top of page

გასპაჩოს რეცეპტი ხომ არ გნებავთ?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

IMG_3396.jpeg

ანასტასია ჩერნეცოვა

გასპაჩოს რეცეპტი ხომ არ გნებავთ?

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მესამე კურსის დრამის ფაკულტეტის სამსახიობო მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ ცივი, გამაგრილებელი, ვნებით აღსავსე გასპაჩოს რეცეპტის შემოთავაზება პაოლო ჯენოვეზეს „იდეალური უცნობების“ წარმოდგენით, რეცეპტის ავტორი კი, რეჟისორი გიორგი სულთანიშვილია, რომელმაც, ორიგინალურ სათაურს სიტყვა „იდეალური“ მოაშორა  და მხოლოდ „უცნობები“ დატოვა.

ქართულ სათეატრო სივრცეში, ჯენოვეზეს ფილმის სცენარის მიხედვით, სხვადასხვა სათაურით შეიქმნა რამდენიმე სპექტაკლი, მაგალითად, დავით დოიაშვილმა და გურანდა იაშვილმა თავიანთ სპექტაკლებს „თამაში“ უწოდეს, თიკო ქათამაშვილმა „ვახშამი“, ხოლო დავით ჩხარტიშვილმა ორიგინალური სათაური დატოვა. თითოეული სათაური შეესაბამება მოცემულ სცენარს, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა - რატომ ცვლიან რეჟისორები სპექტაკლის სათაურს? დიდი ალბათობით, მსგავსი გადაწყვეტა განპირობებულია საავტორო უფლებების დაცვისგან თავის არიდების მიზნით, რადგან ქართველი რეჟისორების გარკვეული ნაწილი სწორედ ამ მიზნით მიმართავს სათაურის შეცვლას. რა მიზანსაც არ უნდა წარმოადგენდეს, სათაურში მხოლოდ „უცნობების“ დატოვება კონტექსტურია, რადგან არცერთი  პერსონაჟი უცნობად დარჩენას იდეალურად  არ  ახერხებს.

გასპაჩოს ვიზუალის შექმნაში წამყვან როლს ასრულებს მწიფე პომიდორი და წითელი ბულგარული წიწაკა, ხოლო ამ ინგრედიენტებს წარმოადგენენ როკო - ალექსანდრე შარაბიძე და ევა - ლალიკო ღერკენაშვილი, რომელთა სახლშიც ვითარდება ძირითადი სიუჟეტური ქარგა. ამ ორ პერსონაჟს შორის ურთიერთობა ზედმეტად მწიფეა, შეიძლება ითქვას, რომ ობმოდებულია, რადგან ევას მოფიქრებულმა თამაშმა, რომელიც „პანდორას ყუთების“ გახსნას ანუ პირადი მიმოწერების გამოაშკარავებას მოიცავს, ნათელი მოჰფინა ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში არსებულ ბზარებს. ალექსანდრე შარაბიძისა და ლალიკო ღერკენაშვილის პარტნიორულ შეთამაშებას კი ნამდვილად ვერ უწოდებ ობმოდებულს, რადგან მსახიობები ორგანულად ქმნიან შუახნის კრიზისში მყოფი ცოლ-ქმრის ოჯახურ პორტრეტებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც „გასპაჩოს ცალკეული კომპონენტები“, მაქსიმალური ბუნებრიობით ამჟღავნებენ თავიანთ პერსონაჟთა ფსიქოტიპს, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური ქმედებით. თავად ალექსანდრე შარაბიძის შესრულებულმა როკომ გამოიწვია გასპაჩოს ასოციაცია, რადგან სპექტაკლის ფინალურ ნაწილში აღელვებული მსახიობი სრულიად გაწითლებულია. რატომ გასპაჩო და არა სხვა წითელი შეფერილობის კერძი? - გასპაჩო ცივი კერძია, სიცივე კი პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობაში დომინანტურია.

ორიგინალში, გასპაჩოს რეცეპტში კი არის ბულგარული წიწაკა, მაგრამ ლალიკო ღერკენაშვილის შესრულებული ევა თავის საიდუმლოებებსა და ტკივილებს ამჟღავნებს ჩუმ აგრესიაში, ირონიასა და ცინიზმში, რაც მის პერსონაჟს ჩილი წიწაკასთან მეტად აიგივებს.

