„ჰაერზე გამიყვანეთ, ზღვის სანაპიროზე მინდა“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

193459655_4014727365282438_2283225830189456761_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

„ჰაერზე გამიყვანეთ, ზღვის სანაპიროზე მინდა“

 

ბერნარდა ალბას როლის შემსრულებელთა რიცხვს (სალომე ყანჩელი, ლილი იოსელიანი, მარინა კახიანი, მზია არაბული, მზია ტალიაშვილი) კიდევ ერთი გვარი  შეემატა  - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ლილი ხურითი მაია დობორჯგინიძის სადოქტორო-საკვალიფიკაციო სპექტაკლში, რომელიც მან დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე თემურ  ჩხეიძის სახელოსნოს სტუდენტებისთვის დადგა. მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის მეტად რთული მასალაა და თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მათ საუკეთესოდ გაართვეს თავი ამ ამოცანას. განცდის  თეატრი და მითუმეტეს  ფედერიკო გარსია ლორკას არაა უცხო ჯგუფის ხელმძღვანელის თემურ ჩხეიძისთვის და მისი დოქტორანტის არჩევანიც სრულიად გასაგებია.

 

სასცენო გარემო (მხატვარი ნუცა ჭყონია) მკაცრია და მოწესრიგებული, ყველაფერი პრიალებს და ყველა ნივთს საკუთარი ადგილია აქვს მიჩნეული. ავეჯი, ისევე როგორც პერსონაჟთა კოსტუმები თანამედროვეა. სცენოგრაფმა, კოსტუმების  ავტორმა და რეჟისორმა თავი აარიდეს ზედმეტ ეთნოგრაფიულობას და გარემოც თითქოს დღევანდელ ესპანეთია, თუმცა ეს შეძლება  სადაც იყოს. დღევანდელი ესპანეთში ის ტრადიციები, რის წინააღმდეგაც ფრედერიკო გარსია ლორკა თავის ტრაგედიებში („სისხლიანი ქორწილი“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „მარიანა პინედა“)  ილაშქრებს დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა.

სავარძლები, სკამები, სარკე სამგლოვიარო ძაძებითა  დაფარული. დროდადრო  შავებში სამოსსაა და შავი მაქმანის  თავსაბურავებით შემოსილი ბერნარდას ხუთი  ასული დაბორიალობს. შავია გარემო და პირქუში. აქ, ამ  ოჯახის უფროსს - ანტონია მარია ბენავიდესს გლოვობენ, რომელიც სულ ახლახან  მიაბარეს მიწას. ბერნარდას (ლილი ხურითი) სახლში დაბრუნება ბოლოს მოუღებს პონსიასა (ანა დიდმანიძე) და მსახურის ქალის (ანჟელიკა აგაბაბოვა) „ზუზუნს“ ბერნარდას ცუდი ხასიათის შესახებ. მკაცრია ბერნარდა,  სიტყვამოზომილი და სიტყვაძუნწი, ჟესტებით და ხელის ერთი მოძრაობით  მართავს ამ „დაქირავებულ“ მსახურთ. მას ქცევასა და ხასიათში იგრძნობა ძალაუფლება და სიძლიერე. მხოლოდ მის სახეზე აირეკლება ის სულიერი  მდგომარეობა რაც მას ახლა დაუფლებია.

ამ წუთში მარტო დარჩენაზე ოცნებობს, დაღლილია, თავსაბურავს მოიხსნის, სარკესაც ჩამოხსნის შავ საბურავს, საკუთარ ანარეკლს  შეათვალიერებს და ვარცხნილობას შეისწორებს, მისი ყველა ჟესტი და მოძრაობა მოზომილია.  მეუღლის გარდერობს გახედავს, მის ყველას ტანსაცმელს იატაკზე მიმოფანტავს, უეცრად მის პერანგს შეამჩნევს, სახეზე აიფარებს და დივანზე დაეშვება - დიდხანს რჩება ასე გარინდებული - უსიტყვოდ, სახეზე პერანგ აფარებული, დაქვრივებული ქალის ფიქრებში წასული. უყვარდა ქმარი და პატივს სცემდა მას.

