„იცხოვრეთ თეატრით!“-გურანდა გაბუნია

გიორგი ყაჯრიშვილი

 „იცხოვრე თეატრით  ... “ - გურანდა გაბუნია 

ძალიან დიდი ხანია მინდოდა დამეწერა მსახიობ გურანდა გაბუნიაზე, რომელსაც  ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედება გააჩნია. ჩვენ ხშირად დროულად არ ვაფასებთ ხოლმე მაყურებელთა მიერ აღიარებული მსახიობის განვლილ გზას, წერისას იშვიათად მივმართავთ ხოლმე პორტრეტის ჟანრს. არსებობს უამრავი რეცენზია გურანდა გაბუნის მიერ შექმნილ როლებზე (მეც მაქვს რამოდენიმე) და ეს როლები იმდენად  ბევრია  კ. მარჯანიშვილისა და სხვა თეატრების სცენებზე, რომ ჩამოთვლა გამიჭირდება,  თუნდაც მათი მრავალრიცხობრიობის გამო. ამ პორტრეტის შექმნის სურვილი გამიმძაფრდა მსახიობის მიერ ბოლოს განხორციელებული ნამუშევრის შემდეგ -  ლ. წულაძის  სპექტაკლში „BEGALUT - უცხოობაში“ (შალომ ალეიხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით). რაოდენ ძნელია სამი საათი აქტიურად ჩართული იყო სასცენო  ქმედებაში და არ  გქონდეს არც ერთი სიტყვა და არც ერთი რეპლიკა. უნდა ითქვას რომ ლევან წულაძის  ეს  ექსპერიმენტი ახალი ფორმაა თანამედროვე ქართულ თეატრში - მხოლოდ მუსიკა, პლასტიკა, პანტომიმა და სპექტაკლის ფინალში  თ. დოსტოევსკი გრძელი მონოლოგი რუსულ ენაზე, რომელშიაც იხატება  სპექტაკლის ძირითადი დედააზრი - რუსული სახელმწიფო მიერ კიევის  ებრაული მოსახლეობის დარბევის ტრაგედია.   

გურანდა გაბუნას პერსონაჟი სიბერისგან უნარშეზღუდული მოხუცი ქალბატონია. მისი პირველი გამოჩენა, კლარა ცახანასიანის  დაბრუნებას  ჰგავს ფ. დიურენტმატის პიესიდან „მოხუცი ქალბატონის ვიზიტი“ - ძვირფას ქურში გამოწყობილი, უამრავი ჩემოდნებით, სადღესასწაულო  განწყობით, რომელსაც ოჯახის  წევრები, შვილები და შვილიშვილები სიხარულით ხვდებიან. გაბუნის პერსონაჟი შ. ალეიხემის „დარბევიდან“ ოჯახის ბურჯია, იგი წარმოდგენის ერთგვარი ღერძია, ვის  გარშემოც  ტრიალებს  ქმედება - ბებია ყველგან არის - საოჯახო  ნადიმზე  თუ შვილიშვილის ქორწილში, მწუხრისა  და ბავშვის დაბადების დროს. მაყურებელი მის სახეზე და მის მიმიკაში ამოიკითხავს ყოველივე  იმას, რაც ამ ოჯახში  ხდება. ყურადღებით უსმენს სახლში მიმდინარე კამათსა თუ დიალოგებს, აქტიურად რეაგირებს მათ გადაწყვეტილებებზე და მონდომებით მონაწილეობს ცეკვა-თამაშშიც  კი.  ჯერ შეპარვით, ნელ-ნელა შემდეგ კი მთელი მონდომებით, ექსტაზით ერთვება საერთო ფერხულში და ახალგაზრდების მიერ ხელში ატაცებული ასრულებს  ამ საერთო ზეიმს. მისი ცხოველი რეაქცია მომხდარ მოვლენებზე  ზუსტად აირეკლება  მრავლისმეტყველ  სახეზე. ზოგჯერ მრისხანებით, ზოგჯერ თანაგრძნობით, ზოგჯერ განკიცხვით უმზერს ოჯახის წევრებს - საკუთარ შთამომავლობას;  თანაუგრძნობს ახალგაზრდებს „აკრძალულ“ სიყვარულში, ამხნევებს, გზას   ულოცავს    მათ, მაგრამ ამავდროულად შინაგანად განიცდის პატრძლის მიერ სახლის  დატოვებას, რაც მაშინვე აისახება  მის ლამაზ, მაგრამ ცრემლიან სახეზე; დასცინის და აბუჩად იგდებს  ზოგიერ უღირს ახალგაზრდას.  ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია  გურანდა გაბუნიას მიერ შესრულებული სპექტაკლის ფინალური სცენა - რუსული „დამსჯელი“  რაზმის მიერ განადგურებული ებრაელთა სხეულები იატაკზეა  გართხმული - ამ ტრაგედიის შემსწრე, აღშფოთებულ გურანდა გაბუნიას ძალა  ეძლევა,  სავარძლიდან ფეხზე  წამოიჭრება,   დარბეულთა  ცხედრებს დაუვლის, ტანსაცმელს მიაფარებს, საკუთარი ხელით, ფრჩხილებით თხრის  მათთვის  საფლავებს, მწარედ  დასტირის მიცვალებულებს, ხელში აიტაცებს უსუსურ ბავშვს, რომელსაც მშობლები დაუხოცეს  და მის გადარჩენას  ცდილობს. 

