
გულწრ ფელი დასის გულწრფელი სპექტაკლი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

20.07.2026
ანასტასია ჩერნეცოვა
გულწრფელი დასის გულწრფელი სპექტაკლი
სიღნაღის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ცნობილი გახდა გამარჯვებულთა სია, რომელშიც მეორედ აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდი-ნახე“, ამჯერად კი, ნუგზარ ბუცხრიკიძის სპექტაკლით „ჰელადოსი“. შემოქმედებითი ჯგუფი ღირსეულად გავიდა კონკურსის მეორე ადგილზე, რადგან დადგმას ბევრი ღირსება გააჩნია, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენას მოყვარული მსახიობები ქმნიან.
„მოდი- ნახე“ გასულ წელსაც ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა, თანაც შემოქმედებითი გუნდი პირველ ადგილზე გავიდა გიორგი ჭანტურიას დადგმით „უკანასკნელი თოლია“.
აღნიშნული მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ „მოდი-ნახეს“ დასი აქტიურად ზრუნავს განვითარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მეორედ მსგავს შედეგებს ვერ მიაღწევდნენ.
„მოდი-ნახე“ პოპულარობის თვალსაზრისით ტოლს არ უდებს სახელმწიფო თეატრებს, რაშიც ვგულისხმობ ანშლაგებს მათ ნებისმიერ სპექტაკლზე, განსაკუთრებით გიორგი ჭანტურიას „ჩამოსულებზე“. ყოველივე დიდი ალბათობით გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი წარმოდგენები გულწრფელობით გამოირჩევა, რაც მაყურებელს აკლია, როგორც თეატრში, ისე, მის გარეთ.
გადავინაცვლოთ გურჯაანის თეატრში, რომლის სცენაზეც სამ ივნისს ვიხილეთ ნუგზარ ბუცხრიკიძის „ჰელადოსი“. წარმოდგენის ყურებისას პირველი, რაც მაყურებელს თვალში ხვდება, ესაა თეთრი ზეწარი, რომელიც სპექტაკლის განმავლობაში მრავალ ფუნქციას ითვისებს, მაგალითად გამოიყენება გამოსახულების პროეცირებისთვის, რისი საშუალებითაც გვექმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ჩვენ ვართ რკინიგზის სადგურზე ან შავი ზღვის პირას.
ზეწარი ტექნიკურ ფუნქციასაც ასრულებს, იგი მალავს სცენას მაშინ, როცა მასზე სცენოგრაფიული ცვლილებები ხდება. ასევე, ჩრდილების თეატრის განსახორციელებლად მიმართავენ ზეწარს. სხვათა შორის, ძალზე ეფექტური იყო ჩრდილებით გაცოცხლებული ქმედება, კონკრეტულად კი ვგულისხმობ იანგულისა და ჯემალოს ჩხუბის სცენებს. ერთადერთი, რაც თვალშისაცემია ისა, რომ აღნიშნული სცენები ძალზე გაწელილია და თანაც ორჯერ მეორდება. სასურველი იქნებოდა, რომ ჩხუბის ეპიზოდები განსხვავებული ვარიაციებით წარმოდგენილი ყოფილიყო, რაც დადგმას მრავალფეროვნებასა და მრავალშრიანობას შესძენდა.
რაც შეეხება გაწელილ სცენებს, კიდევ ერთი- ორი ისეთი ეპიზოდიც იყო, მაგალითად საბალეტო სკოლისა და იანგულის მამის გამოჩენა, მაგრამ პირველ შემთხვევაში, ჩრდილების სცენაზე არანაკლებ ეფექტური იყო მიდას შესრულებული კარმენის ცეკვა, რომელიც ტემპერამენტითა და ცეცხლოვნებით გამოირჩეოდა (ქორეოგრაფი - გიორგი ჭანტურია).
სპექტაკლის ყველაზე ძლიერი მხარე სამსახიობო შესრულებაა, რაც არა მხოლოდ მთავარი როლის მსახიობების თამაშში იკითხება, არამედ მეორე პლანის როლის შემსრულებლებშიც.
ჯემალოს შემსრულებელი - მერაბ ზუზაძე გამოირჩევა ბუნებრიობით, შესანიშნავი მეტყველების უნარით, სწორი ინტონაციებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ „მოდი-ნახეს“ დასის წევრები სერიოზულად მუშაობენ როლის შექმნაზე.
