top of page

გეიშა თბილისის საოპერო სცენაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

565824981_1238451654987893_37588882409234168_n.jpeg

10.01.2026

ბეგი ნიკოლეიშვილი

გეიშა თბილისის საოპერო სცენაზე

 

„Madama Butterfy“ მილანური პრემიერის შემდეგ, ეს ოპერა გავრცელდა სხვა ქვეყნებში და მათ შორის 1909 წლის 3 ნოემბერს დაიდგა საქართველოში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მომდევნო წლებში აღსანიშნავია ქართველი ბრწყინვალე ,,პეპლები ‘’, დიდი მომღერლები: მედეა ამირანაშვილი, მაყვალა ქასრაშვილი, ლამარა ჭყონია და სხვ. დღესდღეობით ,,Madama Butterfy’’ თბილისში არა თეატრის საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტით, არამედ მსოფლიო საოპერო თეატრის - ლა სკალას პროდუქციით წარსდგა.

 

რასაკვირველია უმჯობესია თეატრს ჰქონდეს თავისი საოპერო დადგმა და შესრულება, მაგრამ ეს სხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვიმედოვნებთ მომავალში საკუთარი რეპერტუარი ექნებათ, მათ შორის ,,Madama Butterfly ‘’ … 2025 წლის, 17 ოქტომბერს ბოლო ჩვენება გაიმართა და მონაწილეობდნენ: ჩიო-ჩიო -სანი - Alessandra di Giorgio (Italy) პინკერტონი - არმაზ დარაშვილი , სუძუკი - ირინა შერაზადიშვილი , გორო - როსტომ იაშვილი , შარპალესი - ზაალ ხელაია, ბონძო - კახაბერ თეთვაძე, იაკუსიდი, კეიტი - ნინო ჩხარტიშვილი, იამადორი - ვალერიან მჭედლიძე, კომისარი - ცოტნე მოწონელიძე. დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი , დირიჟორი - Gianluca Martinenghi (Italy) , ქორმაისტერი - ავთანდილ ჩხენკელი , რეჟისორი - Keita Asari ( Japhan) ( Milano , ,, la scala ‘’ - 1985), განათება - Stefano Gorreri მსოფლიო საოპერო ლიტერატურის სოპრანოების რეპერტუარში ჩიო-ჩიო-სანის ვოკალური პარტია ერთ-ერთი რთული და მრავლისმომცველია. სირთულე მდგომარეობს, როგორც ვოკალურად ისე ფსიქო-ემოციური განსაზღვრებით, რაც მოიცავს გმირის გარდასახვას და ტრანსფორმაციას მწვავე სუიციდურ ფინალამდე.

 

იტალიელი სოპრანო, რა თქმა უნდა, შინაარსის სრული მზაობით წარსდგა მსმენელის წინაშე, რაც ტექსტისა და შინაარსის გათავისებას უკავშირდება ასევე დახვეწილ ფრაზირებას , მხატვრული სახის გახსნას და განვითარებას. „ბატერფლაის“ ექსპოზიციის დროს, სადაც პენტატონიკურ წყობაში ჟღერს იაპონური მოტივი (ცეკვის თემა კაბუკის თეატრიდან ) და შემდეგ ლაიტთემა ამ სეკვენციურ სვლაზე თანდათან უნდა იზრდებოდეს გმირის ტემბრალური ინტესივობა და ემოცია. ძალიან შორიდან ისმოდა მისი ტემბრი, შეიძლება აქ პარტიტურის მიხედვით იყოს ტერმინი - interno, მაგრამ გადაიზარდა - „voce scuro“. interno არ ნიშნავს დახშობილად ჟღერდეს ბგერა. მიუხედავად ამისა, მის პერსონაჟს არ დაუკარგავს იაპონელი ახალგაზრდა გეიშას სახე და პერსონაჟის გათავისება, თანდათან გამოიკვეთა მისი გარდასახვა და უკეთესი ტემბრალურობა. განსაკუთრებით piano დან forte- მდე სრული დინამიკური გრადაცია, თუმცა ბგერის მკვეთრი ემისია ვერ გამოვლინდა. ლაიტმოტივის დროს პერსონაჟი ემოციურად იყო წარმოდგენილი ქალთა გუნდის ფონზე, რაც შემდეგ დინამიური ნიუანსებით გაძლიერდა, აქტიურად წარიმართა პინკერტონის და ბატერფლაის სცენა -დუეტი და დიალოგები. საინტერესოდ ჟღერდა ბატერფლაის არია seguo il destinno“ აქ გამართლდა P-ზე აჟღერებული ტემბრი - ორკესტრთან ბალანსში, სადაც ხმის ემისია დატვირთულია საშუალო რეგისტრში და მიედინება ფართო-სუნთქვის მელოდიკით. ბიძა ბონძოს შემოსვლის დროს კარგად გამოიკვეთა ჩიო-ჩიო-სანის ემოციური გრადაცია, რაც მის არტისტულ კომპონენტს ეკუთვნის და ზომიერების დაცვას. ემოციურად ჩართული იყო თავისი ჟესტითა და ქმედებით.

