ქართული თეატრი დღეს

ლაშა ჩხარტიშვილი

თეატრის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

საქართველოს შოთა რუსათაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი

 

ქართული თეატრი დღეს

 

აღნიშნული ანგარიში მომზადდა ევროკავშირის კულტურის კომისიის და პოლონეთის ადამ მიცკევიჩის თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის დაკვეთით. ნაშრომი ქართულ  ენაზე პირველად ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ ქვეყნდება.

 

ქართულ თეატრს უძველესი წარსული და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. პროფესიული თეატრის ისტორია ანტიკური ეპოქიდან იწყება[1]. პოლიტიკურ-სოციალური ატმოსფერო და საზოგადოებრივი ცხოვრება პირდაპირ ჰპოვებდა ასახვას ქართულ თეატრში და პირიქით, თეატრის სცენაზე მუდმივად აისახებოდა პოლიტიკურ-სოციალური ვითარება. ქართული თეატრი არასდროს ყოფილა კომპრომისული და უპოზიციო, არც შუა საუკუნეებში, როცა ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთობლივი გადაწყვეტილებით `დაარბიეს სახლი სათამაშოი~ და მაშინაც, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება იჭერდა, ხვრეტდა და გადასახლებაში აცხოვრებდა ქართული თეატრის მოღვაწეებს. საბჭოთა პერიოდში, რომელიც ქართული თეატრისთვის `ოქროს ხანად~ არის მიჩნეული, მკაცრი იდეოლოგიური ცენზურის პირობებში, თეატრმა მიმართა მეტაფორის ენას, რითაც ყოველთვის ამბობდა სათქმელს და ხაზს უსვამდა პრობლემებს, რომელთა წინაშეც საზოგადოება და ქვეყანა იდგა.

პოსტსაბჭოთა პერიოდში, იდეოლოგიურ-ფინანსური ცენზურისგან გათავისუფლებული ქართული თეატრი ერთგვარი დილემის წინაშე დადგა. ის ინერციით განაგრძობდა მეტაფორის ენით საუბარს მაყურებელთან, თუმცა მალევე გადაერთო ახალი ფორმების ძიებაზე, რომლებიც მისთვის იყო უცხო, ხოლო ევროპისათვის _ უკვე განვლილი გზა. გასული საუკუნის 90-იან წლებში უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქართულმა თეატრმა ბევრი განსაცდელი  გამოიარა და ამ ჭრილობებს დღემდე იშუშებს.

 

თანამედროვე ქართული თეატრის ზოგადი ანალიზი

(ძირითადი პრობლემები და გამოწვევები)

 

XXI საუკუნეში ქართული თეატრი აღმოჩნდა, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში. იძულებული გახდა მორგებოდა ახალ გარემოს და დაქვემდებარებოდა ახალ წესებს, რომელშიც ახალმა კანონმა `თეატრის შესახებ~ მოაქცია (2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა თეატრის მართვისა და მოწყობის საბჭოთა მეთოდი). სამხატვრო ხელმძღვანელის ინსტიტუტს მხოლოდ მხატვრული პრობლემების გადაჭრა დაევალა და თეატრის საერთო მართვის სადავეები მენეჯერებს გადაეცათ. თეატრის მმართველებმა ფართოდ გააღეს კარი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის და დაიწყეს საერთაშორისო კოპროდუქციების განხორციელება. დასავლეთ ევროპული სათეატრო ტენდენციებისკენ სწრაფვა და თანამედროვე სათეატრო ტენდენციების დანერგვა მტკივნეული ნაბიჯი აღმოჩნდა უფროსი თაობის ქართველი რეჟისორებისთვის, ვინაიდან შეიქმნა კონკურენტუნარიანი გარემო. თეატრის მენეჯერები მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნაზე, მაყურებლის მოზიდვასა და შემოსავალზე ორიენტირდნენ. ეტაპობრივად  ბარდებოდა ისტორიას ძველი, დრომოჭმული სათეატრო აზროვნება და ფორმები, ახალი ხედვა იმკვიდრებდა ადგილს ქართული თეატრების სცენებზე. 2006 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებული იყო თეატრის მმართველი (მენეჯერი) და არა სამხატვრო ხელმძღვანელი. შედეგად, სამხატვრო ხელმძღვანელებს მხოლოდ შემოქმედებითი პროცესების მართვა ევალებოდათ და ჩამოაშორეს ფინანსებს, რამაც მათი ნაწილის განაწყენება გამოიწვია.

2013 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლასთან ერთად, შეიცვალა თეატრის კანონიც და ახლარჩეულმა პარლამენტმა დააბრუნა თეატრის მართვის საბჭოური მეთოდი, სადაც ყველა უფლებები ერთპიროვნულად სამხატვრო ხელმძღვანელს გადაეცა, ხოლო დირექტორი, იგივე მენეჯერი, სამხატვრო ხელმძღვანელის მითითებების შემსრულებელ-აღმასრულებელი გახდა.  2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონი `პროფესიული თეატრების შესახებ~ მიიღო. ეს წინა ხელისუფლებაზე რევანში გახლდათ. ახალი და დღემდე მოქმედი კანონის შემქმნელ-მხარდამჭერები უფროსი თაობის, საბჭოთა იდეოლოგიით აღზრდილი რეჟისორები იყვნენ. საქართველოს მაშინდელი პარლამენტის წევრი, რეჟისორი და `საქართველოს თეატრალური საზოგადოების~ თავმჯდომარე გიორგი ქავთარაძე კანონის ცვლილების მიზეზად ასახელებდა: `თეატრის მართვის საბჭოური მოდელი იყო კარგი და უნდა დაბრუნდეს...~. რეალურად ახალმა კანონმა რეჟისორთა გარკვეული წრის პატივმოყვარეობა დააკმაყოფილა და თეატრის მართვაც ერთპიროვნულად რეჟისორს ჩააბარა, რომელმაც არ იცის არც მენეჯმენტის, არც მარკეტინგის და, მით უმეტეს, არც ფინანსურ-საბუღალტრო საკითხები. ამ მიმართულებით მათ უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებელში განათლება არ მიუღიათ. შესაბამის უნივერსიტეტებში სარეჟისორო სპეციალობა არ ითვალისწინებს ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების, მარკეტინგისა და კულტურის მენეჯმენტის, თუნდაც ზოგადი კანონმდებლობის სწავლებას. მოქმედი კანონი `პროფესიული თეატრის შესახებ~ შეიცავს ხარვეზებს და ბევრი ბუნდოვანი ადგილიცაა. მაგალითად, არ არის გამიჯნული სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის უფლება-მოვალეობები და ფუნქციები. ნათლად არ არის გაწერილი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევის წესი, რომელიც, ვფიქრობ, მოქმედი კანონის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ლიბერალურიცაა და შედარებით ობიექტურიც. მაგრამ პრაქტიკაში კანონის განხორციელებამ წარმოშვა პრობლემები და წარმოაჩინა მასში არსებული ხარვეზები. გამოცდილებამ აჩვენა, რომ კანონი იძლევა მანიპულაციის და საეჭვო მანევრირების საშუალებას, რაც არღვევს ლიბერალიზმის პრინციპსაც და ობიექტურობასაც. კანონის მიხედვით, სარეკომენდაციო საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატი, შესაძლოა, არ დაამტკიცოს მინისტრმა. მაშინ რაღა საჭიროა პროფესიონალი თეატრის კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებული საბჭოს რეკომენდაცია, თუკი მინისტრი მას არ გაიზიარებს?! მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ თეატრების მონიტორინგს, რომელთაც სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ რეალურად მონიტორინგი არ ხორციელდება. ფაქტი სახეზეა, როცა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, მეორედ, 4 წლის ვადით ინიშნება პირი, რომელმაც არ შეასრულა წინა არჩევნების დროს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და თეატრის განვითარების კონცეფცია (ასეთი კანდიდატები არიან როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების სახელმწიფო თეატრებში).

მოქმედი სათეატრო კანონმდებლობა აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და შემოქმედებით თავისუფლებას, ვინაიდან სამხატვრო ხელმძღვანელების გარკვეულ ნაწილს მასზე დაქვემდებარებული თეატრი თავის კერძო საკუთრებად მიაჩნია და ის არ გრძნობს პასუხისმგებლობას საზოგადეობის, მაყურებლის და სახელმწიფოს წინაშე, რადგან მასზე არავინ ახორციელებს მონიტორინგს. სახელმწიფოს არ აფინანსებს კვლევებს თეატრის სფეროში, ხოლო კერძო საზოგადოებრივი ინიციატივები სერიოზულ გავლენას პროცესზე ვერ ახდენს.

თანამედროვე ქართული თეატრი უკვე წლებია გარდამავალ ეპოქაშია. დღეს ის წარმოადგენს ევროპული და საბჭოთა თეატრის სინთეზს. დიდია ტრადიციის და ისტორიული გამოცდილების გავლენა. საგრძნობი წინააღმდეგობა ხვდება ახალი ტიპის რეჟისურას, რომელსაც სურს დაამკვიდროს ახლებური მსოფლმხედველობა და ესთეტიკა, განსხვავებული სათეატრო ენა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი ესთეტიკის თეატრი საგრძობ კონკურენციას უწევს მოძველებულ და ტრადიციულ სათეატრო მეთოდოლოგიას. პერიოდულად იცვლება და ყალიბდება სათეატრო ხელოვნების ახალი ფუნქციები, ქართული თეატრი ეტაპობრივად ეთხოვება ძველს და ცდილობს დაამკვიდროს ახალი. პროცესი ხანგრძლივია და მძიმე, რთული და წინააღმდეგობრივი, მაგრამ შეუქცევადი, რადგან ბაზარს (მოთხოვნას) მაყურებელი არეგულირებს. მაყურებლის უმრავლესობა კი ახალგაზრდობაა, რომელსაც აღარ სურს სცენაზე იხილოს სიყალბე, პათეტიკურობა, მოჩვენებითი გმირობა... მას სურს იხილოს დღევანდელობა, საკუთარი ცხოვრება და ამ ცხოვრების გარშემო არსებული რეალობა და, რაც მთავარია, სურს, თეატრი ესაუბრებოდეს მისთვის გასაგებ სათეატრო ენაზე. 

თანამედროვე ქართული თეატრი მთლიანად თავისუფალია იდეოლოგიური ცენზურისგან, თუმცა იგი ჩაანაცვლა ფინანსურმა ცენზურამ. ხელისუფლებამ შეწყვიტა იმ რეჟისორთა პროექტების დაფინანსება, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ მას. თუკი მიხეილ სააკაშვილის მთავრობას არ აინტერესებდა, როგორ გააკრიტიკებდნენ მას და მის გუნდს სცენიდან, რადგან თეატრი არ მიაჩნდა საშიშ, ანგარიშგასაწევ ინსტიტუტად და არც მასშტაბურ ტრიბუნად ტელევიზიისაგან განსხვავებით. `ქართული ოცნების~ ხელისუფლება მტკივნეულად აღიქვამს კრიტიკას და `კრიტიკოსი არტისტების~ `თამაშის მიღმა~ დატოვებას ცდილობს. ამიტომაც იმძლავრა თვითცენზურის ფაქტორმა თეატრში. ბოლო ათწლეულის პერიოდში რეჟისორები დგამდნენ კონიუნქტურულ სპექტაკლებს, რითაც ცდილობდნენ ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც მათი მომავალი პროექტების განხორციელების და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებაა.

ცენზორად ზოგჯერ თავად საზოგადოებაც გვევლინება. `გარკვეული არასამთავრობო, რეგრესული შეხედულებების ორგანიზაციები ცდილობენ ღიად და საჯაროდ გამოხატონ პროტესტი გარკვეული სპექტაკლების მიმართ. მაგალითად, `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა~ და მისმა მხარდამჭერებმა არაერთხელ მოაწყვეს საპროტესტო აქცია~[2]. ისინი აპროტესტებდნენ რობერტ სტურუას სპექტაკლის `თორმეტი განრისხებული მამაკაცი~ (რუსთაველის თეატრი) და ქეთი დოლიძის სპექტაკლის `სერობა~ (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი) დადგმებს რელიგიური თემების გამო, თანაც ისე, რომ აქციის მონაწილეებს სპექტაკლები ნანახი არც ჰქონდათ, მათ სპექტაკლის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებიდან შეიტყვეს. ქართულ თეატრში, სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო,  უგულებელყოფილია და თითქმის ტაბუირებულია ეთნიკური, განსაკუთრებით კი რელიგიური და სექსუალური უმცირესობების პრობლემები და თემები.

 

 

თანამედროვე ქართული დრამატურგია _

ზოგადი ანალიზი და პრობლემები

 

თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემებზე საუბრისას პროფესიულ წრეებში, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე ქართული დრამატურგიის არარსებობას ასახელებენ. ხარისხიანი, გამართული და მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული ახალი ქართული პიესების მწირი რაოდენობა ვერ ახდენს სერიოზულ გავლენას ქართული თეატრის რეპერტუარზე. პროცესი არ არის თანმიმდევრული და სისტემური. ქართველ დრამატურგთა წარმატებას კი ეროვნულ თუ საერთაშორისო ბაზარზე ფრაგმენტული ხასიათი აქვს.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებულმა ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტი ინტენსივობით (უცხოურ და ქართულ კლასიკასთან და თანამედროვე უცხოურ დრამატურგიასთან შედარებით) მაინც  თანამედროვე ქართველი ავტორების პიესების და ინსცენირებების სცენური ინტერპრეტაციები ხორციელდება. წლის განმავლობაში საქართველოს 50-მდე თეატრში, საშუალოდ, 160-230 ახალი სპექტაკლი იდგმება. მათგან, 50-56% არის თანამედროვე ქართული დრამატურგიის მიხედვით.

ქართული დრამატურგიაც ერთგვარ გარდამავალ პროცესშია, როცა ძველი თემები და ფორმები ჭირვეულად ეთხოვება თანამედროვე ეპოქას და მას ანაცვლებს ჩვილი, ახალი ეპოქის ქართული დრამატურგია. ახალგაზრდა ავტორებმა, რომლებიც თეატრისთვის წერდნენ ტექსტებს, რამდენიმე ტრენინგ კურსიც გაირეს, რომელსაც ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ახორციელებდა. ამ გლობალურმა პროექტმა (რომელიც სწავლების გარდა სხვა მიმართულებებსაც მოიცავდა) მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ქართული დრამატურგიის პოპულარიზაციაზე უცხოეთში (ლონდონში, ღოყალ ჩოურტ-ში ლაშა ბუღაძის ტექსტის `პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა~ თეატრალიზებული კითხვა მოეწყო), არამედ შეცვალა ავტორების ხედვა თანამედროვე დრამატურგიის პრინციპებზე, გააცნო სხვა ქვეყნებში მოღვაწე ავტორები და მოხდა მათი გამოცდილებათა გაზიარებაც. 

