ინტერტექსტუალობა და სიგიჟის სიმულაცია ლაშა ბუღაძის პიესაში „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“

გუგა მგელაძე

ინტერტექსტუალობა და სიგიჟის სიმულაცია ლაშა ბუღაძის  პიესაში ,,პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა’’

 

 

,, პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა’’  უახლესი ქართული დრამატურგიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ტექსტია იმდენად, რამდენადაც ის გასცდა   ქართულ  თეატრალურ კონტექსტს და  2014 წლის 11 ივნისს  ამ პიესის მიხედვით  დადგმული სპექტაკლის პრემიერა ქართველ მაყურებელზე ადრე  ბრიტანელმა მაყურებელმა  იხილა.

  ,, როიალ ქორთის’’ სამხატვრო ხელმძღვანელი  ვიკი ფიზერსტოუნი ( რომელიც  ამ სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ)  პიესის ყდაზე განთავსებულ  კომენტარში აღნიშნავს:

,, შესანიშნავი ნამუშევარი, ქაოტური, შეშლილი პოლიტიკური სატირა 2008 წლის საქართველოზე. თხრობის ამგვარი მანერა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს  მაყურებელზე. ეს შავი იუმორით გაჯერებული კომედიაა, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა, მძაფრიც და სევდიანიც’’.

 პრაქტიკულად,  თავად  ,,როიალ ქორთის’’ თეატრი სწორედ  თამამი, ექსპერიმენტული და სოციალური სიშიშვლისა თუ  რეფლექსიის გამძაფრებული  მოთხოვნილებით გამორჩეული პიესებითაა დაინტერესებული.  აქ იდგმებოდა: ,,გაბრაზებული თაობის’’ ცენტრალური ფიგურის- ჯონ ოსბორნის ,    მერე  კი  სემუელ ბეკეტის  და სარა კეინის   პიესები.

  როგორც ხედავთ, თემატური და სტილისტური თვალსაზრისით,  თეატრი  ,,აქ და ახლა’’ ტიპის  პიესებზეა ორიენტირებული, რის ნაკლებობაც, რბილად რომ ვთქვა, ქართულ თეატრალურ  სივრცეში უკვე კარგა ხანია  იგრძნობა.

 

                                                                ***

,,პრეზიდენტი  სტუმრად მოვიდა’’ ჟანრობრივად პოლიტიკური  სატირაა, რაც უკვე მოითხოვს  კონტექსტის ცოდნის აუცილებლობას.

ტექსტი  საპრეზიდენტო პროლოგით იწყება, რომელსაც კონკრეტული თარიღი აზის:  2008 წლის 11 აგვისტო,ღამის 10 საათი. სიუჟეტი სწორედ ერთი დღის, უფრო სწორად, ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება, თუმცა შიგადაშიგ არის დროში უკუსვლები, მაგ. ოცმეთაურის  მიმართვა, live show-ს შესარჩევი ტური,  რეზერვისტ ლადოს  ხაზი და ა.შ.

  ლაშა  ბუღაძის ტექსტი ცნობიერად თუ არაცნობიერად ( ალბათ უფრო ცნობიერად, რადგან საქმე ინტელექტუალ დრამატურგთან გვაქვს) ინტერტექსტუალური თვალსაზრისით,  ყველაზე ტრაგიკულად მარტოსულ და რაც მთავარია, ძალაუფლებაგამოცლილ მმართველზე დაწერილი შექსპირული პიესის (,,მეფე ლირი’’) რეცეფციაა.

  პიესის  ხელახალი გადაკითხვისას  რამდენიმე პლასტი გამოიკვეთა.  წერილის ფორმატის გათვალისწინებით, ამჯერად მხოლოდ ერთ ასპექტს შევეხები- ესაა სიგიჟისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართება.   დრამატურგი  აქცენტს სწორედ  ჩვენთვის  აუტანლად ნაცნობ და აქტუალურ  საკითხზე სვამს:  გულისხმობს თუ არა ძალაუფლება სიგიჟეს თუ გარემო, უფრო კონკრეტულად, კონტექსტია თავად შიზოფრენიული?

