top of page

გრძელი დღის შემოღამება

ანუ - სად იყო დღე და სად იყო ღამე?...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

498266454_1138822644940821_2518458289634694_n.jpg

02.02.2026

ვალერი ოთხოზორია

 

გრძელი დღის შემოღამება

ანუ - სად იყო დღე და სად იყო ღამე?...

 

იუჯინ ო’ნილის ამ ცნობილ პიესაში არ არსებობს დრამატურგიულად არასაინტერესო არცერთი პერსონაჟი, თითოეულ პერსონაჟს სხვასთან თავისი კონფლიქტი აქვს და ცხადია, კონფლიქტი აქვს საკუთარ თავთან, ერთი სიტყვით ესაა სანიმუშო პიესა, რომელიც თვალის მოხუჭვისა და მშვიდად სუნთქვის საშუალებას გართმევს.

თუმანიშვილის სახელობის კონომსახიობთა თეატრში სპექტაკლი განახორციელა ცნობილმა რეჟისორმა დიმიტრი ტროიანოვსკიმ, რომელიც ინსცენირების ავტორიცაა. თარგმანი ეკუთვნის გოდერძი რუხაძეს, ქორეოგრაფია - თიკო ქოიავას. მერი ტაირონს (ცოლი და დედა) თამაშობს ნინელი ჭანკვეტაძე, ჯეიმს ტაირონს (ქმარი და მამა) - პაატა ბარათაშვილი, ჯეიმი ტაირონს (უფრო ვაჟი და ძმა) - ბექა ჯუმუტია, ხოლო ედმუნდ ტაირონს (უმცროსი, ავადმყოფი ვაჟი და ძმა) - ლუკა ჩიბუხაია.

სპექტაკლში ასახულია დაშლის პირას მყოფი ოჯახის ერთი დღისა და ღამის ამბავი, ოჯახისა, რომლის დაშლის წინააღმდეგია ყველა, მაგრამ თითოეული წევრი ამავე დროს მეტ-ნაკლებად მონაწილეობას ამ საყოველთაო ნგრევაში. და მაინც, რატომ ინგრევა ოჯახი? იმიტომ, რომ ოჯახის ყოველ წევრს თავისი პირადი კრიზისი აქვს, გამომდინარე მათი წარსულიდან, აწმყოს ამბიციებიდან და მომავლის პერსპექტივიდან. 

მერი ტაირონი (ნინელი ჭანკვეტაძე) ნარკოდამოკიდებული ქალია, რომელმაც ვერ დაძლია საბოლოოდ ეს სენი; ამჟამად ის სწორედ ამ წინააღმდეგობაში იწვის.

ჯეიმს ტაირონი (პაატა ბარათაშვილი) ცნობილი მსახიობია, აწ უკვე ვეტერანი, მძიმე ბავშვობიდან გამოყოლილი საშინელი სიძუნწის კომპლექსით, რაც მას საბედისწერო მომენტებში ოჯახის წევრების მიმართ აუცილებელი ემპათიის უნარს ართმევს და უგრძნობი კლდესავით ტოვებს დაცემისათვის განწირული უახლოესი და უძვირფასესი ადამიანების წინაშე.

ჯეიმი ტაირონი (ბექა ჯუმუტია) უფროსი ვაჟია, მამის კვალზე დამდგარი - მასაც მსახიობობა სურდა, მაგრამ დიდად ვერ შედგა; ამჟამად სამორინესა და საროსკიპოში ახერხებს გულის მოოხებას; მისი სუსტი ბუნების გამოძახილია ის, რომ სასიკვდილოდ განწირული უმცროსი ძმა სძულს, რომელმაც (და არა, რატომღაც, მამამ!) მასში არასრულფასოვნების კომპლექსი გამოიწვია!

ედმუნდ ტაირონი (ლუკა ჩიბუხაია) ოჯახის ყველაზე ნათელი წერტილია, მაგრამ როგორც ყოველი მზე, ისიც თავის თავში ატარებს მომაკვდინებელ შავ ხვრელს - სასიკვდილო დაავადებას, ყოველდღე რომ სიკვდილს უქადის...

