„ღია ზღვიდან“ „ჩაკეტილ წრემდე“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

280682430_526773952435953_3859429232365942355_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

„ღია ზღვიდან“ „ჩაკეტილ წრემდე“

 

ყოველთვის მაინტერესებდა საკითხი, რატომ უბრუნდებიან რეჟისორები თავის მიერ უკვე დადგმულ პიესებს. ასეთი მაგალითები თანამედროვე თეატრში გაცილებით მეტია ვიდრე წინა საუკუნის რეჟისორთა შემოქმედებაში. იქ ეს მხოლოდ გამონაკლისის სახით გვხვდება. ჩემი აზრით ორი რამ იკვეთება: პირველი, როცა სათქმელი ბოლომდე ვერ გამოხატეს, ან ახალი ადგილმდებარეობა, ახალი თეატრი თავის სამსახიობო შემადგენლობით სპექტაკლის გამეორებას იმსახურებს. სწორედ ასეთი შემთხვევებთან გვქონდა საქმე, რაც თეატრის ისტორია შემორჩა: ასე მაგალითად დოდო ალექსიძის სოფოკლეს „ანტიგონე“ კიევის ივანე ფრანკოს თეატრში სვეტლანა კორკოშკოს და კოტე მარჯანიშვილის თეატრში სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით, ლევან მირცხულავას ჟან ანუის „ტოროლა“ სოფიკო ჭიაურელით და ბათუმის ილია ჭავჭავაძის თეატრში მაია ცეცხლაძის მონაწილეობით, იგივე ლევან მირცხულავას ევრიპიდეს „მედეა“ ზინაიდა კვერენჩხილაძის მონაწილეობით რუსთაველის და ფოთის თეატრებში, რობერტ სტურუას უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ „სატირიკონის“ თეატრში კონსტანტინე რაიკინის და რუსთაველის თეატრში ზაზა პაპუაშვილის მონაწილეობით, გიზო ჟორდანიას საოპერო დადგმები: ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“, რევაზ ლაღიძის „ლელა“ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ბათუმის საოპერო თეატრში ალექსანდრე ხომერიკის, მაია თომაძის, მარინა ჯახუტაშვილის მონაწილეობით.

და მეორე - სამწუხარო ტენდენცია, როცა არც არაფერი იცვლება, არც მიზანსცენა, არც ჩანაფიქრი, მაგრამ იცვლება თეატრები. აქ მხოლოდ კომერციული მიზნები მესახება, რაც თავისთავად ძალზე ვნებს ხელოვნებას და თეატრს.

ეს აზრები მიტრიალებდა თავში, როცა ზუგდიდში მივდიოდი სამხატვრო ხელმძღვანელის ლაშა შეროზიას მიერ დადგმული სლავომირ მროჟეკის „ღია ზღვაში“ სანახავად, რომელიც გორის გიორგი ერისთავის თეატრის მცირე სცენაზე ვნახე მისივე რეჟისორობით. და თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სწორედ ჩემი ჩამოთვლილი ტენდენციებიდან პირველთან გვქონდა საქმე, რამაც ძალიან სასიამოვნოდ გამაკვირვა: „რაღაც დამრჩა სათქმელი“ - ეს იყო პრემიერის მიერ რეჟისორის შეფასება, რასაც ნამდვილად ვეთანხმები.

მროჟეკის ეს პიესა სულ სხვანაირად და სხვა გადაწყვეტით წარსდგა მაყურებლის და ჩემს წინაშე.

ლაშა შეროზია ახალგაზრდა ექსპერიმენტატორი რეჟისორია, ზუგდიდის თეატრში მისვლის მერე მისი არც ერთი სპექტაკლი ერთმანეთს არ ჰგავს, არა მხოლოდ რეჟისორული გადაწყვეტით, არამედ კონცეფციით, სცენოგრაფიით (თუმცა მხოლოდ ერთ მხატვართან თამარ ჭავჭანიძესთან მუშაობს). „ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი დიგი ბუმ ბუმ პუცი პუცი“, ავთო ვარსიმაშვილის „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, კიტა ცხომარიას „ შეჭრა“ და ფოთის ვალერიან გუნიას თეატრში დადგმული დარი ფოს „არ გვიხდით?! არ გადავიხდით!“ და ბოლოს სლავომირ მროჟეკის „ჩაკეტილ წრეში“ (ამ სახელთ მიდის „შუა ზღვაში“) სრულად განსხვავებული წარმოდგენაა სტილისტიკით და რეჟისურული ჩანაფიქრით.

