Georgian Show Case 2019

ლაშა ჩხარტიშვილი

 

Georgian Show Case 2019 - კრიტიკოსთა მიერ რეკომენდირებული პროგრამა


იდეალური უცნობები
დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლი „იდეალური უცნობები“ მაყურებლის თვალწინ, როგორც ხელის გულზე, ისე აშიშვლებს უახლოეს მეგობრებს ერთმანეთთან. წრეზე განლაგებული მაყურებელი სპექტაკლის გმირებს არა მხოლოდ ყველა მხრიდან აკვირდება, არამედ მათი სულის სიღრმეში იწყებს ფათურს. დავით ჩხარტიშვილი გვიხატავს გმირებს, რომლებიც ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან და სინამდვილეში ერთმანეთს არ იცნობენ.

 

სანამ ერთმანეთს გავიცნობდით
თანამედროვე ქართველი დრამატურგის ბასა ჯანიკაშვილის „სანამ ერთმანეთს გავიცნობდეთ“ ცოლ-ქმრული წყვილის ხელახლა გაცნობის ისტორიას მოგვითხრობს. ერთი საღამოს სასტუმროს ნომერში დასასვენებლად გამგზავრებულები აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთი დავიწყდათ და მათ ისინი ხელახლა უნდა გაიცნონ. რეჟისორმა ზურა გეწაძემ მეტი ბუნებრიობისთვის მოქმედება პირდაპირ სასტუმროს ნომერში გადაიტანა.

 

ოდისეა

ავთანდილ დიასამიძემ ფაქტობრივად, შექმნა თანამედროვე ზღაპარი, რომელიც ეხმიანება თანამედროვე ბავშვის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს. ჩვენს ეპოქაში ბავშვები მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდიან. სწორედ ამ პრობლემას სვამს რეჟისორი და გადაჭრის გზებსაც გვთავაზობს. მთავარი გმირი ნიკა და მითიურ ოდისევსი ერთნაირი სირთულეების წინაშე დგანან. ორივე მათგანი შორს არის ოჯახისგან. ოდისევსი ფიზიკურად, ნიკა მეტაფორულად. ავთანდილ დიასამიძის თანამედროვე ზღაპარში ოდისევსი ქალიშვილის თხოვნით ჩნდება, რათა არ წავიდეს მამა სახლიდან. ამ პირობას ის  გარკვეული დახმარების სანაცვლოდ ასრულებს. ამ ამბავს უფრო ეფექტურს ხდის მულტიმედიური ხერხების გამოყენება, რომელიც ანიმატორებმა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნეს.

 

ღვთაებრივი კომედია

არავერბალური ენით მოთხრობილი დანტეს „ღვთაებრივი კომედია“. სამი სიბრტყე და სამივე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. მსახიობთა არაადამიანური შესაძლებლობების კასკადი ერთ სპექტაკლში, მოძრაობის, ცეკვის და აკრობატიკის ორგანული სინთეზი და სიუჟეტის თანმიმდევრული თხრობა ორიგინალური და ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ეს ყველაფერი თავს იყრის სოსო ბაკურაძის სპექტაკლში.

 

თამაში

მუსიკისა და დრამის თეატრში განხორციელებული სპექტაკლი „თამაში“ გამორჩეული ნამუშევარია არტისტული ანსამბლურობითა და სცენოგრაფიის ორიგინალური გადაწყვეტით. სპექტაკლში მოქმედება დინამიკურია და ევოლუციური, ამას კი მსახიობთა კარგი თამაში და დრამატურგიული ინტრიგა განაპირობებს. სპექტაკლის გმირები ჩვენი თანამედროვეები არიან, რომლებიც ჩვენს და ერთმანეთის წინაშე ბოლომდე შიშვლდებიან ერთი უწყინარი, მაგრამ სახიფათო თამაშის შედეგად.

 

შეშლილის წერილები

დავით დოიაშვილისა და ამირან ამირანაშვილის უცნაური შემოქმედებითი ტანდები. ორი თეატრალური ესთეტიკის და მანერის საინტერესო ჭიდილი. ოსტატი მსახიობი და თანამედროვე ქართული თეატრის გამორჩეული რეჟისორი ერთ სპექტაკლშ გვიყვებიან საზოგადოებისგან გაუცხოებულ ადამიანზე. მსახიობი მაყურებელთან ერთად „კითხულობს“ შეშლილის წერილებს. წერილების „კითხვა“ რეჟისორმა და მსახიობმა ორიგინალური და მრავალფეროვანი ფორმითა და ხერხებით შემოგვთავაზეს.

