გარდასახვამდე და შემდეგ

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

290666589_428730105793468_4836635555679872972_n.jpg

დავით ბუხრიკიძე

 

გარდასახვამდე და შემდეგ

მარიამ ალექსიძის ოპუსი „მეტამორფოზები“ თბილისის თანამედროვე ბალეტის ინტერპრეტაციით

  

2016 წელს, როდესაც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ დაარსდა, ეს თანამედროვე ცეკვის თეატრის ლანდშაფტის მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებდა. რაც არამხოლოდ თანამედროვე ბალეტის განვითარებას, არამედ საერთოდ, ცეკვის თეატრის (თავისთავად, ტერმინი Contemporary Dance გაცილებით ფართო მნიშვნელობისაა და თანამედროვე ქორეოგრაფიის სრულიად განსხვავებულ მიმართულებებს გულისხმობს) წახალისება-განვითარებას გულისხმობდა.

 

რამდენიმე წლის განმავლობაში საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი, მარიამ ალექსიძე ცდილობს შეინარჩუნოს სახელოვანი „მამის აჩრდილის“ დანატოვარი - ნეოკლასიკური ბალეტის ტრადიცია (რაც უდავოდ მნიშვნელოვანია), თუმცა ცდილობს თანამედროვე ცეკვის მრავალფეროვნება, სიჭრელე და პროვოკაციულობა ამ ტრადიციას ელეგანტურად თუ არა, უხეშად მოარგოს; ან თუ საჭიროა დაუპირისპიროს კიდეც.

 

საბალეტო ანბანის კარგად მცოდნეებს, ან უბრალოდ მათ, ვისაც ახსოვს მისი „მოკლემეტრაჟიანი“ თუ ვრცელი წარმოდგენები („ალვა“, „აჭარპანი“, „ქუჩა“, „ჰარირა“, „გურჯი ხათუნი“, „შექსპირი, სიყვარული“, „ხამსე“, „ფოლია“...), ალბათ არ გამოეპარებოდათ მარიამ ალექსიძის ახალი საბალეტო ოპუსიც სახელწოდებით „მეტამორფოზები“. პრემიერა ჯერ კიდევ გასულ წელს გაიმართა, თუმცა პანდემიის გამო დროში გადმოიწია და 2022 წლის მაისში, Silk Factory Studo-ს სცენაზე (მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორია) წარმოდგენის განახლებული ვერსია ვიხილეთ.

 

მარიამ ალექსიძის ბალეტს საფუძვლად უდევს დიდი რომაელი პოეტის, ოვიდიუს ნაზონის პოემა „მეტამორფოზები“ - კაცობრიობის ისტორიაში ერთი-ერთი პირველი ეპიკური პოეტური ნაშრომი 15 წიგნად, რომელიც მითების პოეტურ გარდასახვაზე მოგვითხრობს. „მეტამორფოზები“ სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ყოველი მითი (საცეკვავო ეპიზოდი) გარდასახვით, ტრანსფორმაციით მთავრდება. ქორეოგრაფიის საფუძველიც ხომ სინამდვილეში სხეულის მუდმივი ცვალებადობაა...

 

დავით მაზიაშვილის იდეისა და კონცეფციის მიხედვით „მეტამორფოზები“ განსხვავებულ, ახლებურ სივრცეში უნდა შექმნილიყო. ამიტომ აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონი სპეციალურად ამ ჩანაფიქრისთვის მოეწყო. მაყურებელთა დარბაზი ერთი მხრივ მცირე ზომის ბერძნულ-რომაულ ამფითეატრს მოგვაგონებს, მეორე მხრივ კი, თანამედროვე თეატრს: როდესაც მაყურებელი გარკვეულწილად, წარმოდგენის ნაწილიცაა (მხატვრობა და სცენოგრაფია ანა ნინუა).

 

მეტამორფოზა მუსიკალური კონცეფციის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მარიამ ალექსიძემ არჩევანი იოჰან სებასტიან ბახისა და თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, ნიკა მაჩაიძის ელექტრონულ მუსიკაზე შეაჩერა, რომელმაც სპექტაკლისათვის ორიგინალური მუსიკა შექმნა. ამგვარი კონტრასტი უკვე ქმნის უცნაურ ნაზავს: ისეთ სივრცე-დროის განზომილებას, რომელშიც ქორეოგრაფს საკუთარი წარმოსახვისა და ფორმალური ძიების გამდიდრებისათვის შესანიშნავი საშუალება ეძლევა. ბაროკოსა და ელექტრონული მუსიკის მკვეთრი ანტირითმა, სინამდვილეში „დარღვეული დროთა კავშირის“ წაკითხვის, უფრო ზუსტად, აცეკვების მცდელობაა.