 

პირველი მოქმედების ფინალი - გრანდიოზული სასიყვარულო დუეტი, რომელიც გაშლილი ოთხ ნაწილიან დუეტს წარმოადგენს აქ ვოკალურად აშკარად უნდა გამოვყოთ პინკერტონი, რომელიც უკეთ გაჟღერდა. პირველ ნაწილში „Bimba , non piange“ გამოიკვეთა „ბატერფლაის“ კარგი მუსიკალურობა და ანსამბლურობის ბალანსი, მეორე - „vieni la sera“ მისი სულიერი მდგომარეობა და სასიყვარულო დამოკიდებულება, მთლიან დუეტში იტალიური ტერმინოლოგიის, ტემპისა და დინამიკური ნიუანსების კარგი გათვალისწინება და სუნთქვის კონცენტრირება, მაგრამ მაღალ რეგისტრში ემისიისა და ბგერის ფრენადობის ნაკლებობა. ამ ულამაზეს მელოდიაში სმენით ჩაფლული შემსრულებლებისთვის მეტად რთულია ტექნიკურ დეტალებზე იფიქრო, ეს კომპლექსურად უნდა იყოს შეთვისებული ჯერ დუეტში - მათი ინტერპერსონალური დამოკიდებულებით, რაც არ გამოიხატა და შესრულების ხარისხით . „bimba dagli occhi“ აქ შინაგანი ქმედება უფრო გააქტიურდა, მაგრამ თითქოს ცალკე იყო და არა დუეტის სახით, დუეტის განვითარების დროს დრამატულ-ექსპრესიულ კულმინაციამდე ემოციური გამომსახველობა კარგად ჩანდა, მაგრამ ვოკალურად სუსტად ჟღერდა. საერთო ტემპო-რიტმის ცვალებადობის დროს მათი გააზრება - დრამატურგიულ კონტექსტში მისაღებია . ამ დუეტში მომღერალი თუ ნორმალურად მაინც გრძნობს მომნუსხველ და გულში ჩამწვდომ მუსიკას აუცილებლად მივა თავისი ღრმა კლიმაქსური განვითარებით შესაბამის ემოციურ აფეთქებამდე, რაც უნდა ინტეგრირდეს ვოკალურ ტექნიკასთან. ფინალში „vogliatemi bene“ რთულია ფართო მელოდიურ ხაზში და დუბლირებულ საორკესტრო პალიტრაში ბგერით გაჭრა ორკესტრი და პროეცირდეს სწორი მიმართულებით. ეს მოსალოდნელიც იყო ვინაიდან ჩიო-ჩიო-სანის ბგერა არ იყო მკვეთრი თან მეორე უკიდურესობით მისი დგომა და მანერა ხელს უშლიდა ბგერის პოზიციას და სწორ პროექციას, შესაბამისად ფინალში დასუსტდა ტემბრი. საფინალო კულმინაციაში, სადაც უნდა გასხივოსნდეს მაღალი რეგისტრის დო ბგერა სუსტად აჟღერდა, სუნთქვის უკმარისობით - attacca - ზე. უნდა ვთქვათ, რომ იტალიელმა „პეპელამ“ პირველ მოქმედებას საკმარისად ვერ გაართვა თავი. მეორე მოქმედებიდან პროგრესირდა დადებითად, რაც მის სულიერ მდგომარეობას, ფსიქო-ემოციურ გამომსახველობასა და დრამატურგიულ განვითარებას უკავშირდება.