თამარ ჭავჭანიძის სცენოგრაფია ამ სპექტაკლშიც ძალიან გამომსახველი და სრულად პასუხობს რეჟისორის ჩანაფიქრს. სცენაზე გამჭვირვალე თეთრი ფარდებია ოთხი მხრიდან ჩამოკიდებული, რაც შემოსაზღვრულ სივრცეს ქმნის, რომელშიც დიდ სასადილო მაგიდაზე საზეიმო სუფრაა გაშლილი ვერცხლის ჭურჭლით, დოქებით, სასმისებით, ყვავილის ვაზებით და შანდლებით. ეს გემის სასადილოა, სადაც სუფრა სამი ადამიანისთვისაა გაწყობილი. მაგიდას სამი მიუჯდება: მსუქანი (მერაბ კაკალია), საშუალო (გიორგი ჩაჩუა) და გამხდარი (გოგი გუგუჩია), სამივენი მშვენიერ სადილის მიირთმევენ, სადღეგრძელოებსაც ამბობენ. უეცრად  გემი ზღვაში ჩაიძირება და სამივენი ტივზე აღმოჩნდებიან წყლისა და საკვების გარეშე.

გორის თეატრის მესამე სცენაზე რეჟისორმა ლაშა შეროზიამ და თამარ ჭავჭანიძემ სპექტაკლის სათამაშოდ სხვა გარემო შექმნეს, მინიმალისტური დეკორაციით, მხოლოდ სამი გამჭვირვალე მინის ყუთი, მიკროფონი, ვიდეოინსტალაცია (ავტორი გიორგი ხოსიტაშვილი) კედელზე, ერთი სავარძელი და უამრავი ჭუჭყი (ლოზუნგების, პოსტერების, პოლიტიკური პლაკატების ნარჩენები), რომელიც ზღვას მოჰყვება ხოლმე, ტივის გარშემოა იყო შეგროვილი. პიესის ერთ-ერთი გმირი მოსამსახურის ფუნქცია ანზორ გვაძაბიას ერგო - ანზორ გვაძაბიას წარმოგვიდგენს პიესის პერსონაჟებსაც და იმ მსახიობებსაც, რომელსაც ისინი განასახიერებენ. დასაწყისში იგი მკაცრი და მომთხოვნია, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანს მისი „სხვის საქმეებში“ ჩარევა და მალე წყალში გადაუძახებენ სხვა პერსონაჟთან ფოსტალიონ (ქიშვარდ მანველაშვილი) ერთად - რომლებიც ხელს უშლიან სიმართლის აღსრულებას და თვითშეწირვის აქტის განხორციელებას.