თანამედროვე ქართული დრამატურგია ზრდის, ჩამოყალიბების და დახვეწის პროცესშია. დრამატურგიაში მუშაობისთვის ავტორთათვის ხორციელდება სამოტივაციო აქტივობები. მაგალითად, ათეული წელია მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების განვითარების ფონდი, კულტურის სამინისტროს, ხანაც დედაქალაქის მერიის ფინანსური ხელშეწყობით, აწყობს კონკურსს `ახალი ქართული პიესა~. კონკურსში,  საშუალოდ, 30-დან 50-მდე ავტორი მონაწილეობს, მათ შორის, ბევრი გამოუცდელი და დებიუტანტი, რომლებიც გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. დრამატურგიის წახალისებისთვის და ახალი ეპოქის დრამატურგების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს `თემურ ჩხეიძის სახელოსნო~, რომელიც 2014 წელს დაარსდა სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე. აღნიშნული სახელოსნო, ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად, პრაქტიკოს დრამატურგებსაც ამზადებს. უკვე საინტერესო შედეგებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე სახელოსნოს პირველი კურსდამთავრებულები. მათი პიესების უმრავლესობა კი ამავე სახელოსნოში და სხვა თეატრების სცენაზეც დაიდგა. დრამატურგიის წასახალისებლად ცალკე ნომინაციით ჯილდოვდება საუკეთესო პიესის ავტორი საქართველოში პრესტიჟულ სათეატრო პრემიაზე `დურუჯი~, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიურ კონკურსზე `სეზონის საუკეთესო ქმნილება~ და ლიტერატურულ პრემიაზე `საბა~, თუმცა ამ უკანასკნელი პრემიის კონკურსის ჟიური არ წყალობს დრამატურგიას და უკვე რამდენიმე წელია, არ ავლენს ნომინანტებს შორის გამარჯვებულს. ის ფაქტი, რომ პრემია `საბას~ ჟიური წლებია უარს ამბობს საუკეთესო დრამატურგის გამოვლენაზე, დასაფიქრებელია.

დრამატურგიის განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობა, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, რამდენიმე თეატრმაც განახორციელა. რუსთაველის თეატრმა უკვე ორჯერ, 2014 და 2016 წლებში, გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა დრამატურგებისთვის. დაიწერა პიესები, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და რამდენიმე მათგანი დაიდგა კიდეც, თუმცა თეატრის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე აღნიშნულ პროექტს რაიმე სახის გავლენა არ მოუხდენია, სპექტაკლებიც არ აღმოჩნდა წარმატებული. გაეროს ქალთა ფონდის დახმარებით მარჯანიშვილის თეატრმა განახორციელა პროექტი `ცხრა პიესა ძალადობაზე~ (2015 წ.) და მანამდე `ცხრა პიესა ომზე~ (2010 წ.). კონკურსის დასრულების შემდეგ მოეწყო  გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და პიესების თეატრალიზებული კითხვაც, თუმცა არც ერთი პიესა სცენაზე არ დადგმულა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის პირობა იყო გამარჯვებული პიესის დადგმა. 2016 წელს ახალი საბავშვო პიესისთვის კონკურსი გამოაცხადა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმაც. კონკურსზე 20-მდე განაცხადი შევიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონკურსი არ შედგა, ვინაიდან სპეციალურმა კომისიამ ვერც ერთი პიესა ვერ შეარჩია. 

რამდენიმე წელია ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება 24-საათიანი სპექტაკლების ფესტივალი. დრამატურგები 24 საათის განმავლობაში ფესტივალის ორგანიზატორების მიერ შერჩეული თემის გარშემო წერენ პიესებს, ტექსტებს, რომელთაც მეორე 24 საათის განმავლობაში ფესტივალში მონაწილე რეჟისორები დგამენ.

დრამატურგიის მხარდასაჭერად და მონოპიესების ჟანრის განსავითარებლად, უკვე მეოთხე წელია სახელოვნებო არასამთავრობო ორგანიზაციის `Artway~ ორგანიზებით ხორციელდება მონოპიესების ფესტივალი, რომელმაც ბოლო ორი წელია საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი შეიძინა. ფესტივალი დიდ ინტერესს იწვევს ახალგაზრდა არტისტებში, ვინაიდან სპექტაკლების დიდი ნაწილი იდგმება არატრადიციულ, ალტერნატიულ სივრცეებში. ავტორები თავისუფალნი არიან თემის არჩევაში და არაფრით იშღუდებიან. ფესტივალს ფართოდ აშუქებს პრესა და ტელევიზია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა `კენტავრმა~ გამოსცა ფესტივალზე წარმოდგენილი პიესების კრებული. მონოპიესების ფესტივალს თავდაპირველად  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებდა. პირველ ორ ფესტივალს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, ვინაიდან წარმოდგენილი სპექტაკლები ეხებოდა ტაბუირებულ თემებს. ამის გამო, სამინისტრომ ფესტივალის დაფინანსებაზე უარი თქვა და მისი პატრონაჟობა ბათუმის მუნიციპალიტეტმა აიღო საკუთარ თავზე. არც მონოპიესების ფესტივალზე წარმოდგენილი პიესები დადგმულა რომელიმე სხვა ქართული თეატრის სცენაზე.

ქართული თეატრის სცენებზე თანამედროვე ქართული დრამატურგიის განუხორციელებლობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:

მცირე რაოდენობით იწერება ტექსტები თეატრისთვის, ან რაც იწერება, მათი დონე არ აკმაყოფილებს რეჟისორთა მოთხოვნებს.

ხშირია კინოსცენარების გადმოქართულების შემთხვევა. რეჟისორთა გარკვეული ნაწილი ერთმნიშვნელოვნად უარს ამბობს თანამედროვე ქართველ დრამატურგებზე და ისინი კინოსცენარების გასცენიურებით თავად კავდებიან.

შესამჩნევია ტენდენცია, როცა რეჟისორები თანამედროვე დრამატურგთან ერთად  გვევლინებიან ტექსტის თანაავტორად. ისინი ერთად მუშაობენ და მაყურებელს სწორედ ერთობლივ ნამუშევარს წარუდგენენ.

ტექსტის ავტორი-რეჟისორებიც გვხვდება... ისინი ქმნიან საავტორო თეატრს, სადაც თავად არიან ტექსტის, სცენოგრაფიის და მუსიკის შემქმნელები.

მაყურებლის სოციოლოგიური გამოკითხვების (დედაქალაქსა და რეგიონებში) შედეგად გამოვლინდა, რომ მათ სურთ სცენაზე თანამედროვე (უმეტესწილად, კომედიის ჟანრის) ქართული პიესის ხილვა. ქართული თეატრების უმრავლესობა არ სწავლობს ბაზარს, მაყურებელს, არ ატარებს მარკეტინგულ კვლევებს. რეპერტუარის აგება, ძირითადად, სამხატვრო ხელმძღვანელის მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, პიესის არჩევისას, თეატრები არ ითვალისწინებენ დასის შესაძლებლობებს და რესურსს. თეატრები არ ფიქრობენ სხვადასხვა მაყურებლის მოთხოვნილებაზე და მათი სურვილების და ზოგადი ინტერესების გათვალისწინებაზე.

ახალი პიესები მეტწილად დედაქალაქის სცენებზე იდგმება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით სამეფო უბნის თეატრი გამოირჩევა. რეგიონებში თეატრები უფრთხიან ახალ, თბილისის სცენაზე ჯერ არ აპრობირებულ პიესებს. თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი: მაგალითად, რეგიონის თეატრებიდან, ყველაზე მეტად, ახალ ქართულ პიესას თუ სათეატრო ტექსტს ფოთის თეატრის რეპერტუარში ვხვდებით. თანამედროვე ქართველი დრამატურგების პიესებს დგამს ოზურგეთის, ჭიათურისა და ქუთაისის თეატრები. ამ სპექტაკლების მხოლოდ 40% არის წარმატებული, რომელთაც მაყურებელსაც, დროსაც და კრიტიკასაც გაუძლეს.

 

თანამედროვე ქართველი დრამატურგები

 

საქართველოს მოსახლეობა დღეისათვის დაახლოებით 3,5 მლნ შეადგენს. ამ პატარა  ქვეყანაში 50-მდე სახელმწიფო და კერძო თეატრი ფუნქციონირებს, რომელთაც ამდენივე პროფესიით რეჟისორი ხელმძღვანელობს. მოქმედი, აქტიური დრამატურგების რიცხვი კი სულ რაღაც ათ ერთეულს აღემატება.

 თანამედროვე ქართულ დრამატურგიას ავტორთა სამი თაობა წარმოადგენს:

უფროსი თაობის დრამატურგებში მოიაზრებიან _ თამაზ ჭილაძე (რომლის პიესებს თითქმის ვეღარ შეხვდებით თანამედროვე ქართული თეატრის რეპერტუარში), გურამ ბათიაშვილი (რომელიც ისტორიული ჟანრის პიესებით არის ცნობილი და იდგმება იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც ისტორიული ჟანრი სჭირდება ქართულ სათეატრო რეჟისურას), რეზო კლდიაშვილი (მისი `იმერული რეკვიემი~ რამდენიმე წელია წარმატებით მიდის ახმეტელის თეატრში, რეჟისორი ირაკლი გოგია), ირაკლი სამსონაძე (დრამატურგი, რომლის პიესებიც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს რეჟისორებში და იდგმება თითქმის ყველა თეატრში უკვე რამდენიმე ათეული წელია) და თამარ ბართაია (დრამატურგი, რომლის პიესები ითარგმნა რამდენიმე ენაზე და დაიდგა რამდენიმე ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოს თითქმის ყველა თეატრში).

საშუალო თაობის დრამატურგებს წარმოადგენენ _ ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი, დავით გაბუნია, ოთარ ქათამაძე. ამ თაობის ლიდერი ლაშა ბუღაძეა, რომელიც აქტიურად წერს ტექსტებს თეატრისთვის. ის დღეს ყველაზე პოპულარული დრამატურგია, რომელსაც იცნობენ არა მხოლოდ თავისი პიესებით, არამედ მოთხრობებით, რომანებით და სატელევიზიო გამოსვლებით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი პიესები დადგმულია ლონდონში, პარიზში, მოსკოვში, კიევში...

ლაშა ბუღაძის პიესები გამოირჩევა კომიზმით, სატირითა და ირონიით, სოციალურად მძაფრი პრობლემებით, სარკასტულობით. ამ ავტორმა არაერთხელ მიმართა რეცეფციის ხერხს, ამის მაგალითია `ნუგზარი და მეფისტოფელი~, `სულიერი არსებები~, `ლისისტრატე~. დაჯილდოებულია მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიით. არის BBჩ-ის რადიოპიესების კონკურსის გრან-პრის მფლობელი პიესისთვის `ნავიგატორი~. ლაშა ბუღაძე ინტენსიურად თანამშრომლობს თეატრებთან, რეჟისორებთან, რაც მის სათეატრო ტექსტებს უფრო ცოცხალს და ქმედითს ხდის.

ბასა ჯანიკაშვილის დრამატურგია უფრო პოლიტიკური ალეგორიებით და აბსურდული აქცენტებით გამოირჩევა. მის პიესებს დგამენ როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის თეატრებში.

საინტერესოდ  ვითარდება დავით გაბუნიას შემოქმედება. ის სამეფო უბნის თეატრმა 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალზე _ `არდიფესტი~ აღმოაჩინა და ავტორი დღემდე ინტენსიურად თანამშრომლობს სამეფო უბნის თეატრთან, როგორც თეატრის ლიტერატურული პროდუსერი. მისი პიესები _ `სხვისი შვილები~, `საპნის ოპუსი~, `ბეჩავი~, `ჰოლანდ ჰოლანდი~ წარმატებით დაიდგა ქართული თეატრის არაერთ სცენაზე. დავით გაბუნია ინტენსიურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მან, როგორც დრამატურგმა, რეჟისორ დათა თავაძესთან ერთად იმუშავა სპექტაკლის _ `პრომეთე _ დამოუკიდებლობის 25 წელი~ ტექსტზე. დათო გაბუნიას პიესები დაბეჭდილია დრამატურგის კრებულებსა და თანამედროვე ქართული დრამატურგიის ანთოლოგიაში. თავად რეჟისორი დათა თავაძეც რამდენიმე პიესის ავტორია. მისი ტექსტი `დედა ომი~ კი 2015 წელს დაიდგა გერმანიაში, გერჰარტ ჰაუფტმანის თეატრში.

ამ თაობის დრამატურგებს შორის მოიაზრება მსახიობი და რეჟისორი ოთარ ქათამაძე. მან  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ჯერ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ სწავლა მაგისტრატურაში გააგრძელა რეჟისურის მიმართულებით, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (დრამის რეჟისურის სპეციალობაზე). დებიუტანტმა დრამატურგმა ორ სხვადასხვა კონკურსში პიესით `აივანი~ (რომელიც ჩეხოვის `ალუბლის ბაღის~ ერთგვარი რეცეფციაა) გაიმარჯვა. ის აქტიურად მონაწილეობს უკრაინაში გამართულ დრამატურგთა ფესტივალებში. მისი პიესა `აივანი~ დადგმულია რუსთაველის, ახმეტელის, ახალციხის, ჭიათურის თეატრების სცენებზე. რამდენიმე პიესის დადგმა თავად განახორციელა. არის მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი. პიესის `დაარქვი რაც გინდა~ თეატრალიზებული კითხვა მოეწყო Dეუტსცჰე ტჰეატრე-ში (გერმანია) და თეატრში `Mყ Bუსჰ~ (უკრაინა). აღნიშნული პიესა დაიბეჭდა `თანამედროვე ევროპული დრამატურგიის~ კრებულში. ოთარ ქათამაძე ინტენსიურად თანამშრომლობს რეჟისორ პაატა ციკოლიასთან. მათ რამდენიმე კლასიკური ტექსტის ერთობლივი ადაპტაცია განახორციელეს _ `სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი~ (ბათუმის თეატრი), `აი, იქ~ (თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი) და `კალიგულა~ (ფოთის თეატრი). ამ უკანასკნელმა საუკეთესო ახალი ქართული პიესის ნომინაციაში სათეატრო პრემია `დურუჯიც~ დაიმსახურა.

საშუალო თაობის დრამატურგებს მიეკუთვნებიან ასევე ზურაბ პაპიაშვილი, თამრი ფხაკაძე, ნინო სადღობელაშვილი, დათო ტურაშვილი და სხვები. ისინი ინტენსიურად არ მუშაობენ დრამატურგიაში და, შესაბამისად, მათი პიესები იშვიათად იდგმება ქართული თეატრების სცენებზე.