  პრაქტიკულად,  ,,პრეზიდენტი  სტუმრად მოვიდა’’   არამხოლოდ   ჩვენს ნევროტულ ყოფაზე და ტრავმებზეა, რომელშიც  მუდმივად იჭრება  მედია რეალობა თავისი  არაადეკვატური  ,,ლაივებით’’, არამედ  პირადსა და საჯაროს შორის აზელილ  დამფრთხალ  და ექსცენტრიკულ ხელისუფალზე,  სამეფოს გარეშე დარჩენილ მმართველზე,რომელსაც სცენიდან-სცენაში პერიოდულად  აკლდებდა  დაცვის  წევრები, პრესმდივანი და  ფინალში თავისი ერთგული მძღოლის ამარა რჩება.

  სახასიათო  ისტერიული ქცევებისა და ექსცენტრიკის მიუხედავად, ვფიქრობ  ბუღაძის პერსონაჟის მიღმა არ უნდა ვეძებოთ კონკრეტული სახელისუფლებო ფიგურა, მითუფრო  ექს  პრეზიდენტი, ვინაიდან საქმე ლიტერატურულ ანუ ფიქციურ და არა   დოკუმენტურ ტექსტთან გვაქვს. გარდა ამისა,  ბუღაძის პრეზიდენტი უფრო გლობალური  ფიგურაა, ვიდრე კონკრეტული  პიროვნების  პროექცია.  კი,  დაკვირვებული მკითხველი სრულიად სამართლიან პარალელებს გაავლებს ზვიად გამსახურდიას  დევნისა და  საცხოვრებლის მუდმივი, ლამის ისტერიული ცვლის ეპიზოდებთან ( გარდა ამისა ემთხვევა დაცვის უფროსთა სახელებიც!)  ასევე,  საფეთქლებში ლიბიდომოწოლილი   ყოფილი ,,პირველის’’ ( რომელიც  ვერაფრით შეეგუა თავის არააქტუალობას!)  სახასიათო ქცევებთან. ( იხ.  სცენა 12), მაგრამ    ეს უბრალოდ  პერსონაჟის  ქცევის, მოტივის გააზრების ვიწრო კონტექსტია და მეტი არაფერი. პიესა კი მრავალპლასტიანია.

 ზემოთ ითქვა,რომ  ,,პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა’’ ძალაუფლების და  სიგიჟის ურთიერთმიმართებაზეა და ითქვა ისიც, რომ ამ თვალსაზრისით, პიესა ,, მეფე ლირის’’  მეტად საინტერესო   რეცეფციაა...

  ამ ყველაფერს  კი  ერთი ეპიზოდის ანალიზის საფუძველზე დავინახავთ.

   დააკვირდით: 

  ,,მეფე ლირის’’ მესამე მოქმედების მეოთხე სურათში  ქარიშხალში  ხუმარასთან და ერთგულ კენტთან ერთად მოხვედრილი  ხელისუფალი ხვდება    გიჟად გარდასახულ ედგარს. მათი შეხვედრის სცენა ობიექტურად შეშლილი მმართველის და სიმულიანტის ( კონტექსტის გამო რომ  უწევს სიგიჟის სიმულაცია) დიალოგებითაა დანაღმული.

  ამ დიალოგების მიღმა   უკვე მთელი მეოცე საუკუნე ჩანს. თავისი პოლიტიკურად და პერვერტულად ანგაჟირებული პერიპეტიებით. უფრო მეტიც,  ამ ეპიზოდში შექსპირი  სვამს დღემდე  სიმპტომატურ დიაგნოზს: ვინ არის შეშლილი-  საკუთარ ეგოიზმში  შეკეტილი  ხელისუფალი,რომელსაც   რეალობის  ადეკვატურად აღქმა მთელი თავისი  პიროვნების,

,, მეს’’ დესტრუქციის  ფონზე მოუხდა თუ   გარკვეული პოლიტიკური  კონტექსტის გამო ,,გაგიჟებული’’  ედგარი?

