top of page

ღირდა ეთეროს განცდები ამ ყველაფრად?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

293211592_5191199537659792_1770074527735890388_n.jpg

ნუცა კობაიძე

ღირდა ეთეროს განცდები ამ ყველაფრად?

ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა მეექვსე დღეს (10 ივლისი, 2022) ნამდვილად საჩუქარი გაუკეთა გურულებს და საშუალება მისცა ენახათ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ (რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე, ავტორი: თამთა მელაშვილი). სპექტაკლმა ჟიურის გადაწყვეტილებით მიიღო პრიზი ორ ნომინაციაში: საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის - მარინა დარასელიამ და ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაციისთვის - ნიკა ჩიკვაიძემ. ჩემი აზრით, ეს დადგმა საუკეთესო სპექტაკლის ტიტულსაც იმსახურებდა.

თამთა მელაშვილის ეს რომანი გამოსვლის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. 2020 წელს, ახალი დრამის ფესტივალის ფარგლებში, სოფო ქელბაქიანმა ციფრული სპექტაკლის ფორმით შემოგვთავაზა „შაშვი შაშვი მაყვალის“ ინტერპრეტაცია - „ეთერო“ (მსახიობი: თეა კიწმარიშვილი). გირჩევთ ნახოთ, დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებთ, ვიდეო ატვირთულია youtube-ზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საინტერესო რეგიონში (დედაქალაქიც კი უფრთხის თამამ რეპერტუარს) სცენიდან საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა - უმცირესობის პრობლემა (ტრანსგენდერი ქალის ბედი, სპექტაკლი - „უხერხემლო“); მარტოხელა ქალის ხვედრი (სპექტაკლი - „შაშვი შაშვი მაყვალი“).

სამხატვრო ხელმძღვანელს, ლაშა შეროზიას აქვს არჩეული სწორი ტაქტიკა - თეატრის რეპერტუარით ცდილობს ზუგდიდის მაყურებელს დაანახოს, თუ როგორ შეიძლება გაწიროს უდანაშაულო ადამიანი საზოგადოების ბრმა ხედვამ. ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ პუბლიკა ამას სწორად იღებს, ესმის პრობლემის სირთულე, რაც დიდი მიღწევაა - თეატრის ფუნქციაც ხომ ეს არის.

ვთვლი, რომ განსაკუთრებით ეს ორი სპექტაკლი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ და „უხერხემლო“ საქართველოს მასშტაბით უნდა დადიოდეს გასტროლზე, რომ ყველას მიეცეს ნახვის საშუალება.

სცენაზე ეკრანი (პეიზაჟების გამოსახულებით) და რკინის კონსტრუქციაა (რომელსაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ბლოკებით აშენებს ჩვენი გმირი), რომელიც, როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე მაღაზია და საავადმყოფოა (მხატვარი: ანანო დოლიძე).

დაბალი, თბილი განათების ფონზე იქმნება მყუდრო გარემო, სადაც თამაშდება ეთეროს ცხოვრების კონკრეტული მონაკვეთი - მამაკაცის გამოჩენიდან, საავადმყოფომდე.

რეჟისორმა მოქმედების ადგილი შეცვალა და სამეგრელოში გადაიტანა, შესაბამისად, ჩვენი მთავარი გმირებიც: მარინა დარასელია (ეთერო) და ზურაბ ლაშხია (დისტრიბუტორი) ორგანულად თამაშობენ პერსონაჟებს.

ქალწულ, მარტოხელა ქალს, რომელიც მაღაზიაში ცხოვრობს, მთელი სპექტაკლის განმავლობაში თეთრი საღამური აცვია. თამთა მელაშვილის ეთეროს ცალკე აქვს სახლი, ხოლო რეჟისორმა ის მაღაზიაშივე დააბინავა - სწორი მიგნებაა, ქალის მთელი ცხოვრება, ფაქტობრივად, ის გარემოა, სადაც მუშაობს.

ამ სივრცის ცენტრალურ ნაწილში უნიტაზია მოთავსებული - ჩასარეცხია იმ ადამიანების მენტალობა, რომლებიც ეთეროს გარშემო ტრიალებენ. ღმერთთან საუბრისას, გმირი ყოველთვის ადის კიბეზე (ერთ-ერთ მოქმედი გმირი კიბის თავზე ჩამოიცმით ჯვარცმის იმიტაციას ქმნის). ასე, თითქოს, უახლოვდება მას და უფრო გასაგონი ხდება ვედრებაც.

