რა სამოსიც არ უნდა მეცვას ცხოვრებაში, მაინც შიშველი ვარ

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

FB_IMG_1633894752628.jpg

ნუცა კობაიძე

რა სამოსიც არ უნდა მეცვას ცხოვრებაში, მაინც შიშველი ვარ

ანდრეი ვირტო წერს: „ბრეხტი თავის თავს უწოდებდა ახალი დრამატული ფორმის აინშტეინს, რაც სრულებითაც არ არის გადაჭარბებული. ეპოქალურ თეორიას ეპიკური თეატრის შესახებ განვიხილავთ როგორც უმაღლესი ხარისხის ჭეშმარიტ გამოყენებად აღმოჩენას. ამ თეორიამ მოსპო ტრადიციული დიალოგები სცენაზე, რომელიც მიდიოდა მონოლოგის ან დისკურსის ფორმით. ბრეხტის თეორიამ გვაჩვენა, რომ გამოთქმები თეატრში ხდება ვერბალური და კინეტიკური ( ჟესტიკულაციის) ელემენტების თანაბარი შერწყმით, და სრულებითაც არ აქვს მკვეთრად ლიტერატურული ხასიათი.“ (ლემანი „პოსტდრამატული თეატრი“)

არტოს თეატრალური ნოვატორობა მდგომარეობს მის მისწრაფებაში აქციოს თეატრი მისტიკური გამოცდილების საკრალურ სივრცედ, გამოიწვიოს მსახიობისა და მაყურებლის სულიერი და ფიზიკური განახლება, მათი ფსიქო-ფიზიკური ორგანიზაციის რადიკალური ტრანსფორმაცია. მისი კონცეფცია „სუფთა თეატრისა“ ვარაუდობს წყალგამყოფი ხაზის ლიკვიდაციას მსახიობსა და პუბლიკას შორის, სიტყვასა და ჟესტს შორის, თეატრსა და ცხოვრებას შორის.

სწორედ ბრეხტი და არტო აღმოჩნდნენ ახალი სპექტაკლის შთაგონების წყარო. რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი დრამატურგ ვალერი ოთხოზორიასთან ერთად ცვლის „სეჩუანელ კეთილ ადამიანს“ და გვთავაზობს ტექსტის თავისებურ ინტერპრეტაციას - „ღმერთები“.

„მე ღმერთი ვარ“- ამ ფრაზას რეჟისორი ანაცვლებს სიტყვებით „შენ ხარ ღმერთი“ და მიმართავს მაყურებელს, რომელსაც მისი სურვილის მიუხედავად უკვე ღმერთის როლი მოარგო. თეთრ კვადრატულ კედელთან (რომელიც შემდეგ სცენად ტრანსფორმირდება) თითქოს ერთ ჩარჩოში მოქცეული, სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებული მსახიობები ირონიით იმეორებენ „შენ ხარ ღმერთი“. აგონიაში მყოფნი ერთმანეთში ურევენ სიტყვებს და ეს შეძახილი ნელ-ნელა ყეფაში გადადის. რეჟისორი, მისთვის უჩვეულო ფორმით, დგამს სპექტაკლს, რაც მიგვანიშნებს მუდმივ მუშაობას ახალი სტილის ძიებაზე. სიურრეალისტური იდეების გავლენა საგრძნობია - „დედის ცუილი, დედის სიკეთის სუნად ყარს“ - ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა შემდეგ ასოციაციებს გვიჩენს: 1. არტოსა და ჟაკობის თხზულება, რომელიც დაიდგა ალფრედ ჟარის თეატრში „დამწვარი სტომაქი ანუ შეშლილი დედა“ 2. არონის პროვოკაციული, დადაისტური ხასიათის პიესა „მრავალშვილიანი დედა“.

„გამარჯვება? - მე მას არ ვიცნობ. დამარცხება - რამდენიც გინდა!“ - დურგალი ლინ ტოს როლის შემსრულებელი ანიკო შურღაია, ფაქტობრივად, მთავარი გმირი, განზე მდგომი  აპროტესტებს სისტემას, მოცემულობით „კმაყოფილი“, დადუმებული ადამიანების უმოქმედობას, რასაც თვითონვე ეწირება (ეს უკვე ფინალში). იგი პარტერში მჯდომ საზოგადოებას ეკითხება მსახიობის დეფინიციას. ანიკო შურღაია მოღიმარი სახით ისე დაჟინებით მოითხოვს კითხვაზე პასუხს, რომ დიდი ფიქრის შემდეგ, გაუბედავად ერთ-ერთი მაყურებელი იწყებს ახსნას, თუმცა აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევს, სიტყვას აწყვეტინებს და გადადის პარტნიორთან იგივე კითხვით. ეს ერთგვარი თამაშია, აზარტი -რამდენად მოახერხებს მსახიობი პარტერში მჯდომი ადამიანის აყოლიებას, რომლის აზრიც არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ანიკომ დააჯეროს მაყურებელი გულწრფელ კითხვაში, რასაც შთამბეჭდავად ახერხებს. გივიკო ბარათაშვილის პერსონაჟი იწყებს და ამთავრებს  წარმოდგენას. მის მონოლოგშივე ვიგებთ რა დამოკიდებულება აქვს თავისი პროფესიის, (მსახიობობის) მიმართ, რომ ის ფაზლის ერთ პატარა ნაწილად გრძნობს თავს, რომლის გარეშეც ფორმა დასრულებული არ არის. სწორედ ის დგება მწკრივში, რის შემდეგაც იწყება წარმოდგენა და ისვე გადის მწკრივიდან სპექტაკლის დასასრულში. „სეჩუანელ კეთილ ადამიანში“ მას პედოფილი ბიზნესმენის როლი შეხვდა. თითქოს ცხენზე ამხედრებულაო დაჩაჩანაკებული მოხუცი, რომელიც თვალებსაც ვერ ახელს, მაგრამ მაინც იბრძვის შენ ტეს გულის მოსაგებად.

