top of page

ღმერთი შენ ხარ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

3e0bbb92-c389-43e6-b1fc-8b639185fc3c.jpeg

27.12.2025

ნუცა კობაიძე

ღმერთი შენ ხარ

 

მარჯანიშვილის თეატრი

ფრიდრიხ შილერი
"ყაჩაღები"


პიესის ადაპტაცია - მანანა ანთაძე

რეჟისორი - საბა ასლამაზიშვილი 

ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე

მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი

კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი

     

მონაწილეობენ:

მოხუცი მოორი - ვალერი კორშია; კარლ მოორი - პაატა ინაური; ფრანც მოორი - შაკო მირიანაშვილი; ამალია - ანუკა გრიგოლია; შპილბერგი - ბაჩო ჩაჩიბაია; რაცმანი - ჯაბა კილაძე; გრიმი - ირაკლი ჩხიკვაძე; როლერი - როლანდ ოქროპირიძე; შვარცი - ნოდარ ძოწენიძე

 

პერსონაჟის ხასიათს და მდგომარეობას გარემოება განაპირობებს,

ის ვერ იქნება უბრალოდ ბოროტი ან კეთილი ...

თეატრმცოდნეობის კვლევის მთავარი საგანი სპექტაკლია (და არა პიესა) - სცენაზე შექმნილი მხატვრული მთლიანობა, საკუთარი ენით და კომუნიკაციის ფორმებით. დრამატურგიული ტექსტი პირველწყაროა, ხოლო თეატრალური ნაწარმოები სწორედ მაშინ იძენს თავის ნამდვილ ფორმას, როცა ის სცენაზე ცოცხლდება. ამიტომაც, თანამედროვე ანალიზში პრიორიტეტული არა დრამატურგიის ლიტერატურულ-სტრუქტურული შეფასებაა, არამედ -სპექტაკლის, რომლის სპეციფიკური სამეტყველო  ენა ცოცხალი სასცენო ქმედებაა. აქედან გამომდინარე, „ყაჩაღების“ შეფასებაც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იქცა შილერის ტექსტი რეჟისორის სცენურ ინტერპრეტაციად და არა პიესის ილუსტრირებად.

საბა ასლამაზიშვილი „ყაჩაღებში“ უარს ამბობს დეკორაციით გადატვირთულ სცენაზე და აქცენტს აკეთებს რეჟისურასა და სამსახიობო ოსტატობაზე. ცარიელი სივრცე და შემდეგ უკვე რკინის კონსტრუქციის ცივი მასა, რომელიც იქცევა დრამატურგიულ არქიტექტურად, ქმნის დაძაბულ ატმოსფეროს. ავანსცენის ორმო, სადაც ფრანცი სპექტაკლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩადის, უბრალოდ სცენური დეტალი კი არა - ჯოჯოხეთის მეტაფორაა. ამ სიმბოლური უფსკრულიდან პერსონაჟის წარმოთქმული სიძულვილით გაჟღენთილი მონოლოგები თითქოს ქვესკნელიდან ამოდის - „[...](ჯოჯოხეთი ცარიელია) ყველა ეშმაკი აქ არის“ (გვახსენდება საბას დადგმული „ქარიშხალი“ ფოთის თეატრში). აქ იკვეთება რეჟისორის მთავარი აქცენტი: დრამატურგია მეორე პლანზე გადადის, ხოლო სცენური ქმედება - სიბნელისა და სინათლის, შიშისა და ძალაუფლების მუდმივი ჯახი - ხდება სპექტაკლის ძირითადი გამომსახველი ენა.

სპექტაკლში სამი სხვადასხვა ფორმის სუიციდი გვევლინება: 

  1. - „არ მაქვს უფლება სამყაროს ვუთხრა საყვედური?“

სპექტაკლში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანცის თვითმკვლელობის მიზანსცენაა: ადამიანური ტრაგედიის ბოლო, უკიდურესი არჩევანი - საკუთარი თავის სრული უარყოფა. ერთ პატარა სკამზე მდგარი სუიციდის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, თუმცა ყველა „ლეგიტიმური“ სიკვდილის საშუალებას უარყოფს (ძირს ისვრის: ცეცხლსასროლ იარაღს, დანას, წამლებით სავსე ყუთს), თითქოს წამით გვატყუებს, რომ გადარჩენა შეიძლება (ისევე როგორც შვარცი. ამაზე ცოტა მოგვიანებით). ეს უარყოფა შემთხვევითი არ არის: ყველა ის ნივთი, როგორც ძალადობის და თვითგანადგურების „ტრადიციული“ ინსტრუმენტი, ფრანცისთვის საკმარისი აღარ არის. - საბოლოოდ, ირჩევს ყველაზე უჩვეულო და შემზარავ გზას: იხსნის ფეხსაცმლის თასმას, ყოველდღიურ, არაფრით გამორჩეულ ნივთს, და სწორედ მისი საშუალებით იკეთებს მარყუჟს ყელზე. თასმა, რომელიც საერთოდ არ უნდა ასოცირდებოდეს ტრაგედიასთან, ხდება სასიკვდილო იარაღი.

