
გამოუქ ვეყნებელი ინტერვიუ გოგი გეგეჭკორთან

19.12.2025
მაია ნიკოლაშვილი
გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გოგი გეგეჭკორთან
მსახიობ გოგი გეგეჭკორს კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. დაიბადა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, პედაგოგ თამარ გელოვანისა და პოეტ ლადო გეგეჭკორის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამსახიობო ფაკულტეტზე. იმდროინდელი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრის მსახიობია. სცენაზე განასახიერა ასზე მეტი როლი. ასევე შექმნილი აქვს კინო სახეებიც. მაყურებელი მას კარგად იცნობს სატელევიზიო სპექტაკლებიდანაც.
ბავშვობიდანვე გადაწყვიტეთ, თუ რამე შემთხვევამ გიბიძგათ გამხდარიყავით მსახიობი?
ბავშვობიდან. ვსწავლობდი მე-14 საშუალო სკოლაში, სადაც იყო სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარო ყიფიანი. ჯერ კიდევ მე-4 კლასში ვიყავი, როდესაც დაიდგა წარმოდგენა პედაგოგ ნ.ბოცვაძის ხელმძღვანელობით, გავითამაშეთ მოთხრობა „პირველყოფილი ადამიანის თავგადასავალი“. იმ დროისთვის მამაჩემი მუშაობდა განათლების კომისარიატში. ასე რომ თეატრში მამას ძალიან ხშირად დავყავდი. ჩემი ძმაც მსახიობი იყო და მისი მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან. მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის, რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრების ხშირი სტუმარი ვიყავი. „ანზორი“, „ყაჩაღები“, „რღვევა“ - რუსთაველის თეატრში, „ურიელ აკოსტა“, „მზის დაბნელება საქართველოში“ - მარჯანიშვილის თეატრში. ეს წარმოდგენები ჩემთვის იყო დღესასწაული. ალბათ ამ დადგმებმაც იქონია ჩემზე ზეგავლენა. ერთი სიტყვით, აი, ასეთ გარემოცვაში ვიზრდებოდი. ყოველივე ამან განაპირობა ჩემი მსახიობობა.
ვისთან გაიარეთ პირველი თეატრალური სკოლა?
მე ბედმა გამიღიმა, რომ შესანიშნავი პედაგოგები შემხვდნენ. მსახიობის ოსტატობას მასწავლიდნენ დოდო ალექსიძე და გიორგი ტოსტონოგოვი. თეატრალურ ინსტიტუტში იყვნენ საუკეთესო პედაგოგები: ქ-ნი მალიკო მრევლიშვილი, აკაკი ფაღავა, გიორგი ახვლედიანი... რომელი ერთი ჩამოვთვალო, საოცარი ატმოსფერო იყო. ასეთი დიდებული სკოლა გავიარე მე.
რომელ როლში შედგა გოგი გეგეჭკორის, როგორც მსახიობის დებიუტი?
ამ მხრივ მე ძალიან ბედნიერი ვარ. დ.ალექსიძესთან და გ.ტოსტონოგოვთან ვითამაშე წამყვანი როლები. მაგ: ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავეები“ (არის ასეთი გენიალური პიესა) მე ვთამაშობდი მთავარ როლს - ეს იყო ნაწყვეტი. ასეთ რეპერტუარზე ვიზრდებოდი. იყო სხვადასხვა პიესა, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
როლის გასხნის პროცესში რას აქვს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა?
როლს გააჩნია. მაგალითად, თუ მე ვთამაშობ ტიგრან გულოიანს (ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) თბილისში ბევრი შემხვედრია ტიგრანასნაირი. ის ძველი თბილისელი ქურდია. ასეთი ადამიანის ხასიათის შესასწავლად ლიტერატურის გაცნობა არ არის საჭირო, მაგრამ როდესაც თამაშობ შექსპირს იქ უკვე გჭირდება. ვთქვათ გადახედავ შექსპიროლოგების აზრს. ავტორს უნდა იცნობდე. კლდიაშვილს ხომ ვერ ითამაშებ, როგორც ილიას ნაწარმოებს. მსახიობმა უნდა იცოდეს, რომ ეს ილიას ნაწარმოებია და არა კლდიაშვილის.
გქონიათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე ვერ ჩაწვიდთ თქვენი გმირის ხასიათს და რას განიცდიდით ასეთ შემთხვევაში?
იყო ასეთი როლები. საერთოდ როგორც მშობიარობას ელოდები, ისე ელოდები როლის დაბადებას. არ გამომივიდა ჰამლეტი. არ მქონდა ზუსტი მიგნება. რა აწუხებს ჰამლეტს, მისი პრობლემა გაუგებარი იყო. ვერ ვითამაშე, ვერ დავძლიე.
პიესის პირველივე წაკითხვისთანავე ხედავთ თქვენს პერსონაჟს, თუ განსხვავდება დასრულებულ სცენურ სახესთან?
რა თქმა უნდა, განსხვავდება. საერთოდ, ზოგ რეჟისორს ჩემთან ურთიერთობა უჭირს, რადგან ხანდახან ძალიან პედანტურობას ვითხოვ. როლზე უნდა დაიხარჯო მთელი ენერგიით. ნახევარი ენერგიის მიცემით როლს ვერ შექმნი.
თუ არსებობს ისეთი როლები, რომელთა თამაშის სურვილიც გქონდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ითამაშეთ?
როგორ გითხრათ, არ მქონია ასეთი შემთხვევა, რადგან ძალიან განებივრებული ვიყავი როლებით. თეატრალური ინსტიტუტიდან მოყოლებული მრავალ ცნობილ რეჟისორებთან ვითამაშე წამყვანი როლები.
თამაშის დროს გრძნობთ თუ არა მაყურებელს?
რასაკვირველია. მაყურებელს რომ ვერ აიყოლიებ ძალიან ცუდია. მაყურებელს დიდი მნიშვნელობა აქვს. დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი ერთად ქმნიან სპექტაკლს და თუ ეს სპექტაკლი მაყურებელმა მიიღო ე.ი შედგა. ეს არის დიდი ზეიმი.
თქვენი აზრი თეატრალური კრიტიკოსების მიმართ.
ადრე ჩვენ ვსულდგმულობდით რეცენზიებით. სულმოუთქმელად ველოდებით რეცენზიის გამოსვლას. კრიტიკას უნდა გაუძლო. თუ გაგაკრიტიკეს უნდა ჩაფიქრდე. არ უნდა გაუწყრე.
და ბოლოს „დიდი მსახიობობა ზოგჯერ შეიძლება ერთგვარი ტვირთიც კი იყოს“, თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?
თუ თქვენ მე დიდ მსახიობად მიგაჩნივართ, ამისთვის დიდი მადლობა. ეს ძალიან დიდი ტვირთია. თუ პოპულარული ხარ, ამას გაფრთხილება სჭირდება. საერთოდ, ნამდვილ მსახიობად ვთვლი იმ მსახიობს, რომელსაც თავისი თემა შემოაქვს სცენაზე, ოღონდ ეროვნული. ასეთი იყო დიდი სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე... და აი, მეც ვცდილობდი ეს ჩემეული თემა შემომეტანა სცენაზე.
ესაუბრა მაია ნიკოლაშვილი, 2001 წ.