მსახიობები მოთელვის მიზნით ბავშვობას იხსენებენ და ეტიუდებს თამაშობენ. სუიციდას მეტსახელით გაშარჟებული გაგა არაბულის პერსონაჟი, რომელიც თვითგანადგურებისკენ ისწრაფვის, ეტიუდის დროსაც კი ვერ ახერხებს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას. მას სჭირდება შეძახილი და „გამხნევება“ იმისთვის, რომ გადახტეს და მოიკლას თავი. ისვე ირგებს მფრინავის როლს, შენ ტე რომ არ აძლევს სიცოცხლის დასრულების უფლებას. გაგას გმირი ვერც წარსულში, ვერც ეტიუდში და ვერც სპექტაკლში ახერხებს სუიციდს.

„არ დაგავიწყდეს: მე ვთამაშობ, სცენაზე ვარ; თავს ღმერთად ვგრძნობ. ღმერთი ვარ ჩემი ღირებულებებით, ნიჭით და არსით“ (ვალერი ოთხოზორია „ღმერთები“). მთელი წარმოდგენა მსახიობის და ზოგადად თეატრის დანიშნულების არსის გაგებაა, რის ამოხსნასაც მსახიობებთან ერთად ცდილობს მაყურებელიც. ამ კითხვაზე პასუხი კი ხორუმის ფონზე კულმინაციას აღწევს და სიკვდილით მთავრდება. მორჩა, გაიხსნა კვანძი, ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმში ჯდება, არაფერი იცვლება, ცვლილების მცდელობა ლიკვიდირებულია.

კაბუკის თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ყველამ ვიცით - სცენაზე დგანან მხოლოდ კაცები, რომლებიც ასრულებენ ქალების როლსაც. რეჟისორი ამ ხერხს ნაწილობრივ მიმართავს, თუმცა შემოჰყავს ორი მსახიობი ქალბატონიც - ანიკო შურღაია და მარიამ ბალახაძე. ისინი მამრობით სქესს ასახიერებენ ან სულაც უსქესონი არიან. მათი ამოცანა გაცილებით რთულია: თამაშობენ ბავშვობის ტრავმას. ამ დროს მთელი პარტერი ორიენტირებულია მიზანსცენაზე, სადაც გოგოები ტექსტის გარეშე, პლასტიკით დიდ ტრაგედიას განგვაცდევინებენ. კაბა, რომელიც ბავშვობიდან გაუპატიურების სიმბოლოდ იქცა და სარკე, რამაც დაამახინჯა ფსიქიკა, გადმოცემულია ცეკვის მედიტაციით, ბგერების გამოცემით იატაკზე რიტმული დარტყმის ფონზე და განწირული ყვირილით. პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობის გამოხატვის ეს ფორმა ემოციური და შემზარავია, რამაც გლოვის ასოციაცია გააჩინა.

მარიამ ბალახაძე, რომელსაც უწევს რამდენიმე პერსონაჟის შესრულება, მნიშვნელოვანია ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეს. მათხოვარი, რვა სულიანი ოჯახი, პოლიციელი, სპეცრაზმელი - პატარა, სუსტი გოგო ძალიან მოქნილად ახერხებს ამ გარდასახვებს. მსახიობი თავისუფლად ფლობს სხეულს (რაც სამწუხაროდ იშვიათია). რეჟისორს სწორად აქვს გათვლილი მარიამის შესაძლებლობა და ანდობს თითეოული გმირის ემოციას.

