top of page

გეშინოდეთ ფიქრებისა და სურვილების, ახდენა იციან

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_6738.JPG

გეშინოდეთ ფიქრებისა და სურვილების, ახდენა იციან

ლელა ოჩიაური

აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. დარბაზიც, თეატრიც. ადამიანებიც. დარბაზი რეალურ გარემოდ იქცევა და არა მხოლოდ მოქმედების  ადგილად. სცენა - „იდენტობას“ კარგავს და თეატრალურ რეალობას ცხოვრებისეულით ანაცვლებს.  თუმცა შემდეგ, დროდადრო იგივდება. სცენაზე ზიხარ და სამყარო უკვე ამოტრიალებული ან შეტრიალებულია. და თითქოს უკვე უნდა მიხვდე, რომ რაღაც ისე არ იქნება, რასაც მიჩვეული ხარ, როგორც მიღებულია, როგორც გგონია, რომ შეიძლება იყოს. ბოლო-ბოლო, მოლიერია. საფრთხეც არ უნდა გემუქრებოდეს. სხვადასხვა მახეს თუ არ ჩავთვლით, პერსონაჟები რომ უგებენ ხოლმე ტრადიციულად ერთმანეთს. და სხვებს.

სწორედ ასეთ მრავალქსელიან მახეში აღმოჩნდება მაყურებელი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლზე „ავადმყოფობის სიმულაცია“, ჟან-ბატისტ მოლიერის ბოლო პიესის „ეჭვით ავადმყოფი“ („ცრუ ავადმყოფი“, „წარმოსახვითი ავადმყოფი“)  მისი და ვალერი ოთხოზორიას ადაპტაციის მიხედვით.

ვალერი ოთხოზორია და საბა ასლამაზიშვილი, თითქოს არ არღვევენ მოლიერის თხრობის ხერხს, ბოლომდე ინარჩუნებენ კომედიის, „ჟანრის“ კანონებს, პიესის ამბის, მოვლენების განვითარების თანმიმდევრობას, თუმცა სრულად ახალ,  თავიანთ ვერსიას აკეთებენ, ცვლიან სტრუქტურას, კონსტრუქციას, ფორმას, ფორმატს,  სტილს სამსახიობო და მხატვრული ტრუკებით,  ამონტაჟებენ, რიტმსა და ტემპს უცვლიან,  თამაშობენ, გვეთამაშებიან, თავგადასავალში გვითრევენ და ბოლომდე, სულ ბოლომდე „გვატყუებენ“.

მოლიერის სამაქტიანი კომედია-ბალეტიდან, 12 მოქმედი გმირიდან, ინტერმედიების მონაწილეებიდან და სხვებიდან, 3 პერსონაჟი, უფრო ზუსტად, თორმეტივე, მაგრამ სამი მსახიობის - გიორგი ჩაჩანიძე, თამარ ჯაჯანაშვილი, ანდრია ვაჭრიძე - მონაწილეობითაა დარჩენილი. გიორგი ჩაჩანიძე არგანს თამაშობს, თამარ ჯაჯანაშვილი და ანდრია ვაჭრიძე - ყველა სხვა დანარჩენს და ისინი სამივე ოსტატურად იცვლის სახეებს, შეუმჩნეველი გრადაციებით გადადის ერთიდან მეორეში, ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ახალ პერსონაჟებში გადადის, ახალ ნიღბებს იკეთებს, ძველს უბრუნდება, შემდეგ კვლავ ახალს. აქტიურად მოძრაობენ, საუბრობენ, მოქმედებენ, სხარტ ტექსტებს სხარტი დიალოგებით წარმოთქვამენ, სკამებზე და ყველა შესაძლო სიბრტყეზე გადაადგილდებიან, გადიან (ზოგჯერ ხანგრძლივად) და გამოდიან ოთხ კარში, რიგებს შორის იმალებიან.  ნამდვილი სამსახიობო ფეიერვერკია და სცენების პატარ-პატარა აფეთქებები.

ჭიათურის თეატრის სამაყურებლო დარბაზი მწვანეხვერდგადაკრული ხის ძველებური სკამებითა და მათ შორის აქა-იქ ჩამონტაჟებული უნიტაზებით, რომლებსაც არგანი დროდადრო დანიშნულებისამებრ იყენებს)  მოხატულ-მოჩუქურთმებული იარუსებით, სუსტად მანათობელი პლაფონებით, ბროლის ჭაღით, ჭერის პანოთი და საახალწლო წვიმების მსგავსი ფარდით შეკრული სამი კედლით, მსახიობების სტილიზებული, უტრირებულთარგიანი კოსტუმებით (სცენოგრაფი ბარაბარა ასლამაზი)   სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტის იდენტურია და აქტიურად ქმედითი.