მისი ქალიშვილები, რომელთაც რვაწლიანი შინაპატიმრობა ელოდებათ ამბოხების განწყობაზე არიან, ანგუსტიასიც (ანანო გულედანი) კი, რომელიც სულ სხვა მამის შვილი,  გლოვაზე უარს ამბობს - შეუდრეკელია ბერნარდა - ლილი ხურითი: „ ამ სახლში ნიავმაც კი არ უნდა შემოაღწიოს, ასე იყო მამაჩემის სახლში, ასე იყო მისი მამის სახლშიც“ - ამბობს, თუმცა იგრძნობა რომ დიდად არც მაშინ მოსწონდა ეს აკრძალვა და არც ახლა მოსწონს. ერთ-ერთ ქალიშვილი კლასობანას თამაშით ირთობს თავს, ბავშვობას მონატრებული. მაგდალენა (ელენე ბეჟიაშვილი) არ მალავს თავის პროტესტს ყველაფრის მიმართ და მწარედ განიცდის რომ ქალად დაიბადა და ამ განცდაში სულ მალე ამელიაც (ნუცა ქევხიშვილი) შეუერთდება. თანდათან მძაფრდება მარტირიოსა (ვიქტორია ბოკერია) და ადელას (ნონო ანანიაშვილი) პაექრობა ბოშა პეპეს სიყვარულის მოსაპოვებლად. მკაცრი და დაუნდობელია ბერნარდა შვილების ტაბუდადებული  თუ თავისუფალი, მისთვის მიუღებელი  საქციელის მიმართ - „მოგკლავ, “ უყვირის მარტირიოს, ძირს დასცემს, თუმცა მალევე ზედ დაემხობა და ბოდიში ნიშნად ეფერება. სიმკაცრის მიუხედავად ბერნარდა - ლილი ხურითი მოსიყვარულე დედაა, ერთნაირად უყვარს ყველა ქალიშვილი - „როგორ ჰგავხართ ერთმანეთს“ ძალიან მშვიდად ამბობს. მაგრამ მწარედ და მკაცრად. საერთოდ უნდა ითქვას რომ ლილი ხურითის ბერნარდა ყველა ზემოთდასახელებული მსახიობებისგან სრულიად განსხვავებულია - შესრულებით მანერით, სიმშვიდით, ღირსებით (რასაკვირველია ეს უკანასკნელი არ აკლდა არც ერთ შემსრულებელს!) თუ ყველა მათგანში ტემპერამენტით ბობოქრობდა, ზოგს ხელში ჯოხი ეჭირა, ზოგს მათრახი, ხურითის ბერნარდა საოცრად ჰაეროვანი, მიწიერი და მკაცრი მანერებით „შეზღუდული“ და ადამიანურია, თბილად და განსაკუთრებული მზრუნველობით ექცევა მოხუც დედას, მარია ხოზეფას (სალომე კუცია), კარგად უგებს შვილებს, ესმის მათ უმძიმესი მდგომარეობა და აშკარად თანაუგრძნობს ყოველივე მათგანს. ამ მხრივ განსაკუთრებით თბილი და მიმზიდველია ვახშმის სცენა (რეჟისორის, მაია დობორჯგინიძის მიერ „შეთხზული“), თეთრ სუფრაგადაფარებულ იმპროვიზებულ მაგიდასთან იკრიბებიან მხოლოდ ექვსნი - ბერნარდას ოჯახის წევრები, ამ მაგიდასთან  ადგილი არ ეკუთვნის პორციასაც კი. ამ ტრაპეზის  დროს ყველას უყვარს ერთმანეთი, ურთიერთმიმართ ყველა კეთილგანწყობილია და თითქოს სრული იდილიას სუფევს  (დიდი ქარიშხლისა და ტრაგიკული მოვლენების წინ). „ამ სახლში ვითომ სიწყნარეა, ყოველ ოთახში კი, ქარიშხალი ბუდობს, როგორც კი ქარიშხალი გარეთ გამოვარდება ყველას შავი დღეა დაგვადგება“ - ამბობს პონსია.

ბერნადა შვილებს ემშვიდობება და ტკბილს ძილს უსურვებს, განსაკუთრებით ეფერება ადელას: ხვდება რაც მის გულში ტრიალებს,  ყველაფერს ეცადა ბოშა პეპეც ჩამოიცილა გზიდან, მაგრამ ადელას ვერ უშველა და ვერ იხსნა - სავარძელში ჩაეშვება, თბილად მოიკალათებს, დიდხანს ღამის ცას აკვირდება და ადელას სიტყვები ახსენდება: „მომწონს როცა ვარსკვლავი წლების განმავლობაში თბილად ანათებდა, უცებ მოსწყდება და გიზგიზით გადაიქროლებს ცაზე“, მშვენივრად ხვდება რომ ადელას ვარსკვლავიც მალე მოსწყდება ცას, მაგრამ სრულად უძლურია, ბრძოლა წაგებულია.

 

თითქოს ელოდა ადელას სიკვდილს, ოთახში შეიხედავს, უკან მობრუნდება „ჩამოხსენით“, არ იტიროთ“, „ბერნარდა ალბას უმცროსი ქალიშვილი უმანკო იყო“ - თითქოს ბოდავს, მთვარეულივით დადის, საყვარელ შვილის ცხედარზე დაემხობა და უცებ თითქოს მარია ხოზეფად გადაიქცევა,  მის სიტყვებს იმეორებს: „ჰაერზე გამიყვანეთ, ზღვის სანაპიროზე მინდა!“.