top of page

გაუცხოებული მშობლებისა და შვილების დრამატული ურთიერთობები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

261110876_424552219279613_291593591229843607_n.jpeg

მაკა ვასაძე

გაუცხოებული მშობლებისა და შვილების დრამატული ურთიერთობები

 

დრამატურგი ფლორიან ზელერი, იასმინა რეზასთან ერთად, საუკეთესო თანამედროვე ფრანგ დრამატურგად ითვლება. მისი პიესები იდგმება, როგორც ევროპაში, ასვე აშშ-ს სხვადასხვა თეატრში. საქართველოში ფლორიან ზელერის პიესა, ტრილოგიის პირველი ნაწილი - „ვაჟიშვილი“ - პირველად შარშან, დათო ჩხარტიშვილმა  გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ თეატრში დადგა. ზელერის ტრილოგიაში მთავარი გმირის მეშვეობით (ვაჟი, მამა, დედა) მრავალშრიან რეალობაში, სადაც ძნელია წარმოსახვითი განაცალკეო რეალურისგან, სპეციფიკური, გლობალური ადამიანური პრობლემები, ინდივიდუალური, პირადი ამბის პრიზმაშია გარდატეხილი და წარმოჩენილი. ზელერი თავის ნაწარმოებებში იკვლევს ოჯახში არსებულ ურთიერთობებს, სადაც უახლოესი ადამიანები გაუცხოვდნენ და ერთმანეთს ვეღარ უგებენ.

ამჯერად, დათო ჩხარტიშვილმა ტრილოგიის მეორე ნაწილი - „მამა“ - შესთავაზა მაყურებელს. თუკი „ვაჟიშვილში“, ტრაგიკულად დასრულებული გაშორებული მშობლებისა და ვაჟიშვილის ურთიერთობებია ასახული, „მამაში“, ალცჰეიმერით დაავადებული მამისა და ქალიშვილის ურთიერთდამოკიდებულებაა წარმოჩენილი.

რეჟისორმა პიესის ინტერპრეტირებისას რამდენიმე ცვლილება შეიტანა, მთავარ გმირს ალცჰეიმერით დაავადებულ მამას - პიერი დაარქვა, პიესაში ანდრეა, შეცვალა მისი პროფესია, სპექტაკლში ყოფილი დიპლომატია, პიესაში ინჟინერი, სპექტაკლში მას მწერალი ვაჟი ჰყავს გარდაცვლილი, ხოლო პიესაში კი მხატვარი ქალიშვილი, პიესაში არსებობს პერსონაჟი უცხო ქალი, სპექტაკლში არა. ამ ცვლილებებით, დათო ჩხარტიშვილმა ტრილოგიის ორ ნაწილს, ორ დადგმას შორის კავშირს გაუსვა ხაზი. სხვა მხრივ რეჟისორი დრამატურგიული ტექსტის ერთგული დარჩა.

პიესაშიც და სპექტაკლშიც ცენტრალური ფიგურა ალცჰეიმერით დაავადებული, 80 წლის მამაა. სწორედ მის გარშემო ვითარდება მოვლენათა რიგი. მსახიობ გიორგი გოგუაძეს რთული ამოცანა დაუსახა რეჟისორმა, რეალურსა და ირეალურ, არსებულსა და გამოგონილ სამყაროში მცხოვრები ადამიანის ფიქრების, გრძნობების, ემოციების გამოსახვა - თამაში. რთულია განასახიერო პროგრესირებადი მენტალური დაავადების მქონე ადამიანი, რომელიც ნელ-ნელა ეგოისტ „მონსტრად“ გარდაიქმნება. ამავდროულად ითამაშო ისე, რომ შენი გმირისადმი მაყურებელს თანაგრძნობა გაუჩნდეს. მსახიობი  ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, თანმიმდევრულად ძერწავს განსასახიერებელი პერსონაჟის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. გიორგი გოგუაძის პიერს ეშინია მარტოობის და ყველანაირად ებღაუჭება ერთადერთ ახლობელ ადამიანს, ქალიშვილს - ანას. ანას გარდა მას აღარავინ ჰყავს, არც ცოლი და არც ვაჟიშვილი. ამიტომაც ათას ხრიკებს იგონებს ანას მიერ დაქირავებული მომვლელების თავიდან მოსაშორებლად, ხან უშვერი სიტყვებით ლანძღავს, ხან კი მაჯის საათის ქურდობაში სდებს ბრალს. მას ეშინია, რომ ერთადერთი ქალიშვილი მიატოვებს და საქმროსთან ლონდონში გადავა საცხოვრებლად.

