
ღმერთო, კეთილად დააბოლოვე ჩვენი მგზავრობა...

09.11.2026
ლელა ოჩიაური
ღმერთო, კეთილად დააბოლოვე ჩვენი მგზავრობა...
დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ქართულ (და არა მხოლოდ) თეატრში ბევრჯერ დაუდგამთ (ბოლო წლებშიც არა ერთხელ) და ყოველ ჯერზე არსებობს ყურადღება, მოლოდინი და ინტერესი. მაგრამ ამ შემთხვევაში, მოლოდინი, ინტერესი და ყურადღება კიდევ უფრო დიდი და ძლიერი იყო, რასაც საფუძველიც განსაკუთრებული ჰქონდა - „დარისპანის გასაჭირში“, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წარმოადგინეს, არც მეტ არც ნაკლები მსჯავრდებულები მონაწილეობდნენ, №16 პენიტენციური დაწესებულებიდან - 13 მსჯავრდებული და მათ პარტნიორობას 6 პროფესიონალი მსახიობი უწევდა.
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებული ეს პროექტი „ხელოვნება ბარიერს მიღმა“, მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა ნელი ბადალაშვილმა შეიმუშავა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წარუდგინა. პროექტი გულისხმობდა, კაცთა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლის დადგმას. დადგმა პროექტის ავტორმა მსჯავრდებულ რეჟისორსა და მსახიობ გოჩა ხვიჩიას შესთავაზა, მან დასადგმელად, „დარისპანის გასაჭირი“ აირჩია.
სპექტაკლის ინსცენირების ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი, ქორეოგრაფი და რეჟისორი გოჩა ხვიჩიაა. სპექტაკლში მონაწილეები უშუალოდ იყვნენ ჩართული სპექტაკლის შექმნის ყველა ეტაპზე, რეკვიზიტის, დეკორაციის დამზადება, მუსიკალური ნომრების შერჩევასა თუ პერსონაჟების ხასიათების გამოძერწვა.
გოჩა ხვიჩიას „გისოსებს აქეთ“, ძალიან წარმატებული მსახიობისა და რეჟისორის ბიოგრფია აქვს. არაერთგზის პრემირებული, როგორც მსახიობი და რეჟისორი, დღეს თავის პროფესიას არ ივიწყებს და მასავით პატიმრობაში მყოფ ადამიანებს უზიარებს.
სხვათა შორის „დარისპანის გასაჭირი“, პენიტენციურ დაწესებულებაში, ნელი ბადალაშვილისა და გოჩა ხვიჩიას პირველი ერთობლივი ნამუშევარი არაა. ორი წლის წინათ, მათ იგივე სივრცეში იმუშავეს და ასევე მარჯანიშვილის თეატრში, დიდ წარმატებთ წარმოადგინეს „ლამანჩელი“, მუსიკალური, ასევე, „შერეული“ სპექტაკლი -მსჯავრდებულებისა და პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით.
ზოგჯერ ხდება, რომ ამა თუ იმ სპექტაკლში, მოქმედ პირებს „გამოაკლებენ“ ხოლმე, გოჩა ხვიჩიამ პირიქით, მათი რაოდენობა და როლები, საკუთარი ინსცენირებისა და მოქმედების ეპიზოდების ჩართულობის მიხედვით, დაამატა (არ გამოვრიცხავ, რომ სპექტაკლში მონაწილეობის მსურველების რაოდენობიდან გამომდინარეც) და ამ დამატებამ, ყველა თვალსაზრისით, გაამართლა.
მონაწილეობენ: დარისპან ქარსიძე - მირზა ლიპარტელიანი, კაროჟნა, დარისპანის ქალიშვილი - ნინო ნაჩხატაშვილი, ონისიმე მათარაძე - კახა გორდელაძე, ოსიკო ხარებაძე - მიხეილ კალანდია, მართა ქვიტირიძისა - ნანა ხურითი, პელაგია საბელაშვილისა - ნელი ბადალაშვილი, ნატალია - პელაგიას ქალიშვილი - თამთა პატაშური, მომღერალი ქალი მანონი - ნათია რობიტაშვილი, სტუმარი - მანანა თოდაძე; ბენდის წევრები - თეიმურაზ ლოლაძე, გიორგი ჯიმშიაშვილი, თამაზ მთვარელიძე, არჩილ გულისაშვილი, გიორგი ადეიშვილი, შოთა დვალიშვილი, დავით ლომიძე; დაცვის წევრები - ჰაკობ საჰეკიანი, ლევან ხაჩატუროვი, ლუხუმ ნეკრესელაშვილი.
უნდა ითქვას, რომ არაპროფესიონალმა მსახიობებმა, დიდი თუ პატარა როლების შესრულებისას, საკუთარი უნარები გამოიყენეს, დრამატული თუ კომედიური არტისტული მონაცემები, ცეკვის, სიმღერის, დაკვრის ნიჭი. და ეს ყველაფერო ორგანულად მოერგო ინსცენირების ამ ვერსიას.