 

მეორე მოქმედებაში იყო დუეტი სუძუკისთან და მისი ცნობილი არია „un bel di vedremmo“. ამ დროს ნამდვილი გარდასახვა იყო ღრმა ემოციით და განვითარებით, ტემპო-დინამიური დაცვით, თუმცა ვოკალში კვლავ არის გამოსასწორებელი ნიუანსები... ეს ასევე შეიძლება უფრო ორკესტრისა და სოლისტის ბალანსს უკავშირდება, რაც დირიჟორის პრეროგატივაა... არიის ფინალში აჟღერებული მაღალი რეგისტრის „სი ბემოლი“ არ პროექცირდა სწორად და ძალზედ გადაფარა ორკესტრის სრულმა ჟღერადობამ. საერთოდ ვერისტულ ოპერებში ხშირია ორკესტრის მასშტაბური ხმოვანება, მწვავე ექსპრესია და რეალისტური განცდის შეგრძნება, რაც მომღერალს მეტი სირთულის წინაშე აყენებს. შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა და გაუმჯობესდა „ბატერფლაი“, თითქმის ამის შემდეგ არც ერთი უზუსტობა და ნაკლოვანება არ შეიმჩნეოდა, რაც კარგ ტექნიკურ და შინაარსობრივ მზაობას უკავშირდება. დრამატულ - ექსპრესიული გამომსახველობით ზომიერ ისტერიაში, რეგისტრულ-ტემბრალური ბალანსით ის ნამდვილად კარგად განვითარდა და სამაგალითო იყო დაბალი რეგისტრის აჟღერება, ვოკალურ-დეკლამაციური ხაზი, საშუალო რეგისტრიდან გადასვლა მაღალ რეგისტრში. განცდა მქონდა, რომ მეორე მოქმედებიდან თითქოს სხვა იაპონელი ,,პეპელა’’ დაფრინდა ნაგასაკში...


ეს საყურადღებოა, რომ არც ტექნიკაა კარგი შინაარსის გარეშე ან პირიქით, ორივე გამოუსადეგარია შემოქმედებისთვის, რაც ნათელი გახდა მეორე მოქმედებიდან. აღსანიშნავია საანსამბლო სცენები, ბავშვის გამოჩენის დროს დედის ემოციური მდგომარეობა, მის ტემბრში კი გამოიხატა სასოწარკვეთილი დედის შინაგანი განწირული ხმა „e questo“. კეიტისთან შეხვედრა, წუხილი, ცრემლი, სიყვარული, ნოსტალგია და ტანჯვა დამაჯერებლად გამოხატა იტალიელმა სოპრანომ. დაუვიწყარი იყო შვილთან გამოთხოვება, ალბათ დარბაზში ნამდვილად ყველაზე იმოქმედა ამ ზეემოციურმა დრამატულმა სცენამ, თავისი გენიალური მუსიკით და კარგი შესრულებით, რომელიც მიდის ბიძა ბონძოს მიერ დაწყევლილი „ბატერფლაის“ საბედისწერო სუიციდამდე. პინკერტონი - დახვეწილი ჟღერადობა ასევე, როგორც ვოკალურ - ტექნიკური მზაობა, ისე მისი პერსონაჟის კარგად გათავისება. აღსანიშნავია, რომ პირველივე მოქმედებაში კარგად ჟღერდა მისი ტემბრი, განსაკუთრებით ბგერის კარგი რეზონირება აქ „voce in mascchera“ და ფარინგიალური ზონის კავშირი კარგად გამოიკვეთა, თავისი რეგისტრულ-ტემბრალური ბალანსით. მიუხედავად ამისა, რიგ შემთხვევაში შეიძლებოდა მეტი კონცენტრაცია და ტექნიკური სრულყოფა მაღალი რეგისტრის დროს, რასაც ვერ ვიტყოდი გარდამავალ რეგისტრზე, მისი შეუმჩნეველი გადალახვა დადებით კონტექსტში უნდა ვახსენოთ. ბენჟამინ ფრანკლინ პინკერტონის არია - „Dovunque al mondo“ ვოკალურად რთული შესასრულებელია, სადაც ასევე არ უნდა დაიკარგოს ამერიკული ტემპერამენტი, რასაც მისაღებად გაართვა თავი. შეიძლება უკეთ აჟღერბულიყო მაღალ რეგისტრში პირველი ოქტ. ლა, მაგრამ შემდეგ დაწყებული ფრაზა „vinto“ „i“ ხმოვანზე საოცრად მჟღერი და რეზონირებული იყო , როდესაც ბგერა ძლიერდება და სასიამოვნო მოსასმენია... შარპალესის და პინკერტონის დუეტში კარგი ანსამბლურობა გამოიხატა, დუეტის დროს ლითონის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ ცოტა დაიფარა პინკერტონის მაღალი რეგისტრის ჟღერადობა, აქ ორკესტრისა და მომღერლის ბალანსის კარგი კონცენტრაციაა საჭირო!