მის შემოქმედებითი ბიოგრაფია ჩვეულებრივად დაიწყო, ისევე როგორც სხვა მსახიობის - ჯერ იყო სანკულტურის თეატრი, დიდი პედაგოგი და რეჟისორი ლილი იოსელიანი, შემდგომ კ. მარჯანიშვილის, რუსთაველის, რუსთავის და ბოლოს ისევ კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრები და ამ წლებში მის გვერდით ყოველთვის  იდგა გურანდა გაბუნიას მთელი ცხოვრების არსი, უდიდესი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი. თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარეს ერთად - განუყრელმა  წყვილმა  სცენასა და ცხოვრებაში.

გურანდა გაბუნია - რეალისტური მიმართულების მსახიობი - თავისი სამსახიობი კარიერის განმავლობაში თამაშობს  ყველაფერს - მთავარი როლებიდან დაწყებული,   პატარა მეორე  პლანის  (მაგ. ჟ. ანუის „ანტიგინე“ - რეჟისორი თ. ჩხეიძე) და მონ სპექტაკლებით (ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი „მიტევების დღე"  - რეჟისორი  ქ. დოლიძე)  დამთავრებული.

გურანდა გაბუნიას როლებს შორის არის ბევრი გამოჩეული, თითქმის ეტაპობრივი არა მხოლოდ თვით მსახიობის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, არამედ ამ თეატრების და საერთოდ თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიაში:  როლები შესრულებული მედეა კუჭუხიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, გიგა ლორთქიფანიძის, დავით დოიაშვილის, ქეთი დოლიძის, ირაკლი გოგიას, ანდრო ენუქიძის და სხვათა სპექტაკლებში. 

განსაკუთრებულად შთმბეჭდავი იყო რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძესთან თანამშრომლობა რუსთავის ახალადშექმნილ თეატრში. გურანდა გაბუნია იმ ახალგაზრდათა ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლებმაც დატოვეს კ. მარჯანიშვილის თეატრი და „ინდისტრიულ“ რუსთავს მიაშურეს. აქ, ამ თეატრში იქმნება განუმეორებელი სახეები სპექტაკლებში: ო. იოსელიანის „შვიდი შეინაბერა და ერთი მამაკაცი“, ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“, ვ. კოროსტილოვის „ასი წლის შემდეგ“. 

80-იან წლებში თოფის გასროლის რეზონანსი ჰქონდა ლალი როსებას შემოსვლას  ქართულ დრამატურგიაში. მის სამ პიესაში ( „პრემიერა“, „პროვინციული ამბავი“, „სახლის ანგელოზები“) თამაშობდა მსახიობი და სამივე ქართული თეატრის ისტორიას შემორჩა როგორც  მისი  ერთ-ერთი საუკეთესო როლები. მაგალითისათვის „პროვინციულ ამბავზე“, რომელიც ქართველმა თატრმცოდნეებმა კ. მარჯანიშვილის თეატრის ათ საუკეთესო სპექტაკლების სიაში  შეიტანეს,  მრავალი  რეცენზია გამოქვეყნდა ისეთი აღიარებული კრიტიკოსთა  მიერ როგორებიც  იყვნენ  და არიან: ნ. ურუშაძე, მ. კალანდარიშვილი, მ. ტუროვსკაი, ნ. აგიშევა, ა. სმელიანსკი, ნ. ლორთქიფანიძე  და სხვ. 

„მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გათამაშებულმა  „პროვინციულმა ამბავმა“ შეძრა ოთხმოციანი წლების თბილისელი მაყურებელი. სპექტაკლი არა მხოლოდ თეატრალურ მოვლენდ იქცა, კრიტიკამ ერთხმად აღიარებდა შემოქმედებითი გამარჯვების  ფაქტი, თუმცა ამ უდიდესი წარმატების საიდუმლო მხოლოდ მსახიობთა ტალანტსა და ოსტატობაში არ იყო, რაც ნამდვილად არ აკლდა წარმოდგენას. სპექტაკლს გასდევდა ამაღლებული, განუხორციელებელი ოცნებების ნაღვლიანი განწყობილების ხიბლი და უჰაერო, დახშულ სივრცეში იმედის მძაფრი მოთხოვილება...“  წერდა მ. კალანდარიშვილი ამ სპექტაკლისადმი მიძღვნილ რეცენზიაში. 1

მედეა კუჭუხიძის მიერ  ნინოს როლზე  გურანდა გაბუნიას დანიშვნა ძალიან ზუსტი აღმოჩნდა, ისევე როგორც  სხვა მსახიობების :  ნ. ჩიქვინიძის, ო. მეღვინეთუხუცესის, კ. მახარაძის, გ. სიხარულიძის. ამიტომაც აღნიშნავდა ნ. აგიშევა, რომ „ეს ჭეშმარიტად ნადიმია სამსახიობო ხელოვნებისა, როდესაც აზრით არის დატვირთული ყოველი რეპლიკა, როდესაც შემთხვევითობას სრულიად მოკლებულია ყოველი ჟესტი, როდესაც ადამიანთა ბედი იშლება მაყურებლის წინ ისეთი გულწრფელობით და სიყვარულით, რომ ერთდოულად იცინი და ტირი“ 2 

 ამ სპექტაკლში გურანდა გაბუნიას ქმნის პროვინციული მსახიობის შთამბეჭდავ  სახეს, რომლის ჩაცმულობაც კი ზუსტად პასუხობდა პერსონაჟის ხასიათს - „პარადოქსულად თვალშისაცემია ნინოს (მსახიობი გურანდა გაბუნია) ჩაცმულობა თავის არასადღესასწაულო ბინაში - მელიის ბეწვით, დისახლისის წინსაფრით და მოუხერხებელი, მაღლქუსლიანი „ბასანოჟკებით“, მის მიხვრა-მოხვრას უხეშად რომ ამძიმებს და მოუქნელობას მატებს...“ 3 . 

კ. მარჯანიშვილის თეატრი  ერთგვარი სახლი ხდება მსახიობისთვის.  აქ, ამ თეატრში იქმნება დაუვიწყარი სახეები  მედეა კუჭუხიძის, თემურ ჩხეიძის, თემო  აბაშიძის, დავით დოიაშვილის, ლევან  წულაძის და  გიზო ჟორდანიას  სპექტაკლებში. 

ამავე თეატრში შეიქმნა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლი და გამოიკვეთა რომ გაბუნიას  უდიდესი ძალა შესწევს გაუმკლავდეს ისეთ რთულ ამოცანას, როგორიცაა მონოსპექტაკლში თამაში, სადაც პარტნიორის, დიალოგების, რეპლიკების   გარეშე  მარტო რჩები სცენაზე  მაყურებლის წინაშე და  მხოლოდ საკუთარ ტალანტზე, ოსტატობაზე, გამოცდილებაზე  და ტექნიკაზე  დამოკიდებეული წარმატებაც და წარუმატებლობაც. ასეთი ნამუშევარი იყო   ი. გარუჩავასა და პ. ხოტიანოვსკის „მიტევების დღე“. 