ახალგაზრდა თაობას წარმოადგენენ დრამატურგები, რომლებმაც ახლახანს გადადგეს პირველი ნაბიჯები ამ სფეროში და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ შორის, გამოირჩევა სრულიად ახალგაზრდა რეჟისორი დავით ხორბალაძე. მისი პირველი პიესა `წუხილი~ (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, რეჟისორი დავით ხორბალაძე) მალევე მოექცა პროფესიონალების ყურადღების ცენტრში, ისე როგორც მისი `მკვდარი ქალაქები~ (ფოთის თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი). საკმაოდ წარმატებულია ახალგაზრდა დრამატურგი, `თემურ ჩხეიძის სახელოსნოს~ კურსდამთავრებული ალექსი ჩიღვინაძე, მის პიესებს: _ `ოლიმპიური თამაშები~ (სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე) და `მარინა რევია~ (სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი გურამ ღონღაძე) არაერთი წარმატება ხვდა წილად. იგივე სახელოსნო დაამთავრა დათა ფირცხალავამ, დრამატურგის რამდენიმე პიესა წარმატებით განხორციელდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე. ამ თაობაში მოიაზრებიან პერსპექტიული ავტორები _ ლილე შენგელია, ნანუკა სეფაშვილი და სხვები.

 

თანამედროვე ქართული დრამატურგიის

თემები და ძირითადი საკითხები

 

ახალი ეპოქის ქართველი დრამატურგები წერენ დაკარგულ სიყვარულზე, გაუცხოებულ ურთიერთობებზე, გადაგვარებულ ცოლ-ქმრობაზე, ვირტუალურ სამყაროზე, როგორც რეალურის საპირისპიროზე და ახალ დროებაზე, რომელშიც `დაიკარგა~ თანამედროვე ქართველი და ვერაფრით აუღო ალღო ახალ ცხოვრებას. თანამედროვე ქართული დრამატურგიის მთავარი თემაა ძალადობა ოჯახში, ქალთა უფლებები. გაეროს ინიციატივით ამ პრობლემაზე არაერთი საინტერესო პიესა დაიწერა, მათ შორის, დავით გაბუნიას `რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება~, ერეკლე დეისაძის `FaceFuck~ (რომლის დადგმა ვერც ერთმა რეჟისორმა ჯერ ვერ გაბედა, ვინაიდან პიესის მოქმედი გმირები სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ, პიესაც მათ პრობლემებს ეხმიანება) და ლაშა ბუღაძის `ლისისტრატე~, რომელიც რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დავით საყვარელიძემ განახორციელა, პიესა და სპექტაკლიც რამდენიმე თეატრალური პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა.

თანამედროვე ქართველი დრამატურგებისთვის აქტუალური თემა მაინც თანამედროვე ადამიანია, მისი ადგილი და როლი თანამედროვე სამყაროში, მისი აწმყო და მომავალი. მისი სულიერი მდგომარეობა და პრობლემები (ლაშა ბუღაძის `ნავიგატორი~, პაატა ციკოლიას `მე მქვია ლალი~, დავით გაბუნიას `ბეჩავი~ და სხვ.).

ერთ-ერთი აქტუალური თემაა რუსული აგრესია. ამ პრობლემას თითქმის ყველა მოქმედი დრამატურგი შეეხო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ირაკლი სამსონაძის `ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით~, ბასა ჯანიკაშვილის `ომობანა~, თამარ ბართაიას `სარდაფი გორში~, ლაშა ბუღაძის `პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა~, ნესტან-ნენე კვინიკაძის `ფრანგულის გაკვეთილი~. პიესები გვიამბობენ ომზე, ადამიანებში გამოწვეულ განცდებზე და იმ უარყოფით შედეგებზე, რაც ომს მოაქვს.

თანამედროვე ეროვნული დრამატურგიის გადარჩენის პროცესში უმნიშვნელოვანესია ქართველი რეჟისორების როლი. ქართველ დრამატურგებს, როცა მათი პიესები იდგმება, სცენაზე ცოცხლდება, მეტი მოტივაცია უჩნდებათ თეატრებისთვის ტექსტების წერისა.

`მაყურებელს ყოველთვის იზიდავს საინტერესო ამბავი საკუთარ დღევანდელობაზე, წარსულზე, თავგადასავლებზე, გმირობაზე. რეჟისორისა და დრამატურგის შემოქმედებითი ურთიერთობა და მჭიდრო კავშირი (თუნდაც ექსპერიმენტების დონეზე) უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. ქართულ თეატრში კი ასეთი ურთიერთობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითს ვხვდებით.~[3]

თანამედროვე ქართველი დრამატურგებიდან ყველაზე პოპულარული და პროდუქტიული აღმოჩნდა ლაშა ბუღაძე. შესაბამისად, ყველაზე წარმატებულ დრამატურგადაც ის ითვლება, რადგან თანამედროვე საქართველოში არ დარჩა თეატრი, მათ შორის აკადემიური, ტრადიციული თუ ალტერნატიული, კერძო, ექსპერიმენტული თეატრები, რომლებმაც არ დადგეს მისი პიესები. ინტერესს ბუღაძის დრამატურგიისადმი არა მხოლოდ სხვადასხვა თაობის რეჟისორები იჩენენ, არამედ მაყურებელიც. ასეთი ინტერესი, პირველ რიგში, განპირობებულია ლაშა ბუღაძის თეატრალური ტექსტების თემების აქტუალობით, პერსონაჟთა მეტყველების მანერით და პიესების სოციალური პათოსით, ნათლად და სადად აწყობილი სიუჟეტური კონსტრუქციით. ბუღაძემ ყველაზე უკეთ იპოვა `ოქროს შუალედი~ ღირებულსა და იაფფასიანს შორის. თუ დავაკვირდებით, მისი პიესების უმრავლესობა ერთგვარ რიმეიკებს (რეცეფციებს) წარმოადგენს, რაც სრულიად არ აკნინებს მისი სათეატრო ტექსტების ხარისხს, არამედ პირიქით, თანამედროვე მსოფლიო თეატრალური პროცესების კონტექსტში ორგანულად ეწერება. ლაშა ბუღაძე ახერხებს კლასიკური დრამატურგიის სიუჟეტების მოტივებზე ახალი, ქართული, ორიგინალური თეატრალური ტექსტების შექმნას, მისი ენა მაქსიმალურად დაახლოებულია სალაპარაკო ენასთან. და თუკი თეატრი ყველაზე თანამედროვე ხელოვნებაა, სცენიდან თანამედროვე ტექსტი უნდა ისმოდეს და არა ახალგაზრდა თაობისთვის თითქმის გაუგებარი და უფროსებისთვის დავიწყებული სიტყვები, როგორც ხშირ შემთხვევაშია. ლაშა ბუღაძის ისტორიული პერსონაჟებიც კი თანამედროვე ენით საუბრობენ.

ჩვენი დროის ქართულ თეატრში ხშირად შეხვდებით თანამედროვე ავტორების ისეთ პიესებს, რომლებშიც მოქმედება დღევანდელობაში მიმდინარეობს, მაგრამ პერსონაჟთა სალაპარაკო ენა იმდენად მოძველებულია და მკვდარი, რომ მაყურებელი მის მიმართ ინტერესს კარგავს. ამას ემატება პერსონაჟთა ხელოვნური ფილოსოფოსობა დიალოგებში, რაც კიდევ უფრო წყვეტს უშუალო კავშირს მაყურებელთან.

 

 

 

 

თანამედროვე ქართველი დრამატურგების სამიზნე აუდიტორიები

 

თანამედროვე ქართველი დრამატურგების უმრავლესობა პიესებს წერს კონკრეტული რეჟისორებისთვის, კონკრეტულ თეატრებში დასადგმელად. ხშირ შემთხვევაში დრამატურგებმა იციან, რომელი მსახიობები ითამაშებენ მის პიესაში. თუმცა ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც დრამატურგი აბსტრაქტულად წერს პიესას, თავისთვის. თანამედროვე ქართველი დრამატურგების ძირითადი სამიზნე აუდიტორია თეატრის მაყურებელია, და არა მკითხველი; უფრო კონკრეტულად კი, სამიზნე აუდიტორიაა:

ხელისუფლება (პოლიტიკურად აქტუალური თემების შემთხვევაში);

ახალგაზრდა თაობის მაყურებელი (კომედიური ჟანრის და ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემების შემთხვევაში);

ინტელექტუალური საზოგადოება (ზოგადსაკაცობრიო პრობლემების შემთხვევაში);

რეჟისორები (დრამატურგები მათ მოთხოვნებს და შენიშვნებს ითვალისწინებენ);

არ არის გათვალისწინებული უმცირესობების (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) პრობლემები, მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე მცირე რაოდენობის იწერება და, ფაქტობრივად, არც ერთი წარმოდგენა არ იდგმება.

 

ქართული თეატრის რეპერტუარი

(სახელმწიფო და კერძო თეატრები)

 

თეატრი, ისე როგორც ზოგადად ხელოვნება, გულისხმობს ორ მხარეს: პროდუქტს და მომხმარებელს. მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია თეატრი, მათ შორის მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობა უნდა იყოს. თეატრისა და მისი მომხმარებლის დამოკიდებულება და ურთიერთობების ფორმები კონკრეტული დროის სოციალური ფაქტორით უნდა იყოს ნაკარნახევი. პოლიტიკურ-სოციალური ატმოსფერო პირდაპირ აისახება თეატრის შინაარსზე და, შესაბამისად, მაყურებელზეც. მუდმივად იცვლება თეატრისა და მაყურებლის ურთიერთობის ფორმები, დამოკიდებულებები, ტრანსფორმაციას განიცდის მაყურებლის ინტერესების ხარისხი და მოთხოვნები თეატრის მიმართ. ფაქტია, რომ ქრონომეტრაჟით დიდ სპექტაკლებს მაყურებელი აღარ წყალობს. დაჩქარებული რიტმის ეპოქაში პუბლიკა სწრაფრიტმიან და სანახაობით გაჯერებულ წარმოდგენებს ითხოვს. ამის გამოა, რომ დღეს მაყურებელი თეატრში გასართობად, დროის მოსაკლავად უფრო დადის, ვიდრე სტრუქტურულად გამართული წარმოდგენის სანახავად. თავის მხრივ, თანამედროვე ქართული თეატრი ცდილობს გეზი მაყურებლის მოთხოვნებზე აიღოს. მაგრამ მისი რეპერტუარი საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილზეა გათვლილი, შესაბამისად სპექტაკლების თემატიკა, დადგმების სტილი და მანერა, თამაშის ხერხები, ძირითადად, ერთფეროვანია. ბოლო პერიოდში ქართულ თეატრს, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ბევრ დათმობაზე მოუწია წასვლა. დგამდა იმას, რაზეც იყო მოთხოვნა, ინტერესი კი ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მდარე ლიტერატურის ინსცენირებაზეა. პრიმიტიულ, ცარიელ, არაფრისმთქმელ სიუჟეტზე აგებული სპექტაკლების მთელი კასკადი შეიქმნა ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში. მათი უმრავლესობა მოქმედ რეპერტუარს ვერ შერჩა ისე, როგორც მსგავსი ფორმის სატელევიზიო პროექტები და შოუპროგრამები, თუმცა ნიჭიერი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები გაცილებით დიდხანს ცოცხლობს სცენაზე.

პროცესი ორმხრივი იყო, გადაჩვეულ თეატრს მიეჩვია მაყურებელი, შესაბამისად, თეატრი გადარჩა, სამაგიეროდ, მაყურებელი მიეჩვია მხოლოდ კომედიური, ვოდევილური ჟანრის და სპეციფიკური თემატიკის (ძირითადად, ნარკომანია, ახალგაზრდული და სოციალური პრობლემები) სპექტაკლებს. ამასობაში, ქართულმა თეატრმა უპირველესი ფუნქცია დაკარგა და იგი იქცა გარკვეული სოციუმის იაფფასიანი დაკვეთების საჭრელ მანქანად. ბოლო პერიოდში ქართულმა თეატრმა თითქოს ისტორიული _ გამომაფხიზლებლის და აღმზრდელის ფუნქციაც დაკარგა. რეჟისორები დგამენ ისეთ თემებზე სპექტაკლებს, რაც თავად არ აღელვებთ. დგამენ კლასიკას ისე, რომ ვერ პასუხობენ კითხვაზე: _ რატომ ეს პიესა და რატომ დღეს? სწრაფი პერიოდულობით ხორციელდება ზედაპირული, არაფრისმთქმელი, უშინაარსო სპექტაკლები. ქართულმა თეატრმა საბჭოთა პერიოდში გვერდი აუარა იმ მიმდინარეობებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა ევროპის თეატრებში და ახლა ერთბაშად ინაზღაურებს ამ დანაკლისს, (ზოგი ხელოვნურად, მოდას აყოლილი; ნაწილი, საკუთარი შემოქმედებითი გზიდან გამომდინარე, ძიებისას, ლოგიკურად, თავისით მივიდა ავანგარდულ ფორმამდე), ამიტომაც, მასში ნათლად შეინიშნება ორი ნაკადი: ერთი ავანგარდულ-ექსპერიმენტული და მეორე _ ტრადიციული.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 46 თეატრი ფუნქციონირებდა, მათგან 38 სახელმწიფო თეატრი (ყველა ტიპის), ხოლო 6 კერძო. სახელმწიფო და კერძო თეატრების რეპერტუარები შინაარსობრივად და კონცეპტუალურად დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ არ ჩავთვლით საოპერო, საბალეტო და პანტომიმის თეატრებს, რომლებიც სხვა სპეციფიკით მუშაობენ. რაც შეეხება საბავშვო და საყმაწვილო თეატრებს (მათ შორის, თოჯინების თეატრები), მათი რეპერტუარი ძირითადად საბავშვო პიესებისგან შედგება, თუმცა აქაც შეხვდებით უფროსი თაობის მაყურებლისთვის დადგმულ სპექტაკლებს, ისე როგორც დრამატული თეატრების რეპერტუარებში _ საბავშვო პიესებს. 

