„შენ არ ხარ შენ, შენი ადგილი უკან, საშოშია!“

ლაშა ჩხარტიშვილი

 

„შენ არ ხარ შენ... შენი ადგილი უკან საშოშია...“

 

ახალი დრამის რიგით მეორე ფესტივალმა სტარტი 8 სექტემბერს აიღო, 9 სექტემბერს კი შრომითი რეზერვების სპორტული დარბაზის არენა თითქმის დებიუტანტ გრიგოლ ნოდიას წარმოდგენას „ნოე“ დაეთმო.

 

გრიგოლ ნოდიას საავტორო სპექტაკლში „ნოე“ ერთი მსახიობი შაკო მირიანაშვილი მონაწილეობს, რომლის თაობაში, მეორე არ მეგულება ისეთი „გიჟი“, რომელიც პროფესიისთვის, ყველაფერზე წამსვლელია, ალბათ, უფრო საკუთარი კაიფისთვის, რომლითაც ის ხშირად ახერხებს მაყურებელიც აკაიფოს. საქმე იმაშია, რომ გრიგოლ ნოდიას სპექტაკლში, რომლის ტექსტიც რეჟისორს ეკუთვნის, შაკო მირიანაშვილმა მოგვითხრო ჩოხატაურელი „გიჟის“ - ნოეს ნამდვილი ისტორია არა მხოლოდ მხატვრული ხერხებით, არამედ უკიდურესი ნატურალიზმით, რათა მაყურებელს ბოლომდე შეეგრძნო ის ტკივილი, რასაც წარმოდგენის გმირი და მსახიობი განიცდიდა.

 

ფორმის (თუნდაც სათქმელის) თვალსაზრისით გრიგოლ ნოდიას წარმოდგენა არ გახლდათ ნოვატორული, როგორც ეს ფესტივალის მესვეურებს ერთგვარ მანიფესტში აქვთ გაცხადებული[1]. ბევრჯერ გვინახავს, მათ შორის, ქართულ თეატრშიც წრეზე განლაგებული მაყურებელი, სცენის იატაკსაფარის ნაცვლად ნახერხი (ან სხვა მასალა) და მასში მოთამაშე მსახიობ(ებ)ი... მთავარი მაინც და ყოველთვის ის კი არ არის, რომ ფორმა იქცეს ემოციებისგან დაცლილ რეჟისორის თვითმიზნად, არამედ რას და როგორ გვიამბობს შემოქმედებითი ჯგუფი. ამბავი ვახსენე და უახლეს თეატრში აუცილებელ პირობად აღარ ითვლება ამბის თხრობა, კლასიკური სიუჟეტი უკვე ტრენდული აღარ არის, მაგრამ სპექტაკლიდან გამოსულ მაყურებელს თვითშეფასების უნარი არ უნდა შეერყას და გარკვეული შეგრძნებებით (არ აქვს მნიშვნელობა ეს შეგრძნება ნეგატიურია თუ პოზიტიური) მაინც უნდა ტოვებდეს დარბაზს. გრიგოლ ნოდიას სპექტაკლი კი, მიუხედვად იმისა, რომ პიესის კლასიკურ წყობას არ მიყვება, ითრევს მაყურებელს და არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ცალკეულ ეპიზოდებად თუ თავებად დანაწევრებული პიესა, მთლიანობაში „გიჟი ნოეს“ ტრაგიკულ ისტორიას ქმნის.