დათო ჩხარტიშვილის კონცეფციით, მთავარი გმირის დაავადებული გონების მიერ სამყაროს აღქმის მსგავსად, სპექტაკლში მიმდინარე მოქმედება რეალობისა და ირეალობის ზღვარზე ვითარდება. პიერისა და ანას გარდა, მაყურებელმა სხვა პერსონაჟები: ანას საქმრო, უცხო კაცი, მომვლელი ლორა შეიძლება აღიქვას, როგორც პიერის დაავადებული გონების წარმოსახვის ნაყოფი, ან, რეალურად არსებული პერსონაჟები. რეჟისორის კონცეფციას ზუსტად ესადაგება თამარ ჭავჭანიძის სცენოგრაფია. „ვაჟიშვილის“ მსგავსად ამ სპექტაკლშიც  მაყურებელი ნახევარწრიულად ზის სცენაზე, რაც უფრო მეტად ინტერაქციულს ხდის წარმოდგენას და უფრო მეტად უწყობს ხელს, პიტერ ბრუკის სქემის - მსახიობი - პარტნიორი - მაყურებელი - ემოციური მუხტის ურთიერთგაცვლას. სათამაშო მოედანზე სამი უტრირებულად დიდი ზომის მამაკაცის საღამურია წამომართული (ასეთივე პიჟამა აცვია მამასაც), რომლებიც პიერის გონების მონსტრებად აღიქმება და თან ფუნქციური დატვირთვაც აქვთ. რაღაც მომენტში ამ პიჟამებში ანა და ანას საქმრო აღმოჩნდებიან და პიერის „ურჩხულებად“ აღიქმებიან. ფიცარნაგზე სარკისებრი ფილებია დაგებული, რომლებიც სპექტაკლის მსვლელობის დროს იცვლიან მდგომარეობას, საბოლოოდ კი მოხუცებულთა თავშესაფრის პალატის კედლად გარდაიქმნებიან. ცხოვრების მდინარების სიმბოლური დატვირთვა აქვს მაჯის საათს, რომელსაც პიერი მუდმივად კარგავს და მუდმივად ეძებს. ასევე, სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელები, რომლებიც რამდენჯერმე გათამაშდება, განვლილი ცხოვრების ასოციაციას აღძრავს მაყურებელში. სპექტაკლი იწყება სცენით, რომელშიც პიერი საკუთარ ფეხსაცმელებს აპრიალებს. ფინალში კი, როდესაც მოხუცებულთა სახლში მიბარებული მამა მიღმიერ სამყაროში გადადის (გარდაიცვლება), სწორედ ეს ფეხსაცმელები ჩამოცვივდება სცენაზე, რაც პიერის ცხოვრების დასასრულის მეტაფორად აღიქმება.

ანიკო ცეცხლაძე, რომელიც (ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი) ქალიშვილი - ანას პერსონაჟს განასახიერებს, დახვეწილი სამსახიობო ხერხებით ქმნის ფიქრებსა და გრძნობებში გაორებული ადამიანის სახეს.  მოხუცი, დაავადებული მამისადმი მოვალეობის გრძნობა უპირისპირდება პირადი ცხოვრების მოწყობის სურვილს. იგი დრამატული არჩევანის წინაშეა: მოხუც, ავადმყოფ მამასა და საყვარელ ადამიანს შორის. ანას სიზმარი, რომელშიც გათავისუფლების მიზნით, მამას ყელს გამოჭრის, გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის გამოხატულებაა. ანიკო ცეცხლაძე თამაშობს ადამიანს, რომელსაც ერთდროულად უყვარს, ებრალება და ეზიზღება.

ნათია ტატულაშვილის მომვლელ ლორასა და პიერს შორის გულთბილი ურთიერთობა მყარდება. მუდმივად მოკისკისე, მხიარულ ლორაში მამა გარდაცვლილი ვაჟის თვისებებს ხედავს. მათ შორის ერთგვარი მსუბუქი ფლირტიც კი გაიბმება. სოსო მგალობლიშვილი და ზაზა ცარულაშვილი ანას საქმროს - ანდრეს და უცნობ მამაკაცს, პიერის დაავადებული ცნობიერების ნაყოფს, განასახიერებენ. რეჟისორის ჩანაფიქრით, ანდრე და უცნობი მამაკაცი, უხეშები და დაუნდობლები არიან მოხუცის მიმართ. აქაც რეალობა და გამონაგონი ერთმანეთშია გადახლართული. ალცჰეიმერიან პიერს აღარ ძალუძს მოვლენების რეალურად აღქმა, ფინალისკენ იგი უკვე საკუთარ ქალიშვილსაც ვეღარ სცნობს ხოლმე.

ერთობ გულისამაჩუყებელია სპექტაკლის ფინალი. მოხუცებულთა სახლში მყოფ პიერს პერსონალის ხმა ესმის და ამ ხმასთან აბამს დიალოგს. ანა მის გვერდით აღარაა, მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოდის ლონდონიდან მამის მოსანახულებლად. სიკვდილის წინ პიერს ქალიშვილზე მეტად დედა ენატრება და დედის ნახვის სურვილი აქვს. - დედასთან მინდა - მოხუცის მარადისობაში გადასვლამდე წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვებია.

დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლი თანამედროვე სამყაროში არსებულ მტკივნეულ პრობლემებს წარმოაჩენს. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა, უახლოეს ადამიანებს შორის გაუგებრობა, გაუცხოება, ერთმანეთის მიმართ ძალადობა. რეჟისორი არ ცდილობს რომელიმე მხარე გამოიყვანოს დამნაშავედ, მწვავე პრობლემებზე გასცეს პასუხი, ფინალში ღიადაა დატოვებული კითხვები, რომლებზეც პასუხი თითოეულმა მაყურებელმა თავად უნდა განსაზღვროს.

bottom of page