 

პინკერტონის მიერ პირველ მოქმედებაში კარგად აჟღერდა მეორე არია. შარპალესთან დუეტის ბოლოს კი მცირე ინტონაციურ - პოზიციური დადაბლება შეიმჩნეოდა... საანსამბლო სცენებში პინკერტონი გოროსთან და შარპალესთან აქტიურად იყო ჩართული თავისი მხატვრული სახით, საქორწინო ცერემონიის და ჯვრისწერის დროს მისი მრავალწახნაგოვანი გამომსახველობა საინტერესო იყო ბატერფლაისთან, ასევე აღსანიშნავია ბონძოს შემოსვლის დროს პინკერტონის გარდასახვა და გმირული სახის შენარჩუნება, რაც სინთეზირებული იყო ამერიკულ ხასიათში. სრულ პაექრობას უწევდა პინკერტონი ბონძოს, ეს მხატვრულ სახით და ვოკალური ტექნიკით კარგად გამოვლინდა. აქ ჭარბობს მაღალი ტესიტურა f -ზე და მოითხოვს სუნთქვის განაწილებას. შეიძლებოდა უკეთ აჟღერებულიყო „basta ,basta“ დროს, სადაც ორკესტრმა გადაფარა მომღერლის ჟღერადობა. საბოლოოდ კი ის შეგრძნება და ემოცია, რაც პინკერტონს უნდა არ დაიკარგა. მკაფიოდ გამოხატა პინკერტონმა თავისი ხასიათი, ტემპერამენტი და ასევე სასიყვარულო ხაზი, ნოსტალგია და ღრმა ემოცია. ყოველივე ეს სინთეზირდა მომაჯადოებელ სასიყვარულო დუეტში. პინკერტონს კარგად ჰქონდა გააზრებული დუეტი და მისი განვითარება, თუმცა როგორც ვთქვი მჭიდრო ინტერპერსონალური კავშირი მათ შორის შესუსტებული იყო! მართალია პარტიტურაში არ წერია დამატების, გარდა, ფინალში მაღალი რეგისტრში მეორე ოქრავის დო, მაგრამ საუკუნე და წლებია ტენორები მიდიან ამ რთულ გზაზე ,ზოგი „ეჭიდება“ და ზოგს არც გამოდის, კარგად კი ძალიან ცოტას. მაინც ველოდი ამ ბგერას და „Do di petto“ , მაგრამ არც „დო“ იყო და აღარც petto ... საბოლოოდ დუეტი სუსტად წარიმართა და შესაბამისი „ოვაციებიც“ დაიმსახურა... პინკერტონის „Addio fiorito asil“, რაც მშვენივრად შეასრულა თავისი ემოციური დატვირთვით და მხატვრული სახით, ოპერის ფინალში კი მკვეთრად მჟღერი ტემბრით ჭექდა „Butterfly“… მიუხედავად მცირე აღნიშნული ნიუანსებისა, ფ .ბ. პინკერტონი, ჩრდილოეთ ამერიკის საზღვაო ოფიცერი საინტერესოდ და ხარისხიანად წარსდგა ოპერაში, მცირე უზუსტობები ვერ უტოლდება უარყოფით კონტექსტს, თეატრი ხომ ცოცხალი ხელოვნებაა და იდეალური ვერავინ ვერ იქნება საოპერო რთულ და კრიტიკულ სცენაზე ... სუძუკისთან ერთ ბირთვად შეკრული და კარგად გააზრებული მხატვრული სახე - საშემსრულებლო ვოკალური ხაზით სრულფასოვნად გამოვლინდა. გათვალისწინებული იყო ნიუანსები, ტემბრულ- რეგისტრული ბალანსი და კარგი მუსიკალურობა, რასაც დაემატა არტისტიზმი და ემოციური გამომსახველობა.