ზუგდიდის თეატრის სპექტაკლში სამ მონაწილეს შორის კამათი ვინ შეჭამონ დასაწყისიდანვე იწყება. თავისთავად საკითხის ასე დაყენება აბსურდულად მოჩანს, თუმცა მსუქნის ამ იდეას იძულებით იღებს ორი დანარჩენი, იმდენად ძლიერის შიმშილის განცდა. საკითხის განხილვა იწყება და მომხრეები თუ მოწინააღმდეგენი თავის გამოსვლებს ან „გამამართლებელ“ სიტყვას მაგიდაზე შემდგარი წარმოთქვამენ თუ რატომ არ უნდა შეიჭამოს ის. გამხდრის (გოგი გუგუჩია) მცდელობები თავი ობლად გაასაღოს შედეგს აღწევს, თუმცა საიდანღაც გამოჩენილი ფოსტალიონის (ზურად ლაშხია) დეპეშით სწორედ ამ დროს დედის სიკვდილს ატყობინებს და რაოდენ დიდია გამხდრის სიხარული, რომელსაც ავიწყდება დეპეშის არსი - დედის სიკვდილი და ისიც უკვე დანარჩენი ორივით ობოლია და თითქოს შეჭმას უნდა გადაურჩეს. საშუალო (გიორგი ჩაჩუა) უფრო მოხერხებული აღმოჩნდა - დასაწყისიდანვე მსუქნის მხარეს იჭერს, ყველაფერში ეთანხმება და მის ნდობას იმსახურებს, ყველანაირად ეხმარება მას რომ გამხდარმა შეიგნოს რომ მხოლოდ ისაა „შეჭმის“ ღირსი და დაარწმუნოს რომ მისი მსხვერპლშეწირვა „საზოგადოებს“ გამოადგება. მსუქანი (მერაბ კაკალია) ლიდერია, მისი სიტყვა გადამწყვეტია, ის განაგებს სიტუაციას და უფრო მეტიც, გამარჯვებაც მას უნდა დარჩეს. ზღვაში დაკარგულები იმ ახალად შექმნილი სახელმწიფოს მოდელია, რომელიც ცდილობს თავისი განვითარების მოდელი აირჩიოს, რა გზას დადგეს - მროჟეკისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სატირა აბსურდის ელემენტებით: თავიდანვე აღიარებენ რომ დიქტატურა არ ვარგა, დემოკრატია კარგი „ხილია“, მაგრამ კამათი და დისკუსია დროში გაწელილი პროცესია და გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები. იქმნება უმრავლესობა - მსუქანი და საშუალო, და უმცირესობაც - გამხდარი. ხალხის მასაც სახეზეა, ოთხი მომღერალი (ანდრო შამუგია, მზეკო ჩარგაზია, ლანა ფიფია, თეა ცინცაძე),  რომელიც დროდადრო ზონგებს ასრულებს (კომპოზიტორი და ქორმაისტერი მარი ბეროშვილი) და ასე თუ ისე ჩართულია მიმდინარე პროცესში (ესეც რეჟისორული ხერხია ბრეხტის თეატრალური მოდელიდან). დემოკრატიის საფუძველი სახეზეა. პოლიტიკური განცხადებები და გამოსვლები მთავრდება, არჩევნებიც ჩაიშლება (ახალა სცენა ძალიან ჰგავს საარჩევნო უბნის დიზაინს) და ბოლოს მაინც იმაზე ჩერდებიან, რომ მმართველი ძალაა ის, რაც მომავლის გზას განსაზღვრავს. ამიტომაცაა რომ მსუქანი, რომელიც პერიოდულად იკავებს მთავარ სკამს, ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებია. გამხდარი - უმცირესობა რასაკვირველია დიდი ხანია განწირულია და დანარჩენი ორი მზრუნველად და მოწიწებით ფეხებს ბანს, უმშრალებს კიდევაც და შესაჭმელად ამზადებს. გამხდარიც შეეგუა თავის ბედს და ბედნიერია, რომ მისი მსხვერპლი საზოგადოებას კეთილდღეობას მოუტანს. მაგრამ აქ თავის იჩენს უფროსობისა და სხვისი ადგილის დაკავების სურვილი (რეჟისორის მიერ შემოტანილი ახალი ასპექტი). საშუალო მიუხედავად იმისა რომ ტივზე უეცრად საჭმელს აღმოაჩენს მაინც არ ცვლის თავის მზაკვრულ გადაწყვეტილებას, „გზიდან“ ჩამოიცილოს მსუქანი და მისი ადგილი დაიკავოს. მსუქანს იმ თოკით მოახრჩობს, რომელიც ადრე გამხდრისთვის იყო გამიზნული.

 

პიესისა და უკვე დადგმული სპექტაკლიდან განსხვავებით რეჟისორი მაყურებელს სთავაზობს ახალ ფინალს და შესაბამისად თავის ახალ სათქმელს უმატებს, სწორედ იმას, რისი თქმაც ადრე დადგმულ სპექტაკლში დააკლდა.