როკოსა და ევას შვილის, სოფის როლს ორი მსახიობი ასრულებს - ნანა მეტრეველი და ანა თოგოშვილი, ამასთანავე მსახიობები ერთმანეთს ენაცვლებიან ბიანკას როლის შესრულებისას. ორივე როლის შესრულებისას მსახიობები პერსონაჟებს სხვადასხვა რაკურსიდან წარმოგვიდგენენ. თუ საუბარია სოფის როლზე- ანამ თავისი პერსონაჟს მეამბოხე ბუნება გამოაცალა და დედის მხრიდან ჩაგრულ თინეიჯერ გოგოდ გაასაღა თავი, შეიძლება თავის „მეამბოხეობას“ მშობლისგან სიგარეტის მოპარვით ასახავს, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით ეს საერთოდ არ იკითხება. სოფის მხოლოდ მსხვერპლად გასაღება კი პერსონაჟის გაღარიბების ტოლფასია. ნანა მეტრეველის შესრულებაში კი ეს ორი კომპონენტი შედარებით ერთმანეთს ერწყმის. გასპაჩოს კომპონენტებიდან კი სოფის პერსონაჟი შეიძლება ზეთისხილის ზეთ Extra Virgin-თან გაიგივდეს, რადგან სოფისთან მიმართებაში წინ წამოწეულია პერსონაჟის Virgin[1]-ობის შენარჩუნება-დაკარგვის თემა.

ბიანკას როლს მსახიობები ძირითადად ძალზე ხელოვნურად ან გადაჭარბებული ემოციური შტრიხებით ასრულებენ, შესაბამისად, წარმოუდგენელი მეგონა ის, რომ ვინმე შეძლებდა ამ პერსონაჟის ორგანულად შესრულებას, მაგრამ ანა თოგოშვილმა დაამსხვრია არსებული სტერეოტიპი. მართალია, მის შესრულებაშიც მომენტებში ჟონავდა სიყალბე, მაგალითად როდესაც ამბობს, რომ ვერ იტანს შამპინიონებსა და სოფელს, მაგრამ მთლიანობაში, მან მოახერხა ბუნებრიობის შენარჩუნება. ნანა მეტრეველს კი სოფის როლთან შედარებით, ბიანკას როლში უჭირს „ფრთების გაშლა“, რადგან მისი ბიანკა დამაჯერებლობასა და გულწრფელობას მოკლებულია.

ბიანკას ქმარსა და ევას საყვარლის როლს ალექსანდრე კვეზერელი ასრულებს. მსახიობი თავის პერსონაჟს სწორხაზოვნად, როგორც ბრუტალურ „ძველ ბიჭს“ წარმოაჩენს. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის, თუ რატომ არ იყო ერთგვარი ქიმია ბიანკასა (ორივე შემსრულებლის შემთხვევაში) და ლუკას პერსონაჟს შორის, არადა ახალ დაქორწინებულ წყვილს შორის, ლუკას ღალატის მიუხედავად, უზარმაზარი ვნებაა. ამ ორ პერსონაჟს შორის ურთიერთობა, როგორც გასპაჩოს ერთ-ერთი ინგრედიენტი შეიძლება დაკავშირდეს კიტრთან, როგორც გამაგრილებელ პროდუქტთან, მაგრამ მსახიობთა პარტნიორობა უფრო მჟავე კიტრს მოგაგონებთ.