„მე რატომ არ ვარ საყვარელი, ძვირფასი შვილი?“ -  ეს კითხვა მისი ყველა ქმედების ფარულ მოტივად რჩება. პერსონაჟის ხასიათს და მდგომარეობას გარემოება განაპირობებს, ის ვერ იქნება უბრალოდ ბოროტი ან კეთილი. სწორედ ასეა ფრანცის შემთხვევაშიც, ის ოჯახური უთანასწორობის მსხვერპლია. მამისგან მიღებულ უყურადღებობას და სიყვარულის დეფიციტს, განცდას, რომ მუდამ მეორეა, არასასურველი - მიჰყავს გაბოროტებამდე. „ყველა უყვარდა ჩემს გარდა“ - ამ ფრაზით ინუგეშებს თავს როცა მამას კლავს, თუმცა ვერ ფარავს შინაგან ტრაგიზმს, რასაც მსახიობის (შაკო მირიანაშვილი) ოსტატობით ვხვდებით. მამის მკვლელობის შემდეგ მისი ნივთების მორგება - პიჯაკის ჩაცმა, ძალაუფლების გარეგანი ატრიბუტების საკუთარ სხეულზე გადატანა - მცდელობაა, დაიკავოს ადგილი, რომელიც არასდროს ღირსებია. ამით ფრანცი გათავისუფლების ნაცვლად კიდევ უფრო ღრმად ექცევა მამის ჩრდილში.

პერსონაჟი უარს ამბოს ლოცვაზე, მაგრამ თან ისტერიკულად იმეორებს - „ღმერთო შენ მიშველე“ - შიში და მარტოობა სხეულს აიძულებს, კვლავ იმ ძალას მიმართოს, რომლის არსებობასაც თავადვე უარყოფს და ჩვენ ვხედავთ ბავშვობის ტრავმებით დამძიმებულ ადამიანს, რომელიც ბოლო წამამდე ვერ წყვეტს კავშირს ვერც მამასთან, ვერც ღმერთთან და ვერც იმ სიყვარულთან, რომლის არქონამაც საბოლოოდ მოარღვია მისი ფსიქიკა.

​2  - შვარცის სუიციდი სპექტაკლში მეორე, თუმცა შინაარსობრივად არანაკლებ მნიშვნელოვანი ეპიზოდია. ეს არის სცენა, თუ როგორ იქცევა ტრაგედია სანახაობად. აქ სიკვდილი კარგავს დრამატულობას. ის თითქოს არაფერია და შეიძლება გართობადაც კი იქცეს. პარადოქსია, თუმცა სწორედ ამ გაუფასურებით სიკვდილი კიდევ უფრო შემზარავი ხდება. შვარცის თვითმკვლელობას დანარჩენი ყაჩაღები, როგორც წარმოდგენას, პარტერიდან ხალისით უყურებენ. ეს რეჟისორული გადაადგილება - მოქმედი პერსონაჟების დარბაზში დასმა - ძალადობას კოლექტიურ აქტად აქცევს და ხაზს უსვამს იმ გარემოს, სადაც სხვისი სიცოცხლე ფასს კარგავს, ხოლო თანაგრძნობა - მნიშვნელობას.

მაყურებელს წამით უჩნდება განცდა (ისევე როგორც ფრანცის შემთხვევაში), რომ პერსონაჟი გადარჩება, როცა იარაღს დაბლა აგდებს და ტყვიას დარბაზში ისვრის. ამ ჟესტით მოქმედება სცენიდან დარბაზში გადადის და თითქოს პერსონაჟიც მაყურებლისკენ გადაისვრის პასუხისმგებლობას - აჰა უყურეთ სეირს... ამ სატყუარაზე გადართულ მაყურებელს მოულოდნელი და შემზარავი აქტის გამო სუნთქვა ეკვრის. შვარცი ჯიბიდან იღებს დანას და იჭრის ყელს, მან ხომ დანაპირები ვერ შეასრულა - „ვფიცავ, ან მასთან ერთად დავბრუნდები ან ცოცხალს ვეღარ მიხილავ“.