 

  ედგარი:  პილიკოკი ჯდომილა პილიკოკის მთაზედა! ტიტლი,ტიტლი, ტიტლი, ტიტლი, ტიიტლი!

 

ხუმარა: ლამის ამ  ბრიყვმა და გადარეულმა ღამემ ყველა ჭკვიდამ არ გადაგვრიოს!

 

პრაქტიკულად, შექსპირული  სიგიჟისა და ნორმის დიქოტომიაა  გადათამაშებული ბუღაძის პიესაში. გარემო აქაც აბსურდულად დამაჩლუნგებელი ,  მაშოკირებელი და ნევროტულია.

დააკვირდით:

დაირხა ხმა, რომ სამთავრობო შენობებს დაბომბავენ. პრეზიდენტი   ქუჩაში  ჯერ დაცვასთან და პრესმდივანთან, ხოლო ბოლოს მხოლოდ ერთგულ მძღოლთან ერთად გადაადგილდება. იგი დროებით შედის  მშვიდობიანი მოსახლეობის ბინებში  და ცდილობს საკუთარი  პოზიციის დაცვას.

 მეთხუთმეტე სცენაში, ქვეყნის დამფრთხალი და ისტერიული ხელისუფალი,რომელსაც მძღოლიღა შემორჩა (კენტის ალუზია!)  ჯარიდან გამოქცეულ რეზერვისტ ლადოს ხვდება ( ამან სიგიჟის ,,დასადგმელად’’ კანზე ღილების მიკერება  სცადა-პარალელები ხარმსთან!).

ლადოს  სარაფანი აცვია, გაუპარსავია  და მუცელი არანორმალურად აქვს გამობერილი.

 

პრეზიდენტი ( ლადოს)

რა უბედურებაა მართლა და მართლა!

 

ლადო  (პრეზიდენტს, მუცელზე იდებს ხელს)

ფეხმძიმედ ვარ...

 

პრეზიდენტი

ბატონო?

 

ლადო

ფეხმძიმედ ვარ შენგან...

 

პრეზიდენტი

ვისგან?

 

ლადო

შენგან.

 

პრეზიდენტი

აჰა.კიდევ ერთი!

 

მძღოლი

აუ, გული მერევა, რა...

 

პრეზიდენტი

დათო, დაქოქე.

 

ლადო

შენი შვილია.

 

როგორც მიხვდით,  კონცეპტუალურად და კონტექსტუალურად, ორივე პიესის შემთხვევაში   საქმე გვაქვს შიზოფრენიული გარემოს, ვითარების, სიტუაციის პროექციასთან, როცა რეალურად იდღაბნება კონტურები ნორმასა და  შეშლილობას შორის, როცა აღარ არსებობს ის დემარკაციული ხაზი, რაც ასე თუ ისე  მიჯნავს ერთმანეთისგან ფსიქიურად გაუწონასწორებელსა და  ,,საღ’’ ჭკუაზე მყოფს. რატომ?  პასუხი მარტივია:  ეპოქაა თავად შიზოფრენიული.

  აქვე ისიც უნდა ითქვას,რომ   ბუღაძის პიესაში გადათამაშებული ლირისა და ედგარის ეპიზოდის უკეთ გასაგებად ( ვგულისხმობთ, ზემოთ მოყვანილ სცენას!) საჭიროა მეთორმეტე ეპიზოდის  გახსენება,  რასაც   ზღვარის გაუვლელობის პრობლემამდე მივყავართ. ჰო, ზღვარის გაუვლელობა პირადსა და საჯაროს შორის.

მეთორმეტე სცენა   პრეზიდენტსა და მის პრესმდივანს ეთმობა.

 

ლელა

,, ... ფეხმძიმედ ვარ.

 

პრეზიდენტი

რა იცი?