ქართული თეატრის რეპერტუარზე თვალის გადავლებისას პირველი, რაც თვალშისაცემია, არის დრამატურგიის არჩევანი. შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ქართველ რეჟისორებს მწირი ბიბლიოთეკა აქვთ და ახასიათებთ ერთგვარი ამოჩემება, გნებავთ, მიმბაძველობა. ერთი რომ გარკვეულ პიესას დგამს, იმავე სეზონში სხვა, ოღონდ მეზობელ თეატრში დგამს იგივეს. რეჟისორები ხშირად იმეორებენ მრავალგზის დადგმულ, კარგად ცნობილ და სხვადასხვა სცენაზე მორგებულ პიესებს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ქართველ რეჟისორთა უმრავლესობა არ იცნობს არც თანამედროვე ქართულ და არც უცხოურ დრამატურგიას, ან მიზანმიმართულად არიდებენ თავს მათთვის (და ზოგადად ქართული თეატრისთვის) უცნობი პიესების დადგმას. დავუშვათ ვარიანტი, რომ მწირია არჩევანი თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში, ან არ აკმაყოფილებთ ჩვენს რეჟისორებს ქართველი დრამატურგების პიესები,  სამაგიეროდ, ხომ დიდი არჩევანია თანამედროვე უცხოურ დრამატურგიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენი რეჟისორები თითქმის არ იყენებენ.

ასევე ხშირია საბჭოთა პერიოდის ქართულ თეატრში კარგად აპრობირებული კომედიების დადგმა, რომლებსაც რეჟისორები `თანამედროვე~  ტექსტით `ავსებენ~

და შედეგად ვიღებთ სრულიად სხვა ნაწარმოებს, რომელშიც დარღვეულია არა მხოლოდ დრამატურგიული ხაზი, არამედ პიესის სათქმელიც, იცვლება თემა და კონტექსტი, იკარგება ჟანრი. რეჟისორების ნაწილმა, ტექსტის სცენურ ინტერპრეტაციაში, მიმართა პოპულისტურ ხერხებს, გაცვეთილ და გაშიფრულ სცენურ მეტაფორებს, პლაკატურობას.

ქართულ თეატრში საეჭვოდ მომრავლდა ერთგვარი ეთნოგრაფიზმი, პრობლემათა ვიწრო სპექტრში განხილვა. თვალშისაცემია პრობლემის ლოკალური ჭრილით დასმა, შემოსაზღვრულ-ჩაკეტილ სივრცეში წარმოჩენა. წარმოდგენილ სპექტაკლებში ვხვდებით კილოკავზე, დიალექტზე მოსაუბრე პერსონაჟებს, რაც ძალიან აახლოებს და ანათესავებს თეატრს XIX საუკუნის ან თუნდაც საბჭოთა ეპოქის უკვე მივიწყებულ და ისტორიას ჩაბარებულ სტილისტიკასთან. დრამატურგიაში (ან პროზაულ ტექსტში) დასმული პრობლემების განზოგადებისა და მისი მასშტაბურად გააზრების ნაცვლად, რეჟისორები თავიანთ დადგმებში დასმულ პრობლემებს ჭუჭრუტანიდან, ჩაკეტილ-შემოსაზღვრული სივრციდან უყურებენ. გასაგებია, რომ სპექტაკლის ავტორი ითვალისწინებს მაყურებელს, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც აქტუალურია მაყურებლის მოზიდვის საკითხი, მაგრამ ამასობაში თეატრი კარგავს თავის ფუნქციას და ემსგავსება მხოლოდ გასართობ შოუს, უფროსი და საშუალო თაობის რეჟისორებში თითქოს გაქრა ახლის ძიების, ახალი სამყაროს შეცნობის პროცესი, თავს ვარიდებთ ექსპერიმენტებს და ინერციით ვებღაუჭებით ძველს. საბედნიეროდ, აქა-იქ, მაგრამ მაინც შეხვდებით `თეთრი ყვავივით~ გამორჩეულ დადგმებს, რომლებსაც, ძირითადად ახალგაზრდა რეჟისორები ახორციელებენ, თუმცა მსგავსი დადგმები დიდხანს ვერ რჩება რეპერტუარში, რადგან პროცესს სისტემატური ხასიათი არ აქვს. არადა, ქართულ თეატრში არის რესურსი, რომელსაც ძალუძს ჩვენი დროის თანამედროვე თეატრის შექმნა.

თანამედროვე ქართული თეატრი რჩება, ძირითადად (კონკრეტული გამონაკლისების გარდა), ტრადიციულ, ერთფეროვან (ფორმისა და ესთეტიკის თვალსაზრისით), კარგა ხნის ისტორიის კუთვნილებად ქცეულ თეატრად. სპექტაკლების უმრავლესობა გამოიყურება როგორც სამუზეუმო ექსპონატი, ანტიკვარული სტილის დეკორაციით, მასობრივი სცენებით, ყალბი განცდებით, პათეტიკით, ტაშისთვის გამიზნული საცეკვაო და მუსიკალური ნომრებით, ნაცნობი მიზანსცენებით, საბჭოთა სასკოლო გამოსაშვები ღონისძიებისთვის დამახასიათებელი ფორმით.

ქართული თეატრის რეპერტუარში ერთდროულად შეხვდებით ქართულ და უცხოურ კლასიკას, თანამედროვე ქართულ და უცხოურ პიესებს.

რუსთაველის თეატრში, რომელსაც ერთდროულად სამი სცენა აქვს, სათეატრო სეზონის განმავლობაში რეალურად ნაკლები სპექტაკლი იდგმება, ვიდრე ამ თეატრის რესურსით არის შესაძლებელი. რეპერტუარში ბევრი ძველი და ცოტა ახალი სპექტაკლია, მათ შორის აღსანიშნავია, ბერტოლდ ბრეხტის `დაკანონებული უკანონობა~ (რეჟისორი რობერტ სტურუა) და ლაშა ბუღაძის `ლისისტრატე~ (რეჟისორი დავით საყვარელიძე). უფრო მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს მარჯანიშვილის თეატრს, რომლის სამივე სივრცე მუდმივად დატვირთულია. დღეისათვის მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში 60-მდე მოქმედი სპექტაკლია, რომელთაგან აღსანიშნავი მხოლოდ რამდენიმეა, მათ შორის, თემურ ჩხეიძის სპექტაკლები: `გრონჰოლმის მეთოდი~ და `არტ-ხელოვნება~, ლევან წულაძის სპექტაკლები: `ჟოლო~, `შეშლილის წერილები~, `ტარტიუფი~, `როგორც გენებოთ~ და ახალგაზრდა რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის `კატარინა ბლუმის შელახული ღირსება~.

მრავალფეროვანი და სპექტაკლებით უხვი რეპერტუარი აქვს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს. ამ თეატრის სამ მოქმედ სცენაზე (დიდი, მცირე, ექსპერიმენტული) შეხვდებით სპექტაკლებს როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისა და უფროსი თაობისთვის. რეპერტუარშია როგორც ქართული, ისევე უცხოური კლასიკა, თანამედროვე ქართული, უცხოური საბავშვო და უფროსი თაობისთვის განკუთვნილი პიესები. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მოქმედ რეპერტუარში 80-მდე სპექტაკლია.

მკვეთრად კონცეპტუალური და გამოკვეთილი სარეპერტუარო პოლიტიკა აქვს სამეფო უბნის თეატრს, რომელიც ქართულ თეატრში ჯერ არდადგმულ უცხოურ თუ ქართულ კლასიკას, ან თანამედროვე პიესებს დგამს. შესაბამისად, მაყურებლის და პროფესიონალების ინტერესი ამ თეატრის ნამუშევრების მიმართ განსაკუთრებით დიდია. ძირითადად, კინოეკრანიზაციების სცენურ ვერსიებს შეხვდებით დამოუკიდებელი და კერძო `თავისუფალი თეატრის~ რეპერტუარში, რუსულ კლასიკას და თანამედროვე რუსულ დრამატურგიას სთავაზობს მაყურებელს თბილისის გრიბოედოვის თეატრი. საკმაოდ საინტერესო რეპერტური აქვს თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრს. ამ თეატრის რეპერტუარი მრავალფეროვანია და ორიენტირებულია ხარისხიანი დრამატურგიის სცენურ ინტერპრეტაციაზე. ძირითადი აქცენტი უცხოურ კლასიკასა და თანამედროვე უცხოურ დრამატურგიაზეა დასმული. ამიტომაც ამ თეატრის რეპერტუარში შეხვდებით ევრიპიდეს `მედეას~ (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი), შექსპირის `მაკბეთსა~ და `ზაფხულის ღამის სიზმარს~ (რეჟისორი დავით დოიაშვილი), მაკდონას `ბალიშის კაცუნას~ (რეჟისორი დავით დოიაშვილი) და კეინის `წყურვილს~ (რეჟისორი დავით ხორბალაძე). ასეთივე ჭრელი რეპერტუარი აქვს თბილისის ახმეტელის თეატრს, რომლის ხელმძღვანელიც, ახალგაზრდა რეჟისორი ირაკლი გოგია, რეპერტუარს კოპროდუქციებზე აგებს, რითაც მუდმივად ცვლის გამოცდილებას სხვადასხვა კულტურის და ესთეტიკის თეატრებს შორის. ამ თეატრში შეხვდებით კლასიკის ორიგინალურ და თანამედროვე ინტერპრეტაციებს, ასევე თანამედროვე დადგმებს თანამედროვე პიესების მიხედვით.

რეგიონის თეატრებიდან ყველაზე აქტიური თეატრებია _ ფოთის და გორის თეატრები. მათ საინტერესო და მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვთ. ამავდროულად, მათი სარეპერტუარო პოლიტიკა კონკრეტულ და მაყურებლისთვის ნათელ კონცეფციას ემყარება. ამ თეატრების მიმართ მაყურებლის ინტერესი ყოველთვის დიდია, ვინაიდან აქ შეხვდებით არა მხოლოდ ახალი ქართული პიესების სცენურ ვერსიებს, არამედ კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე, ორიგინალურ და განსხვავებულ სცენურ ინტერპრეტაციებს.

საქართველოს თეატრების რუკა

საქართველოში სულ 46 თეატრია, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 38, ხოლო კერძო 8 თეატრი. ამათგან დედაქალაქში ფუნქციონირებს 20, ხოლო რეგიონებში 26 სახელმწიფო და კერძო თეატრი.

დედაქალაქის 20 თეატრიდან 12 დრამატული თეატრია (რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, ახმეტელის თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, თბილისის სომხური თეატრი, თბილისის აზერბაიჯანული თეატრი, თეატრი `რუსთაველის 19~), მათ შორის 4 კერძო (თეატრი ათონელზე, თავისუფალი თეატრი, რკინის თეატრი, ილიაუნის თეატრი). ორი სახელმწიფო თეატრი თბილისში _ სომხური და აზერბაიჯანული _ ეროვნულ უმცირესობებს ემსახურება, ორი სახელმწიფო თეატრი საბავშვო და უფროსკლასელთა სეგმენტზე მუშაობს (მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრები). დედაქალაქშია ასევე მუსიკისა და დრამის, ოპერისა და ბალეტის, პანტომიმის, მარიონეტების, მოძრაობის, ჩრდილების თეატრები. მათგან კერძო დამოუკიდებელი მხოლოდ მოძრაობის თეატრია, ილიაუნის თეატრი კი შერეული ტიპის თეატრია, რომელსაც ძირითადად სსიპ `ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი~ აფინანსებს. თეატრი მუშაობს გრანტებზე, ეძიებს ფინანსურ რესურსებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშეა თბილისის ოთხი კერძო თეატრი, რომლებიც სპექტაკლის სადადგმო ხარჯებს კერძო და სახელმწიფო სახსრებიდან მოიპოვებენ.

დედაქალაქში მოღვაწეობენ რუსული აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, იგივე სამაჩაბლო) არსებული თეატრები. ისინი საკუთარ ქვეყანაში დევნილი თეატრები არიან. მათ სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ არ აქვთ სტაციონარული შენობა სპექტაკლების გასამართად და ისინი სხვადასხვა თეატრის სცენაზე ახორციელებენ წარმოდგენებს. ეს თეატრებია: სოხუმის დრამატული თეატრი, ცხინვალის დრამატული თეატრი და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი `თეთრი ტალღა~.

რაც შეეხება თეატრებს რეგიონებში: საქართველოს 11 რეგიონიდან სახელმწიფო და კერძო პროფესიული თეატრი მხოლოდ 8 რეგიონში ფუნქციონირებს. სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-თიანეთის რეგიონში პროფესიული თეატრი არც აქამდე არსებობდა და არც დღეს ფუნქციონირებს. 8 რეგიონში 22 თეატრია, ამათგან 2 კერძო (ერთი ბათუმში `ექსპერიმენტული თეატრი~ და მეორე ქუთაისში `დამოუკიდებელი თეატრი~, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ). დარჩენილი 20 თეატრიდან 4 საბავშვო თოჯინების თეატრია (გურჯაანში, ბორჯომში, ქუთაისში _ თოჯინების, ხოლო ბათუმში თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი).

ქვემო ქართლის რეგიონში ორი თეატრია: ერთი  რუსთავში, მეორე დმანისში. ორივე თეატრი ასაკობრივად ახალგაზრდაა. დმანისის თეატრი, ფაქტობრივად, ფიქტიურად არსებობს მხოლოდ დოკუმენტებში, რომლის დამფუძნებელიც საქართველოს კულტურის სამინისტროა. თეატრი კომიკურ სიტუაციაშია, მისი დამფუძნებელია სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსება, თეატრის ბიუჯეტი, მხოლოდ 3 თანამშრომლის (სამხატვრო ხელმძღვანელის, დირექტორის და ბუღალტერის) ხელფასს ფარავს. თეატრს არ გააჩნია სტაციონარული, მუდმივმოქმედი დასი და არც სადადგმო ბიუჯეტი. დმანისი საზღვრისპირა დაბაა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანულენოვანია.

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი საკმაოდ მოზრდილი რეგიონია, რომელთაგან თეატრი მხოლოდ თელავში (დრამატული და ასაკობრივად ყველაზე ძველია, სპექტაკლების გამართვა თელავში მე-18 საუკუნეში დაიწყეს) და გურჯაანში (თოჯინური თეატრი) ფუნქციონირებს. ერთი თეატრია მხოლოდ ქართლში, გორის ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროფესიული თეატრია საქართველოში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამი თეატრიდან ორი თოჯინური (ბორჯომი, ახალციხე) და ერთი დრამატული (მესხეთი) თეატრია. მესხეთის თეატრი ახალციხეში მდებარეობს, რომელიც საზღვრისპირა ქალაქს წარმოადგენს და მოსახლეობის უმრავლესობა სომხურენოვანია. ყველაზე მეტი თეატრი რეგიონებიდან იმერეთშია: ქუთაისში _ 4 (კერძო, თოჯინური, საოპერო და დრამატული), ზესტაფონში და ჭიათურაში თითო-თითო. ერთადერთი პროფესიული თეატრი აქვს გურიის რეგიონს _ ოზურგეთის თეატრი, რომლის შენობის სრული რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს. ოზურგეთის თეატრიც ერთ-ერთი უძველესი თეატრია თავისი ისტორიით საქართველოში. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სულ 4 თეატრი ფუნქციონირებს, მათ შორის, სამი ბათუმში (კერძო, თოჯინების, დრამატული) და ერთი _ ხულოში. დრამატული თეატრი მთაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ნამდვილი ეგზოტიკაა. ხულოს თეატრმა ახლახან იზეიმა დაარსებიდან 85 წლისთავი. ბათუმის მუსიკალური ცენტრის ბაზაზე არსებობს საოპერო სტუდია, რომელიც საოპერო დადგმებსაც ახორციელებს. რეპერტუარშია ვერდის, ბიზეს, პუჩინის და სხვა კომპოზიტორთა ოპერები.