 

მაყურებლის თვალსაწიერში სრულ სიშავეში ჩაძირული მართკუთხა სივრცეა მოქცეული, რომელიც კუთხეში მდგარი უზარმაზარი და განტოტვილი ხით ბოლოვდება. მარჯვნივ, სცენის განაპირას, გაფატრული შავი ცხენი დგას, მარცხნივ - თავჩარგული კაცი, რომელიც სავარაუდოდ, პროტაგონისტი, ან თავად „მეტამორფოზების“ ავტორია... მთელი წარმოდგენის განმავლობაში მაყურებელი თითქოს ნარცისისა და ექოს მითის თანამონაწილე თუ მსხვერპლია - „შეიყვაროს და ვერ მისწვდეს თავის საყვარელს“.

 

ეს მითიც და სხვა უამრავიც, რომელიც სხეულების ენით გათამაშდება, ცხადია, აღქმის ველზეა დამოკიდებული. ამაში მაყურებელს ხან ბახის მუსიკის აუწონავი სიღრმე, ხან ნიკა მაჩაიძის ელექტრონული იმპულსები, ხანაც იშვიათ სიჩუმესა და პაუზებში ჩაკარგული სხეულების სუნთქვა ეხმარება... ქუსლიანი ფეხსაცმელების გაშმაგებული რიტმი კი ნამდვილად დაარღვევს წონასწორობას, რომლის დაცვასაც მანამდე პუანტებზე „გამაგრებული“ ქალები და კაცები საბალეტო ტრადიციის მიხედვით ცდილობდნენ.

 

ერთმანეთს ენაცვლება ჰერმესისა და აფროდიტეს ულამაზესი ვაჟის, ჰერმაფროდიტუსის ტრაგიკული ისტორია, ნარცისისა და ექოს მითი, ორფეოსის სიმღერა, ქსოვაში გამოცდილი არაქნეს გარდასახვა ობობად, ნაქსოსზე მცხოვრები არიადნეს გვირგვინის ამბავი, დაბრმავებული ტირესიას განცდები... უცვლელი რჩება თავად ქორეოგრაფიის პრინციპი: დავინახოთ ანტიკური და რომაული მითების პერსონაჟები ისეთ მდგომარეობაში, როცა მოცეკვავის პლასტიკური ხაზი თუ გამოსახველობა განყენებული კი არ იქნება, არამედ დღევანდელი ადამიანის შესატყვისი.

 

მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიის ენის გაგებასა და ათვისებაში  მაყურებელს „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეები  ეხმარებიან: ნინო გოგუა, მარიამ დარჩია, ნატალია კუკულაძე, მარიამ ქოიავა, მარტინ სლუმსკი, თინათინ ბარამიძე, თამარ ლაცაბიძე, ანასტასია ლორთქიფანიძე, სესილი დავითაძე, ოლგა ვიდიშევა, იაგზიჰან დანი... მათი ნატიფი, საკმაოდ შთამბეჭდავი და ხშირად ირონიით სავსე ჟეტები და მოძრაობები ზუსტად გვაგრძნობინებენ იმ ეგზისტენციურ მდგომარეობასა და მრავალფეროვნებას, რასაც თანამედროვე ცეკვის თეატრი გულისხმობს. ასე რომ, მათი სხეულებრივი მეტამორფოზები ჩვენი აღქმის პირდაპირპროპორციულია.

 

P.S. ბოლო დროის განმავლობაში გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია, რომელიც „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ რეპერტუარში მაინც შეიძლება ამოვიკითხოთ:

 

პირველი - ლტოლვა ნეოკლასიკური საბალეტო ენისადმი  რომელშიც როგორც სიუჟეტური, ისე აბსტრაქტული საბალეტო წარმოდგენები მოიაზრება;

 

მეორე - მინიმალისტური ხაზების, პირველქმნილი ჟესტებისა და სისადავისკენ სწრაფვა, რაც გამოხატულ კამერულ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროშია მოქცეული (ალბათ სახელოვანი მამის, გოგი ალექსიძის გავლენით);

 

მესამე - ერთიანი არტისტული პლატფორმის შექმნის მცდელობა, როდესაც ქორეოგრაფიული წარმოდგენა ეყრდნობა მოწვეული კომპოზიტორის, დრამატურგისა თუ მხატვრის ერთიან ნამუშევარს (ბალეტი „გურჯი ხათუნი“ ამის კარგი ნიმუშია, სადაც გაერთიანდა იოსებ ბარდანაშვილის მუსიკა, დავით ტურაშვილის ლიბრეტო და ანკა კალატოზიშვილის მხატვრობა და კოსტიუმები);