ნიკა ჭკადუას პეპე შეიძლება გასპაჩოს რამდენიმე ინგრედიენტს შევადაროთ - ხახვს, ნიორს და პურს, რადგან პირველი ორი კომოპონენტი, თავისი სპეციფიკური გემოდან გამომდინარე, ბევრისთვის არასასურველია, ხოლო პური ერთი შეხედვით ყველაზე უბრალო, ბევრისთვის საყვარელი და ამავდროულად ბევრისთვის, გლუტენის შემცველობის გამო, მიუღებელი პროდუქტია. ჰეტეროსექსუალის ამპლუაში პეპე ყველასათვის მისაღებია, მაგრამ როგორც უხილავი პერსონაჟის, სანდროს სიტყვებიდან ირკვევა, მას ჯერ არ გაურკვევია, კაცები მოსწონს თუ ქალები. პეპემ იცის, რომ იგი ჰომოფობიურ საზოგადოებაში ცხოვრობს და ამიტომაც ნიღბავს თავის ნამდვილ მეს. რეჟისორს წინ წამოწეული აქვს ის, რომ პეპე სხვა პერსონაჟებისგან რადიკალურად განსხვავდება თავისი პოეტური ბუნებით - თუ ყველა პერსონაჟი მთვარეს ინსტაგრამ „სთორისთვის“ იღებს და ტელეფონიდან თავს არ წევს, პეპე ღრმად ჩაფიქრებული დასცქერის დედამიწის თანამგზავრს. ნიკა ჭკადუა მაქსიმალურად ამჟღავნებს პერსონაჟის გრძნობათა ბუნებას, ექსცენტრულობის შტრიხებს სძენს პეპეს, მაგრამ მომენტებში ამ შტრიხით „მე ვხედავ მზეში“ შესრულებულ სოსოიას ჰგავს.

„უცნობებში“ კიდევ ერთი საიდუმლოებით გაჯერებული წყვილია - ლეო და ელე. ამ  ორი პერსონაჟის ურთიერთობა კი კერძის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტს - ძმარს მოგაგონებთ. ელეს და ლეოს ურთიერთობა ოდესღაც ღვინოსთან ასოცირდებოდა, მაგრამ უამრავმა ცხოვრებისეულმა პრობლემამ ეს ღვინო დაამჟავა და ძმრად აქცია. ელეს როლს ორი მსახიობი - მია მიქელაძე და თამარ ქადაგიძე ასრულებს, ხოლო ლეოს ნიკა ხრიკული განასახიერებს. მიას ელე გამოირჩევა სისადავით, მსახიობი ყოველგვარი გადამლაშების გარეშე, ზომიერად ძერწავს თავის პერსონაჟს, ხოლო თამარი მეტ სახასიათო შტრიხს ანიჭებს ელეს, ამაყი ქალის ნიღაბს იკრავს, რათა დაფაროს თავისი განცდები და ევასთანაც მეტად თავდაჯერებული გამოჩნეს. ნიკა ხრიკული აროგანტულ, მასკულინური ბუნების კაცის, მაგრამ ამავდროულად „დედიკოს ბიჭის“ სახეს ქმნის.

სპექტაკლის დანარჩენი კომპონენტები მინიმალისტურადაა შერწყმული, რადგან სპექტაკლი განკუთვნილია მესამე კურსელი მსახიობების შესაძლებლობების წინ წამოწევაში. მსახიობებთან მუშაობდა ქორეოგრაფი დავით მეტრეველი, არავერბალური ემოციური პალიტრის გამჟღავნების გარდა, გამოვლინდა მსახიობების ქორეოგრაფიული შესაძლებლობები, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ ქორეოგრაფია ამ ჯგუფის ძლიერი მხარეა. გამორჩეული არავერბალური მეტყველებით გამოირჩევა მსახიობი ლალიკო ღერკენაშვილი, რაც გამოვლინდა ცეკვაში, რომელიც ჩრდილების საშუალებითაა წარმოდგენილი და ბიანკასა და ლუკას ცეკვის პარალელურად მიმდინარეობს. ცეკვაში იგრძნობა ევას ტემპერამენტი, რომელსაც მალავს ვერბალურ მეტყველებაში.

ბექა ჩადუნელის სცენოგრაფია სადა და მინიმალისტურია, ნაკლებად ქმედითია, ერთადერთი, სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახის გამყოფია მეტყველი, რადგან მის ფონზე თამაშდება არაერთი საკვანძო სცენა.

სპექტაკლს რეფრენად გასდევს ანტონიო კასტრინიანოს Menamò, რომელიც სპექტაკლში არსებულ ატმოსფეროს მეტად ვნებიანს და ენერგიულს ხდის.

„უცნობები“ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში შევიდა, ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება და, სპექტაკლის თემატიკიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით აღნიშნულ დადგმას მაყურებელი სულ ეყოლება.

ინებეთ გასპაჩოს რეცეპტი, ოღონდ ყურადღებით დააკვირდით ინგრედიენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამაგრილებელ ეფექტსა და ვნებას გააბათილებს სიმჟავე, ობი და სიცხარე.

 

[1] Virgin- ქალიშვილი

bottom of page