 

აღსანიშნავია სუძუკის ექსპოზიცია ზღაპრულ მუს. მოტივებში აღმოცენებული სუძუკის მოტივურ-თემატური განვითარება, დუეტი ბატერფლაისთან და გამართული იტალიური დიქცია, ყველა საანსამბლო სცენაში სრული მზაობა, ერთმანეთს ერწყმოდა მუსიკალურობა, ვოკ. ტექნიკა, არტისტიზმი და ქმედება. იგრძნობოდა „ბატერფლაისთან“ ახლო კავშირი, იმედი და ერთგულება, რაც არც ერთი წამით არ დაუკარგავს მას, რაც ყოველთვის „ბატერფლაისთან“ თანაგანცდით ვლინდებოდა. გოროს გამოჩენა თავიდანვე აქტიური და ლაღი ოყო, კარგად ჟღერდა მისი ტენორი, ასევე ბმაში იყო პერსონაჟების ქმედებასთან და დრამატურგიულ განვითარებასთან. აღსანიშნავია გოროს და პინკერტონის დუეტი, ასევე დუეტი შარპალესთან და სხვა სცენებში. ზოგადად კარგად იყო დაცული პერსონაჟთა თანავარსკვლავედი და მათი განვითარება. შარპალესის ექსპოზიცია საინტერესო იყო და ზოგადად კარგად ჟღერდა მისი ტემბრი, რაც თანდათან განვითარდა, დასაწყისში ნაკლებად ისმოდა ისმოდა სრული ბარიტონალური ტემბრი და ეს ნიუანსი მალე გამოსწორდა. ტერცეტი საინტერესოდ წარიმართა, შარპალესის, როგორც პინკერტონის მეგობრის დამოკიდებულება პერსონაჟებთან სავსებით მისაღებია და მართლაც საინტერესო. კარგად აჟღერდა „o amico furtunato“ , რაც ხშირად ისმის ორკესტრში, როგორც მისი თემა საკმაოდ დატვირთულია შარპალესის ვოკალური პარტია და ინტენსიური მაღალი ტესიტურა, უნდა ითქვას რომ სავსე ხმოვანებით ჟღერდა გარდამავალი რეგისტრის შესაბამისი გადალახვით. ამ ოპერაში კიდევ რამდენიმე პერსონაჟია: ბონძო და იაკუსიდი, კეიტი, იამადორი და ა.შ. ბონძოს შემოსვლა და წყევლა ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია ოპერის დრამატურგიულ ქარგაში, ეს მრისხანე სურათი შიშის მომგვრელი უნდა იყოს და ცუდი წინათგრძნობის. ამას თავად კომპოზიტორი და მისი მუსიკა გვკარნახობს, რაც ძირითადად უკავშირდება იმ ორიენტალურ მიგნებს, რაც ახასიათებს ამ ოპერას. ძირითადად ეს იაპონურ მოტივებს და ატმოსფეროს უკავშირდება, რაც აქცენტირებულია პენტატონიკაში და ჰარმონიულ წყობაში, რომელიც ხშირად ისმის ოპერაში, როგორც წყევლის და უბედურების ლაიტთემა. უკეთესი იქნებოდა მეტი სიმძაფრე და გამომსახველობა ბონძოს გამოჩენის დროს, ბევრად კარგად შეიძლება აჟღერებულიყო ბანი, ბგერის მომატებული ვიბრაცია და შესუსტებული რეზონანსი მთავარი გამოსასწორებელი იყო მასთან, რასაც თან ახლდა მცირე ღელვა. სცენიურად კი მან კარგად გაართვა თავი ამ მცირე და მნიშვნელოვან როლს. იგივეს ვერ ვიტყვით ბიძა იაკუსიდიზე. ის მეტად კონცენტრირებული იყო მხატვრულ სახეზე და ვოკალურ პოსტულა- ტებზე, მართლაც საინტერესოდ გაჟღერდა მისი ტემბრი ...