მარინა დარასელია გრძნობს თავისი პერსონაჟის ტკივილს და დასახულ ამოცანას შეუდარებლად ართმევს თავს. რამდენიმე თამამ სცენასაც არ უშინდება, რაც მნიშვნელოვანია მსახიობის პროფესიისთვის. საკუთარ თავთან მსჯელობისას, გარდაისახება - მახსენდება ლარს ფონ ტრიერის ფილმი „ტალღების გადაკვეთა“ (Breaking the Waves), სადაც მთავარი პერსონაჟი ბესი (მსახიობი ემილი უოტსონი) მუდმივად ღმერთთან საუბრობს, მას ბევრი კითხვა აქვს, პასუხი კი არსად არის.

დისტრიბუტორის შემოსვლასთან ერთად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმის - თითქოს მეხი დაეცა ქალს და ამოატრიალა მისი მშვიდი ცხოვრება. მითოლოგიურად ჭექა-ქუხილი იდენტიფიცირდება ზევსთან. შუახნის ასაკის ქალისთვის, მოსაწყენ, უღიმღამო ყოფაში დისტრიბუტორის შეჭრა ღმერთის გამოჩენის ტოლფასია. მეხი და ელვა ასევე შეიძლება იყოს აღწერილი, როგორც ორი პლანეტარული კოსმოსური სხეულის მჭიდრო მიდგომის შედეგად წარმოქმნილი მოვლენა.

ზურაბ ლაშხიას პერსონაჟი მორიდებული, წესიერი კაცია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ჰყავს, პატარა ბიჭივით, თითქოს პირველად ეწვია სიყვარულიო - ეიფორიაშია და აჟიტირებულია.

მუსიკა, რომელიც სპექტაკლშია გამოყენებული, აღებულია ლარს ფონ ტრიერის ფილმიდან „ანტიქრისტე“ (კომპოზიტორი კრისტიან ედნეს ანდერსენი). მელოდიის გაჟღერებისთანავე, პარალელი, რა თქმა უნდა, ამ ფილმთან გავავლე, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იქ დატრიალებულ ტრაგედიასთან. თუმცა, თუ ვეცდებით, შეიძლება რაღაც საერთო გამოვუნახოთ. ტრიერთან დრამა იწყება როცა ცოლ-ქმარს უკვდება შვილი, თამთა მელაშვილთან კი - როცა ბავშვი ჩასახება, თუმცა რეჟისორი ფინალს ცვლის.

თეთრი ხალათი, თეთრი ატლასის ფარდა და წითელი ფერი, რომელიც წითელარშიებიან საცვლებზე ოცნებისას შემოდის სცენაზე - ეფექტურ კონტრასტს ქმნის. თეთრი ფერი ეჯახება წითელს და ავანსცენაზე იმართება კორიდა - წმინდა ფერი ებრძვის მიწიერს.

ამბავი შუახნის, მარტოხელა ქალის (ეთერო) ისტორიაზეა, რომელსაც 55 წლის ასაკში ეწვევა სიყვარული. რომანის ფინალი პასუხგაუცემელია, მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს, რას მოიმოქმედებს ეთერო - გააჩენს ბავშვს თუ არა? რეჟისორმა ეს პრობლემა მოგვიხსნა და სპექტაკლიც „ჰეფი ენდით“ დაასრულა, რითაც დაანგრია ქართველი გაუთხოვარი ქალის სტერეოტიპი, განსაკუთრებით კი, რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკური ფინალია და სწორი აქცენტიც გაკეთდა - ქვეყანაში, სადაც თვლიან, რომ ქალი 40 წლის შემდეგ ამთავრებს პირად ცხოვრებას, რომ სირცხვილია შეყვარება, სირცხვილია სექსი, სირცხვილია არშიებიანი, ლამაზი თეთრეულის ყიდვა - რას იტყვიან მეზობლები, როგორ გაუგებს მას საზოგადოება? მთავარი გმირი სულ ამ კითხვებშია, მუდმივ დიალოგში და პოლემიკაში საკუთარ თავთან.

ფინალი - კლინიკაში ყვავილებით მორთულ საკაცეზე წევს ქალი, სცენის სიღრმეში დაკიდებულ ეკრანზე კი ჩანს ემბრიონი. სიკვდილის მოლოდინში სიცოცხლე იბადება.

ღირდა ეთეროს განცდები ამ ყველაფრად?

ღირდა!

bottom of page