ამ ოთხი პერსონაჟის სურვილი თუ მცდელობა ოჯახური იდილიის მიღწევისა, თავისთავად ცხადია, კრახით მთავრდება. მაგრამ სწორედ ეს კრახი, კრახის პროცესი ასახვას ჰპოვებს ემოციურ თუ ფიზიკურ ორთაბრძოლებში ოჯახის წევრთა შორის, და ოჯახის წევრებისა - საკუთარ თავთან. სპექტაკლი წარმოდგენილია პერსონაჟთა შორის სცენებად, ამავე დროს თითოეულ პერსონაჟს სპექტაკლის განმავლობაში ეთმობა მონოსცენაც, და ეს სპექტაკლის კომპოზიციურ სრულყოფილებას ქმნის. მისი დრამატული სტრუქტურა ფაქტობრივად შიგნიდან და გარედან გვაჩვენებს კონფლიქტის ანატომიას.

თუმცა, მთლიანობაში, სპექტაკლით დიდად კმაყოფილი ვერ დავრჩი. სპექტაკლის შინაარსისა არ იყოს, თავად სპექტაკლიც საკმაოდ მორყეულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთის მხრივ, გამაღიზიანა მსახიობების მეტყველებამ, როდესაც ზედმეტად ხშირად იყენებდნენ სიტყვას - „გესმის?!“, და ზედმეტად ხშირად იმეორებდნენ მსგავს ფრაზებს: „მიდი მიდი მიდი“, „ჰო ჰო“, „ვიცი ვიცი ვიცი“, „რა ისწავლა შენგან! რა ისწავლა შენგან!“ და ა.შ. მომეჩვენა, რომ მსახიობები არ იყვნენ როლთან შეჩვეულნი. სპექტაკლი პიესის ვერბალური რეკონსტრუქციის მცდელობას უფრო ჰგავდა; თითქოს რადიოპიესას ვუსმენდით: ხომ დგამენ რადიოგადაცემებში კამერას, რომელიც მოსაუბრეებს ირეკლავს; დაახლოებით ამგვარი პროცესი იყო, სულ ოდნავ მეტი...

მომეჩვენა, რომ თამაშში, ეს ეხება ფაქტობრივად ოთხივე მსახიობს, დომინანტური იყო ჭარბი ექსპრესიული სტილი, რამაც პიესის ფსიქოლოგიური ბადე დააზიანა, ხოლო გარღვეული ბადით, მოგეხსენებათ, ბევრ თევზს ვერ დავიჭეთ... ბევრი ჟესტიკულაცია, ბევრი მოძრაობა, არასწორი სხეულის ენა... პიესა მის თითქმის ყოველ უჯრედში ეფუძნება შინაგან დაძაბულობას, ხოლო სცენაზე მსახიობები ფაქტობრივად ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. სივრცე და დისტანცია იყო უმეტესად ფიზიკური და ნაკლებად ფსიქოლოგიური... ფსიქოლოგიური შლეიფი დამაკლდა.

რეკვიზიტებთან მსახიობების ურთიერთობა ხელოვნური და ყალბი იყო, არაერთხელ. ხელოვნური ყვავილების ძირების მოჭრის იმიტაცია მაკრატლით, როცა მცდელობა არ გამოდის და მსახიობი მაინც აგრძელებს, - თითქოს ნატურალიზმს აქვს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აშკარად სიყალბეში გადასდის... მსგავსი უსიამოვნო მომენტები ამგვარ ფსიქოლოგიურ დრამაში კლავს თეატრალურობას, იმ განზრახ ხელოვნურობას, რომელსაც მსახიობი უნდა ფლობდეს და სწორედ ამით ატკბობდეს მაყურებელს და თავის თავსაც, როგორც შემსრულებელი, ასე ვთქვათ „სპორტსმენი“...

ვერ მოვიხიბლე ვერც სცენოგრაფიით, რომელიც ავთო მოდებაძეს ეკუთვნის. ზედმეტად გაშლილი სივრცე ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფეროს ზედმეტად ფანტავდა. „დეესპეების“ მსგავსი კედლები უფრო საბჭოთა კავშირის დროის სახელმწიფო დაწესებულების ასოციაციას აღძრავდა ჩემში. ძვირფასი და დიდებული სახლის ასოციაციას არ აღძრავდა ჩემში სცენოგრაფია, რასაც ვერ ვიტყვი რეკვიზიტებზე; ისინი და სწორედ ისინი, პირიქით, მარწმუნებდნენ, რომ ეს დიახაც სახლია! რასაც მსახიობები სიტყვით ამტკიცებდნენ, მათ გრძნობაში არ იკითხებოდა; სპექტაკლი უფრო აქცია-დემონსტრაციას ჰგავდა.