 

თეატრალური ფესტივალები საქართველოში: მახასიათებლები, მაყურებელი, პროგრამა

საქართველო სათეატრო ფესტივალების ქვეყანაა. ფესტივალების უმრავლესობა საერთაშორისოა და ისინი წელიწადის სხვადსხვა დროს იმართება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ფესტივალების მასშტაბები, ფუნქციები, მისიები ერთმანეთისგან განსხვავებულია და სხვადასხვა სეგმენტის მაყურებელზეა მორგებული.

მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი `საჩუქარი~ ყველაზე ძველი და ისტორიის მქონე ფესტივალია. დაარსდა 1997 წელს, ცნობილი ქართველი სათეატრო რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის მოწაფის, რეჟისორ ქეთი დოლიძის თაოსნობით. ფესტივალი დაფუძნდა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ბაზაზე  და მისი ოფისი 2017 წლამდე ამავე თეატრში იყო. `საჩუქარი~ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია არა მხოლოდ პროგრამისა და მასში მონაწილე დასების მხრივ, არამედ დარგობრივი თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების თითქმის ყველა დარგს აერთიანებს, სათეატრო ნაწილი ფესტივალის მთლიან პროგრამაში მაინც ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია _ ის სერიოზულ კონკურენციას უწევს არა მხოლოდ საქართველოში არსებულ სათეატრო ფესტივალებს, არამედ ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უჭირავს ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ფესტივალის პროგრამა მუდმივად მრავალფეროვანია და მისი მესვეურები აქცენტს მხოლოდ მხატვრულ ხარისხზე აკეთებენ. შესაბამისად, მათი მიზანია მასშტაბური და მხატვრული ხარისხით გამორჩეული სპექტაკლების საქართველოში ჩამოტანა. თუმცა, ფესტივალს არ გააჩნია ცალსახად ჩამოყალიბებული კონცეფცია _ რა ტიპის სპექტაკლები უნდა იყოს ნაჩვენები ყოველწლიურად. პროგრამაში ასევე შედის ქართული სპექტაკლები, რომლებიც ყოველგვარი შერჩევის გარეშე ხვდებიან ფესტივალზე. საინტერესოა _ რა კრიტერიუმებით ხდება ქართული თეატრის მიმდინარე რეპერტუარიდან სპექტაკლების შერჩევა.

ფესტივალის მაყურებელი ფართო აუდიტორიაა. ის მოიცავს მაყურებლის მრავალმხრივ სეგმენტს და გეოგრაფიულ არეალსაც. ბოლო წლებში ფესტივალზე ნაჩვენები იყო მსოფლიო რანგის რეჟისორების _ საშა ვალცის, რიმას ტუმინასის, დადა მაზილოს, დიმიტრი კრიმოვის, სინკაი ჯუკუს და სხვათა ნამუშევრები. ფესტივალს ჰყავს საერთაშორისო დირექტორატი. სამხატვრო ხელმძღვანელია ქეთი დოლიძე, დირექტორი ზურაბ გეწაძე და გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე.

საქართველოში არსებულ სათეატრო ფესტივალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია თბილისი Iნტერნატიონალ, რომელიც 2009 წელს დააარსა თბილისის მერიამ. ფესტივალის ძირითადი დამფინანსებლები სწორედ თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. ფესტივალის გამართული მენეჯმენტის წყალობით, ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს ჰყავს სპონსორები, როგორც კერძო ბიზნესი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები.

2009 წელს ფესტივალს ორი მთავარი მიმართულება ჰქონდა: საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა. 2010 წელს ფესტივალს დაემატა საფესტივალო კლუბი, 2011 წელს კი პროგრამა NEჭ. 2013 წელს ფესტივალს გაუჩნდა სლოგანი `რეალობის ნატიფი გრძნობით~. 2011 წელს ფესტივალი ხმის უფლებით საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა _ წევრი იმ ორგანიზაციისა, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის წარმატებულ ისტორიას ითვლის.  ამ პრესტიჟული ოჯახის წევრები არიან ედინბურგისა და ავინიონის ფესტივალები, ვენეციის ბიენალე, ისრაელის ფესტივალი, გერმანიის `ბერლინერფესტშპილე~ და ასე შემდეგ. 2015 წელს ფესტივალმა ასოციაცია საკუთარი ინიციატივით დატოვა. 2017 წელს ფესტივალს მიენიჭა ლეიბლი. იმავე წელს ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიის ლაურეატი გახდა. ფესტივალის დირექტორია ეკატერინე მაზმიშვილი.

მოკლე სტატისტიკა: 2009-2016 წლებში ფესტივალზე ნაჩვეები იყო 170 სპექტაკლი _ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში; 245 სპექტაკლი _ ქართული პროგრამის ფარგლებში; სტუმრების რაოდენობა ქართული სპექტაკლების პროგრამაზე _ 420. საერთაშორისო პრესა: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიტვა, ესტონეთი, ტაივანი, ირანი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. მაყურებელთა რაოდენობა _ 40  000.

ფესტივალის მაყურებელს წარმოადგენს ფართო საზოგადოება. ინტერესი ფესტივალის პროგრამის მიმართ ყოველთვის დიდია. ერთი თვით ადრე სპექტაკლებზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბოლო ორი წელია ფესტივალმა კიდევ უფრო გააფართოვა მაყურებლის სეგმენტი და თეატრის შენობიდან ქუჩაშიც გავიდა. პროგრამაში შევიდა ქუჩის წარმოდგენები და სპექტაკლები კიდევ უფრო დიდი რაოდენობის მაყურებლისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ფესტივალს ესწრებიან არა მხოლოდ პროფესიონალები და თეატრის მოყვარულები, არამედ სტუდენტები. ფესტივალს ფართოდ აშუქებს პრესა.

2008 წელს რუსულმა ავიაციამ დაბობმა ქალაქი გორი. სწორედ ამ აგრესიის საპასუხოდ, გორის თეატრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დააფუძნა კომედიური სპექტაკლების ფესტივალი, რომლის დევიზიც გახდა `ღიმილი ნაომარ ქალაქში~. დასტრესილი ქალაქის მოსახლეობისთვის კომედიის ფესტივალი აღმოჩნდა საუკეთესო საშუალება _ ნაომარ ქალაქში გაჩენილიყო გარკვეული აქტივობა, რომელიც არა მხოლოდ გაამრავალფეროვნებდა ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, არამედ ხალისს და ბედნიერებას შემატებდა მას. კომედიის ფესტივალის პროგრამა მოიცავს მხოლოდ კომედიური ჟანრის ქართულ და უცხოურ სპექტაკლებს. უცხოური პროგრამა ფესტივალს 2015 წლიდან დაემატა.

ფესტივალის ორგანიზატორია გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2013-2017 წლებში სოსო ნემსაძე და დირექტორი მარიამ მინდიაშვილი. კომედიის ფესტივალს რამდენიმე წლის განმავლობაში სპეციალური ჟიური ჰყავდა, რომლის წევრები იყვნენ მხოლოდ ახალგაზრდა თეატრმცოდნეები, ძირითადად თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ახლა კომედიის ფესტივალს არ ჰყავს ჟიური, მაგრამ ჰყავს თეატრის კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ექსპერტთა საბჭო, რომლებიც ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს განიხილავენ. განხილვაში, ფაქტობრივად, მთელი ქართული თეატრმცოდნეობის სპექტრია ჩართული.

ფესტივალის მაყურებელია ძირითადად გორის, მის ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობა. ექსპერტთა საბჭოს წევრების გარდა, ფესტივალს სტუმრობენ პროფესიონალები, რომელთაც აინტერესებთ რეგიონის თეატრებში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები.

2014 წელს ფოთში დაარსდა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი `დღეს~. ცნობილი ქართველი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე საგასტროლოდ სტუმრობდა ქალაქ ფოთს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობმა ქალაქში გასეირნება გადაწყვიტა, მაგრამ, ამაოდ. ქალაქი ჩაბნელებული და ქუჩები მოსახლეობისგან დაცლილი დახვდა. სწორედ ამ სიტუაციამ უბიძგა მსახიობს დაეარსებინა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. მისი მოკავშირე ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია გახდა. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა აერთიანებს საქართველოს ყველა რეგიონული თეატრის სპექტაკლს და უცხოურ პროგრამას ასევე რეგიონებიდან.

ყოველწლიურად ფესტივალზე მოწვეული არიან ქართველი და უცხოელი თეატრმცოდნეები, კულტურის ჟურნალისტები, ფესტივალების დირექტორები, რომლებიც ესწრებიან ფესტივალს და აშუქებენ კიდეც მას. ფესტივალის მაყურებელია ქალაქ ფოთის და მეზობელი ქალაქების (ზუგდიდი, სენაკი, აბაშა) მოსახლეობა, თეატრის მოყვარულები და სტუმრები დედაქალაქიდან. ფესტივალი, სპექტაკლების პროგრამის გარდა, მოიცავს უორქშოპებს და მასტერკლასებს ახალგაზრდებისთვის. პირველად, ათწლეულების შემდეგ რეგიონის თეატრებში მოღვაწე ახალგაზრდა მსახიობები ერთმანეთს ფოთის ფესტივალზე შეხვდნენ, დაამყარეს მეგობრული და შემოქმედებითი კონტაქტები. ფესტივალი ტრადიციულად ორი რეგიონული თეატრის ერთობლივი ნამუშევრით იხსნება. ფესტივალს არ ჰყავს ჟიური, თუმცა ბოლო წლებში სხვადასხვა სათეატრო ორგანიზაციებმა დააწესეს გარკვეული პრიზები, რომლებიც მათ ფავორიტებს და გამორჩეული დადგმების ავტორებს გადაეცემათ. 2017 წლის ფესტივალზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაწესდა 10 000 ლარიანი პრიზი. ეს თანხა გადაეცემა გამარჯვებულ თეატრს საუკეთესო სპექტაკლისთვის, რომელიც მომავალი დადგმისთვის უნდა დახარჯოს.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნინელი ჭანკვეტაძე, ხოლო დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი წლიდან წლამდე აფართოებს პროგრამას, ხვეწს მენეჯმენტს და იზიდავს მაყურებლის უფრო ფართო სპექტრს.

სათეატრო ფორუმებიდან ასევე გამოირჩევა მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალი.  კამერული საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Aრტჭაყ. ფესტივალის მისიაა მონოპიესების ჟანრის განვითარება და ახალგაზრდა არტისტების მოტივაციის ამაღლება, თავისუფალი სივრცის შექმნა მათთვის ახალი პროექტების განსახორციელებლად. ფესტივალის ფორმატი განსხვავებულია საქართველოში არსებული ყველა სხვა ფესტივალისგან. ფესტივალის მონაწილეები არიან დრამატურგები, რეჟისორები და მსახიობები. მათ ორგანიზატორები სპეციალური აპლიკაციებისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე არჩევენ. ფესტივალის ფარგლებში ჯგუფები ეცნობიან ერთმანეთს, იქვე იწერება პიესა და კენჭისყრის საფუძველზე რეჟისორებს უნაწილდებათ პიესები. ფესტივალი თეატრალური ლაბორატორიის სახეს ატარებს და დასრულებულ ნამუშევარს ისინი კოლეგებს და ფართო მაყურებელს წარუდგენენ.

მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში მხოლოდ აქამდე გამოუქვეყნებელი და ახალდაწერილი პიესებია. ფესტივალის მაყურებელი კი, ძირითადად, ახალგაზრდობაა, რომელიც პროფესიონალებისა და თეატრის მოყვარულებისაგან შედგება. მონოპიესების ფესტივალი ითვისებს ალტერნატიულ და არატრადიციულ სივრცეებს.

უკვე ათ წელზე მეტია, ქუთაისში ტარდება ფესტივალი `თეატრალური იმერეთი~, რომელსაც 2016 წლიდან მიენიჭა საერთაშორისო სტატუსი. ფესტივალი სფეციფიკური ხასიათისაა, ის აერთებს მხოლოდ იმერეთის რეგიონის პროფესიულ და სამოყვარულო თეატრებს, თუმცა სტუმრის სტატუსით ფესტივალში მონაწილეობს ერთი ქართული (ძირითადად, დედაქალაქიდან მოწვეული თეატრი) და ერთიც უცხოური თეატრი. ფესტივალს მუდმივად ჰყავს პროფესიონალი თეატრმცოდნეებისგან დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც წლიდან წლამდე როტაციას განიცდის. ფესტივალი გამოირჩევა მაყურებლის სიმრავლით, ვინაიდან სპექტაკლებზე დასწრება უფასოა. ქუთაისის მესხიშვილის თეატრის 800-ადგილიანი დარბაზი ფესტივალის მიმდინარეობისას მუდმივად გადაჭედილია მაყურებლით. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ლევან გაბრიჭიძე, ხოლო გენერალური მენეჯერი _ მაია პაქსაშვილი.

ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება `24-საათიანი სპექტაკლების ფესტივალი~, რომელიც ორიენტირებულია დრამატურგიაზე და ფესტივალის სფეციფიკურობა მოცემული დროის ჩარჩოში სპექტაკლის განხორციელებას გულისხმობს. ღონისძიების ინიციატორია სცენოგრაფი ნინო მაღლაკელიძე, ხოლო მხარდამჭერი _ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. 24-საათიანი სპექტაკლების ფესტივალი კამერული ფესტივალია და მისი მაყურებელიც შედარებით მცირერიცხოვანია სხვა ფესტივალებთან შედარებით.

თეატრალურ ფესტივალებს, როგორც შედეგები აჩვენებს, აქვს რამდენიმე დადებითი მხარე, რომელიც პირდაპირ უწყობს ხელს ქართული თეატრის განვითარებას, ხდება გამოცდილების გაზიარება, ახალი კონტაქტების დამყარება, ერთმანეთის შემოქმედების გაცნობა, საფუძველს უყრის ახალ, ერთობლივ პროექტებს და კოპროდუქციებს.