 

ტრადიციული თეატრისთვის უჩვეულო მუსიკას იყენებს გიორგი ხოსიტაშვილი, ისე როგორც დრამატურგი მიმართავს ტექსტში თამამ ლექსიკას (რომელიც სავსებით შესაძლოა თამამ ტექსტად აღარც. აღიქმებოდეს), მსახიობი კი ერთდროულად ითავსებს რამდენიმე პერსონაჟის, მათ შორის, მთხრობელის როლს. სამეტყველო ლექსიკაში მთავარი გმირი ნოე (შაკო მირიანაშვილი) თავისებური აქცენტითა და ინტონაციით გამოირჩევა. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება გმირი, რომელიც საკუთარმა მშობლებმა, ოჯახმა, სოფელმა და სრულიად საზოგადოებამ გარიყა, რადგან ის „ჩვეულებრივი ადამიანი“ არ არის, ოჯახმა თავად აქცია ის მოძალადედ და თვითმკვლელად. გრიგოლ ნოდია ამ ისტორიაში ამხელს მახინჯ სტერეოტიპებს, საზოგადოების გულგრილობას და ღრმად გვახედებს ამ გულგრილობის მსხვერპლის სულში, რომელსაც უთხრეს, რომ „შენ შენ არ ხარ... შენი ადგილი უკან საშოშია... ყლე უნდა მომჭრას კაცმა შენი გაჩენიზა...“

 

პირდაპირ ინტერაქტივს მაყურებელთან არც გრიგოლ ნოდიამ აუქცია გვერდი. შაკო მირიანაშვილის მიერ შერჩეულმა ერთ-ერთმა ადრესატმა ინტერაქტივში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მართალია, მსახიობს მოხალისის მოძებნა არ გასჭირვებია, მაგრამ პასიურმა მაყურებელმა (შესაძლოა მეც მასსავით მოვქცეულიყავი) უფრო გლობალურ პრობლემაზე, უფრო სწორად ჩვენი საზოგადოების თავისებურებაზე დამაფიქრა. ქართველი მაყურებელი (შესაბამისად საზოგადოება) უფრო კონფორტულად თავს დამკვირვებლის, მოთვალთვალის  ამპლუაში გრძნობს, მას არ უყვარს უშუალო მონაწილეობა პროცესში, ურჩევნია შორი-ახლოდან ადევნოს თვალი ყოველგვარს უსამართლობას, მათ შორის, ძალადობას...

 

გრიგოლ ნოდია მაყურებელთან ინტერაქტივის არაერთ ფორმას და საშუალებას იყენებს. მათ შორის, იყო მაყურებლის ჩართვა დიალოგში, როგორც მეორე მხარე. ამჯერად, ერთ-ერთმა მაყურებელმა ფსიქიატრიულის ექიმის როლი მოირგო, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ამოცანას.

 

უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით იყო შესრულებული წარმოდგენის ბოლო თავი - ნოეს თვითმკვლელობის სცენა. შემოქმედებითმა ჯგუფმა ნატურალისტური სიზუსტით წარმოგვიდგინა ის სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვა, რომელსაც გმირი განიცდიდა. ნოემ წყალში გახსნილი შაბიამანი დალია (პიესის მიხედვით), ხოლო მსახიობმა საჭმელი სოდის ნაყენი და პირდაპირ პირობით სცენაზე გული აირია. ჩვენ ვუყურეთ (ამჯერადაც) სიკვდილს, ადამიანის ტანჯვას, სიცოცხლის მოსპობას... თუმცა გარდაცვალების მიზანსცენა მაინც სტერეოტიპული მეტაფორით გადაჭრა რეჟისორმა. შიშველი ხელებით თეთრ საცვალში გამოწყობილი ნოე ჰორიზონტზე უჩინარდება. დადგმის ხერხებსა და სტრუქტურაში ახალგაზრდა რეჟისორი ბოლომდე მაინც ვერ გაექცა სტერეოტიპებს, რასაც ვერ ვიტყვი ტექსტზე, რომელიც გაცილებით ძლიერი მხარე იყო წარმოდგენის, ვიდრე თავად დადგმა.

 

 

ფოტო: ვალერი ფესტვენიძე

 

 

 

[1] ფესტივალი, რომელიც მაყურებელს შესთავაზებს სიახლეს, თანამედროვე ხედვასა და ახალ მიდგომებს.