 

ანტიმედეა

ლაშა ბუღაძე „ანტიმედიაში“ მთლიანად დისტანცირდა მედეას მითთან, გათავისუფლდა ფსევდო ეროვნული იდენტობის კომპლექსებიდან, დახავსებული ტრადიციებიდან და კოლხი მედეას ახალი მოდელი შექმნა, რომელიც ერთდროულად ეფუძნება მითოსურ საწყისს და თანამედროვეობას. გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლით ეროვნულ მოძრაობაზე იწყება. ამით რეჟისორი აქცენტს სვამს ეპოქაზე - ეს გასული საუკუნის 90-იანებია, მოპოვებული თავისუფლებით და ომების სერიებით, დღემდე დაუსრულებელი ემიგრაციის ტალღით, კოლხეთში ნაგულისხმებ აფხაზეთზე... თავად რეჟისორისთვისაც „ანტიმედეა“ ახალი ეტაპია სათეატრო ენის თვითმყოფადი და ინდივიდუალური ძიების პროცესში. ამ ნამუშევარში რეჟისორი საგრძნობლად გათავისუფლდა გავლენებისგან და დამოუკიდებელ მოაზროვნედ მოგვევლინა, რომელიც მძაფრად რეაგირებს ყველა აქტუალურ პრობლემურ საკითხზე, დასცინის სტიგმებს და დრომოჭმულ ტრადიციებს.

 

ჰეკაბე

უახლესი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, გახდა ინსპირაცია რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანისთვის ევრიპიდეს ადრეული ტრაგედიის „ჰეკაბეს“ დასადგმელად. ჩვენს ყოველდღიურობაში, თითქმის ჩვეულებრივ ამბად იქცა უსამართლობა, რომლის ავტორი სახელმწიფო სისტემაა. თითქმის ყოველ დღე ვხედავთ ფასადურად სამართლიან, სინამდვილეში კი ყოვლად უსამართლო სისტემასთან უშედეგოდ მებრძოლ შვილმკვდარ მშობლებს, მსხვერპლებს, რომლებიც სამართლის ამაო ძიებამ თავად აქცია მოძალადე-დამნაშავეებად. სწორედ ადამიანის და სისტემის ჭიდილის ამბავს მოგვითხრობს რეჟისორი მესხიშვილის თეატრის სცენიდან და გვიჩვენებს არა მხოლოდ უსამართლობის მსხვერპლთა განცდებს, არამედ იმ შედეგებს, რაც ამ ბრძოლას მოაქვს.

 

საწოლში მირასთან

„საწოლში მირასთან“ ახალგაზრდა ქართველი დრამატურგის მაკა კუკულავას და ახალგაზრდა რეჟისორის სოფო ქელბაქიანის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც პირდაპირ ეთერში ტყვედ აყვანილ ტელეწამყვანზე მოგვითხრობს. სპექტაკლის უცნაური შინაარსი და კიდევ ფრო უცნაური თხრობის ფორმა მაყურებელს არ აძლევს მოდუნების საშუალებას და ის უნებლიედ უშუალო მონაწილე ხდება სცენაზე განვითარებული მოვლენების. სპექტაკლში მოქმედება ორ სიბრტყეზე ვითარდება - სცენაზე და მაყურებლის ყურში, სადაც პროდიუსერის ხმა გვესმის.

 

ჰამლეტი

ლევან წულაძის სპექტაკლი „ჰამლეტის“  ქრესტომათიული და თანამედროვედ წაკითხვის ნიმუშია, რომელიც გამოირჩევა მონუმენტურობით, თუმცა მოქმედების ძირითადი ნაწილი არა სასახლეში, არამედ სამრცეხაოში ვითარდება, სადაც ყველაფერი უნდა გაირეცხოს, მაგრამ სუფთავდება კი? მარჯანიშვილის თეატრის „ჰამლეტის“ გმირები გააოცებს მაყურებელს სამსახიობო ანსამბლით და რეჟისორის ფანტაზიის უნარით, მეტაფორული აზროვნებით და იმ ხერხებით, რომელსაც რეჟისორი „ჰამლეტში“ იყენებს.

 

 

უღელტეხილი

ჭუბერის ტრაგედიაზე სპექტაკლის შესაქმნელად, ბადრი წერედიანი და ნიკა საბაშვილი დოკუმენტურ მასალებთან ერთად, თვითმხილველთა ისტორიებსაც დაეყრდნენ. ცოცხალ ისტორიებზე დაყრდნობით ნიკა საბაშვილმა შექმნა არავერბალური მხატვრული ნაწარმოები, რომელიც კონკრეტულ ისტორიას (ტრაგედიას) ანზოგადებს და მას გლობალურ პრობლემად აქცევს. სპექტაკლში დასმული პრობლემა მწვავედ აქტუალურია და ეხმიანება ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულს, რუსეთის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციას; თეატრი გამოხატავს მოქალაქეობრივ პოზიციას და მაყურებელს ახსენებს იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც საზოგადოების მაღალი ჩართულობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივების გარეშე შეუძლებელია; სპექტაკლი მხატვრულად ასახავს საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ ფურცელს; მაყურებელს ახსენებს თითქმის მივიწყებულ სლოგანს: - „გვახსოვდეს აფხაზეთი! - ტკივილი ჩვენი“. წარმოდგენა ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა მსახიობებისთვის, რომელთაც რეჟისორის მიერ შეთავაზებულ ხერხში აქამდე არ უმუშავიათ და რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი ზუგდიდისა და ფოთის თეატრების მსახიობებმა.