 

თეატრით დაინტერესებული ორგანიზაციები: დონორები, თეატრის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები

თეატრების უმთავრესი დამფინანსებელი წყარო საქართველოში სახელმწიფო სექტორია. თეატრების უმეტესობა ექვემდებარება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (ფინანსდება სულ 29 თეატრი), ნაწილი ფინანსდება მუნიციპალიტეტების (თბილისის მერია აფინანსებს 3, ხოლო რუსთავის მერია _ 1 თეატრს) და ასევე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების მხრიდან. დაფინანსებას კერძო თეატრებიც მოიპოვებენ _ უმეტესად სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ასეთი ძირითადად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიაა (იგივე სტრუქუტურა მოქმედებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც). 2017 წლამდე თბილისის მერიის ფარგლებში არსებობდა `კულტურული ღონისძიებების ცენტრი~, რომელიც ახორციელებდა დაფინანსების პროგრამას `თავისუფალი თეატრალური პროექტები~. 2017 წლიდან აღნიშნული ცენტრი გაუქმდა და შესაბამისად შეიკვეცა დაფინანსება. პროგრამა მაინც მოქმედებს, თუმცა, დაფინანსების მხრივ, დააწესებულია გარკეული შეზღუდვები. თანხის მოპოვება ქვეყნის მასშტაბით ყველასთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.

2012 წლიდან დღემდე ქართული თეატრების აბსოლუტურ უმრავლესობას (თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გარდა), ეროვნული ვალუტის ინფლაციისა და ბაზარზე საქონლის ფასის მუდმივი ზრდის ფონზე, ბიუჯეტი არ ეზრდება. უფრო მეტიც, 2017 წელს ყველა თეატრს შეეხო ბიუჯეტის 10%-იანი კლება. დღემდე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს დაფინანსების წესი. მონიტორინგის გარეშე დარჩენილ თეატრებს უქრებათ მოტივაცია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დამფინანსებლისთვის, ამ შემთხვევაში _ კულტურის სამინისტროსთვის, სულერთია როგორ იმუშავებს, ან იმუშავებს თუ არა თეატრი, რადგან დაფინანსება სტაბილურად აქვს ყველა სახელმწიფო თეატრს, მიუხედავად წარუმატებლად ჩატარებული სათეატრო სეზონისა. შესაბამისად, თეატრებს შორის ქრება კონკურენცია და მოტივაცია. თეატრების მცირე ნაწილს ჰყავს სეზონის სპონსორები, ამ ამპლუაში, ძირითადად, ბანკები გვევლინებიან. კერძო სექტორი ნაკლებად აფინანსებს თეატრს (ზოგადად კულტურის სფეროს), ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც წაახალისებდა ბიზნესის სექტორს კულტურის დასაფინანსებლად. სათეატრო დარგში დეველოპერული კომპანია `რედიქსი~ ერთადერთია, რომელმაც საქველმოქმედო ფონდ `ცისკართან~ ერთად, დააფუძნა პრემია `დურუჯი~, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს.

სათეატრო ორგანიზაციებს შორის ყველაზე ტრადიცული (მისი ისტორია ას წელზე მეტს ითვლის) ორგანიზაცია _ შემოქმედებითი კავშირი `საქართველოს თეატრალური საზოგადოება~ (თავმჯდომარე _ მსახიობი და რეჟისორი გიორგი ქავთარაძე),[4] რომელიც შემოწირულობების და სახელმწიფო შემწეობის ხარჯზე არსებობს. ამ ორგანიზაციის არსებობა წელიწადში ერთხელ ახსენდებათ ქართველ თეატრის მოღვაწეებს: ყოველი წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, კავშირი ავლენს სეზონის საუკეთესო ქმნილებებს. პრემიის ავტორიტეტი საკმაოდ დაბალია და საპრემიო თანხაც _ უმნიშვნელო. აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცემა ერთადერთი პროფესიული ჟურნალი `თეატრი და ცხოვრება~ (წელიწადში 6 ნომერი, ტირაჟი 300 ეგზემპლარი).[5]

თეატრით დაინტერესებულია საქართველოში მოღვაწე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ესენია: თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექცია (რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი, კრებულების `კულტურული ხიდი~ გამოცემები; ინტენსიურად თანამშრომლობს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან GGeorgian ShowCase -ის ორგანიზებაში, `კრიტიკის პრიზის~ დამფუძნებელი და ორგანიზატორი; პრეზიდენტი  _ თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძე); საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირი (ახოციელებს მასტერკლასებს და ვორქშოპებს ახალგაზრდა თეატრმცოდნეებისთვის, კულტურის სფეროს ჟურნალისტებისთვის, პრეზიდენტი _ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე), თეატრალური ხელოვნების ცენტრი (ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს თეატრის სფეროში, დააფუძნა ინტერნეტ-პორტალი _ www.georgiantheatre.ge; თავმჯდომარე _ თეატრმცოდნე თეა კახიანი) და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი, რომელიც მუშაობს რამდენიმე მიმართულებით: ა) სტატისტიკურ, ანალიტიკური და პრაგმატიკული კვლევები თანამედროვე ქართულ თეატრში; ბ) ქართული თეატრის მუშაობის ყოველწლიური შეჯამებები; გ) თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად,  2013 წლიდან,  ყოველწლიურად ადგენს ქართული თეატრის რეიტინგებს და ავლენს საუკეთესო ხუთეულებს ათამდე ნომინაციაში; თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გამოსცა ორტომეული `ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში~ (სტატისტიკა, ანალიტიკა, პრაგმატიკა), რომელიც მოიცავდა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის თეატრებს, მაყურებლის სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს, სტატისტიკურ ანალიზს. გამოცემაში დაბეჭდილია ყველა ქართული თეატრის საპასპორტო მონაცემები, თეატრების და შენობების ისტორიები და სცენის ტექნიკური შესაძლებლობები და სხვა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თეატრთან. ცენტრმა ასევე გამოსცა `თავისუფალი თეატრალური პროექტები~, რომელიც მოიცავს თბილისის მერიის იმავე სახელწოდების პროგრამის ფარგლებში გაწეული მუშაობისა და შედეგების სრულ ანალიზს. ცენტრის დამფუძნებელია ლაშა ჩხარტიშვილი, ხოლო გამგეობის წევრები, კრიტიკოსები: ირინა ღოღობერიძე, მაკა ვასაძე, ლელა ოჩიაური, დავით ბუხრიკიძე და ნიკოლოზ წულუკიძე. 

მნიშვნელოვანი სათეატრო ორგანიზაციაა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს გამომცემლობა `კენტავრი~. საუნივერსიტეტო გამომცემლობა მუშაობს სამი მიმართულებით: თეატრისა და სხვა სახელოვნებო დარგებში სახელმძღვანელოების ბეჭდვა, სამეცნიერო-რეფერირებული პერიოდული ჟურნალის `სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი~, საკონფერენციო შრომების კრებულების და საუნივერსიტეტო გაზეთის `დურუჯი~ გამოცემა. საუნივერსიტეტო გამომცემლობა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა და პროფესიონალ კრიტიკოსებს, ხელოვნების მკვლევრებს გამოაქვეყნონ თავიანთი ნააზრევი.

იშვიათად, მაგრამ მაინც მცირებიუჯეტიან პროექტებს სათეატრო სფეროში (როგორც თანადამფინანსებელი) აფინანსებს: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (დიუმას ცენტრი), აშშ-ის, პოლონეთის და იტალიის საელჩოები საქართველოში. 

რამდენიმე წელია საქართველოში მუშაობა დაიწყო ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ `კულტურა და კრეატიულობა~, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა, ასევე ხელი შეუწყოს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ამ სექტორების წვლილის გაზრდას. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების მხარდაჭერა: კვლევათა ჩატარება და მტკიცებულებების შეგროვების კვლევითი მექანიზმების პოლიტიკის განვითარება; კულტურის პოლიტიკის სფეროში რეფორმების მხარდაჭერა; კულტურის და კრეატიული სექტორის პოტენციალის გაძლიერება; საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებს შორის, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა; საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ინფორმაციისა და შესაძლებლობების შექმნა; კულტურის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება; ცოდნისა და მოწინავე გამოცდილების გაზიარება.

 

მედია ქართული თეატრის შესახებ, თანამედროვე ქართული თეატრალური კრიტიკა

თეატრის და მედიის ურთიერთობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ფაქტობრივად, საქართველოში არ არსებობს პროფესიული მედია ხელოვნების, მათ შორის, თეატრის შესახებ. ქართულ მედიაში (პრესა, რადიო, ტელევიზია) არ ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება სათეატრო ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს, მის ანალიზს, შეფასებას. მედიის და თეატრის ურთიერთობის ფორმა არის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული, რომელიც მხოლოდ პრემიერის, ან რომელიმე თეატრალური მოვლენის შესახებ ავრცელებს მოკლე `ნიუსის ტიპის~ ინფორმაციას და აწვდის საზოგადეობას.

პროფესიული სათეატრო პრესა: საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი და ყველაზე ძველი პროფესიული საზოგადოებრივი ჟურნალი `თეატრი და ცხოვრება~, რომლის პირველი ნომერი გამოიცა 1910 წელს (პირველი რედაქტორი იყო იოსებ იმედაშვილი, ახლა ჟურნალის რედაქტორია დრამატურგი გურამ ბათიაშვილი).[6] ჟურნალი პერიოდული გამოცემაა და წელიწადში 6 ნომერი გამოდის (გვერდების რაოდენობა: 90-110). ჟურნალს სპეციალური პროგრამით აფინანსებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თუმცა ჟურნალი შემოქმედებითი კავშირის `საქართველოს თეატრალური საზოგადოება~ პერიოდული ორგანოა. ჟურნალში იბეჭდება რეცენზიები, ინტერვიუები თეატრის მოღვაწეებთან, კვლევები და იშვიათ შემთხვევაში _ ახალი პიესები. ჟურნალის წინაშე მუდმივად დგას ფინანსური პორბლემა. ის არ არის პოპულარული გამოცემა და მუდმივად დაგვიანებულ რეჟიმში ეხმიანება სათეატრო პროცესებს. ის არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი (ტირაჟი 300 ეგზემპლარი) და, შესაბამისად, არც მოთხოვნაა მასზე. ჟურნალი მუდმივად ცდილობს ახალგაზრდა კრიტიკოსების და თეატრის მკვლევრების მოწვევას, მაგრამ იმდენად მცირეა საჰონორარო ფონდი, რომ ავტორებს უქრებათ მოტივაცია, მათ შორის, გამოცდილ პროფესიონალებსაც.

პროფესიულ სათეატრო პრესად მოიაზრება ინტერნეტ-პორტალი Georgiantheatre.ge, რომელიც `თეატრალური ხელოვნების ცენტრმა~ შექმნა. პორტალის ავტორები არიან მხოლოდ ენთუზიასტი თეატრის კრიტიკოსები (სულ 4-5 ავტორი), რომლებიც ყოველგვარი ჰონორარის გარეშე აქვეყნებენ რეცენზიებს სპექტაკლებზე. ვებგვერდის შემქმნელებმა არაერთხელ სცადეს რეკლამის მოზიდვა, თუმცა ბიზნესის სექტორში რეკლამის განთავსებამ ვებგვერდზე ინტერესი არ გამოიწვია, რაც განპირობებული იყო პორტალის დაბალი რეიტინგით.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბაზაზე გამოიცემა  პერიოდული ჟურნალი `კულტურა +~, რომლის ყოველ ნომერში ერთი ან ორი წერილი ეთმობა თეატრს (ჟურნალი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული დონით, არის ფერადი და დასურათებული). შეზღუდული პერიოდულობის (წელიწადში 4 ნომერი) და ასევე ავტორების შეზღუდული რაოდენობის გამო, ჟურნალი ვერ ახდენს სათეატრო პროცესების თანმიმდევრულ ანალიზს. ის უფრო სარეკლამო-საიმიჯო სახის ჟურნალია, რომელიც არ არის გათვლილი პროფესიულ წრეებზე.

ქართული პრესის დიდი უმრავლესობა არ აშუქებს თეატრში მიმდინარე პროცესებს, არ იბეჭდება რეცენზიები, ანალიზი, შეფასებები. პრესა უემეტსწილად დაინტერესებულია თეატრის მოღვაწეების პირადი ცხოვრების, თეატრში წარმოქმნილი სკანდალების გაშუქების საკითხით. ხშირად იბეჭდება ინტერვიუები მხოლოდ ცნობილ და პოპულარულ მსახიობებთან და რეჟისორებთან, მაგრამ საუბრის თემა, ძირითადად, არის არა თეატრი, არამედ პირადი ცხოვრება და მათი შეფასებები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე საკითხებზე. პრესა, რომელიც აშუქებს თეატრს, შინაარსით უახლოვდება ყვითელ პრესას. ჟურნალი `რეიტინგი~ ყოველ ნომერში მხოლოდ ერთ გვერდს უთმობს სათეატრო ცხოვრების სიახლეებს, რომელიც შესაძლოა ნიუსის ან ინტერვიუს ფორმით იყოს დაბეჭდილი.

რადიო თეატრის შესახებ: ქართული რადიოს (მათ შორის, საზოგადოებრივი და კერძო) უმრავლესობა, ქართული პრესის მსგავსად, გამორჩეულად მცირე დროს უთმობს სათეატრო ცხოვრებას. საქართველოში, 2017 წლის მონაცემებით, 76-მდე რადიოსადგური ფუნქციონირებს (მათ შორის, დედაქალაქში _ 41, რეგიონებში _ 35). არსებობს რადიოები, რომლებიც საერთოდ არ აშუქებენ თეატრის საკითხებს, შესაბამისად, არც გადაცემაა თეატრის შესახებ მათ საეთერო ბადეში. საქართველოში არსებულ რადიოკომპანიებში მხოლოდ ორ არხზე არსებობს ყოველკვირეული გადაცემა თეატრის შესახებ.

საქართველოს საზოგადოებრივ რადიოში თეატრალური პროგრამების რედაქცია (მთავარი რედაქტორი, გადაცემების ავტორი და წამყვანი ათწლეულების განმავლობაში თეატრის კრიტიკოსი გულიკო კაკაბაძეა) ამზადებს სამ გადაცემას თეატრზე: `თეატრალური შეხვედრები~ (ხანგრძლივობა 60 წუთი, მოწვეული სტუმრები საუბრობენ თეატრში მიმდინარე პროცესებზე); `თეატრალური ანტრაქტი~ (ქრონომეტრაჟი 15 წუთი, მსმენელს სთავაზობს ნაწყვეტებს, კომენტარების გარეშე ძველი ან რეპერტუარში მოქმედი სპექტაკლებიდან); `ანშლაგი~ (ქრონომეტრაჟი 15-20 წუთი, ქართული თეატრის ისტორიული სპექტაკლების და მოვლენების გახსენება, სპექტაკლის ისტორია, მონაწილეები ან თეატრის ისტორიკოსები იხსენებენ სპექტაკლის დადგმის პერიოდს, ავტორი მსმენელს სთავაზობს ამონარიდებს სპექტაკლიდან).