 

ლელა

დღეში ხუთჯერ ვარწყევ

 

პრეზიდენტი

მე მეგონა, ნერვიულობისგან არწყევდი.

 

ლელა

შენც შეამჩნიე?

 

პრეზიდენტი

კი. ( პაუზა) რამდენი ხანია?

 

ლელა

ორი თვეა.

 

პრეზიდენტი

ვისია?

 

ლელა

ნაგავი ხარ, ამას რომ მეკითხები.

 

(...)

აბორტს ვიკეთებ, ნუ ღელავ.

 

პრეზიდენტი

მე არ ვღელავ, შენ ღელავ

 

ლელა

ეს მეორეა...

 

პრეზიდენტი

რა?

 

ლელა

შენგან.

 

პრეზიდენტი

როგორ?

 

ლელა

წინაზე არ გითხარი.

 

პრეზიდენტი

დიდი მადლობა

 

ერთმანეთში აზელილი  საჯარო (  ომი, ქაოსი, შოკი, დესტაბილიზაცია...) და პირადი ( ლელას ფეხმძიმობა, აბორტის საფრთხე, მარტოობა, ცოლთან კონფლიქტი) პრობლემები  პრეზიდენტს, ლადოს მსგავსად, მიიყვანს სიგიჟის სიმულაციამდე.  ლადოს  აკვიატებული ფეხმძიმობის დამთხვევა ლელასთან საუბრის შემდეგ სიგიჟის სიმპტომატიკის მკაფიო მაგალითია, რაც კულმინაციას  მეთექვსმეტე სცენაში,   შოუს პირდაპირი ტრანსლაციის დროს აღწევს.  პრეზიდენტი იდიოტური ლაივ შოუს რიგითი მონაწილე ხდება, ე.წ. ნინო 4.

არის ეს სიგიჟის სიმულაცია?  ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმდენად, რამდენადაც  გარემო, კონტექსტი, სიტუაციაა  მაშოკირებელი. ომია!

სიმპტომატურია  პრეზიდენტის ფინალური ფრაზა:  ,,ჩათვალე, რომ არ ვარსებობ!’’- ასე თავის ერთგულ კენტს მიმართავს, დათოს.  ამ ფრაზით ის საკუთარ სახელისუფლებო და გნებავთ, ეგზისტენციალურ კაპიტულაციას ადასტურებს.

                                                             ***

 არ ვიცი, რამდენად სრულყოფილად  შეძლო  ,,როიალ ქორთის’’ სცენაზე დადგმულმა  ქართულმა პიესამ  ბრიტანელი მაყურებლების დაინტერესება თავისი სატირული კომპონენტების მიუხედავად, ვინაიდან გვინდა-არ გვინდა, მაინც არსებობს კულტუროლოგიურ-პოლიტიკური გამოცდილებების შეუსაბამობა  საქართველოსა და ბრიტანეთს შორის. მათთვის ომი TV კადრებით და რეპორტაჟებით შეკოწიწებული  მოცემულობაა და უფრო მეტიც, რაღაც შორეული, წარსულის კუთვნილება. არახელშესახები მოვლენა, მტვრიანი არტეფაქტი.  ლაშა ბუღაძისთვის  კი  (  ქვეყნის მსგავსად!)  ბიოგრაფიის ნაწილია.

  საბოლოო ჯამში,  ამ პიესის წარმატება თავისთავად  ქართული დრამატურგიის წარმატებასაც გულისხმობს, თანაც ორმაგად სასიხარულოა,როცა  სვიფტის და შექსპირის სამშობლოში  ქართული პოლიტიკური სატირა იდგმება, ვინაიდან  ბრიტანელებსაც და ქართველებსაც ( დრამატურგები მყავს მხედველობაში!) აქვთ ერთი  საერთო პროფესიული თვისება: აბსურდის და სიტუაციის დრამატიზებისადმი  სიყვარული.  ჰიპერტროფირება  კი  ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისა და რეფლექსიის ალბათობის წინაპირობაა.

12 ოქტომბერი. 2019 წელი