 

უკვე განსზღვრული ჩარჩოებიდან პირველი გამოსვლა მაყურებელთან დიალოგში შესვლით, გადაძახილით, მათთვის სხვადასხვა  კითხვის დასმით იწყება. ჩართულობით ამბავში, მოქმედებაში, ახალი „ინფორმაციისა“ და  შესაბამისად, დამატებითი რეგისტრის შემოტანით. ეს გაბაასება თითქოს წყვეტს თხრობას, აჩერებს, ერთ დროსა და ადგილს მეორით ცვლის და თავისთავად მიმართულებას აძლევს. ინტერმედიის მსგავსად, რაც პიესაში საბალეტო ნომრებით ივსება და საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში - ინტერაქტივით.

 

შემდეგ თავიდან იწყება თუ გრძელდება  ყველაფერი. ფინალამდე. ბოლო ეპიზოდამდე (სიუჟეტური ხაზის ერთგულებით, ყველა მოვლენისა და პერსონაჟის  ჩართულობით, რაც პიესაშია და ვინც მასში მოქმედებს) ყველაფერს რომ ცვლის და სარკისებურად არეკლავს. პირიქით და არა პირდაპირ. და მხოლოდ მაშინ ხვდები, რაზეა ეს სპექტაკლი, და რატომაა, რაზე მეტყველია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, სულ რომ იცვლიან სახეს და იცვლებიან,

საბა ასლამაზიშვილი, მთელი სპექტაკლი,  თხრობის, ფაქტობრივად ერთ ხერხს იყენებს, ერთ სტილს, ერთ ფორმას. მსახიობები ერთ მანერაში  მუშაობენ, ერთ  მოცემულობაში რჩებიან და ერთი და იგივე სახესქემას ავითარებენ. ასეც უნდა იყოს. „ჟანრის კლასიკაა“, ვოდევილია, ყველაფერი დასაშვები და მისაღებია, თუ ალღოს აუღებ. მაგრამ მოულოდნელად და ძალიან მოულოდნელადაც ყველაფერი იცვლება.

კომედია, ფარსი, ლაღი და თავისუფალი, ექსცენტრიკული, სკაბრეზულიც კი (რასაც მაყურებელი თავისუფლად და უხერხულობის გარეშე იღებს)  სპექტაკლი, რომელიც დინამიკურად (ზოგიერთ ეპიზოდში, „ზედმეტად“ თავბრუდამხვევად დინამიკურადაც)  ტრაგედიად იქცევა. ადამიანის მარტოობისა და ჩაკეტილობის დრამად. შეუბრალებელ მხილებად. მრავალსახა ნიღბების ჩამოხსნის პროცესში გადადის და სულ აღარ გეცინება.

გიორგი ჩაჩანიძის არგანი - საფუძვლიანი, თუ უსაფუძვლო ეჭვებით, ცრუ იმედებით, გაზვიადებული შიშებით, უნდობლობით, კომპლექსებით შეპყრობილი, ისტერიკული ადამიანია. მას, მყიფე შინაგან ნიადაგზე მდგომს, საკუთარივე თვისთვის „განაჩენი გამოაქვს“, საკუთარ ხაფანგში ებმევა, საკუთარი ფაარისევლობის, სიმულაციის, წარმოსახვის ხაფანგში. საზოგდოებაში, რომელიც და რომლის არსებობაც ერთგვარი სიმულაკრია, მოდელირებულ სამყაროში, რომელიც თავის ნამდვილი არსებობის ჩარჩოებსა და საზღვრებს ვეღარ გრძნობს და ცრუ მორალის, ცრუ სიყვარულის, ცრუ ოჯახური სიმტკიცის, ცრუ ავადობის, ცრუ ცრუ სიკეთისა და ცრუ მორალის და ნამდვილი და ავითმოსილი წარმოსახვის მიმღებად, გამტარად და მსხვერპლად ქცეულა.

P.S. ჭიათურის თეატრი იმ თეატრების რიცხვშია, რომლებსაც არც პანდემიამდე და არც პანდემიის შემდეგ მუშაობა არ გაუჩერებიათ. ეს ის თეატრია, რომელიც მუდამ ცდილობს ახალგაზრდები მიიწვიოს და არც ექსპერიმენტის ეშინია. თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი და სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე ის მმართველები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან სიტყვის ძალა და ისიც, რომ ჩანაფიქრები და სურვილები სრულდება და ხშირად ამართლებს.შ

bottom of page