საქართველოს საზოგადოებრივ რადიოში წლების მანძილზე არსებობს გადაცემა `რადიო თეატრი~, რომელიც ამზადებს რადიოსპექტაკლებს, მასში მონაწილეობენ თეატრის მსახიობები და დადგმების ავტორებად გვევლინებიან თეატრის რეჟისორები. გადაცემა კვირაში ერთხელ გადის ეთერში და მისი ქრონომეტრაჟი 60 წუთს შეადგენს. სამწუხაროდ, გადაცემა არ სარგებლობს პოპულარობით და აქვს დაბალი რეიტინგი. საზოგადოებრივი რადიოს რადიოთეატრში განხორცელებული სპექტაკლები არასდროს მოქცეულა საზოგადოების და პროფესიული წრეების ყურადღების ცენტრში.

კერძო რადიოკომპანია `იმედის~ ეთერში კვირის ერთ დღეს 60 წუთი ეთმობა გადაცემას თეატრზე `ავანსცენა~, რომლის ავტორი და წამყანია თეატრის კრიტიკოსი ნიკოლოზ წულუკიძე. გადაცემა აშუქებს თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემებს, მოვლენებს, სიახლეებს. გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს მოწვეულ სტუმრებთან ერთად პროცესის ანალიზს.

ზემოთ დასახელებული გადაცემების ვიდეო და აუდიო ჩანაწერები თავსდება კომპანიის ვებგვერდზე და იტვირთება Yოუტუბე-ს არხზე.

სხვა არსებული რადიოსადგურები, პრესის მსგავსად, ავრცელებენ ინფორმაციას, თეატრების აფიშას თავიანთ ეთერებში, იწვევენ სტუმრებს და ახორციელებენ სატელეფონო ჩართვებს პრემიერების პერიოდში სპექტაკლის ავტორთან ან დამდგმელი ჯგუფის წევრებთან.

ტელევიზია და ქართული თეატრი: საქართველოში 50-მდე ტელეარხი მაუწყებლობს, მათ შორის ორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული _ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია `პირველი არხი~ და `აჭარის ტელევიზია~. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს კერძო ტელევიზია. ტელეკომპანიების დაფინანსება, ძირითადად, უცხოეთიდან მოპოვებული გრანტებით, ბიზნესმენთა შემოწირულობებით და რეკლამიდან შემოსული თანხით ხორციელდება. ამიტომაც, ტელეკომპანიების უმრავლესობა ორიენტირებულია რეიტინგზე. ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუები და გასართობი გადაცემებია, ვიდრე ანალიტიკური ან შემეცნებითი. თეატრი, როგორც ნაკლებ რეიტინგული სფერო, არ აინტერესებს კერძო ტელევიზიებს, თუმცა ვერც საქართველოს საზოგადოებრივ არხზე შეხვდებით გადაცემას თეატრზე, რომელიც აშუქებს ქართული თეატრის თანამედროვეობას, აანალიზებს პროცესებს, რომლებიც თეატრში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეატრალურ ხელოვნებაზე მხოლოდ ერთი გადაცემაა `ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ~, რომელიც ქართული თეატრის ისტორიაში გამოჩენილი რეჟისორების ან მსახიობების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს. გადაცემა, ძირითადად, ეყრდნობა მოგონებებს. საზოგადოებრივი ტელევიზიის საეთერო ბადიდან გაქრა გადაცემა `სპექტაკლის დრო~, რომელიც ქართული თეატრის ისტორიის ცალკეულ ეპიზოდებს, გახმაურებული და პოპულარული სპექტაკლების ფრაგმენტებს აჩვენებდა და მოგონებებზე დაყრდნობით მოგვითხრობდა კონკრეტული სპექტაკლის შექმნის ისტორიას.

თანამედროვე თეატრში მიმდინარე პროცესებზე საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემას არ ამზადებს. თეატრალურ ხელოვნებას და მის თანამედროვეობას ეთერი მხოლოდ სხვადასხვა გადაცემამ შეიძლება დაუთმოს, რომელიც პროფესიულ კონტექსტში კი არ აშუქებს, ან აანალიზებს პრობლემებს და პროცესებს, არამედ თოქშოუს პრინციპით ეთერში აპირისპირებს მხარეებს. პრემიერების შესახებ კი საინფორმაციო გამოშვების `კულტურის ბლოკში~ მზადდება 2-3-წუთიანი სიუჟეტი, რომელიც უფრო წინასაპრემიერო განწყობას აღწერს, ვიდრე აფასებს შექმნილ პროდუქტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2017 წლიდან აღარ გადის გადაცემა ჩ სტუდია, რომელიც კულტურისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე სიახლეებს და მის ანალიზს ეთმობოდა. გადაცემას ამზადებდა პროფესიონალების გუნდი და სტუმრებიც არა ე.წ. სატელევიზიო სახეები, არამედ პროფესიონალი ექსპერტები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებსა და პროფესიონალებში და იყო რეიტინგულიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ამჟამად ეთერში აღარ გადის.

უკვე წლებია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებს გადაცემას `სცენა~ (ავტორი _ კრიტიკოსი ინგა ხალვაში), რომელიც ყოველკვირეულად 25-30 წუთის განმავლობაში მოგვითხორბს თეატრის სფეროში მომხდარ სიახლეებზე, აანალიზებს პროცესებს, მოვლენებს, აშუქებს პრემიერებს არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ რეგიონის თეატრებში. გადაცემა `სცენა~ ერთადერთია, რომელიც აშუქებს თანამედროვე ქართული თეატრის დღევანდელობას.

თეატრალური სიახლეების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადეში ასევე განთავსებულია საინფორმაციო და დილის გამოშვებებში.

აჭარის ტელევიზიის ფინანსური მხარდაჭერით, ამავე ტელევიზიის ბაზაზე `გიორგი გეგეჭკორის სატელევიზიო თეატრთან~ თანამშრომლობით დაიდგა რამდენიმე ტელესპექტაკლი (პროდიუსერები ნერონ აბულაძე და კოტე აბაშიძე), მაგრამ ფინანსური პროლემების გამო, სატელევიზიო თეატრი ვეღარ ახერხებს ახალი პროდუქციის შექმნას. თუმცა არც პროდუქტს ჰქონდა რეიტინგი, რაც არასწორი სარეპერტუარო და მარკეტინგული პოლიტიკის  შედეგი იყო. აჭარის ტელევიზია ერთი სეზონის განმავლობაში საეთეროდ ამზადებდა გადაცემას `სპექტაკლი~, რომელიც წარმოადგენდა ქართული თეატრის მოქმედ რეპერტუარში (ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო რეგიონის პროფესიულ და მოყვარულ თეატრებზე) არსებული სპექტაკლების სატელევიზიო ვერსიებს (გადაცემის ავტორი და პროდიუსერი _ ნერონ აბულაძე).

საბჭოთა პერიოდში სატელევიზიო თეატრი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებელში. იმ პერიოდში შექმნილი პროდუქცია დღემდე პოპულარულია და ახალი თაობის მაყურებელთა შორისაც იწვევს ინტერესს. ჩვენს ეპოქაში სატელევიზიო სპექტაკლების, ტელეთეატრის შექმნის მცდელობებმა მარცხი განიცადა, რაც განპირობებულია: მწირი ფინანსური რესურსით, სარეპერტუარო პოლიტიკით და დაუგეგმავი, გაუაზრებელი მარკეტინგით.

სხვა კერძო ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, თეატრით დაინტერესებულია `რუსთავი 2~, რომელიც დილის გადაცემასა და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში რამდენიმე წუთს უთმობს სათეატრო სიახლეებს. მთავარი საინფორმაციო გამოშვება `კურიერის~ (რომელიც საქართველოში ყველაზე რეიტინგული გადაცემაა ათწლეულების განმავლობაში) კულტურის ბლოკში მოხვედრა დიდი პატივია მსახიობისა თუ რეჟისორისთვის, არა მხოლოდ რეიტინგულ გადაცემაში მოხვედრის, არამედ მომზადებული სიუჟეტების კრეატიულობის გამოც. `კურიერის~ კულტურის ჟურნალისტებმა მაია ლომიძემ და სალომე ბენაშვილმა დიდი გამოცდილება დააგროვეს, რაც აისახება კიდეც მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტებზე. კერძო ტელეკომპანია `იმედის~ გადაცემიდან `დღის შოუ~ გაქრა რუბრიკა `პერსონა~, რომელიც მიჰყავდა თეატრის კრიტიკოს _ ნიკოლოზ წულუკიძეს და რომელიც ეძღვნებოდა ცნობილ ხელოვანებს. კერძო ტელეკომპანიამ შტარვისიონ ერთი სატელევიზიო სეზონის შემდეგ დახურა გადაცემა `აქტუალური თემა – კულტურა~, რომელიც 30 წუთის განმავლობაში აშუქებდა კულტურაში მიმდინარე პროცესებს (გადაცემის ავტორი და წამყვანი _ მაია ღუღუნიშვილი).

ტელეკომპანიების განსაკუთრებული ყურადღება თეატრის და თეატრის მოღვაწეების მიმართ მხოლოდ მაშინ არის მიმართული, როდესაც რომელიმე თეატრში ადგილი აქვს კონფლიქტს, არის სკანდალი, ან რომელიმე თეატრის წარმომადგენელი უპირისპირდება თეატრის ხელმძღვანელობას, ან კულტურის სამინისტროს. პოლიტიკურ თოქ-შოუებში ხშირად იწვევენ თეატრის მოღვაწეებს, ამიტომაც მაყურებლის უმრავლესობა მსახიობებს უფრო ტელეეკრანებიდან იცნობს, ვიდრე სცენიდან. შთაბეჭდილებაც მსახიობზე მაყურებელს ექმნება უფრო ტელეგადაცემიდან ან ტელესერიალიდან, ვიდრე თეატრის სცენაზე შესრულებული როლით.

დიდი პრობლემაა არაპროფესიონალი ტელეჟურნალისტები, რომლებიც ხშირად აღმოჩენილან კომიკურ და უხერხულ სიტუაციაში. საინფორმაციო სამსახურების პროდიუსერები კულტურის სფეროს გასაშუქებლად, ძირითადად, სტაჟიორ, ან სუსტ ჟურნალისტებს აგზავნიან. ისინი არ იცნობენ თეატრის სპეციფიკას, ტერმინოლოგიას, ვერ ცნობენ რესპონდენტებს და მათ მიერ მომზადებული რეპორტაჟებიც თეატრზე არის არაშემოქმედებითი და პრიმიტიული. სამწუხაროდ, საქართველოში კულტურა შუქდება მცირე დოზით და არასაინტერესოდ.

შესაბამისად, დაუსაქმებელი და არარეალიზებული არიან თეატრის კრიტიკოსები საქართველოში, ვინაიდან მათ არ აქვთ ასპარეზი არც პრესაში, არც რადიოსა და ტელევიზიაში, განახორციელონ თავიანთი პროექტები, ან შეასრულონ პროფესიული მოვალეობები, ვინაიდან მათზე მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად, თეატრის კრიტიკოსობა იქცა ჰობად და არა პროფესიად, ვინაიდან ამ პროფესიით ცხოვრება საქართველოში შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომაც, კრიტიკოსთა უმრავლესობა არ არის მოტივირებული თეატრის ანალიზით, იშვიათი გამონაკლისების და ენთუზიასტების გარდა. საქართველოში თეატრის კრიტიკოსს თავისი ფუნქციის შესასრულებლად არც ასპარეზი აქვს და არც რაიმე სახის დაინტერესება, თუნდაც ფინანსური. სათეატრო პროფესიებს შორის ყველაზე მეტი კრიზისი და პრობლემა სწორედ ამ სფეროშია.

ექსპერიმენტები, უნიკალური და პერფორმანსული წარმოდგენები

ქართული თეატრი განსაკუთრებული მოწიწებით უფრთხილდება ტრადიციებს, რომლებიც უფრო რეფლექსი და ჩვევაა, ვიდრე სულიერი მდგომარეობა. როგორც სხვა ერებს, ქართველებსაც ეშინიათ სიახლის, არ მოსწონთ განსხვავებული და არაორდინარული, ეჭვის თვალით უყურებენ ახალს. ეს ხასიათი კარგად ვლინდება სათეატრო პროცესებშიც. განსხვავებული ნაწარმოების აღიარებისთვის და მისაღებად საჭიროა `საერთაშორისო დასტური~ და აღიარება. ასე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის, რობერტ სტურუასა და სხვათა შემთხვევაში.

ქართულ თეატრში დიდი სიფრთხილით და ეტაპობრივად ხდება ახალი ტენდენციების დამკვიდრება. თეატრის მაყურებელს (ფართო მნიშვნელობით) არ აშინებს უცხო და არასტანდარტული ფორმები, ქართველ მაყურებელს უფრო მეტად სპექტაკლების შინაარსი აღელვებს. მაყურებელს ერთგვარი შიში აქვს, სარკეში არეკლილის მსგავსად სცენაზე ნახოს თავისი ინტიმური სახე. ის გაურბის რეალობას, ხმამაღლა საუბარს იმაზე, რა პრობლემების წინაშეც დგას. პრობლემაზე თავის არიდება, თვალების დახუჭვა, ერთგვარი კომპლექსია, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ გადალახა ქართულმა თეატრმა.

ქართულ თეატრში ეშინიათ გულწრფელობის, ყოველთვის ეძებენ იოლ, ვიდრე რადიკალურ ფორმას პრობლემებზე სალაპარაკოდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა (პროვოკაციები სცენიდან ხიბლავთ რობერტ სტურუას და ავთანდილ ვარსიმაშვილს, ისინი პოლიტიკური თეატრის ჟანრში მუშაობენ და ამიტომაც არასდროს ერიდებიან პირდაპირ და ხმამაღლა საუბარს). არაერთ ახალგაზრდა რეჟისორს, რომელიც, ერთი შეხედვით, რადიკალიზმით და შემოქმედებითი თავისუფლებით გამოირჩევა, უცდია, მაგრამ ვერ გაუბედავს გარკვეული პიესების სცენური ინტერპრეტაცია. (მაგალითად, მახსენდება პაატა ციკოლიას მცდელობა, რომელსაც სურდა სარა კეინის `დაწყევლილების~ დადგმა, ასევე ირაკლი გოგიას _ ერეკლე დეისაძის FაცეFუცკ-ის). მათგან გაბედულების კომპლექსი პაატა ციკოლიამ დაძლია, რომელმაც `აიიქ~ დადგა მუსიკისა და დრამის თეატრში, რომელსაც პროფესიულ წრეებში დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ახალ ფორმებთან შესახვედრად, ახალი სათეატრო ენით საუბრისთვის არც თავად მსახიობები არიან მზად. ხშირად გაუცნობიერებლად, გაუანალიზებლად ასრულებენ რეჟისორთა მითითებებს. ეს პრობლემა კი აისახება მხატვრულ პროდუქტზე. ახალგაზრდა რეჟისორებს შორის თავისი გუნდის (ერთ ენაზე მოსაუბრე ხელოვანები) ჩამოყალიბება ჯერ მხოლოდ დათა თავაძემ შეძლო (სამეფო უბნის თეატრი). თანამოაზრეთა გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობენ მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე (ღია სივრცე).