 ... ქეთი დოლიძემ მთელი ასპარეზი მსახიობს (გურანდა გაბუნია -გ. ყ.) დაუთმო. მისი არტისტული შესაძლებლობების გამოსავლენად შექმნა მიზანსცენები, სადაც სცენური გარემოსა და დრამატურგიული მასალის ყველა კომპონენტი მას დაქვემდებარებოდა და მისი საშუალებით შეგვაჯანჯღარებდა. ღირს კი აუქციონის მოწყობა იმისათვის, რომ სიყვარულის ოთხ ქვაზე აგებული ჩვენი სამკვიდრებელი გროშადაც არ გაიყიდოს? ... სწორედ ამის გასარკვევად მიდის მარიამი - გურანდა გაბუნია და დიალოგს მართავს ძველ სახლთან და წინაპრებთან, რომელთა აჩრდილები ჯერ კიდევ ბინადრობენ. ებაასება, ეფერება, ეკამათება, სუფრას უშლის და წვეულებაზე  ეპატიჟება, რაღაცას საყვედურობს და რაღაცას პატიობს. თავის გაუცნობიერებელი, უნებლიე შეცდომების პატიობას ითხოვს. ელისაბედი, ნინო, ქეთუშა, გიგლა, სოსო ... ყველას მაგივრად თვითონ არის ახლა და ასრულებს კიდევაც მათ მაგივრობას ... და ბოლოს საკუთარ პანაშვიდსაც აწყობს და ტახტზე გაშოტილი თავის სხეულს თითქოს წამიერად გამოეყოფა, რათა თავწაკრული დამტირალის როლიც თვითონ შეასრულოს და გარდაცვლილი ახლობლების სულებიც რიგ-რიგობით მოიპატიჟოს. “4

რეჟისორ ირაკლი გოგიას არჩევანი ჯონ  მარლის „მემუარების“   კ. მარჯანიშვილის თეატრში განხორციელება ისევე როგორც როლების  გურანდა გაბუნიასა  და ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის  შეთავაზება ჩემი აზრით  უკვე იყო დიდი წარმატების საწინდარი.  „მოგონებები“  ჭეშმარიტად  მსახიობური სპექტაკლია, ერთგვარი „მასტერ-კლასი“, როდესაც ორი შესანიშნავი აქტიორი გვთავაზობა არა მხოლოდ  პერონაჟთა  სრულ,  ავტორისეულ ინტეპრეტაციას, არამედ  იმ რთულ ტექნოლოგიასაც,  რაც პარტნიორის შეგრძნებასა და მასთან ერთად სცენური  სიცოცხლის განცდას გულისხმობს.  სარა ბერნარის - გურანდა გაბუნიას „აპარტეს“, რასაც ძალაუნებურად დრამატურგიული ტექსტი   მოითხოვს პიტუმ - ოთარ  მეღვინეთუხუცესმა დაუპირისპირა თამაშის  ის სტილი, როდესაც იგი   სარას  ყველა მონოლოგის თანამონაწილეა,  მაშინაც  კი, როდესაც  სცენაზე  მისი, მხოლოდ მეორე პერსონაჟის ყოფნის აუცილებლობაა და მეტი არაფერი. ჩვენს წინ იშლება სარა ბენარის - ქერა ლოკონებიანი, ზღვისფერ კაბასა და შავ მოსასხამში გამოწყობილი, ულამაზესი მწვანეთვალება ქალბატონის მთელი ცხოვრება.  ყოველგვარ ნაკლს მოკლებული, უზადო (არც მისი ცალფეხობა იგრძნობა) სამოცდაათს მიღწეული მსახიობი  სცენაზე თუ შეიძლება ასე ითქვას „მულტიფუნქციურია“ - ხან  საკუთარ  ცხოვრების მეგზურების - დედის  - იუდიტ  ბერნარდის, ხან დის - ჟანას ისტორიას  გვიყვება,  ხან სცენაზე  მის მიერ განხორცილებული პერონაჟებს  -  ფედრას, მარგარიტას, ტოსკასა და  ფრუფრუს  წამოგვიდგენს.   გურანდა გაბუნია პოულობს იმ გამომსახველობით  საშუალებებსა  და ნიუანსებს, ხელის მოძრაობას თუ ჟესტიკულაციას, რიტმსა და ხმასაც  კი, რაც საშუალებას აძლევს ერთდროულად   იყოს   ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული -  სარას დედაც,  დაც,   მის მიერ სცენაზე ნათამაშები პერსონაჟები ფედრას, მარგარიტაც და სხვ. სარასაც და მოგონებებში ამოტივტივებულ სხვა პერსონაჟებს  მსახიობი გურანდა გაბუნია სხვადასხვაგვარად თამაშობს:  თვით სარა ბერნარი მომთხოვნია,  მკაცრი, კატეგორიული, ხანდახან მზრუნველი და კეთილგანწყობილი; დედა - იუდიტ ბერნარი - გადაპრანჭული, ქარაფშუტა, პარიზული სალონების მუდმივი წევრი, ზედმეტად ემოციური, ხელების გამუდმებული და გაუზრებელი მოძრაობებით და პრანჭვა-გრეხით, ჟანა- ახალგაზრდა, ოჯახის ნებიერი,  სარას გამუდმებული მეტოქე, ალკოჰოლიზმის დაავადებული, ვისი კარიერის შექმნაზეც ზრუნავდა უფროსი და.  გურანდა გაბუნია უმაღლესი ფილიგრანული ტექნიკის საშუალებით ყოველი მათგანისთვის  პოულობს სხვადასხვა გამომსახველობით საშუალებებს და სხვადასხვა ფერთა გამას და ჩვენს წინაშე ცოცხლდებიან იმ ადამიანთა პორტრეტები, რომელთა გარემოცვაშიც იყო ან ვისი ცხოვრებითაც  იცხოვრა სცენაზე სარა ბერნარმა. 