უნდა ესეც ითქვას, რომ პროფესიონალმა მსახიობებმა, სხვა სპექტაკლებში შექმნილი სახეებისგან განსხვავებული, ახალი შტრიხებით გაამდიდრეს თავიანთი პერსონაჟები.
„დარისპანის გასაჭირი“ ექსცენტრიკული, სიტუაციური კომედიაა, რომელიც მდიდარია მუსიკალური თემებით, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით, ქმედითი და მოხდენილი სცენებითა და ასეთივე სამსახიობო, მაღალი კლასის შესრულებით.
გოჩა ხვიჩიას ჩანაფიქრით, მოქმედება რამდენიმე პარალელურ სივრცეში ვითარდება - მართას სახლში, ხმისჩამწერი სტუდიის შემინულ სათავსოში. და დრო შეცვლილია. სხვა დროა და ცხოვრების სხვა პირობებია, ვიდრე კლდიაშვილთან.
გოჩა ხვიჩიას „დარისპანის გასაჭირში“ მოქმედება დღეს ხდება. თანამედროვე საქართველოში. თუმცა, მაინც არაფერის შეცვლილი. სოციალური მდგომარეობა და ოჯახების გასაჭირი, ისეთივეა, როგორც XIX საუკუნეში. არც ადამიანები შეცვლილან.
კედელს მანათობელი წარწერა Marta Records ამშვენებს, მართას ახალი პროფესია და ცხოვრების წესი აქვს. პელაგია მისი დამხმარე „პერსონალია“, ოსიკო დაცვით დადის და ხუჭუჭა პარიკს ატარებს, მხოლოდ მეტყველება უჭირს და დუმილს ამჯობინებს; დარისპანს ყაბალახი კი აქვს, მაგრამ ისიც სხვა საუკუნის ადამიანია, თანამედროვე. მართა, პელაგია, დარისპანი, ონისიმე - ცოცხალი, ექსპრესიული, აქტიური ადამიანები არიან, ძლიერი ენერგეტიკითა. ნატალია და კაროჟნა - გარემოებებისა და საზოგადოებრივი პრობლემების მსხვერპლად რჩებიან, მაგრამ სწორედ მათი წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობაა მთავარი და გარდამტეხი, მოვლენების მსვლელობის, სამყაროს შესაცვლელად.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სპექტაკლები იმ ადამიანების მონაწილეობთ იქმნება, რომლებსაც თავისუფლება აღკვეთილი აქვთ და მათ, თეატრთან სიღმისეული ურთიერთობით, თავისუფლების სხვა შეგრძნება შეუძლიათ მიიღონ, საბოლოო თავისუფლების მიღებამდე.
ნელი ბადალაშვილის მშვენიერმა ინიციატივამ და მონდომებამ ამჯერადაც გაამართლა. და ყოველგვარი შეღავათის გარეშე, არაპროფესიონალი მონაწილეების ნამუშევრის ხარისხთან. ამ შთაბეჭდილებითა და გრძნობით ტოვებდა მარჯანიშვილის თეატრს მაყურებელი.
სპექტაკლს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პენიტენციური დაწესებულების გენერალური დირექტორი რამაზ თათარაშვილი, მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა რანგის მოხელეები, სასულიერო პირები, რიგითი მოქალაქეები და, რაც მთავარია, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები (რა თქმა უნდა, ყველაზე ბედნიერი და გახარებული მაყურებელი) დაესწრნენ.
სპექტაკლის ფინალში მაყურებელს სურპრიზი ელოდა. მართას ოჯახსა თუ სტუდიას მოულოდნელად ახალი სტუმარი (ახალი პერსონაჟი) - მომღერალი მანანა თოდაძე ეწვია და ოსიკოსთან თვით მანაც „სცადა ბედი“. მომღერალი აქტიურადაა ჩართული მოქმედებაში, მღერის, ცეკვავს და როგორც მსახიობი წარმატებით ასრულებს როლს (თუმცა, მისი არტისტიზმი არავის გაკვირვებია, ვისაც მიუზიკლებში უნახავს).
ბოლოს, სცენაზე სპექტაკლის რეჟისორი გოჩა ხვიჩია გამოჩნდა და სპექტაკლის სხვა მონაწილეებთან ერთად, სიმღერა შეასრულა, პატიმრების შესახებ.
ყველაფერი არც ამით დასრულებულა. სპექტაკლის შემდეგ, სპექტაკლის მონაწილეებს ეპისკოპოსმა მიქაელმა მიმართა. მათ, საქართველოს საპატრიარქოსგან ჯვრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ეს ლოცვა-კურთხევა და ხელმოწერილი სიგელები გადაეცათ.ასეთი ფინალიც თითქოს სპექტაკლის გაგრძელება იყო.
ოჯახის წევრები დარბაზიდან ესალმებოდნენ სცენაზე მყოფებს, მსახიობები - სცენიდან უგზავნიდნენ „მოკითხვას“ თავიანთ ოჯახებს. მხიარული, თან სევდიანი საღამო იყო. ნამდვილად „კლდიაშვილისეული“. ღმერთო, მალე და მშვიდობით დააბოლოვე მათი მგზავრობა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე...
ფოტო - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გვერდიდან