3. კარლის „სუიციდი“ სრულიად სხვა რეგისტრშია შესრულებული - „სუიციდი სხვისი სხეულით“. ამალიას მოკვლა არ არის იმპულსური, ის გამიზნულია, და სწორედ ამიტომაც არის სიმბოლურად ყველაზე მძიმე. თვითგანადგურების რიტუალი სხვისი სხეულით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში ერთ-ერთი ყველაზე პოეტურ-რომანტიკული და ამავდროულად ყველაზე სასტიკი ეპიზოდია. ჩაბნელებული დარბაზის ბაც განათებაში ვხედავთ ორ სილუეტს - ამალია და კარლი, რომლებიც ყოველი გადარჩენილი გასროლის შემდეგ ერთმანეთს ეხვევიან და კოცნით აღნიშნავენ სიცოცხლის კიდევ ერთ წამს. ისინი თამაშობენ გარდაუვალ ტრაგიკულ დასასრულს - სიკვდილს. შემთხვევითობას აძლევენ უფლებას გადაწყვიტოს მათი ბედი. მაყურებელი ჩურჩულით განიხილავს თუ ვინ გადაურჩება ტყვიას, როცა წარმოუდგენელი სცენის მომსწრე ხდება - კარლი ჯიბიდან იღებს იარაღს და კლავს ამალიას, არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად. ამ ქმედებით ის ანადგურებს სიცოცხლესთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდს. კლავს ადამიანს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი იყო. ეს ერთგვარი სუიციდია სხვისი სხეულით. „დროთა კავშირი დარღვეულია! ქაოსი გამეფდა...“

ამ სამი სუიციდის ერთობლიობა ქმნის სპექტაკლის სიმბოლურ ღერძს — სიკვდილი, საბოლოოდ ერთადერთი საშუალებაა,  რომლის მეშვეობითაც პერსონაჟები ამბობენ საკუთარ სიმართლეს. ისინი ვეღარ პოულობენ დიალოგის ენას სამყაროსთან. საზოგადოება, სადაც სიყვარული და თანაგრძნობა უგულებელყოფილია ადამიანს მხოლოდ თვითგანადგურებისკენ უბიძგებს. „ღმერთი აღარ არსებობს... ღმერთი მოკვდა... ღმერთი შენ ხარ…“

სპექტაკლში შექსპირის არაერთი ციტირება გვხვდება. ყველაზე მკაფიო მაგალითი ფრანცის სცენებია: „ყველა ეშმაკი აქ არის...“(რაც უკვე აღვნიშნეთ); და როცა ის ბრმად შლის წიგნს და მიმართავს ამალიას - „მონასტერში წადი!“. ამოკითხული სიტყვები შემთხვევითი რეპლიკები არ არის. წიგნი იმ უხილავ ინსტრუმენტად იქცევა, რომელიც პერსონაჟების ბედს მართავს. აქვე გავიხსენოთ შვარცის კითხვა, როცა კარლთან შეუსრულებელი პირობით ბრუნდება - „ახლა რა ვქნა?“. კარლი გადაფურცლავს წიგნს, ბრმად დაადებს ფურცელს თითს და ამოიკითხავს - „შვარცი იკლავს თავს“. ამით რეჟისორი ხაზს უსვამს, რომ სიტყვის ძალა თავად პერსონაჟის ნებაზე მეტია. მანანა ანთაძე ტექსტის საინტერესო ადაპტაციას გვთავაზობს - შექსპირის სიტყვები შილერის ტრაგედიაში ახალ ფუნქციებს იღებს.

მთელი ჩემი მიმოხილვა რეჟისურას დაეთმო, მაგრამ არ შეიძლება ორი სიტყვით მაინც არ აღინიშნოს მუსიკალური (კოტე ეჯიბაშვილი), მხატვრული (გიორგი უსტიაშვილი) და ქორეოგრაფიული (კოტე ფურცელაძე) გაფორმება, რომელიც ემოციურად კრავს წარმოდგენას. და რაც მთავარია ფრანცის, კარლის და ამალიას როლის შემსრულებელი მსახიობების ნამუშევარი. რომ არა ისინი, სპექტაკლი, რომელიც ფაქტობრივად ცარიელ სცენაზე თამაშდება, ასეთი შთამბეჭდავი ვერ იქნებოდა. რომ არა ანუკა გრიგოლიას გმირის ვნება და სიყვარული პაატა ინაურის გმირის მიმართ, მათი პირველი შეხვედრა და ფინალური სცენა, პაატა ინაურის და შაკო მირიანაშვილის გმირების ემოციური ჯახი და ზოგადად თითოეული სცენა - ეს წარმოდგენა ამხელა რეზონანსს ვერ გამოიწვევდა. 

ეს არის სპექტაკლი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია თანამედროვე ქართულ თეატრში. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კლასიკური ტექსტის ძალიან საინტერესო ფორმით გაცოცხლება/გარდაქმნა.

 

კარლი: ნეტავ ისევ ბავშვად ვიქცე…

სამყარო მშვენიერია…

მე ვინ ვარ? - საზიზღარი ურჩხული!

bottom of page