 

კარგია, რომ პროფესიულ საოპერო სცენაზე სტუდენტებიც არიან ჩართული მათ კარგ გამოცდილებას აძლევს ყოველი მცირე როლიც კი . მაგ. ამერიკელი კეიტის პერსონაჟი, რომელიც მოკრძალებულად და სასიამოვნოდ წარსდა ოპერაში. ასევე აღსანიშნავია იამადორის სახე და ტემბრალური გაჟღერება... მივესალმები კიდევ მეტად თუ გააქტიურდება ეს ხაზი და ბევრ სტუდენტს მოვისმენთ პროფესიულ საოპერო სცენაზე. „Madama Butterfly“ - ის ორკესტრი მასშტაბური და რთულია, რაც პირველ რიგში ფერადოვან საორკესტრო პალიტრას უკავშირდება. რთულია ოპერის გარე და შინაგანი ტემპო-რიტმი, ზედინამიური, არტიკულაციური და ემოციური ნიუანსების გათვალისწინება, მისი სრულფასოვანი გადმოცემა კი დირიჟორის გმირობაა. შესავალში, სადაც მოცემულია ფუგატო სიმებიანი ჯგუფის პროტაგონისტული ხაზით, მისი საერთო ჟღერადობა და ბალანსი ნორმალური იყო, მაგრამ ტემპი თითქმის შენელებული. ასევე რამდენად იყო „virgoroso“ რთულია პასუხი და მეორე ნაწილში, იაპონური ეგზოტიკურ ატმოსფეროსთან დასუსტდა არტიკულაციური გამომსახველობა. საერთო ჯამში გათვალისწინებული იყო საორკესტრო ბალანსი სოლისტებთან და გუნდთან ორკესტრი ხასიათს და საერთო დინამიკასაც კარგად გადმოსცემდა. იყო ადგილები , სადაც განსაკუთრებით ლითონის ინსტრ. ჯგუფმა გადაფარა მომღერლის ბგერა, ამ დროს მეტად მიზანშეწონილია სრული ბალანსი და კონცენტრაცია. პინკერტონის არიაში კარგად იყო დაცული ბალანსი და თანდათან ხმოვანების გაზრდა, ამერიკული ჰიმნის აჟღერება ლითონის მკაფიო ხომვანებით და ვოკალური პრიმატით, რომელიც განსაკუთრებით ვერისტულ ოპერებს ახასიათებს. კარგად აჟღერდა „ბატერფლაის“ გამოჩენისას სოლირებული და გაზრდილი სიმებიანი ჯგუფი, დასურდინებული ვიოლინოები და არფა, ნამდვილად ზღაპრული და მეტად კოლორისტული გამომსახველობა შეიძინა სუძუკის ინსტრ. ექსპოზიციამ. დინამიურ- ექსპრესიული იყო ბონძოს შემოსვლა, ლითონის ჩასაბერი და დასარტყამი ჯგუფით. ბონძოს და პინკერტონის კონფლიქტურ დიალოგში კი სიმებიანის ტრემოლირებური ჟღერადობა შესაბამისად იყო გამოკვეთილი, ასევე პერიპეტიული ტემპობრივი და დინამუკური ცვალებადობა, დირიჟორის კონცენტრაცია ორკესტრზე, სოლისტებზე და გუნდზე . ბატერფლაის არიასთან საორკესტრო თანხლება და თითქოს ლივლევებდა. დიდი დუეტის ფინალურ გზამდე მკვეთრად განვითარდა ორკესტრი , მასშტაბური ხმოვანებით . გათვალისწინებული იყო ,,სიჩუმის’’ დაცვა, ასევე ფერმატო, rubato, col.canto, sfumato, rall. და მომღერლებისადმი ხელშეწყობა. ფინალში სასურველი იყო ტემპის მეტად შენელება და თემის მკაფიო გამომსახველობა, რომელიც იაპონურ მოტივს უკავშირდება -,,la primavera" და რამდენჯერმე ისმის ოპერაში, დუეტის ფინალში კი ექსპრესიულ და დინამიურ ხმოვანებას იძენს. უნდა ითქვას, რომ 17 ოქტომბრის სპექტაკლზე ყველა ასპექტი შემდეგ მოქმედებებში დაიხვეწა და გაიმართა, მათ შორის ორკესტრიც. კარგად გამოიკვეთა ორკესტრის აქცენტები და შიდა ბალანსი, კრეშენდირებადი სვლის გამომსახველობა, დახვეწილი არტიკულაცია და დინამიური ნიუანსები. პინკერტონის ნაგასაკში დაბრუნებისას დიდი საორკესტრო ეპიზოდი საინტერესო იყო. ბატერფლაის არიის დროს გამჭვირვალე ბგერით ჟღერდა ვიოლონოს სოლო და ამავე მოქმედებაში ფლეიტისა და ჰობოის ლირიკული ჩანართები. მესამე მოქმედებაში კი ბატერფლაის სუიციდამდე აჟღერებული ჩელოს სოლირება ... ბავშვის გამოჩენის დროს, ამ დრამატულ სურათში დინამიკურობის მიუხედავად, რიტმული ფიგურაციის ასინქრონულობა შეიმჩნეოდა...

