტიორული შესრულების თვალსაზრისით - (კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, დათო ჩოგოვაძე, გიორგი გიორგიძე, გიგა აბულაძე, ვახტანგ ამანათიძე, გია საგინაშვილი, გიორგი სტურუა, რადი შენგელია, თამაზ გოგიშვილი, იმედა აბზიანიძე, ხვიჩა დარსაველიძე, ბესიკ ღირდალაძე) სპექტაკლში მიღწეულია მაქსიმალური ანსამბლურობა. თითეული პერსონაჟი მკაფიო ინდივიდუალობით გამოირჩევა: ზოგი ემოციით მოქმედებს, ზოგი - ცივი ლოგიკით, ზოგი კი საკუთარ გამოცდილებასა და სტერეოტიპებს ვერ სცდება. მათემატიკური სიზუსტითაა გათვლილი დიალოგების ტემპო-რიტმი და პაუზები, რა დროსაც სიჩუმე ისეთივე მეტყველია, როგორც წარმოთქმული სიტყვა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროფესიონალი მსახიობების გვერდით მოყვარული მსახიობებიც ისეთივე შემართვებით მუშაობენ...აქ ყველა გმირი და ხასიათი რეჟისორთა ზუსტად განსაზღვრული კონცეფციის მხატვრულ ყალიბშია მოქცეული.
მიუხედავად იმისა რომ რეჟისორები თანმიმდევრულად მიყვებიან ნაწარმოების - სიუჟეტის განვითარების ავტორისეულ ლოგიკას, მაინც ვხვდებით ფამილარულ ჩარევებს, თავისუფალ ინტერპრეტაციებს, რითაც წარმოდგენა მკვეთრად განსხვავდება სხვა თეატრალური დადგმებისგან, განსხვავებული მეტაფორებითა და ალეგორიული გადასვლებით. ეს არის სპექტაკლი არა მხოლოდ სიმართლეზე, არამედ პასუხისმგებლობაზე, ეჭვის მნიშვნელობასა და უმცირესობის ხმის ძალაზე...ეს არის სპექტაკლი, რომელიც გასართობზე მეტად კითხვებს სვამს და მაყურებელს შინაგან დისკუსიაში იწვევს - კლასიკური ტექსტის თანამედროვე სენსიტიურობით გაცოცხლება კიდევ დიდხანს დარჩება თითეული მათგანის ფიქრებში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მხატვრობა - (თეო კუხიანიძე), სადაც მარტივად, მაგრამ მოსახერხებლადაა გადაწყვეტილი სცენის ფართობის მაქსიმალური გამოყენება. მთელი წარმოდგენა თეთრისა და შავი ფერის კონტრასტშია გადაწყვეტილი. მაგიდები ისეა განლაგებული, რომ თავდაპირველად რესტორანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მათი შეერთებით საქმიანი საუბრებისა და ტრაპეზის განწყობაზე გაყენებს, კიდევ უფრო უკეთ რომ ავლენს ამ შინაგან განწყობას მუსიკალური გაფორმება - (მანანა კიკაბიძე, ანა მურღულია) - რომლითაც დაძაბულ დისკუსიებში ავლენს თავის თორმეტ წახნაგოვან ჰარმონიულ ექსპრესიას. და ბოლოს ეს ყველაფერი ისე მაღალპროფესიონალურადაა შეკრული, რომ ძნელია გამოყო რომელიმე კომპონენტი, თითოეულის მუშაობის საზღვრები. აქ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველამ ყველგან ყველაფერში შეიტანა თავისი წვლილი რეჟისორმაც, მსახიობებმაც, მხატვარმაც მუსიკალურმა გამფორმებელმაც, გამნათებელმაც და სცენის მუშამაც.