გურანდა გაბუნიას ზუსტად მიჰყავს მაყურებელი იმ დასკვნამდე, რომ დიდი მსახიობი ყოველთვის უმაღლეს საშემსრულებლო დონეზეა, მაშინაც  კი, როცა ფიზიკური ტკივილი აწუხებს.  არანაკლები ემოციითა და განცდებითაა დატვირთული  სცენა - ექიმთან - „ამპუტაციის განაჩენის“ გამოტანის შემდეგ გურანდა გაბუნია მაყურებლისკენ ზურგშექცეულია. თუ როლების შესრულებისას  მრავალი ცრემლი დაუღვრია, რისი მოწმეც ბევრი პარიზელი და არა მხოლოდ ისინი ყოფილან, ახალ საკუთარ ტრაგედია არავის დაანახვებს. არავინ არ უნდა შეამჩნიოს მისი სისუსტე,  მისი ცრემლი და ის განცდა, რაც მას იმ მომენტში დაეუფლა.

ფინალური სცენას - გრძელი მოსასხამით - „ხანგრძლივი მსახიობური  და ცხოვრებისეული შლეფით“ გურანდა გაბუნია თამაშობს დიდი ემოცითა და ოპტიმიზმით, მის გვერდითაა ჟორჟ  პიტუ - მისი  სამუდამო  მეგზური . 

აქ ორივე მათგანში სარა ბერნარსა და გურანდა გაბუნიას გამოხედვაში იკითხება  ოსკარ უაილდის  ცნობილი ფრაზა: „თუ მაინცდამაინც გადაწყვიტეთ  სიკვდილი, მაშინ მოკვდით  სცენაზე“ . ახლა გათენებული დღევანელი დღეც ისეთივე იქნება, როგორც  გუშინდელი, ისევ სცენაზე თამაშით სურვილით, მოგონებებით დატვირთული, მცხუნვარე მზე და ქოლგა... „სიკვდილს კი არ  უნდა ელოდო  არამედ უნდა იცხოვრო !“ -  ასე აპირებს სარა ბერნარი და გურანდა გაბუნია სიცოცხლის გაგრძელებას. 