„მე ღმერთი ვარ და მიუხედავად ყველაფრისა სიკეთეს დავეძებ“ - თუ ბრეხტის პიესაში სამი ღმერთია, ინსცენირებულ ვერსიაში დრამატურგი ყველა პერსონაჟს აძლევს ღმერთად ყოფნის უფლებას - „არ დაგავიწყდეს: მე ვთამაშობ, სცენაზე ვარ; თავს ღმერთად ვგრძნობ. ღმერთი ვარ ჩემი ღირებულებებით, ნიჭით და არსით“. თუმცა უშუალოდ სამი ღმერთის როლს ირგებს ძროხა - წარმოდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი, მარჩენალი ცხოველი, რძის პროდუქტის მუდმივი წყარო, რომელიც გათამაშებული წარმოდგენის ბოლოს ღრუბლებზე შემდგარი იჭრება ცაში, როგორც ბრეხტთან სამი ღმერთი. ამ ბრძენ, კომიკურ პერსონაჟს ლადო ვაშაკიძე ასახიერებს. ის იწყებს სპექტაკლის II, ძირითად ნაწილს - თეატრი თეატრში. იაპონური მუსიკის ჰანგები; განათება, რაც პროტაგონისტის ჩრდილს გაორებულად გამოსახავს; თეთრი ფიცარნაგი; გარშემო შემომსხდარი, თავის რიგს მომლოდინე მსახიობები სევდიან, მხიარულ, ირონიულ სამყაროს შლიან ჩვენს თვალწინ. სადა, მარტივი გადაწყვეტა - არაფერი სცენაზე თეთრი კვადრატის გარდა. ფეხშიშველი, თეთრ სამოსში გამოწყობილი მსახიობები წმინდანებივით გვევლინებიან. დრო და სივრცე გამქრალია. წარსული, აწმყო და მომავალი ერთადაა თავმოყრილი - „არ ვარსებობ. მე როლი ვარ. ალგორითმი. ხელოვნური ინტელექტი ვარ. ყველგან მყოფი და არსად არ ვარ“.

წესრიგის მოყვარული მოხუცი მეძავის როლს ასახიერებს გიორგი მაქაძე. უკან გაბზეკილი, მუხლებში და წელში მოხრილი, ზანტად და მანერულად მოძრავი მსახიობი, ამ ასაკისა და „პროფესიისთვის“ დამახასიათებელი ხმის ტემბრით კომიკურად თამაშობს სნობი, მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალბატონს. მისთვის აუტანელია ძროხის არსებობა ქალაქში, თუმცა მის პროდუქტს კარგად გეახლებათ.

„როცა გული მერევა, ღმერთს ვაღებინებ“ - ვანგი (კონსტანტინე ეჯიბაშვილი), მეთულუხე, რომელიც აღარავის სჭირდება, წყალი კოკა-კოლამ ჩაანაცვლა, ეს არის ჭარბი წარმოებისა და ჭარბი მოხმარების კაპიტალიზმი - „ყველა კოკა-კოლას სვამს, რომელიც კომპანიისაა და არა ჩემი“. ის აანალიზებს თორნიკე კაკულიას პერსონაჟს, მისთვის შუი ტა (შენ ტეს გამოგონილი ბიძაშვილი, რომელსაც შენ ტევე ასახიერებს) შენ ტეს ალტერ-ეგოა, „როგორც კლარკ კენტისათვის - სუპერმენი“. ვანგისთვის ფსიქოლოგიურ პრობლემასთან არის დაკავშირებული გაორება, რაც გამოგონილ ცხოვრებას აწყებინებს ადამიანს. ფილოსოფიაში გადავარდნილი ვანგი გვესაუბრება ჟილ დელეზიზე და ფელიქს გვატარზე, მექანიკურ ცხოვრებაზე, გამეფებულ კაპიტალიზმსა და შიზოფრენიაზე, მანქანად ქცეულ ადამიანებზე თუ ორგანოებზე.

მთავრდება სპექტაკლი სპექტაკლში, იწყება III ნაწილი - „ხორუმი“, ცეკვისა და მუსიკის ფონზე მიკროფონთან მდგარი ლადო ვაშაკიძე მაყურებელს უხსნის თეატრის არსს და მსახიობებს შეძახილებით ამხნევებს. დარბაზში აღტაცებული მაყურებელი ჰყვება ემოციას, რაც უფრო ხმამაღლა მოგვიწოდებს პროტაგონისტი, უკუკავშირიც უფრო მძაფრია. და აი IV ნაწილიც - ფინალი! ბრბოს შეწირული მეამბოხე (ანიკო შურღაია), რომელიც იბრძვის ცვლილებისთვის პროტესტის ნიშნად ტორტს ანარცხებს ძირს, ოლიმპიური ჩირაღდანივით რომ გადადიოდა ხელიდან ხელში სპექტაკლის დასრულების აღსანიშნავად - „ჩემი ცხოვრება იხარჯება აქ, ამ მიწაზე, შედეგი ნული, საბოლოოდ და თავიდანვეც, ილუზიები უძლურია, მე მათზე ბევრად ჭკვიანი ვარ [...] რა სამოსიც არ უნდა მეცვას ცხოვრებაში მაინც შიშველი ვარ...“ - თეთრ კედელზე მოცურავს ვარდისფერი ტორტი მკვდარი ღმერთისკენ.

ბრეხტი, არტო - აბსურდის თეატრი - საკონტინენტთაშორისო იდიომა თანამედროვე დრამაში, სადაც წამყვანი მსახიობი განიხილება, როგორც მხოლოდ ერთი სამუშაო ღილაკი თეატრის საკომუნიკაციო მანქანაში.