45-ე წუთზე, ედმუნდისა და დედის სცენაში, სიტუაცია შესამჩნევად გამოსწორდა და მანამდელი დანაკლისები თითქოს ანაზღაურდა. მომინდა, რომ ნინელი ჭანკვეტაძეს თითებზე გრძელი ფრჩხილები ჰქონოდა. ამ პერსონაჟის შინაგანი ექსტრავაგანტულობის ფონზე, მისი გარეგნული ექსტრავაგანტულობა დამაკლდა.

მონოსცენები ძირითადად შთამბეჭდავი იყო. გამოვყოფდი ნინელი ჭანკვეტაძის შთამბეჭდავ შესრულებას, რომელიც თავისი მონოსცენის პირველ ნახევარში ბრწყინვალე იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მოისუსტებდა.

კონფლიქტების ნაცვლად სცენაზე ჩხუბი, ამ სიტყვის პრიმიტიული გაგებით, მეტი იყო. საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ ყვიროდნენ მსახიობები, რატომ ანჩხლდებოდნენ; მომეჩვენა, რომ სცენის ჭეშმარიტებას ყვირილი, როგორც გარედან ნასროლი ქვა - ფანჯარას, ამსხვრევდა, რამაც გამაღიზიანა (რადგან ყვირილი არაერთი იყო).

მამის მონოლოგი ყალბი იყო; და ვერც კარადაზე მჯდარი თოლია ვერ ჩაჯდა; თოლიამდე მისასვლელი გზა გაფუჭდა. ამხელა სპექტაკლის გასაკეთებლად გაცილებით მეტი შრომა, რუდუნება და ჩანაფიქრია საჭირო. სხვანაირად, მივიღებთ საშუალოდ (ან სულ ოდნავ უკეთ) შესრულებულ სპექტაკლს, როგორიც მივიღეთ.

მამა - ჯეიმს ტაირონი, იგივე პაატა ბარათაშვილი, განასახიერებს სიბერის ტყეში შემავალ, კარიერაში წარმატებულ, თუმცა პირად ცხოვრებაში დაცემულ ადამიანს. მან მიაღწია დიდებას სცენაზე, მოიხვეჭა ფულიც, მძიმე ბავშვობის შემდეგ ფაქტობრივად აქვს ის მატერიები, ადრეულ წლებში რომ აკლდა; მიწათმფლობელია, ყიდულობს და ყიდულობს ნაკვეთებს, მაგრამ იმდენად ძუნწია, - და ეს არაცნობიერი, პათოლოგიური მომენტია მისი ბუნებისა - რომ სახლში შუქს არ ართვევინებს ოჯახის წევრებს. ცხადია, ამ კაცს ემპათიის სერიოზული პრობლემაც აქვს, მაგრამ მთლად უგულოც არ არის; გადამწყვეტ მომენტებში ვხედავთ, რომ ვაჟი ებრალება, ცოლის მიმართ ლოიალურია და ა.შ.

პაატა ბარათაშვილი გვაგრძნობინებს, რომ ის არის მთავარი ბოძი სახლისა, რომ მისი დისციპლინა მუშაობს ოჯახში, თუკი მუშაობს; რომ მისი ვარსკვლავი ბრწყინავს ჯერ კიდევ; მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლის ხე დაბზარულია და ეს ბზარები უფრო და უფრო ღრმავდება; ეს ასაკის გამო იმდენად არაა, რამდენადაც პიროვნების შიგნით არსებული არასრულფასოვნების მიზეზით, რომლის კატალიზაციასაც ოჯახში მიმდინარე ქაოსი ახდენს. პაატა ბარათაშვილის გმირი ხშირად ყვირის, ხისტია, გაღიზიანებადი, მაგრამ არა ემოციური; მას სწორედ ემოციები აკლია. ერთი ვაჟის სახელს მეორე ვაჟს ეძახის ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მსახიობის შეცდომაა, ვიდრე რეჟისორული ჩანაფიქრი. სწორედ ბატონ პაატას ჰქონდა ამ ოთხი მსახიობიდან ყველაზე მეტად ტექსტთან ურთიერთობის პრობლემა. ის იმეორებდა ყველაზე ხშირად ერთსა და იმავე ფრაზასა თუ მის ნაწყვეტს რამდენჯერმე. თუკი რეჟისორული ჩანაფიქრი იყო ასეთი, მე ამ ჩანაფიქრის სარგებლიანობას საერთოდ ვერ ჩავწვდი...