ქართულ თეატრში მუდმივად ხორციელდება ექსპერიმენტები ფორმის თვალსაზრისით, თუმცა მოკრძალებულად იდგმება პერფორმანსები ან სპექტაკლები ტაბუირებულ თემებზე. განსაკუთრებით ტრადიციებისგან გადახვევას ერიდებიან სახელმწიფო თეატრები, ვინაიდან ერიდებიან სკანდალს და საპროტესტო აქციებს თეატრის კარებთან (მსგავსი აქციები გაიმართა რუსთაველისა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრებთან წლების წინ, კონკრეტული სპექტაკლების რეპერტუარიდან მოხსნის მოთხოვნით). ექსპერიმენტების განხორციელებას ხელს უშლის ტრადიციული სათეატრო სივრცეებიც, რომელიც რეჟისორთა უმრავლესობას გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს.

სახელმწიფო თეატრებს შორის, ექსპერიმენტულობით და შემოქმედებითი თავისუფლებით გამოირჩევა მუსიკისა და დრამის თეატრი, რომელმაც 2016-2017 წლების სათეატრო სეზონში მაყურებელს პაატა ციკოლიას სპექტაკლი `აიიქ~ (+18) შესთავაზა (ტექსტზე იმუშავეს ოთარ ქათამაძემ და პაატა ციკოლიამ), რომელიც არა მხოლოდ თხრობის ორიგინალური მანერით გამოირჩევა, არამედ აქტუალური თემებისა და პრობლემების ალტერნატიული კუთხით დასმას და წაკითხვას გვთავაზობს[7].

საინტერესო და გამორჩეული იყო მორგან ნარდის მიერ ახმეტელის თეატრში დადგმული პერფორმანსის ტიპის წარმოდგენა "ჰამლეტიკ"~, რომელშიც მთავარ როლს ქალი მსახიობი _ ნანა ხურითი ასრულებდა.[8]

ამავე თეატრში ბრაზილიელმა რეჟისორმა როდრიგო ფიშერმა პერფორმანსის ტიპის წარმოდგენა დადგა სახელწოდებით “2+2=2”, რომელიც აუდიო-ვიზუალური ენის და ტექნოლოგიების გამოყენებით აკვირდება ადამიანს და ეძებს მის იდენტობას. ტექსტზე იმუშავა თანამედროვე დრამატურგმა ირაკლი კაკაბაძემ. პერსონაჟები, იგივე მსახიობები თავიანთ რეალურ ისტორიებს უყვებიან მაყურებელს. წარმოდგენა ინტერაქტიულია და ცოცხალი, ყოველი წარმოდგენის დროს განსხვავებული აქცენტებითა და განწყობით.[9]

საკმაოდ გაბედული სპექტაკლია ფოთის თეატრში მიხეილ ჩარკვიანის მიერ დათო ხორბალაძის ტექსტზე განხორციელებული უცნაური წარმოდგენა-აქცია `მკვდარი ქალაქები~. სპექტაკლი გამოირჩევა პირდაპირობით, მოქალაქეობრივი პოზიციით, გაბედულებით, შემოქმედებითი თავისუფლებით, ორიგინალური ფორმითა და შინაარსით.[10]

საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო, თბილისის თოჯინების თეატრში უფროსი ასაკის მაყურებლისთვის განკუთვნილი სპექტაკლი, თამთა მელაშვილის რომანის `გათვლა~ მიხედვით (რეჟისორი _ გურამ მაცხონაშვილი). სპექტაკლზე მისული მაყურებელი მშენებარე შენობაში შესვლისას გაივლის მავთულხლართებს და აკვირდება ისტორიას, თუ რა ემართებათ ქალებს იმ დროს, როცა ომში კაცები იბრძვიან. ორი თინეიჯერი გოგონას ტრაგიკული ისტორიის ხილვა სცენაზე, ახალგაზრდა რეჟისორის გურამ მაცხონაშვილის მიერ შემოთავაზებული ხერხებით მაყურებლისთვის მოულოდნელი იყო. სპექტაკლს დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მაყურებლის ნაწილი ავტორებს სივრცის არასწორად შერჩევის, ზოგი კი იმ თემებისა და პრობლემების გამო აკრიტიკებდა, რომლებიც დასმული იყო სპექტაკლში. პრემიერა თოჯინების თეატრის მშენებარე შენობის ერთ ნაწილში გაიმართა; აღნიშნული სივრცე მშვენივრად მოარგო რეჟისორმა პიესის ძირითად სათქმელს.[11]

საინტერესო ექსპერიმენტებს ახორციელებენ ახალგაზრდა რეჟისორები მონოპიესების ფესტივალზე, რომელსაც არც ერთ წელს არ ჩაუვლია სკანდალების გარეშე. ფესტივალის ორგანიზატორები და წარმოდგენილი სპექტაკლების ავტორები ხშირად ხვდებიან მაყურებლის და პროფესიული წრეების გაკიცხვის ობიექტები.

უნიკალური დადგმა `პრომეთე დამოუკიდებლობის 25 წელი~ სამეფო უბნის თეატრში ახალგაზრდა რეჟისორმა დათა თავაძემ განახორციელა. ტექსტზე მასთან ერთად დრამატურგმა დავით გაბუნიამ იმუშავა. სპექტაკლის რეჟისორი და მსახიობები დაახლოებით, 25 წლის არიან და ისინი ერთად აჯამებენ, აანალიზებენ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე განვლილ 25 წელს. სპექტაკლის ავტორები პარალელს ავლებენ თანამედროვე პერსონაჟებსა და მითოსურ პრომეთეს (იმავე ამირანს) შორის, რომელთაც ბედისწერა აერთიანებთ.[12]

გამორჩეული ფორმის და შინაარსის წარმოდგენაა მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში განხორციელებული მიშა ჩარკვიანის პროექტი `კატარინა ბლუმის შელახული ღირსება~, რომლის მსგავსი პროდუქტი (მაყურებლის და მსახიობების ურთიერთობის თვალსაზრისით) ქართველ მაყურებელს ჯერ არ უნახავს. მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი ერთგვარი პერფორმანსია პირადი ცხოვრების თვალთვალის შესახებ. სპექტაკლის მსვლელობისას, 7 ახალგაზრდა მსახიობი, მაყურებელთან ერთად, აკვირდება ამ პროცესს, და იმას, თუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას. `...სატელეფონო მოსმენა, ფარული ვიდეოჩანაწერები, თვალთვალი და მსგავსი საშუალებები, რა თქმა უნდა, გამოძიებას ეხმარება, მაგრამ თუ საგამომძიებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი უფლება არაა გაცემული, მაშინ ამ მასალას არა თუ ვერ გამოიყენებ, არამედ, წესით უნდა დამალო კიდეც მისი არსებობა. არსებობს ცნება _ პირადი ცხოვრება, რომელსაც საზღვრები ნამდვილად აქვს, ყოველ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს და ისეთივე მყარი, როგორიც სახელმწიფოს~.[13]

ორიგინალური და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროექტები განახორციელა ნიკა საბაშვილმა. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი `1945~, ჰიტლერის მაგალითზე, ყველა ტირანის მონსტრად ქცევის გზას გვიჩვენებს ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. რეჟისორი საინტერესო თემას საგნების თეატრის ენით ყვება. განსაკუთრებულად ითვისებს სივრცეს ნიკა საბაშვილი ფოთის თეატრში დადგმული სპექტაკლით `ორკესტრი ტიტანიკი~, რომელშიც პერფორმანსის სტილი ერწყმის ტრადიციულ თეატრს, სადაც ეპიზოდები თამაშდება თეატრის დამხმარე სათავსოებიდან დაწყებული, სცენითა და პარტერით დამთავრებული.

ორიგინალური დადგმებია მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში ლევან წულაძის `უცხოობაში-Bეგალუტ” (დრამატული თეატრი სიტყვის გარეშე, მუნჯი თეატრის პრინციპებით) და `შეშლილის წერილები~ (სადაც ერთმანეთს ორიგინალურად ერწყმის კინო, თეატრი და მხატვრის თეატრი). იმავე თეატრში რეჟისორმა ბესო კუპრეიშვილმა (რომელმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში თითების თეატრი შექმნა და არაერთი საინტერესო ექსპერიმენტი განახორიელა) შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლი `ფიროსმანი~ დადგა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მცდელობა ჩვენი პერიოდის თეატრში, როდესაც სცენაზე შშმ პირები (ძირითადად _ ბავშვები და მოზარდები) იდგნენ.

არატრადიციულ ფორმებს და თხრობის უჩვეულო მანერის დამკვიდრებას ცდილობენ სწორედ მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს `ღია სივრცე~. ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, თბილისის გარეუბანში, მათ დაასუფთავეს სივრცე, სადაც მართავენ წარმოდგენებს. მათი პროექტები მწვავე სოციალურ საკითხებს ეხება, რითაც ცდილობენ გააკრიტიკონ სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა და თეატრის ენით მოგვითხრონ არსებული პრობლემების შესახებ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე საქართველოში.

 

 

 

 

ქართული თეატრის ძლიერი და სუსტი მხარეები:

ძლიერი მხარეები

მუდმივი სწრაფვა სიახლისაკენ; შინაგანი, ბუნებრივი ლტოლვა ევროპული თეატრალური ოჯახისკენ;

არტისტული რესურსი (რეჟისორები, მსახიობები, სცენოგრაფები);

ტრადიციები და სამხრეთული ტემპერამენტი; კარნავალურობა და რიტუალურობა;

ექსპრესიულობა; მითოსურობა და მისტიკურობა;

არქაული კულტურული შრეების თანამედროვე ტენდენციებთან სინთეზი;

იუმორის, ირონიის განსაკუთრებული გრძნობა, კონტრასტულობის პრინციპი, კომიკურისა და ტრაგიკულის მუდმივი მონაცვლეობა და ტრაგიკომიკურობა.

უკომპრომისობა.

 

 

სუსტი მხარეები

კულტურის პოლიტიკის არარსებობა;

დაფინანსების სისტემის გაუმართაობა, დაფინანსების წესის არარსებობა;

არაჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო;

სახელმწიფო და საზოგადოებრივი მონიტორინგის რეალურად არარსებობა;

თავისუფალი, ალტერნატიული სივრცეების სიმწირე;

სათეატრო კომპოზიტორების და ქორეოგრაფების სიმწირე;

მხატვრული განათება თეატრში; პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური განათების დიზაინერების სიმწირე;

ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რესურსის სიმწირე;

ჩაკეტილი, შემოსაზღვრული სათეატრო აზროვნება;

სახელოვნებო განათლების ერთფეროვნული სისტემა;

სათეატრო კრიტიკის დაბალი ავტორიტეტი, პასიურობა;

თვითშეფასების დაბალი ხარისხი.

 

[1] ამ ფაქტს ადასტურებს ისტორიული წყაროები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები. გარდა უფლისციხისა, სტრაბონის ცნობით, კოლხეთში არსებობდა `მთვარის ტაძარი~, სადაც სამეფო კარის თეატრი ფუნქციონირებდა, რომელიც საერო დღესასწაულებზე მართავდა პანტომიმის (და არა მხოლოდ) მსგავს წარმოდგენებს. ჩემი აზრით, პროფესიულ დასად ითვლება იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელთა ძირითად საქმიანობას სათეატრო დადგმების მომზადება და მასში მონაწილეობა წარმოადგენს.

 

[2]  http://lashachkhartishvili.blogspot.com/2015/07/blog-post_37.html

 

[3] http://lashachkhartishvili.blogspot.com/2009/07/blog-post.html

 

[4] mimdinare angariSi momzadda 2017 wels. 2017 wlis noembridan, SemoqmedebiT kavSirs _ saqarTvelos Teatraluri sazogadeoba _ xelmZRvanelobs giorgi gegeWkori.

[5] amJamad Jurnali gamodis `Teatris~ saxelwodebiT, weliwadSi oTxi nomeri.

 

[6] mimdinare angariSi momzadda 2017 wels. maSin, roca Jurnals xelmZRvanelobda guram baTiaSvili. 2018 wlidan aRniSnuli Jurnali `Teatris~ saxelwodebiT gamodis, weliwadSi 4-jer, da misi redaqtoria daviT andriaZe.

 

[7] ixileT bmulebi: http://georgiantheatre.ge/389-sanam-gavyvebi-mdinares.html;

http://indigo.com.ge/articles/art/komiksebis-zedapiri-da-mitebis-sigrme-teatrshi;

https://www.youtube.com/watch?v=NLxhuEvhOsM;

https://www.youtube.com/watch?v=WeroSG2pGkg;

https://www.youtube.com/watch?v=Di6w25eL8Uk;

[8] ixileT bmulebi: http://artarea.tv/inside/1206/hamletika-ashlili-fikhrebi-yofna-aryofnaze; https://www.youtube.com/watch?v=sSTect9pSIA;

https://www.youtube.com/watch?v=F_QdbUZa8xc;

[9] ixileT bmulebi: http://artarea.tv/inside/1512/konstitutsiuri-ufleba-da-adamiani;

http://lashachkhartishvili.blogspot.fr/2015/04/blog-post_85.html;

https://www.youtube.com/watch?v=F_QdbUZa8xc;

https://www.youtube.com/watch?v=wBnzOU-Il3o;

[10] ixileT bmulebi: https://www.youtube.com/watch?v=y2NIsMNepQk;

https://www.youtube.com/watch?v=4CYvzDVawto;

https://lashachkhartishvili.blogspot.com/2017/07/blog-post.html;

[11] ixileT bmulebi: http://liberali.ge/articles/view/28936/vardisferi-sikvdilis-turebi; https://www.youtube.com/watch?v=gEMaibS3s3Y;

https://www.youtube.com/watch?v=DfBbZz8RK3k;

https://www.youtube.com/watch?v=ISi174b2LV8;

[12] ixileT bmulebi: http://liberali.ge/articles/view/26418/prometes-gardaamokhsna;

http://georgiantheatre.ge/401-damoukidebloba-mithi-da-realoba.html;

 https://www.youtube.com/watch?v=-BGeZHnb6VU;

[13] ixileT bmuli: https://www.youtube.com/watch?v=5ewFCU6IBiY;