უჩა ხალიჩაშვილის იანგული კი ტოლს არ უდებს თეატრისა და კინოს სტუდენტებისა თუ პროფესიონალების შესრულებას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ „ჰელადოსის“ არაერთი ვერსია მაქვს ნანახი. ხალიჩაშვილის იანგული ბრუტალური, მაგრამ ამავდროულად ფაქიზი ბუნების მქონე ახალგაზრდაა. მსახიობის მიხვრა-მოხვრები, მეტყველების მანერა, ჟესტიკულაცია მათემატიკური სიზუსტით ქმნის დუმბაძის პერსონაჟის მხატვრულ სახეს.
ასევე, გამოვარჩევდი ლიზი ცერცვაძეს როგორც სამსახიობო, ისე ქორეოგრაფიულ მონაცემების გამო. მსახიობს ფაქიზად და სადად აქვს გამოძერწილი თავისი პერსონაჟი.
სხვათა შორის, სპექტაკლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ქორეოგრაფიული ნამუშევარია, რაც განსაკუთრებით ჩანს იანგულის გაცილების ეპიზოდში, სადაც ახალგაზრდები ცეკვავენ აჭარულსა და ზორბას. აქ ვლინდება როგორც ანსამბლურობა, ისე თითოეული შემსრულებლის ინდივიდუალური მახასიათებლები.
მეორე პლანის როლების შემსრულებლებიდან გამოვარჩევდი ნიკოლოზ თავართქილაძის კურლიკას, რომელიც მაყურებელს თავისი ბუნებრივობით და ექსცენტრიკულობით ამახსოვრებს თავს. მსახიობი ძირითადად ჩაგრულ ან კომიკურ პერსონაჟებს ასრულებს, იმედი მაქვს, რომ მისი შემოქმედებითი პალიტრა უახლოეს მომავალში განსხვავებული როლებით შეივსება.
კიდევ ერთი მეორე პლანის მსახიობებიდან გამოსაყოფია რომან ნებიერიძის არტურა, იგი რეალისტურად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ქმნის სომეხი ბიჭის სახეს (არტურა იგივე პეტიას პერსონაჟია ორიგინალური ვერსიიდან). ნებიერიძე გამოირჩევა მრავალმხრივობით, რადგან „ჩამოსულებში“ მან აბსოლუტურად რადიკალური სახე შექმნა.
სამსახიობო შესრულების მხრივ, ასევე გამოსაყოფია იანგულის მამა (ზურაბ ბერუაშვილი), რომელიც ძალზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან იგი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ასრულებს საკუთარ მოვალეობას.
სპექტაკლის კიდევ ერთი ღირსებაა ანსამბლულრობა. დადგმაში მონაწილეობს 52 მსახიობი. ამის მიუხედავად, თითოეული მათგანი სათანადოდ ასრულებს მოცემულ ამოცანას. ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ რეჟისორს აქვს უნარი იმისა, რომ იმუშაოს დიდ შემოქმედებით კოლექტივთან, თანაც ხარისხიანად.
დასასრულს, „ჰელადოსი“ იმ ტიპის სპექტაკლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მთავარი ღირებულება არა მასშტაბურ სცენოგრაფიულ გადაწყვეტებში ან ტექნიკურ ეფექტებში, არამედ ადამიანურ გულწრფელობაშია. მიუხედავად იმისა, რომ დადგმას გარკვეული ხარვეზები აქვს - ცალკეული ეპიზოდების გაწელილობა და ზოგიერთი სცენის განმეორებადობა - ეს ნაკლოვანებები ვერ ფარავს იმ ემოციურ ძალას, რომელსაც წარმოდგენა მაყურებლამდე მიაქვს.
ნუგზარ ბუცხრიკიძემ და „მოდი-ნახეს“ დასმა შექმნეს სპექტაკლი, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს ნოდარ დუმბაძის სამყაროს სითბოს, იუმორსა და სევდას. განსაკუთრებით დასაფასებელია ის ფაქტი, რომ წარმოდგენის მონაწილეები პროფესიონალი მსახიობები არ არიან, თუმცა მათი სამსახიობო ოსტატობა, ერთმანეთის მოსმენის კულტურა და ანსამბლური მუშაობა ხშირად ისეთ შედეგს იძლევა, რომელსაც მაყურებელი პროფესიულ თეატრებშიც ყოველთვის ვერ შეხვდება.