 

ეფექტური იყო ნაგასაკში ჩამოსული გემის დროს საყვირების მკვეთრი აქცენტები და ტამ-ტამისა და გონგის დაბალანსებული ხმოვანება . გუნდი არ არის დატვირთული ამ ოპერაში, მაგრამ ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი. მაგ. ბატერფლაის ექსპოზიციის დროს გუნდი კარგად აჟღერდა, ამშვენებდა ჩიო-ჩიო-სანის ვოკალურ ხაზს და სცენიურ კომპლექსურობას. გუნდი - ,,O kami o kami“ ტექსტის ანაფორული ფორმითა და რესპონ- სორული შესრულებით საინტერესო იყო თავისი ბალანსით ორკესტრთან, ბონძოს გამოჩენის დროს აჟღერებული გუნდი პუჩინის ერთ - ერთი საინტერესო მიგნებაა - გლისანდოს ნიუანსით. მიუხედავად იმისა, რომ გლისანდოები თავის დროზე შესრულდა პარტიტურის მიხედვით, ვფიქრობ ყოველი გლისანდოს გრძლიობა გაფართოებული იყო, რაც მის ხასიათს ცვლის, რომელიც იაპონურ კოლორიტულ ატმოსფეროში არის მოცემული. ბოლოს ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ შემაწუხებელ ,,ეპიზოდზე" , თბილისის საოპერო თეატრში. საინტერესოა რატომ უნდა იყოს გუნდი საორკესტრო ორმოში?! ოპერებში: ,,დაისი'', ,,აბესალომ და ეთერი", „ოტელო", ,,სამსონი და დალილა" და ეხლა ,,ბატერფლაიც". ეს უხერხულობას ქმნის და ყურადღებას ფანტავს , როდესაც საორკესტრო ორმოში უცხო პირები დადიან! ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი ყველა საოპერო სპექტაკლში ამ ფორმის გამოყენება. ვიზუალური ასპექტის გარდა, მეორე უკიდურესობა ის არის, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთო აზრსს, შინაარსს და ოპერის მთავარ პარტიტურას. პირველი ის, რომ პარტიტურაში წერია - interno ან სხვა შემთხვევაში ,,sotto voce’’, lontano მათი ფუნქცია აქ მკაფიოდ განსაზღვრული აქვს კომპოზიტორს, უნდა იყოს interno და არა essterno. არ უნდა ჩანდეს, მხოლოდ უნდა ისმოდეს და გუნდის საერთო ხმის დინამიკა მეტია ვიდრე საჭიროა, მითუმეტეს როდესაც წერია - lontano ( შორიდან). სხვა შემთხვევაში კი თუ გუნდი ჟღერს სოლისტთან ერთად, გუნდის ხმა უფრო წინ ისმის, რაც სრული პარადოქსია! პუჩინის ამ გენიალურ მიგნებას ქალთა გუნდის უსიტყვოდ მოკუმული პირით შესრულებულ ჰაეროვან ხმოვანებას და ეპიზოდს კარგი აჟღერება უნდა და შენარჩუნებული იყო ეს დაბალანსებული რეზონანსი - სწორი ვიბრაციით. კიდევ უფრო მისაღები ექნება, როდესაც არ ჩანს გუნდი საორკესტრო ორმოში და ქართული ტერმინოლოგიური მცირე რეპლიკების ფონზე არ ვწყდებით იაპონურ ატმოსფეროს!