ა. გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ  ა. ჩეხოვის საიუბილეოდ განახორციელა მისი `ალუბლის ბაღი~ და რანევსკაიას როლში მსახიობი გურანდა გაბუნია მოიწვია. ამის საბაბი ალბათ ის გახლდათ, რომ რეჟისორმა ამ მსახიობის ბოლო ნამუშევრები `ახლად გამოკვეთილი ამპლუა~–`აღმოაჩინა~, რაც  – მონოსპექტაკლებში და  მის  ე.წ. ბენეფისური შედევრებში : ი. გარუჩავას   და პ. ხატიანოვსკის `მიტევების დღე~ (რეჟისორი ქ. დოლიძე), ჯონ  მარლი „მემუარები“ ( რეჟისორი ი. გოგია) გამოვლინდა,    როცა მსახიობი სრულიად იხსნება, ხდება სცენის ნამდვილი ბატონ–პატრონი და მბრძანებელი. რანევსკაიას – გურანდა გაბუნია მიუხედავად მისი ხანდასმული ასაკია  სილამაზე და მომხიბლაობა შერჩენია, თუმცა ასაკმა თავი მაინც იჩინა და პარკინსონის დაავადებაც შეჰპარვია. მძიმედ გადაადგილდება სპექტაკლის დასაწყისში, გურანდა გაბუნია თამაშობს მოხუცებულ ქალს, რომელიც მწარედ განიცდის ფირსის უყურადღებოდ მიტოვებასა და ალუბლის ბაღის დაკარგვას. მაინც და მაინც არც იმაშია  დარწმუნებული რომ მის წინაშე ვარია თუ ანიაა. სამაგიეროდ კარგად ახსოვს დროულად ყავის დალევა და ის, რაც იმ საბედისწერო დღეებში მოხდა, როდესაც უკანასკნელად ეწვია საკუთარ სახლს. მისი გამუდმებული პაექრობა ვარიასთან (ირინა მეღვინეთუხუცესი) თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში მიმდინარეობს. საყვედურები ვარიას მიმართ რანევსკიას ერთგვარ თამაშად უქცევია, რომელიც პარიზშიც გრძელდება. გარდასული დროის მოგონებები აწუხებს ორივეს – ვარიას პირველი პარიზული შთაბეჭდილებები, ხოლო ლუბოვ ანდრეევნას წინაშე  ხელახლა გადაიშლება ალუბლის ბაღის გაყიდვის ისტორია. 

სპექტაკლის ბოლო სცენა : Посидим на дорожку - რანევსკაია წინა პლანზე ჩემოდანზე ჩამომჯდარი გამგზავრების წინ, ჩაფიქრებული და თვალცრემლიანი, ავეჯი შეფუთულია, ჩემოდნები ჩალაგებული, სადაცაა ეტლიც მოვა. ეპიხანოვმა  სულ ახლახანს ნასესხები ფული დაუბრუნა ლუბოვ ანდრეევნას და მოკრძალებით კალთზე დაუდო. რანევსკაი ჯერ ვერც კი შეამჩნია, შემდეგ ისე აიღო არც დაუხედავს მისთვის. ერთი ასთუმნიანი ხელში მოიგდო, დანარჩენი კი იატაკზე მოისროლა. ფიქრებით ისევ სადღაც შორსაა და იწყებს ამ ასათუმნიანის ხელში გრეხვას, ცდილობს  გააქროს, მთელი ძალით და მთელი გულით სურს გაანადგუროს, ბაღის საფასურია აღარაფერია – „ო, ჩემო საყვარელო, ჩემო ულამაზესო ბაღო... ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ახალგაზრდობავ, ჩემო ბედნიერებავ ... მშვიდობით, მშვიდობით!“  

გურანდა გაბუნია დღესაც ისე  შემოქმედებით აღმავლობაშია, არ ღალატობს თავის თავს, ერთმანეთზე უკეთესი წარმატებით ასახიერებს ახალ და ახალ სასცენო  სახეებს.  

________________________

 

  1. კალანდარიშვილი მ. „თეატრი და ცხოვრება“, 2004 წ. N5. გვ. 55, 

  2. ურუშაძე ნ. „პროვინციული ამბავი“, „ვეჩერნი ტბილისი“, 1981 წ. 1 თებერვალი, 

  3. აგიშევა ნ. „ტრადიციების გაგრძელება“, „პრავდა“, 1984 წ. 5  ივლისი,

  4. წულაძე  ხ. „საძირკველი ჯერ ისევ დგას!“ „თეატრი და ცხოვრება“, 2003  წ. N2, გვ.33.