top of page

გურჯაანის თოჯინების თეატრი

 გურჯაანის თოჯინების თეატრი არსებობს   და ფუნქციონირებს  1987 წლიდან. თეატრს თავდაპირველად სახალხოობის წოდება ჰქონდა და ფუნქციონირებდა , როგორც  კულტურის  სახლთან არსებული თოჯინების  სახალხო თეატრი.  დასი სულ 8 წევრისაგან  შედგებოდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რეჟისორი ნოდარ იონათამიშვილი. სპექტაკლები იდგმებოდა , როგორც ადგილობრივი რეჟისორის, ასევე მოწვეული რეჟისორების მიერ. თეატრის რეპერტუარში შედიოდა 7-8 სპექტაკლი. თეატრს  ჰყავდა  მუდვივი დასი და ერთგული  მაყურებელი.

 

1991 წელს, მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ნოდარ იონათამიშვილის თხოვნით და კულტურის სამინისტროს დაინტერესებით, დადგა საკითხი იმისა, რომ თეატრს სახელმწიფო სტატუსი მინიჭებოდა. სამინისტროდან გამოგზავნილმა სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა თეატრის დარბაზი და ვინაიდან თეატრს გააჩნდა შესაბამისი ბაზა ტექნიკურად აღჭურვილი და გამართული, ასევე  ჰყავდა პროფესიონალი მსახიობებით დაკომპლექტებული დასი , მიანიჭეს  სახელმწიფო  თეატრის სტატუსი.

 

ამ პერიოდიდან თეატრი კიდევ უფრო აქტიურად და ნაყოფიერად იწყებს შემოქმედებით განვითარებას. საშტატო რიცხოვნებაც გაიზარდა და თეატრში დასაქმებულ  ადამიანთა რაოდენობა  58 -ს  შეადგენდა.

თუმცა ეს რიცხოვნება მალევე შემცირდა  2005 წლიდან თეატრის საშტატო ერთელი მხოლოდ 15 დარჩა.  ამჟამად შტატით  მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობა არის 10,  ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 5

( საშტატო რიცხოვნების შემცირება გამოიწვია დაფინანსების შემცირებამ).

  

1991 წლიდან 2015 წლის  ჩათვლით თეატრის დირექტორი გახლავთ საქართველოს დამსახურებული არტისტი, ბალერონი  და კიდევ უამრავი სხვა ჯილდოების მფლობელი, გივი ტაბახმელაშვილი. მისი ძალისხმევითა და დამსახურებით თეატრმა შეინარჩუნა სტატუსი და მდგომარეობა , რომელმაც დღემდე მოიყვანა გურჯაანის თოჯინების თეატრი.  გივი ტაბახმელაშვილის დირექტორობის პერიოდში დასს ხელმძღვანელობდა, რეჟისორი ნოდარ იონათამიშვილი, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მისი დადგმული სპექტაკლები დღემდე მოქმედი სპექტაკლებია ჩვენი თეატრის რეპერტუარში. 2015 წლიდან  გივი ტაბახმელაშვილი დაინიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, ხოლო თეატრის დირექტორი დღემდე გახლავთ  საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კურსდამთავრებული  ახალგაზრდა,  ნინო ნადირაძე.

 

გურჯაანის თოჯინების თეატრის ბიუჯეტი შეადგენს 70 000 ლარს, რაც ძალიან მწირია. რიგითი თანამშრომლის ხელფასი საშუალოდ  თვეში შეადგენს 250 ლარს. ფინანსურ პრობლემებს თან ახლავს ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები.   გახმოვანებისა და განათების აპარატურა საკმაოდ მოძველებულია და  ახლით  ჩანაცვლებას საჭიროებს. შენობა, რომელშიც თეატრი ფუნქციონირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის  ბალანსზეა, რაც უამრავ პრობლემას ქმნის ფართის მოწესრიგების და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარების კუთხით.

   

თეატრი სეზონის განმავლობაში 2-3  პრემიერას სთავაზობს პატარა მაყურებელს. არის აღდგენითი სპექტაკლის პრემიერები.

 

თითოეული თანამშრომელი  შრომითი ანაზღაურების სიმწირის მიუხედავად, მხოლოდ ენთუზიაზმით  ემსახურებიან   მომავალი თაობის  კულტურულ და ზნეობრივ აღზრდა- განვითარებას.

 

გურჯაანის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი სახელმწიფო თეატრია იმ  6  თოჯინების სახელმწიფო თეატრებს შორის,  რომელიც ფუნქციონირებს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და ერთადერთია კახეთის რეგიონში.

bottom of page