მერი ტაირონი - ნინელი ჭანკვეტაძე, ნარკომანი ქალის რაღაცნაირ მომნუსხველობას (რომანტიზების გარეშე) ატარებს; ეს მომნუსხველობა მისი განწირულობიდან მომდინარეობს. საშინაო ხალათმოცმული, მოუწესრიგებელი თმით - ქალისთვის თმა იგივეა, რაც ნაკრძალისათვის - ტყე, - ცოტა გაფანტული, ცოტა მშფოთვარე, პერმანენტული დანაშაულის გრძნობით, მაშასადამე გამოსყიდვის სურვილით, რომელიც მცდელობაში ხორცს ვეღარ ისხამს, მაგრამ უიღბლო და უმწეო მცდელობებით, აი, ასეთი პერსონაჟი შექმნა ქალბატონმა ნინელი ჭანკვეტაძემ. სიმართლე ითქვას, ცოტა დამაკლდა ვაჟებთან, განსაკუთრებით ედმუნდთან (ლუკა ჩიბუხაია) ურთიერთობის სიღრმე და ბუნებრიობა; იგრძნობოდა სქემატიზმი და ეს ურთიერთობა ბოლომდე დამარწმუნებელი არ იყო. მესმის, ძნელია სპექტაკლისთვის ორი მძიმედ ავადმყოფი, ერთმანეთისთვის უახლოესი და უძვირფასესი ადამიანების - დედისა და უმცროსი ვაჟის ურთიერთობა იმდენად ორგანული იყოს, რომ ხელოვნურობის ეჭვები გაფანტოს; მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ორი პერსონაჟი უაღრესად ღრმა და ასე ვთქვათ „ლირიკულია“ თავიანთი განწირულობით; ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად გამორჩეულად ურთიერთსოლიდარულნი არიან ამ თავიანთი „წყვდიადით შეპყრობილობით“. ისინი ერთმანეთს განიცდიან „ექსკლუზიურად“, განსხვავებით ჯეიმსისა (პაატა ბარათაშვილი) და ჯეიმისაგან (ბექა ჯუმუტია), რომლებიც სხვათა შორის, ასევე ერთმანეთს ჰგვანან, ასევე „ექსკლუზიურად“, იმით, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ არაფერი სერიოზული არ აწუხებთ, მაგრამ სამაგიეროდ ღრმა შინაგანი კომპლექსები და არასრულფასოვნება ღრღნით... ამ მსგავსებიდან გამომდინარე, სავსებით გამართლებულია მამისა და უფროსი ვაჟის სიხისტე და უხეშობა ერთმანეთის მიმართ.

ბექა ჯუმუტია ჯეიმი ტაირონს წარმოგვიდგენს, როგორც ფიზიკურად აქტიურ, მაგრამ სულიერად გაუწონასწორებელ პიროვნებას. ის ხელმოცარული და მარტოხელა კაცია, რომელმაც ვერ შექმნა თავისი - ვერც სახლი, ვერც ოჯახი, ვერც სამყარო... მთვრალი ჯეიმის აღსარება, ბექა ჯუმუტიას მონოსცენა, შთამბეჭდავი და დამაჯერებელია. აქ მსახიობი თითქოს ბოლომდე ერწყმის პერსონაჟს.

ლუკა ჩიბუხაიას (ედმუნდ ტაირონი) განწირული მარტოსულობა მაყურებელს მის მიმართ თავიდანვე თანაგრძნობას უჩენს. თოლია, რომელიც სიმბოლურად კარადის თავზე შემოდგმული, ედმუნდის მონოსცენისთვის იცდის, ამ პერსონაჟის რომანტიკული გაფრენის მცდელობას ამძაფრებს, ეს მცდელობა თავიდანვე განწირულია. ლუკა ჩიბუხაია, ჩემი აზრით, ბოლომდე დარწმუნებული არ არის თავის პერსონაჟში, არც საკმარისად ღრმად არ არის შესული მის სამყაროში. მომეჩვენა, რომ მას შემოცმული უფრო ჰქონდა ამ პერსონაჟის ქარგა, ცოტათი დამაკლდა ამ პერსონაჟის სუვერენულობა და ავტონომიურობა.

ამ სპექტაკლმა და პიესამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩეხოვის სევდის მოტივი და გავლენა უსაზღვროა.

bottom of page