 

საინტერესოა მსოფლიოს სხვა საოპერო დიდ სცენებზე დიდი საორკესტრო ორმო არ არის ? ... დიახ, არის, მაგრამ კონცეპტუალობა, შინაარსი და კომპოზიტორის ,,რეჟისურა" უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. აღნიშნული საოპერო სპექტაკლის რეჟისურა ეკუთვნის მილანის ,,ლა სკალას’’ თეატრის პროდუქციას, რომელიც დაიდგა დიდი იაპონელი რეჟისორის სარა კეიტის მიერ 1985 წელს. მის მერე ამ დადგმამ და რეჟისურამ ღირსეული შეფასება მიიღო. საერთო ჯამში რეჟისურა გადაწყვეტილი ლაკონურად და მოკლებულია ყოველგვარ ზედმეტ ეფექტებს, რაც დღეს მეტნაკლებად გამოსასწორებელია , არაა აუცილებელი ლამის ,, 3 დ’’ ფორმატები, სცენის დაშლა და აკონცეპტუალური ,,ფეიერვერკები’’ ... რეჟისურაში დაცულია ადგილისა და დროს ერთიანობა , რაც ვერიზმის ესთსტიკის აუცილებელი ფაქტორია. დეკორაცია, რეკვიზიტები, გრიმი და კოსტუმები ემსახურება მთლიანად იაპონურ ეგზო- ტიკურ ატმოსფეროს. ეფექტურია იაპონური კარის მოდელი, საცხოვრებელი სახლი, მბრუნავი სცენა და სხვა საინტერესო დეტალი. პიველ მოქმედებაში თითქოს ზედმეტად ლაკონურობა ჩანდა, რაც დღევანდელი გადმოსახედით უფრო პრიმიტიულობაში გადადის, ხოლო 1985 წელს არავინ არ იცოდა, როგორ განვითარდებოდა საოპერო რეჟისურა. თუ საოპერო თეატრი ანხორციელებს უცხო ქვეყნის პროდუქციას, საინტერესოა ამ მოცემულობას ადგილობრივი რეჟისორები ვერ განახორციელებდნენ? ,,ბატერფლაის’’ რეჟისურა როგორც პირველ მოქმედებაში იყო ისე რომ ბოლომდე გაგრძელებულიყო, მართლაც მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა ...

 

მეორე მოქმედებიდან ახალი დეტალები გამოვლინდა კონცეპტუალური დატვირთვით. ჩრდილების ეფექტი - სამი სილუეტის სახით, რაც ძალიან საინტერესო და უცხო იყო ასევე, ახალი რეკვიზიტების დამატება , რიტუალური ეპიზოდები, სიმბოლური დატვირთვები, რაც ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო . ,,ბატერფლაის’’ სუიციდის სცენა თავისი განათებით, ალისფერი წითელი მარაოს ხშირი გამოჩენით, რაც სიმბოლიზმია, როგორც ტრაგიკული ფინალის ისე იაპონური ეგზოტიკისათვის. ამ დადგმაში , ,,ლა სკალაში’’ თავიდანვე კოდირებული იყო იაპონური მოძრაობის გათავისება, რაც ძირითადად კაბუკუს თეატრის პლასტს ეკუთვნის, რომელიც თბილისის საოპერო ტეტარის სცენაზე მცირე დოზით ან საერთოდ ვერ გამოვლინდა. რეჟისურაში დეფირენცირებულია იყო იაპონური და ამერიკული ხაზი, მამაკაცთა და ქალთა ანსამბლისა თუ გუნდის მიერ, თავისი მხატვრობით, გრიმით და კოსტიუმებით. „ბატერფლაის“ თბილისში განხორციელება ნამდვილად შედგა , როგორც მუსიკალური ასპექტით ისე სცენურად, მსმენელი და მაყურებელიც კარგად იყო წარმოდგენილი. ვისურვებდი, რომ ყველა კომპონენტს მეტი ყურადღება და კონცენტრაცია დაეთმოს, რათა შესრულების და რეალიზების ხარისხი მეტად გაიზარდოს. სასურველი და აუცილებელია მსმენელმა იცოდეს საშემსრულებლო დასი და წინა დღეს არ იხსნებოდეს ეს ინფორმაცია!

 

რატომ მოხდა ისე, რომ მეორე და მესამე მოქმედება ყველა საჭირო კომპონენტით განვითარებული, ტრანსფორმირებული და უკეთესი იყო ? შთაბეჭდილება რჩება, რომ საკმარისი ყურადღება არ დაეთმო რთულ პირველ მოქმედებას ან დროში ორგანიზება კარგად ვერ მოხერხდა, თუ აღნიშნული მოსაზრება რეალურია ამის გათვალისწინებით მიღებული შედეგი ლოგიკურია.

bottom of page